შოუბიზნესი

რუსა მორჩილაძე: წლების მატება ძალიან მაშინებს, ეს ჩემი ერთ-ერთი ფობიაა

ავტორი: ნონა დათეშიძე 50 წუთის წინ

რუსა მორჩილაძე
დაკოპირებულია

რუსა მორჩილაძე საქმისადმი უდიდესი პასუხისმგებლობით გამოირჩევა. კომპოზიტორი და ბევრი ჩვენი საყვარელი ჰიტის ავტორი არაერთი მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრი იყო, უამრავ კონკურსანტს მოუსმინა და ბევრ ახალგაზრდა დამწყებ მომღერალს მისცა სტიმული. ამბობს, რომ ქართველებს მუსიკალურობა და კარგად მღერა გენში გვაქვს, მაგრამ დღეს მომღერლების უმეტესობას ინდივიდუალიზმი აკლია. დიდი ხანი რუსა „ხელოვნების ლაბორატორიის“ გახსნაზეც ფიქრობდა და წელს, ეს დიდი ხნის ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა.

რუსა მორჩილაძე: ცხოვრებაში კარგი სიახლე ყველას უყვარს და როგორ შეიძლება, არ გახარებდეს, მაგრამ ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე არ ხარ, არ გეხალისება და სიახლეებისთვის არ გცალია. თუ მოვა განწყობა და პლანეტებიც ხელს შეგიწყობს, შეუდგები ახალი სასიკეთო საქმის კეთებას და მარტო შენთვის კი არა, ხალხისთვისაც. ეს რასაკვირველია, მეც დიდი სიხარულს მანიჭებს. ზოგადად, რაც წლები გავიდა, რაც უფრო დავხელოვნდი, მით უფრო მეტ რისკს ვხედავ და მით მეტად ფრთხილად ვუდგები პედაგოგიურ მოღვაწეობას.

– გამიხარდა, როცა გავიგე, საკუთარ „ხელოვნების ლაბორატორიას“ ხსნი. დღეს, საკმაოდ ბევრი მსგავსი ტიპის სივრცეა გახსნილი მთელი საქართველოს მასშტაბით და რითი იქნება შენი „ხელოვნების ლაბორატორია“ გამორჩეული?

– ბევრი ვიფიქრე, სანამ მულტიფუნქციურ სივრცეს, „ხელოვნების ლაბორატორიას“ გავხსნიდი, რადგან ეს მხოლოდ ჩემს პროფესიას არ ეხება. აქ ჩვენ ვასწავლით სიმღერას, ქართულ და ასევე, სამეჯლისო ცეკვებს, ხატვას, თეატრალურ პლასტიკას და ასე შემდეგ. ძალიან ძნელი იყო თავის მობმა, თუმცა, გავხსენით და ზუსტად ვიცი, ეს არა მარტო ბავშვების, არამედ მშობლების საყვარელი ადგილი გახდება. კიდევ ვამბობ, დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ ხან ადგილი არ მომწონდა, ხან კვადრატულობა, ხან ის პედაგოგები ვერ ვნახე, ვინც მინდოდა, ხან იმათთან მუშაობა არ მინდოდა, ვინც მსგავსი სივრცის გახსნას მთავაზობდა. ალბათ, ასე იყო საჭირო, მაშინ არ იყო დრო და „ხელოვნების ლაბორატორია“ ამ ასაკში უნდა გამეხსნა. მოკლედ, რომ ამბობენ, საჭირო დრო და საჭირო მომენტიო, სწორედ ეს საჭირო დრო და მომენტი დადგა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენთან ყველაფერი შეისწავლება, რაც სამომავლოდ სცენის არტისტს სჭირდება. ბავშვები „იუთუბიდან“ სწავლობენ სიმღერას, გავლენ კონკურსზე, მოიგებენ და თვითდინებით მიდიან და არასწორი გზით ვითარდებიან, ვიღაცას ბაძავენ. საქართველოში რამდენიმე მუსიკალური სტუდია არსებობს, რომლებიც ნამდვილად სანდოა, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა და არასაკმარისი. უმრავლესობაზე, სამწუხაროდ, კარგ შეფასებას ვერ გავაკეთებ. არავის განვიკითხავ, მაგრამ მინდა, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. სასწავლო ცენტრი და მით უმეტეს სახელოვნებო, უნდა იყოს ძალიან მაგარი პროფესიონალებით დაკომპლექტებული და რა იმ ადამიანებით, ვინც თვითონ კი არ დაირქვა მუსიკოსი და პედაგოგი, არამედ აღიარებულია და წლებმა დაამტკიცა მისი ეს სტატუსი და ვინც სწორად ამეცადინებს ბავშვებს. რაც უფრო მეტი წელი გავიდა, რაც ჩემს საქმეში ვარ, მით მეტად მივხვდი, რომ არაფრით არ შეიძლება პედაგოგი მოეხვიოს თავზე ბავშვს, რადგან ეს არის კრიმინალური შემთხვევა და ეს ღუპავს ბავშვებს. ერთ პედაგოგს ორმოცდაათი პატარა თავისნაირი არ უნდა ჰყავდეს. ეს არ შეიძლება. ბავშვს უნდა მისცე მიმართულება და თავად უნდა იყო დარწმუნებული ამ მიმართულებაში, უნდა ურჩიო და სხვადასხვა გზები დაანახვო, სხვადასხვა ჟანრები მოასინჯინო, მაღალ ხარისხში გემოვნებას ვგულისხმობ და მან თავად უნდა აირჩიოს, სად არის კომფორტულად. ანუ, შერჩევის გარდა, უნდა აჩვენო, რა არის კარგი, რა არის მაღალ ხარისხში შესრულება, რა როგორ გამოითქმება და სასცენო მოძრაობა როგორია. ეს ყველაფერი უნდა ურჩიო ბავშვს და არა ასწავლო „ნახევარფაბრიკატი“ და ამ ყველაფერთან ერთად, ბავშვის ინდივიდუალიზმი არ უნდა დაიკარგოს. იმის თქმა მინდა, რომ თუ ინდივიდუალური მომღერლები არ გაჩნდებიან, დავიღუპებით. ახლა თითქოს ყველა ერთნაირად მღერის, ქუჩაში სამღერი აიტანეს სცენაზე და ეს ძალიან გაპიარდა, ხალხიც ტაშს უკრავს, რადგან სამწუხაროდ, რასაც მიაჩვევ ადამიანებს, იმას უსმენენ. ხალხს და მსმენელს გაზრდა სჭირდება, ყურში უნდა ესმოდეს კარგი გაკეთებული მუსიკა. ამაში მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული. კარგი გაკეთებული მუსიკა ბოლო წლებში მე აღარ მომისმენია. ამას თავისი მიზეზები აქვს, რამდენიმეჯერ ვთქვი და აღარ მინდა განვიკითხო ვინმე და ავი ვიყო (იცინის). მაგრამ, დრო მოვიდა, ყველა გაკეთებულ საქმეს დაერქვას თავისი სახელი. ამ ბოლო წლებში იმდენი უხარისხო რამ დაიდო, ძალიან ცუდი და უცუდესი კონცერტები გაკეთდა, რომ სამწუხაროდ და სავალალოდ, ჩამოვარდა გემოვნება და მინდა, ხალხმა გაიხსენოს, ის, რასაც ჩვენ, ნამდვილი მუსიკოსები, ვაკეთებდით. ნამდვილად აყვავებული და უმაღლეს კატეგორიაში იყო ჩვენი ქართული სიმღერა, ახლა რაც არის, არის უმსგავსობა და არ მოემრიდება ამის ხმამაღლა თქმა.

– როგორც გავიგე, წინ გრანდიოზული გეგმები გაქვს და რასაც ახლა ეჭიდები, საკმაოდ დიდი ენერგია, კოლოსალური ძალა და ნერვები სჭირდება. თუ მოასწარი ზაფხულში დასვენება და ძალების აღდგენა?

