შოუბიზნესი

ვერიკო ტურაშვილი: გავაკეთეთ ხაზი, რომელსაც დავარქვით „ტრიკო“

№1

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 11.01, 2022 წელი

ვერიკო ტურაშვილი
დაკოპირებულია

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი ახალ წელს ახალი საქმითა და სასიამოვნო სიახლით შეხვდა – მეგობართან, ნუცა ქირიკაშვილთან ერთად სახელმწიფო გრანტი მოიპოვა და სამკერვალო დააფუძნა. მომღერლის გეგმებსა და სიახლეებზე უფრო დაწვრილებით ინტერვიუდან შეიტყობთ.

ვერიკო ტურაშვილი: წელიწადზე მეტია, მე და ჩემმა მეგობარმა, ნუცა ქირიკაშვილმა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შევიტანეთ პროექტი დასაფინანსებლად. ყველა ეტაპი გავიარეთ და თითოეული წარმატება პატარა ბავშვებივით გვიხაროდა. საბოლოოდ, დადებითი პასუხი მოგვივიდა – მივიღეთ დაფინანსება და დავაფუძნეთ სამკერვალო. გულწრფელად, მთელი ენერგია ჩავდეთ ამ წამოწყებაში, რაც ვიცოდით, უკეთ გავაცნობიერეთ და რაც არა – შევისწავლეთ, შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა.

– რომელი ხაზით იმუშავებს თქვენი სამკერვალო?

– იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ქალისა და მამაკაცის ქართული წარმოების თეთრეულის დეფიციტი იყო, თავიდან, სწორედ, ამ მხრივ დავიწყეთ ფიქრი და გავაკეთეთ ხაზი, რომელსაც დავარქვით „ტრიკო“. გარდა ამისა, გვაქვს მეორე ხაზი – „ვაითალიენი“, რომელიც შეკერავს სხვა დანარჩენს – პალტოებს, ქუდებს, შარვლებს... გადავწყვიტეთ, არ დავყოთ ქალისა და კაცის კოლექციები და შექმნილი სამოსი ორივე სქესს მოვარგოთ. მაგალითად, ახლახან ჭრელი „შუბები“ გავაკეთეთ, როგორც გოგოებისთვის, ასევე ბიჭებისთვის. პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით, რეალიზაციაშიც ჩავუშვით და ვნახოთ, როგორი შედეგი გვექნება.

– საინტერესო სახელწოდებები შეგირჩევიათ. ვის ეკუთვნის იდეა?

– ორივე ვიჯექით და ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა, დაგვერქმია. ნუცა მეუბნება, შენი მოფიქრებულია ორივე სახელწოდებაო, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია, ორივემ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება. „ტრიკო“ პირდაპირ უკავშირდება იმ ხაზს, რასაც ვაწარმოებთ და რაც შეეხება, „ვაითალიენს“, დიდი სურვილი გვაქვს, ექსპორტზეც ვიმუშაოთ და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

– კერვასთან და ამ საქმიანობასთან შეხება გქონდა?

– თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ბავშვობაში თოჯინებს ვუკერავდი რაღაცებს, სხვა არანაირი გამოცდილება არ მქონია. თუმცა, ისეც არ ვარ, რომ ნემსის დაჭერა არ ვიცოდე, როცა სახლში ამის საჭირობაა, თავისუფლად შემიძლია გავაკეთო, თუმცა არა პროფესიონალურ დონეზე. რამდენჯერმე მქონდა მცდელობა, რომ ჩემთვის შემექმნა ხალათი, თავად წავედი, ავარჩიე ნაჭერი, თუმცა ტექნიკური მხარე პროფესიონალებს ვანდე. თურმე, ძალიან რთული ყოფილა ამ სფეროში პროფესიონალის პოვნა. ჩვენი საქმის დაწყებისას ეს ცალკე პრობლემა აღმოჩნდა, მაგრამ მოვაგვარეთ და საბოლოოდ ჩვენი გუნდი პროფესიონალებისგან შევკარით.

– შემოქმედებაშიც ხომ არ გაქვს სიახლე?

– დიახ მაქვს, ახალ ალბომზე დავიწყე მუშაობა, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება ჩემი ძველი სიმღერებისგან. ბევრი ვიფიქრე ამ ალბომზე, დიდი სიყვარულით შევუდექი საქმეს და ძალიან მომწონს მუშაობის პროცესი. პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად ვმუშაობ. გარდა თბილისისა, ჩართულია სტამბოლის სტუდია. ასევე, სამუშაო პროცესები მიმდინარეობს პარიზსა და ბაქოში. მოკლედ, დისტანციური შემოქმედებითი წვა გვაქვს. 5 წლის სიცოცხლე მემატება ხოლმე, როცა კარიერაში წინ ვდგამ ნაბიჯებს.

– როგორ ჩაიარა ახალმა წელმა?

– წელს ჩემი წამოწყების სამზადისზე ვიყავი გადართული და სახლის ნაადრევად მოსართავად დიდად ვერ მოვიცალე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ახალ წელს თბილისშიც ვერ შევხვდი, ბათუმში მქონდა კონცერტი, მაგრამ ეს ჩემთვის სიახლე არ არის. მგონი, შარშანდელი წელი იყო ერთადერთი, სახლში რომ შევხვდი. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი, ამ დღესასწაულზე სულ ვმუშაობ ხოლმე.

– რამდენად რთულია, ოჯახისგან შორს რომ გიწევს ამ დღის აღნიშვნა?

– ეს ჩვენზეა დამოკდიებული. შემიძლია, უარი ვთქვა ყველა კონცერტზე და დიდი სიყვარულით ეს დღე სახლში გავატარო, ვუყურო ტელევიზორს და სხვადასხვა კერძები დავაგემოვნო, მაგრამ რა ვქნა, ასეთი პროფესია მაქვს და ეს ჩემი არჩევანია. სამაგიეროდ, მერე კარგი თოვლის ბაბუა ვარ და შემიძლია, ისეთი საჩუქრების გაკეთება, რაზედაც ოცნებობენ ხოლმე. ამ ყველაფერს მეორე მხარე აქვს, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანია და ამიტომ, არჩევანს სამსახურზე ვაკეთებ.

– წლებს რომ გადახედო, რომელი იყო შენთვის ყველაზე გამორჩეული ახალი წელი?

– ახალი წლის განსაკუთრებული შეგრძნებები მაინც ბავშვობას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანები რთული პერიოდი იყო. დრო, როცა თოვლის ბაბუის არსებობის მჯეროდა და ახალ წელს სულ სხვა, ბავშვური სიხარული ჰქონდა. ეს დღესასწაული, ალბათ, ყველაზე გამორჩეულია არა მარტო ჩემთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის. თან მაშინ, თოვლი იყო თბილისში, რაც ახალ წელს სხვა ხალისს აძლევდა. მაგრამ ახლა ჩემს შვილებთან ერთად გატარებულ ახალ წელს სულ სხვა ხიბლი და სიხარული აქვს. ისეთი დრო დაგვიდგა, ოჯახთან ერთად გატარებული ნებისმიერი წუთი ძვირფასია. ყოველ ახალ წელს მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს – ჯანმრთელად მყავდეს ყველა. ეს ახალი წელი ჩემთვის განსხვავებული იყო, რადგან პირველად შევხვდი მამას გარეშე... პოსტკოვიდური გართულებით გარდაიცვალა. იმდენი რამე ხდება სამყაროში, მადლობელი უნდა ვიყოთ ყოველი დღისთვის, რომელსაც სამყარო გვაძლევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი