ნუგზარ რუხაძე: 15 წლის ასაკში დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება და იმ დღიდან არავის ფული არ მჭირდებოდა
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყურებ და ხვდები, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. სწორედ ასეთი ადამიანია ნუგზარ რუხაძე – გაწონასწორებული, ცხოვრებისეული გამოცდილებით დახუნძლული, საღად მოაზროვნე, თავისი საქმის უბადლო მცოდნე და პიროვნება, რომელიც ყოველთვის გულახდილია.
ნუგზარ რუხაძე: 84 წლის ვარ და უკან როცა ვიხედები, ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება იყო სასიამოვნოც და უსიამოვნოც, ძნელიც და ადვილიც, ეკლიანიც და ვარდებით მოფენილიც. მე ვერ ვიტყვი, რომ ერთნაირად ვიარე. ამ ცხოვრებაში იმდენ რაღაცას შევეხე როგორც მოვლენებს, ისე ადამიანებს, სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყვი, ჩემი განვლილი გზა მდორე, უფერული და ერთნაირი იყო-მეთქი. იყო ძალიან ჭრელი, მღელვარე და მოვლენებით სავსე, რომლებიც ზოგჯერ იმსახურებდნენ ადამიანის ყურადღებას, ზოგჯერ – არა. 84 წელი არ არის ცოტა, ბევრია. როცა დავფიქრდები, ვგრძნობ, ბევრი წელია გავლილი, მაგრამ დაუფიქრებლად რომ ვცხოვრობ, ვფიქრობ: რა თვალის დახამხამებაში გავიდა დრო, თითქოს გუშინ იყო, საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი-მეთქი. სინამდვილეში კი გავლიე ხანი და მალე 85 წლის გავხდები. ადრე, ვინმეს რომ ეთქვა 84 წლის ვარო, გულში, ალბათ, ბოროტად გავივლებდი: ეს კიდევ ცოცხალია-მეთქი (იცინის). ახლა, ვინმემ ეს რომ იფიქროს ჩემზე, ნამდვილად მეწყინება. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მაქვს საქმეები გასაკეთებელი და თუ მე მოვახერხებ, ჩავიფიქრო ისეთი საქმეები და პროექტები, რომელიც ღირს იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩემ მერე ისარგებლონ. თუმცა, ამას წლები დასჭირდება და ამ წლებს, იმედია, ღმერთი მომცემს. არ ვფიქრობ წლების მატებაზე, არც მაშინებს, რადგან მამალი მგლის არ მეშინია, მაგრამ დარდით, ნამდვილად მადარდებს.
– ვინც გიცნობთ, იცის, როგორი საინტერესო ცხოვრება განვლეთ და დავიჯერო, ამდენი მოგონებების, გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების ფონზე, არასოდეს გაგაჩენიათ სურვილი, საკუთარ თავზე წიგნი დაგეწერათ და ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, მასში აგესახათ?
– არ დაგიმალავთ, პირდაპირ გეტყვით – ძალიან ხშირად მეუბნებიან, დაწერე წიგნი შენს ცხოვრებაზეო, მაგრამ მე ამის მიმართ ცინიკური განწყობა მაქვს. რომ დავწერ წიგნს, ვინ წაიკითხავს იმას, რამდენი ადამიანი, თუ მე დავჯდე და ვიკითხო და ოჯახის წევრებს დავავალო, დაჯექით და წაიკითხეთ, გინდათ თუ არა-მეთქი? ამიტომ, ეჭვი მეპარება, რომ ის, რასაც დავწერ, ზოგადად, იმდენად ძვირფასი იქნება, რომ ადამიანები მის კითხვაში დროს და ენერგიას დახარჯავენ. ვფიქრობ, ყველას თავის ცხოვრება აქვს, ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების წიგნი და ყველამ თავისი ცხოვრების წიგნი უნდა იკითხოს. კიდევ ვამბობ, შეიძლება, დაწეროს ადამიანმა წიგნი საკუთარ ცხოვრებაზე და თუ კარგად წერა შეუძლია, ისეთს გამოიყვანს, რომ წააკითხებს სხვებს.
– მოდი, ბავშვობის წლებში დავბრუნდეთ. გქონდათ ოცნება, რომელიც დიდობაში, გარკვეული გარემოებებისა თუ მიზეზების გამო, ვერ აიხდინეთ?
– კინომსახიობობა მინდოდა და ჩემი ბავშვობის ოცნება არ ახდა. მინდოდა მსახიობობა, მაგრამ მეცხრე კლასში რომ ვიყავი, გარდამეცვალა მამა, ახალგაზრდა – 43 წლის ასაკში. ოჯახმა ეს დარტყმა საშინლად განიცადა. მე ფსიქოლოგიურად მივიღე ცხოვრების პირველი უდიდესი დარტყმა. თან, 40-45 დღე ვუმზერდი მის ავადმყოფობას და ეს ყველაფერი მძიმედ გადავიტანე. მერე, აღმოჩნდა, რომ ოჯახი დალხინებული მაინცადამაინც ვერ დატოვა მამაჩემმა, ისეთი კაცი არ იყო, ფული ეკეთებინა და ვიღაცისგან გამდიდრებულიყო. აღმოვჩნდით მე, დედა და ჩემი და ფაქტის წინაშე, რომ უნდა გვეშრომა. დედა, როგორც მამა, ვეტერინარი იყო, თუმცა არასოდეს უმუშავია. ამიტომ, ოჯახი ეკონომიური სიძნელეების წინაშე დადგა. მე ამ დროს ძალიან კარგად ვიცოდი ინგლისური ენა და დავიწყე მეზობლის ბავშვების მეცადინეობა. ერთ საათში ერთ მანეთს ვიღებდი. ათ მანეთს ვიღებდი ათ გაკვეთილში და მაშინ, ეს თანხა, რაღაცა იყო. სიმართლე გითხრათ, 15 წლის ბავშვი, რომელიც მეზობლის ბავშვებს ვამზადებდი საათში მანეთად, ძალიან ვეხმარებოდი, ჩემს დაქვრივებულ დედას და დაიკოს. ასე რომ, 15 წლის ასაკში დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება და იმ დღიდან, არავის ფული არ მჭირდებოდა, არ გამომირთმევია, თავად გამოვიმუშავებდი, ჩემი შრომით. მერე, რომ დავფიქრდი, წავიდე თუ არა თეატრალურში და გამოვიდე კინომსახიობი-მეთქი, ამ ოცნებამ უკან გადაიწია და წინა პლანზე წამოიწია ინგლისურმა ენამ, რომელმაც მატერიალურად გამათამამა. აღმოჩნდა, უცხოურ ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაბარება იყო რაციონალური, რადგან ენას უკეთესად ვისწავლიდი და გავხდებოდი მაღალი დონის, კვალიფიცირებული მასწავლებელი და უფრო მეტ ფულს „გავაკეთებდი“. თუმცა, დედას არ უნდოდა ჩემი უცხო ენათა ინსტუტუტში ჩაბარება, უნდოდა ვეტერინარი გამოვსულიყავი და ოჯახური ტრადიცია გამეგრძელებინა. სხვათა შორის, ისე გამოვიდა, რომ ჩემი კლასიდან სამი ბიჭი და ორი გოგო ინსტიტუტში, ერთ ჯგუფში ავღმოვჩნდით.
– ნანობთ, რომ კინომსახიობობაზე უარი თქვით, დედის ოცნებაც არ აასრულეთ და არჩევანი შეიცვალეთ?
– არ ვნანობ, რომ არჩევანი შევიცვალე. რომ გადამეწყვიტა კინომსახიობობა, შეიძლება არც მღირსებოდა კინოში გადაღება, ხომ იცით, ყველაფერს იღბალი უნდა. ან, ისე უნდა მოსწონებოდი ვინმეს, გადარეულიყო შენზე და მე რა გარანტია მქონდა, ვიღაც რეჟისორი ჩემზე გაგიჟდებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან სწორად მოვიქეცი. ინგლისურს ძალიან კარგად დავეუფლე, ვიმუშავე სხვადასხვა ქვეყანაში – ნეპალში, ინდოეთში, ეგვიპტეში, ამერიკაში... ამან გააბუნებრივა ჩემი, ასე ვთქვათ, ლინგვისტური სიმძლავრე ინგლისურ ენაში. 18 წლიდან დავიწყე უცხო ქვეყნებში სიარული და ჩემი ნამდვილი დამოუკიდებელი ცხოვრება ნეპალში დაიწყო. და დღეს იქამდე მივედი, რომ ინგლისურ ენაზე ვწერ ყოველკვირეულ სტატიებს გაზეთ „ჯორჯია თუ დეისთვის“. სიმართლე გითხრათ, იმდენად გავიწაფე ხელი, ვერც კი წარმომიდგენია, გაზეთში ჩემი სტატია არ გამოქვეყნდეს. თანაც, ვწერ საკმაოდ ფუნდამენტურ და სერიოზულ თემებზე და ვინც ენა იცის, კითხულობს. რაც შეეხება დედის ოცნებაზე უარის თქმას, არც ამას ვნანობ, თუმცა ცხოველები იმდენად მიყვარს, მზად ვარ, ცხენი რომ ეტეოდეს სახლში, ლოგინში ჩავიწვინო. ვგიჟდები ძაღლებსა და კატებზე. საკმაო განათლებასაც მივიღებდი და ვიქნებოდი ძალიან მგრძნობიარე და საკმაოდ მოხერხებული და გონიერი ვეტერინარი. და, ვეტერინარი რომ გამოვსულიყავი, ჩათვალეთ, ჩემი ცხოვრება იქნებოდა კარდინალურად სხვა. თუმცა, არ მრცხვენია იმის თქმა, რომ აღმოვჩნდი იღბლიანი ადამიანი, მაგრამ ძალიან გონიერი – ვერა.
– კონკრეტულად, რაში ვერ აღმოჩნდით გონიერი?
– ახლავე მოგახსენებთ. პირველი ის, რომ დროის მოხმარების უნარი, დროისა და იმის შეგრძნება, რომ დრო გადის და არ ბრუნდება, შევიძინე ძალიან გვიან – 50-55 წლის ასაკში. ამდენი ხანი იმიტომ დამჭირდა, რომ მოკარნახე არავინ იყო, შენით უნდა მიმხვდარიყავი ამას. თან, მაშინ არც ხელოვნური ინტელექტი იყო, რომ გეკითხა. მაშინ ერთადერთი ინტელექტი იყო, თუ ვინმე გონიერი იქნებოდა შენ ირგვლივ და რომ გითხრათ, გამოტენილი იყო ჭკვიანი ხალხით ჩემი გარემო-მეთქი, ამასაც ვერ დავიტრაბახებ. ეს ერთი, რომ არ ვიცოდი დროის ფასი. და, მეორე – მე ჩემი ენერგია, ნიჭი და უნარი, რომელიც ღმერთმა მომცა, უფრო რაციონალურად რომ გამომეყენებინა და არ მეკარგა დრო, დღეს სხვა პარამეტრის კაცი ვიქნებოდი. შეიძლება, ვყოფილიყავი, საკმაოდ სერიოზული მეცნიერი, რადგან ყოველთვის მქონდა კვლევის უნარი. ან ძალიან ბევრი წიგნი მექნებოდა თარგმნილი, იმაზე მეტი, რაც მაქვს. მე რომ არ მენგრია ოჯახები მიზეზთა გამო, შემეკავებინა თავი, მომეთმინა და მეცხოვრა უფრო გაწონასწორებული ცხოვრებით, არ ავყვებოდი და ამდენ დროს არ დავკარგავდი ოჯახების ნგრევასა და შენებაში. ამდენი ფული არ დაიხარჯებოდა, რაც მას გადაჰყვა და საკმაოდ დიდი ქონება გადაჰყვა ოჯახების ნგრევას. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ვიქნებოდი უფრო წინ. ყველაზე სწორია, როცა ოჯახს ქმნი, იმდენად უნდა გინდოდეს ის ადამიანი, ვისთანაც მშენებლობაზე მიდიხარ, იმდენად უნდა მოგწონდეს ფიზიკურად, რომ თვალი არსად გააპარო. მე ამ სიტყვებით რაიმე გენიალურს არ ვამბობ, ეს ბანალურია. როცა ცოლი გიზიდავს ფიზიკურად, მიჯაჭვული ხარ მის ინტელექტზე, გარეგნობაზე, ხასიათზე, აფასებ მასთან მეგობრობას და ფიქრობ, მასთან ერთად გამართლებულია ისეთი გარემოს შექმნა, რომელში ცხოვრებაც ღირს, აი მაშინ აღარ გჭირდება ნგრევა, მაშინ გინდა გყავდეს ბავშვები, რომლებიც გაიზრდებიან სიყვარულსა და სიკეთეში და მაშინ იქნები დალაგებული. მე ყოველთვის მეგონა, სწორად ვიქცეოდი და ბოლოს გამოდიოდა, რომ რაღაც მეშლებოდა და ვის ეშლება? ვის და შტერს, რადგან ჭკვიან კაცს არ ეშლება. ჭკვიანი კაცი სწორად ალაგებს და კარგი ოჯახის შექმნით ირგვლივ ქმნის ისეთ ენერგიას, რომელიც უკეთ მოქმედებს სხვა ადამიანებზე. ანუ, შენი ბედნიერი ოჯახით სხვა ადამიანებსაც აბედნიერებ.
– ახლა რომ იმ წლებში დაგაბრუნათ?
– ახლა რომ უკან დავბრუნდე და ვიყო 22-23 წლის, ორიენტაციას გავაკეთებდი ღრმა, გულწრფელ, თავგანწირულ სიყვარულზე, აუცილებლად გავითვალისწინებდი ქალის გარეგნობის ყველა დეტალს, რომ მიმზიდველობა არასოდეს გამომლეოდა მის მიმართ. ნებისმიერ ასაკში რომ გრჩება შენი ცოლი მომხიბლავი, ეს გადასარევია და სულ სხვანირად ავაწყობდი ცხოვრებას. რაც ვარ, ის კი არ ვიქნებოდი? ახლა ვიქნებოდი ზომით, წონით, კალიბრით, სიგრძით, სიგანით, სინჯით, ხარისხით – ყველაფრით უფრო მაგარი და უკეთესი კაცი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