– ზაფხულში ვერანაირი დასვენება ვერ მოვახერხე, რემონტში ვართ ჩართულები. გვინდა, ჩვენს „ხელოვნების ლაბორატრიაში“ არა მარტო ბავშვებისთვის, მშობლებისთვისაც შევქმნათ სასიამოვნო გარემო. გვინდა, ეს იყოს ცივილიზებული, ისეთი სივრცე და გარემო, 21-ე საუკუნეს რომ შეეფერება.

გარეთ 21-ე საუკუნეა და ამას ჩემს სფეროში ვერ ვატყობ. ზოგადად, ძალების აღდგენა აუცილებელია, მაგრამ გვერდში ისეთი ადამიანი მყავს, ვისთანაც ერთად ვაკეთებ ამ ყველაფერს, მისგან უდიდეს ენერგიას ვიღებ. ეს ადამიანი ჩემი ოჯახის წევრია, თუმცა რუხი კარდინალი (იცინის). მინდა გითხრათ, იმის სურვილი და მოტივაცია, რომ ეს ჩემი წამოწყებული საქმე იყოს ისეთი, რომ თავად ჩვენ ვიყოთ კმაყოფილი, მმუხტავს ენერგიით და ვერ ვგრძნობ, რომ ზაფხულში ძალების აღდგენა ვერ მოვასწარი. ვინც ამ თემაში ჩართული ვართ, ყველას მთავარი მისიაა, დაიდოს ის ხარისხი, რომელიც ჩვენ გვინდა და გაკეთდეს ისეთი „ლაბორატორია“, სადაც ჩვენს შვილებს მივიყვანდით და ვანდობდით.

– რუსა, რამდენად, მარტივად მოდის შენთან წარმატება? ამისთვის ბევრი ბარიერისა და წინაღობის გადალახვა გიწევს?

– ღმერთს ვერ შევცოდავ და ვერ ვიტყვი, უიღბლო ვარ-მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელები არსებობდა და არსებობს. ამაზე საუბარი, უბრალოდ, არ მსურს. სხვა გზა არ არის, ბარიერები უნდა გადაილახოს.

წლების მატება თუ გაშინებს?

– 56 წლის ვარ, არ ვმალავ ასაკს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, წლების მატება ძალიან მაშინებს, ეს ჩემი ერთ-ერთი ფობიაა. შანაგანად ახალგაზრდად ვგრძნობ თავს, თუმცა პირადობაში რომ ჩავიხედავ, ვხვდები, ცხოვრების დიდი ნაწილი გავიარე. ამ განვლილმა წლებმა სიდინჯე მომცა. ჩემს ახალგაზრდობას რომ გადავავლებ თვალს, ასეთი არ ვიყავი. დავდინჯდი, დავმშვიდდი და განვლილმა წლებმა მასწავლა, რომ ჯობია იყო მიმტევებელი, დარჩე ადამიანად და სხვა არ გააღიზიანო. ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, რომ ბევრი არ ვიყო, ყელში არ ამოუვიდეთ ადამიანებს ჩემი ნახვა, ჩემი ყურება და დავიცვა ეს ზომიერება. ბევრჯერ უთქვამთ, ეს ნიჭი ღმერთმა იმიტომ არ მოგცა, სახლში იჯდე პიჟამათი და ოცდაოთხი საათი სულ ნერვებზე იყო. ღმერთმა ეს ნიჭი იმიტომ მოგცა, ამ ქვეყანას უნდა გამოადგეო. და, დავიწყე ახლა ამ კარმის ასრულება. ახლა იმ ეტაპზე ვარ, მე რაც ვიცი, რა გამოცდილებაც ამ წლებში დამიგროვდა, მინდა, სხვებს გადავცე, არ მინდა, შევინახო. მოკლედ, განვლილმა წლებმა, ზომიერება მასწავლა. ამ წლების განმავლობაში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი მოვიდა და წავიდა, ბევრჯერ მეტკინა გული, ხან – ძალიან, ხან – არც ისე. მეტს არაფერს ვიტყვი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი