შოუბიზნესი

ნია წივწივაძე: რამდენიმე თვეა, რაც თავს ცოტათი ვინებივრებ

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00

ნია წივწივაძე
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის წარმატებაში. ამის თაობაზე საკუთარ გამოცდილებას „მის საქართველო“ ნია წივწივაძე გაგვიზიარებს.

ნია წივწივაძე: ვფიქრობ, როცა ადამიანი შრომობ, იღბალიც შენ გვერდით არის. ჩემს შემთხვევაშიც ასეა: ისე არ მომხდარა, რომ რაღაც თავისით „დამეცა თავზე“. როდესაც რამეს ვაკეთებ, დრო გადის და თითქოს წინ მხვდება. ზოგადად, მე მჯერა მანიფესტაციის. მჯერა, რომ საკუთარ თავში ჩადებული შრომა, რა სახითაც არ უნდა იყოს ის, გამომადგება. ვფიქრობ, ესეც იღბალია, რომ გაღებული შრომა შედეგს იღებს და უკვალოდ არ ჩაივლის. ვთვლი, რომ შრომასთან ერთად გამოდის ის, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, იღბალიც ბევრს განსაზღვრავს, თუნდაც შანსის მიღებას, მაგრამ მიღებული შანსის გამოყენებას შესაბამისი შრომა და დისციპლინა სჭირდება. სწორ ადგილას რომ მოხვდები, მერე ეს შანსი უნდა გამოიყენო.

– შრომისმოყვარეობა და დისციპლინა თანდაყოლილად მიგაჩნია თუ გამომუშავებად თვისებებად?

– მე შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც ადრე არ იყვნენ არც დისციპლინირებულები და არც შრომისმოყვარეები, თუმცა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გარდატეხა ხდება... პირადად მე მიყვარს დისციპლინა. მაგალითისთვის: თუ სადმე მივდივარ სამოგზაუროდ, წინასწარ ვწერ წასაღები ნივთების სიას. საერთოდ, მიყვარს გეგმების წინასწარ შედგენა, ეს მეხმარება. ასევე, მიყვარს დროის დაგეგმვა – უნდა ვიცოდე, როდის რას ვაკეთებ. მით უმეტეს, რაც შვილები მყავს და თავისუფალი დრო შემიმცირდა, კიდევ უფრო მეტად დავიწყე ბევრი რამის დაგეგმვა. სპონტანური ცხოვრებაც მიყვარს, მაგრამ როცა ისვენებ ან სადმე მიდიხარ გასართობად, იქ დისციპლინა გვერდზე უნდა გადადო და მაქსიმალურად ისიამოვნო. აი, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ეს აუცილებელია.

– რის გამო მიიჩნევ თავს იღბლიან ადამიანად?

– მადლიერი ვარ იმ ოჯახის გამო, რომელშიც დავიბადე. მშობლებს და გარემოს ვერ აირჩევ ისე, როგორც მეგობრებსა და კარიერას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯანსაღ გარემოში დაბადება მართლა გამართლებაა. გამართლებაა, როცა გყავს მშობლები, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს და როცა კარგი ბავშვობა გაქვს. ჩვენ ყველას გაგვიგია, რომ ბავშვობის ტრავმებთან გამკლავება ძალიან რთულია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.

მერე გარკვეულმა გამოცდილებებმა – თუნდაც გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთ ცხოვრებამ, სამსახურის ნაადრევად დაწყებამ, ბევრმა მცდელობამ – განაპირობა ის, რომ იღბალიც გაჩნდა: გავხდი „მის საქართველო“, გამოჩნდა პარტნიორი, რომელსაც ცხოვრება დავუკავშირე და რომელიც ჩემი მეუღლეა, ბოლოს კი – შვილები. შვილებიც დიდი გამართლება იყო, ორი ერთად – გოგო და ბიჭი.

– როდის აძლევ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას?

– რა თქმა უნდა, განტვირთვის გარეშე რუტინული ყოველდღიურობა შეიძლება, ძალიან მოგბეზრდეს. ბავშვები რომ გამიჩნდა, უფრო მეტად მათზე გავხდი დამოკიდებული, ამიტომ, როცა ბავშვებს სძინავთ, ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო: სადმე გასვლა იქნება, სამსახურის საქმე თუ სხვა რამ. დასვენება რომ მახსენდება, უკვე ბავშვები იღვიძებენ. როცა ორი წლისები გახდნენ, ჩემს თავს ვუთხარი: უკვე იმხელები არიან, რომ რაღაცების უფლება საკუთარ თავსაც უნდა მისცე-მეთქი. ამიტომ რამდენიმე თვეა, რაც თავს ცოტათი ვინებივრებ. თუნდაც ის, რომ ავდექი და მეგობართან ერთად, ბავშვების გარეშე წავედი დასასვენებლად. იქ მაქსიმალურად ვეცადე, ტელეფონიც და ფიქრებიც გვერდზე გადამედო და შემერგო ეს დრო. ვფიქრობ, რომ შენს თავს უნდა გამოუყო დრო. ბავშვები, ოჯახი, კარიერა – ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პროცენტულად უნდა დააბალანსო და მარტო ყოფნაც მოახერხო, ამიტომ ჩემს თავს ამას აღარ ვუზღუდავ.

პირველი ორი წელი მაინც მიჭირდა, ბოლო თვეებია, ცოტა ვისწავლე, რომ ეს მშობლისთვის, განსაკუთრებით კი დედისთვის, აუცილებელია. ქალი მაინც სხვანაირად არის ჩართული, სხვანაირი ფიქრები აქვს ბავშვის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ, ცოტა რომ წამოიზრდებიან, კარგი იქნება, თუ ჩვენთვისაც ვიპოვით დროს. ყველა ადამიანს, ვინც ახლა საწყის ეტაპს გადის და ფიქრობს, რომ საკუთარი თავისთვის დრო აღარასდროს ექნება, მინდა ვურჩიო, რომ ნელ-ნელა აუცილებლად გამოყონ დრო განმარტოებისთვის.

– გქონია განცდა, რომ ბევრი იშრომე, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა?

– ასეთი მომენტი მართლა არ მქონია. თუ რაღაც არ გამომივიდა, ესე იგი, საკმარისად არ მოვინდომე და რაღაც ეტაპზე დავპაუზდი. არასდროს მიფიქრია, რომ შრომა არ დამიფასდა. უბრალოდ, ადამიანებს ყველაფერი დღესვე გვინდა, არადა ხშირ შემთხვევაში მოთმინებაა საჭირო. გადამიკითხავს ჩემი ძველი დღიური და აღმომიჩენია, რომ სამი წლის წინ რაც მინდოდა, ის დღეს მაქვს. მაგრამ, რადგან როცა მომინდა, მაშინვე ვერ მივიღე, მერე აღარ გამიმახვილებია ყურადღება.

– რა მეთოდს მიმართავ მობილიზაციისთვის?

– მაგალითად, ყოველი წლის ბოლოს ტელეფონის ნოუთებში ვწერ, რა მინდა გავაკეთო შემდეგ წელს. 5-10 სურვილს არა, ძალიან ბევრს ვწერ – ასიდან ათი რომ გამოვიდეს, უკვე ბედნიერი ვარ. სად მინდა წასვლა, რისი შეძენა, რისი სწავლა – ყველაფერს შეიძლება ეხებოდეს ჩემი სურვილები. რამდენიმე თვეში რომ გადავხედავ სურვილების სიას და დავაფიქსირებ, რომ რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებული მაქვს, მოტივაცია მეზრდება – იქნებ მეტის გაკეთებაც შევძლო. ძალიან ხშირად, წლის ბოლოს რომ ვამოწმებ ხოლმე, მთავარი მიზნები შესრულებული მაქვს. თითქოს ამ გზით ჩემს თავს ვაჯერებ სურვილების ასრულების რეალურობაში.

სხვათა შორის, რაც შვილები მეყოლა, უფრო დადებითად განწყობილი გავხდი. თუ ადრე რამეზე ვიტყოდი, არ გამომივა-მეთქი, ახლა ვფიქრობ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გამომივა, თუ არ მოვინდომებ. ის, რომ მაინცდამაინც მე არ მიმართლებს და სამყარომ მაინცდამაინც მე ამომიჩემა, ვხვდები, რომ არ არის სწორი მიდგომა (იცინის). ჩემში თავისთავად მოხდა ეს ცვლილება. როცა დედა ხდები, თითქოს სუპერძალა გემატება – საკუთარ თავში ბევრი ისეთი შესაძლებლობა აღმოვაჩინე, რაზეც მანამდე ვფიქრობდი, რომ არ გამომივიდოდა. ასე რომ, ხვალ და ზეგ შეიძლება ვერა, მაგრამ თუ რამეს მიზნად დაისახავ, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოგივა. ამ გზაზე ყველაზე რთული საბრძოლო განწყობის შენარჩუნებაა, ამიტომაც არის აუცილებელი დისციპლინა და რუტინა.

ხშირად ძალიან დამზარებია რაღაც, მაგალითად – ვარჯიში, მაგრამ სიზარმაცის მიუხედავად, მაინც რომ მივარჯიშია, ორმაგად დამიფასებია საკუთარი თავი და შემიქია. სხვათა შორის, მანამდე არ ვაქებდი ხოლმე ჩემს თავს, ახლა ესეც ვისწავლე, როცა ვიმსახურებ. ხანდახან რაღაც ძალით უნდა გააკეთო.

– არის რამე, რაშიც ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით, თავს უიღბლოდ მიიჩნევ?

– უიღბლოდ არ მივიჩნევ, თუმცა ვფიქრობ, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე რაღაცების შემეშინდა. მაგალითად, ძალიან მინდოდა სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, მაგრამ გარკვეულ პერიოდში ვერ მოვახერხე – მარტო სხვა ქვეყანაში ცხოვრების შემეშინდა. გარკვეულწილად, შეიძლება, ამას ვნანობდე. გარშემო, სამეგობროშიც არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომ წამოსულიყო, თუმცა გვიანი არასდროსაა.

– რამდენად უფრთხილდები საკუთარ როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას?

– ბოლო დროს ძალიან ვუფრთხილდები. ადრე არ მქონდა ეს დამოკიდებულება, ბავშვების გაჩენამდე ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი. პირიქით, დიდი სანაცნობო წრე მყავდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ყველას ახლოს ვუშვებდი. არც კვების დროს ვფრთხილობდი, შეიძლებოდა ღამის 12 საათზე არაჯანსაღი საკვები მეჭამა და ასე შემდეგ. ბავშვების გაჩენის შემდეგ უფრო დავაბალანსე ჩემი გარემო და ხალხი გარშემო. თუ სადმე წასვლა არ მინდა, რადგან იქ ვიღაცები არ მსიამოვნებს, აღარ მივდივარ. აღარ ვფიქრობ, რომ ამის გამო შეიძლება, ვიღაცას გული დასწყდეს. ასეთი ადგილებიდან მერე ენერგიაგამოცლილი ვბრუნდები და მირჩევნია, ეს ავირიდო თავიდან. აღარ ვკარგავ დროს იქ წასასვლელად, სადაც გული აღარ მიმიწევს, მირჩევნია, შვილებთან ერთად ვიყო.

თუ ადრე ღამის 12 საათზე არაჯანსაღ საჭმელს ვჭამდი, დღეს ამ დროს უკვე მძინავს (იცინის). ორსულობის პერიოდში რომ ვთქვი, მოდი, ჩიფსს და მსგავს არაჯანსაღ სნექებს აღარ შევჭამ-მეთქი, სამი წელი გადის და ალბათ, სულ სამჯერ ვჭამე. ორგანიზმიც აღარ ითხოვს, როცა მანამდე მაღაზიიდან მათ გარეშე არ გამოვდიოდი. იგივე გაზიან სასმელებზეც შემიძლია ვთქვა. ამ მავნე ჩვევებს ასე თუ ისე გადავეჩვიე, თუმცა მანამდე ვფიქრობდი, რომ მთელი ცხოვრება ისე გავაგრძელებდი.

ახლა კარგად ვხვდები, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ სხეულსა და ცხოვრების წესს — პირველ რიგში, შვილებისთვის. ბოლო ერთი წელია, სახლში ვვარჯიშობ და ჩემი შვილები რომ მიყურებენ, ყოველთვის იმეორებენ. ვხვდები, რომ შვილებისთვის მშობლების მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა, რომ ჯანსაღი და ნორმალური გარემო დაინახონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი