ვინ აჩუქა ბინა თბილისის პრესტიჟულ უბანში ნატა გულიაშვილს და როგორ გახდა ია ფარულავა მისი მფარველი ანგელოზი
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 19.06
როგორც თავად ამბობს, მსახიობ და ტელეწამყვან ნატა გულიაშვილის ცხოვრებაში ყველაზე კარგი პერიოდი დგას. არსებობს ადამიანი, რომელიც მის ბედნიერებაზე ზრუნავს და არც მეტი, არც ნაკლები, თბილისში სამოთახიანი ბინა აჩუქა. აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ნატა მასთან ბედის დაკავშირებას და ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, რა გამოცდილება დაუტოვა განვლილმა წლებმა და რაში შველის მას მესამე თვალი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნატა გულიაშვილი: გამიმართლა და ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ მაქვს კარგი სამსახური – ის, რაც მე მიყვარს, მყავს უსაყვარლესი შვილი და ირგვლივ ადამიანები, ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ. მართალია, პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ ამ პერიოდში, არც თეატრში და არც კინოში არ ვმოღვაწეობ. მაგრამ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, ვარ ტელეკომპანია „თრიალეთის“ მთავარი პროდიუსერი და იმავდროულად, მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა „ნატას გეიმ შოუ“, რომელიც კვირაში ორჯერ გადის, პირდაპირ ეთერში – უკვე ოთხი წელია. ეს იგივე სცენაა ჩემთვის. ყოველ წელს ვამბობ, უნდა დავხურო-მეთქი და ხალხი არ მახურინებს (იცინის). პირდაპირ ეთერში გავიხუმრე, უნდა დავხურო-მეთქი და ჩემმა ერთგულმა მაყურებელმა მითხრა, მოვალთ „თრიალეთთან“ და მიტინგს მოგიწყობთო (იცინის).
– ია ფარულავას რჩევით, გარკვეული თვეების წინ დიეტა დაიწყე. თუ გაქვს შედეგი, რამდენი კილოგრამი დაიკელი და რამდენ ხანში?
– დაახლოებით ორ თვეში თხუთმეტი კილო დავიკელი. ეს იყო სასწაული, იმიტომ რომ, ისეთი სხვაობა იყო, ჩემი მეგობრები და ნაცნობები გაოცებული იყვნენ, ეს როგორ მოახერხეო. ია რომ არა, ამ წონას ვერასოდეს მივაღწევდი და თქვენი ჟურნალის საშუალებით, კიდევ ერთხელ ვუხდი უდიდეს მადლობას. მართლა ჩემი მფარველი ანგელოზია. დედაჩემის გარდა, მისნაირად არავინ დამდგომია გვერდში. ყველაფერში ხელს მიწყობდა, რომ ზუსტად იმ წონისთვის მიმეღწია, რა წონაც მინდოდა. უთბილესი, უტკბილესი და სასწაულად კარგი ადამიანია და სულ ვამბობ, ბევრი ია ფარულავა სჭირდება საქართველოს-მეთქი.
– იქნებ ჩვენც გაგვიმხილო, რა დიეტაა?
– ასე კონკრეტულად ვერ გავამხელ, მაგრამ ვისაც აინტერესებს, პირადში მომწეროს და აუცილებლად ვასწავლი.
– სოციალურ ქსელში დადე სტატუსი, რომ ბინა გაჩუქეს. ვინ გაჩუქა და სად?
– ყველაფერი არ მინდა გავამხილო, მაგრამ გეტყვით, რომ თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, სამოთახიანი, კეთილმოწყობილი, გარემონტებული ბინა მაჩუქეს, რომელსაც ახლა ჩემს გემოზე ვაწყობ. მე და ჩემი შვილი უკვე გადავედით საცხოვრებლად და შევიძინე ახალი საძინებელი, დიდი ტელევიზორი, მისაღების ავეჯი.
– ბინა, თაყვანისმცემელმა გაჩუქა თუ საყვარელმა მამაკაცმა?
– ამას ვერ გაგიმხელთ. უბრალოდ, ჯერ მე არ მინდა გამხელა. როცა თქმას გადავწყვეტ, გპირდებით, პირველს თქვენ ჟურნალს გავუმხელ.
– კარგი, მაშინ ასე გკითხავ: ეს ის ადამიანია, ვის გვერდითაც ბედნიერი ხარ?
– (იცინის) ჩამჭრელი კითხვაა. ალბათ, კი.
– ანუ, არ არის გამორიცხული, სულ მალე საქორწინო კაბაში გამოწყობილი გიხილოთ?
– პირადზე საუბარს ვერიდები, თუმცა გეტყვით, რომ ბევრი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა და არც იქნება. ძალიან იშვიათად მიყვარდება და თუ მიყვარს, ერთგულად. ახლა, შეყვარებული ვარ თუ არა, თავადაც ვერ ვხვდები, გაურკვეველ სიტუაციაში ვარ (იცინის). საქორწინო კაბას რაც შეეხება, ჯერჯერობით არ ვიცი. ხშირად მისვამდნენ კითხვას – კარიერა თუ პირადი ცხოვრებაო. ვიტყვი, რომ სრული ბედნიერებისთვის, ორივე მჭირდება. ჩემმა საყვარელმა ადამიანმა რომ დამიშალოს მუშაობა და საყვარელი საქმის კეთება, მე მისგან აუცილებლად წავალ. ჩემს საქმეს, არავის გამო არ დავთმობ. იმ ადამიანმა უნდა შემიყვაროს ისეთი, როგორიც ვარ, ჩემი მისწრაფებებით, ჩემი პროფესიითა და ჩემი საქმით. არარეალიზებული ქალი, ვფიქრობ, არცერთ მამაკაცს არ სჭირდება. ბევრი მამაკაცი უყენებს ცოლს პრეტენზიას: ან – მე, ან – კარიერა! დარწმუნებული ვარ, ქალმა რომ უარი თქვას კარიერასა და სამსახურზე, ცოტა ხანში ასეთი ქალი იმ მამაკაცსაც არ მოუნდება და გარკვეულ პერიოდში მიატოვებს.
– გყავს მანქანა და როცა საჭესთან დაჯექი, მახსოვს, მაშინაც გავრცელდა ხმა, თითქოს თაყვანისმცემელმა გაჩუქა, ბინაც იმავე პიროვნების სიურპრიზი ხომ არ იყო?
– რომ გამოვჩნდი მანქანით, ყველა მეუბნებოდა, გამოტყდი, ვინ გაჩუქა ეს მანქანაო. გეთანხმებით, იყო ჭორები, თითქოს მანქანა თაყვანისმცემელმა მაჩუქა, მაგრამ აქ ვიქნები ყველაზე გულწრფელი და გეტყვით, რომ მანქანა, მართლა მე შევიძინე, მე ვაჩუქე საკუთარ თავს. არ ვიცი, მკითხველი რამდენად დაიჯერებს, მაგრამ ეს მართლა ასეა.
– როგორც ვიცი, ძალიან მიმნდობი ადამიანი ხარ. ამ ხასიათის გამო, ხშირად შემცდარხარ ადამიანებში და გული ხშირად გტკენია?
– ჩემი მიმნდობი ხასიათის გამო, ადრე უფრო ხშირად მტკენია გული, იმდენ ადამიანში შევცდი, ახლა იმუნიტეტი გამომიმუშავდა. ჰოროსკოპით ლომი ვარ და ეს ჩემი მესამე თვალი მეხმარება, ზუსტად მივხვდე, ვინ რატომ მემეგობრება, რის გამო, რაზეა წამსვლელი და რა უნდა ჩემგან. კარგად გამოვიმუშავე, ზუსტად ვიცი, ვისგან რას უნდა ველოდო. წინასწარ ვხვდები, რას რა მოჰყვება და უკვე სამი წელია, არავისგან მტკენია გული. ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი გამოვიარე, ბევრჯერ დავეცი და ავდექი, თუმცა, ეს დამეხმარა წინ წავსულიყავი. ახლა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დგას. მაქვს ის, რაც ყოველთვის მინდოდა, მქონოდა და აქვე გეტყვით, რომ უცხოეთიდანაც მაქვს შემოთავაზება, რომელსაც ჯერ ვერ გაგიმხელთ.
– წლების მატებასთან ერთად, მესამე თვალი გაგეხსნა, ინტუიციაა თუ ამაში გამოცდილებამაც შეიტანა წვლილი?
– ყველაფერმა ერთად იმოქმედა და პლუს ამას ჩემი წინასწარმეტყველური სიზმრები (იცინის). რაღაცას რომ გავიფიქრებ, ზუსტად ისე ხდება. ბატონ მიშა ცაგარელს რომ მოვუყევი, მითხრა: არ მიკვირს, შენ ხარ მესამე დეკადის ლომი და ძლიერი ენერგია გაქვს, გახსნილი მესამე თვალი და საერთოდ, ლომისთვის „არ შემიძლია“ არ არსებობს, ყველაფერი შეგიძლიაო. დეპრესია რომ მაქვს, ბატონ მიშას ვურეკავ და ისე მესაუბრება, თხუთმეტ წუთში გამოვყავარ ამ მდგომარეობიდან. ჩემთვის ერთგვარი ფსიქოლოგი გახდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან