ირაკლი ჩოლოყაშვილი: საკუთარ თავზე გამიგია, რომ ზონდერი ვიყავი და აქციებს ვარბევდი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00
ირაკლი ჩოლოყაშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ირაკლი ჩოლოყაშვილი?
ირაკლი ჩოლოყაშვილი: ალბათ, სჯობს, ჩემ შესახებ სხვამ ისაუბროს, რადგან მე სუბიექტური ვიქნები. ერთი რამ ზუსტად ვიცი: მოუსვენარი ადამიანი ვარ და ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა არ შემიძლია. მთავარი, რაც მინდა, ისაა, რომ ჩვენმა შვილებმა არ გაიარონ იგივე გზა, რაც ჩვენ. დაახლოებით, 35 წელია, ვცდილობთ, ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, პირველად რუსთაველზე რომ გავედი პროტესტის გამოსახატავად და დღემდე იქ ვდგავარ. იქ იგივე ხალხი მხვდება – უკვე შვილიშვილებით. მეც დავდიოდი შვილებთან ერთად, მაგრამ ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენს შვილებს აღარ მოუწევთ ამ რუტინაში ყოფნა. იმედია, როცა ისინი ზრდასრულები იქნებიან, პროტესტი ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა, მაგალითად, პენსიების ზრდის ან ნაკლები დაბეგვრის მოთხოვნა და არა ქვეყნის მიმართულების განსაზღვრა – ისე, როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება. იმედი მაქვს, ჩვენი ბრძოლა ფუჭად არ ჩაივლის.
– ყოველთვის იმ საქმეს აკეთებდით, რომელიც გიყვართ თუ პირიქითაც მომხდარა?
– სტუდენტობისას უკვე ვიცოდი, რისი გაკეთება მინდოდა. სასურველი მიმართულებები, ძირითადად, მუსიკასა და თეატრს მოიცავდა, თან, ორივეს წარმატებით ვითავსებდი. ვსწავლობდი თეატრალურ ინსტიტუტში და ვმღეროდი ანსამბლ „ლაშარში“, შემდეგ რამდენიმე თეატრში ვმუშაობდი და დღეში ორ-სამ სპექტაკლში ვთამაშობდი. ჯარში მსახურისას შსს-ის თეატრშიც ვიყავი. გასტროლზე ხან თეატრიდან მივდიოდი, ხან – ანსამბლიდან. დაბრუნებული არ ვიყავი, რომ ისევ წასვლა მიწევდა. პარალელურად, „რუსთავი 2-ში“ გახმოვანებაზე ვმუშაობდი და მიღებდნენ სერიალებში, ფილმებსა და რეკლამებში. ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არ მქონდა.
2012 წლიდან ყველაფერი შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ აღარ ვიყავი საჭირო. ამას წინ გარკვეული მოვლენები უსწრებდა. როგორც იცით, მარჯანიშვილის თეატრში ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსურ დახმარებას ვიღებდით. 2011 წელს, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა, რამდენიმე კაცმა დახმარების მიღებაზე უარი ვთქვით. პოლიტიკოსისგან დახმარებას რომ იღებ, მას უნდა ემხრობოდე. თუ მის ხედვას არ იზიარებ, თანხასაც ვეღარ აიღებ – თუნდაც, ეს შემოწირულობა იყოს, რადგან ეს ინტერესთა კონფლიქტია. ფაქტობრივად, არჩევანი უნდა გამეკეთებინა ხმის ამოღებასა და გაჩუმებას შორის. თანხას თუ ავიღებდი, ხმას ვეღარ ამოვიღებდი.
2012 წლის შემდეგ, როგორც ხელოვანი, ნელ-ნელა პასიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რადგან შემოთავაზებები მილევად რეჟიმში გადავიდა. ბოლოს იქამდე მივედით, რომ მარჯანიშვილის თეატრში 30-წლიანი მუშაობის შემდეგ ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს. ჩემი შეფასებით, 2012 წელს საქართველოში რუსული ხელისუფლება მოვიდა სათავეში და გადავწყვიტე, პოლიტიკურად გავაქტიურებულიყავი, რადგან რუსული ვექტორისკენ სვლას მშვიდად ვერ ვუყურებდი. ასეც მოვიქეცი. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა ჩემდამი რევანშის მიზეზი, სხვაგვარად მარჯანიშვილის თეატრიდან ჩემი გათავისუფლების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. სამი სამხატვრო ხელმძღვანელის პირობებში ვიმუშავე და რა, ახლა დაქვეითდა ჩემი არტისტული შესაძლებლობები?! როდესაც ძალიან რთულ პირობებში გიმუშავია 90-იან წლებში, როცა ელემენტარული პირობები არ იყო და სცენაზე იყინებოდი (რომ არა ეს ყველაფერი, დღეს ვერცერთი თეატრი ვერ იფუნქციონირებდა), წლების შემდეგ კი პასუხად ამას იღებ, დიდი უსამართლობაა. მოხვიდე თეატრში, სადაც ერთი აგურიც კი არ დაგიდევს და გაუშვა ხალხი, რომელმაც თეატრი აქამდე მოიყვანა, რა არის ეს, თუ არა სუფთა პოლიტიკური დავალება?!
ახლა მიმდინარეობს სასამართლო დავა თეატრის ხელმძღვანელთან, გიორგი მარგველაშვილთან, გათავისუფლებული არტისტების უფლებების აღსადგენად. უმუშევრობაზე საუბარი მაშინ, როცა ქვეყანაში ხალხს ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ, მთავარი არ არის – ამასაც გადავლახავთ, მაგრამ ეს უფრო ღირსების საქმეა და ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ.
– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ და გულჩვილობაც თუ გახასიათებთ?
– კი, ემოციური, ფეთქებადი და ცოტა იმპულსურიც ვარ, რაც ხშირად ხელს მიშლის. ამას კახური სიჯიუტეც ემატება, თუმცა, ეს თვისება რომ მომაშორო, მე აღარ ვიქნები.
– როდის იტირეთ ბედნიერების და ტკივილით გამოწვეული ცრემლით?
– ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე ცრემლების შეკავება ძალიან რთულია. სამწუხაროდ, ასეთი ისტორია ჩვენ გარშემო ბევრია, მით უმეტეს, როცა ოჯახს მკურნალობის საშუალება არ აქვს ან, თუნდაც, საშუალება არაფერს ცვლის – ეს ძალიან მძიმეა. ამას წინათ სოციალურ ქსელში ერთი ბავშვის ამბავს ვუყურებდი: ვერ ხვდებოდა, რატომ უწევდა ასეთი ტკივილის გადატანა. მართლა ვეღარ შევიკავე თავი. ვცდილობ, თუ პირადად ვერ ვეხმარები, გავაზიარო მაინც ინფორმაცია, რომ სხვამაც ნახოს... ან შეძლებისდაგვარად დავეხმარო.
რაც შეეხება სიხარულის ცრემლებს, ალბათ, პირველი ასეთი ცრემლი დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდება.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ოთხი შვილის მამა ვარ – ამაზე მეტად სად უნდა გაიმარჯვო?! თუმცა, რამდენადაც გამარჯვებაა, იმდენად დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ შვილებს გზა გაუადვილო, რაც უკვე ძალიან რთულია. მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარო, თორემ მათაც იმავე ბრძოლაში მოუწევთ ჩაბმა. ყოველ შემთხვევაში, მე რომ აღარ ვიქნები, ოთხი მებრძოლი დარჩება და იბრძოლებენ ისე, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ.
რაც შეეხება მარცხს, ის ჩვენი თანმხლებია. სანამ მიზანს არ მიაღწევ, წარუმატებელი ხარ. აქედან გამომდინარე, რადგან ჯერ გამარჯვებამდე არ მივსულვარ, დამარცხებულიც არ ვარ, მაგრამ წინ დიდი გზა მელოდება.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინათ?
– როცა საზოგადოებისთვის ნაცნობი ხარ, ობიექტურობასაც ხვდები და სუბიექტურ განწყობებსაც. ძალიან ცუდი რამეებიც გამიგია, მაგალითად ის, რომ ზონდერი ვიყავი და აქციებს ვარბევდი, რაც ძალიან სასაცილოა. ასევე, ყოფილა მაღალფარდოვანი შეფასებებიც. მსახიობი რომ ხარ, საზოგადოება შეიძლება, შენი პროფესიის გამო მოექცეს ზეგავლენის ქვეშ ისე, რომ პიროვნულად საერთოდ არ გიცნობდეს. თუ პროფესიონალები იტყვიან დადებითს, ეს მნიშვნელოვანია, დანარჩენი კი, უბრალოდ, ჭორაობაა – ყველას ვერ გაახარებ. ისიც გამიგია, არც ანსამბლში ვარგოდა მომღერლად, არც – თეატრში მსახიობად და, საერთოდ, ყარაულად წავიდეს თეატრშიო. იუმორი თუ გაქვს, გაიცინებ, თუ არა – დაფიქრდები და დასკვნებს გამოიტან.
– რა გამოსცადეთ ცხოვრებაში პირველად ბოლო პერიოდში?
– ფაქტობრივად, მარტომ ავაშენე სახლი და რაღაც გამოვიდა. შეიძლება, ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ ვცხოვრობ. ისეთი უცნაური სახლი ავაშენე, როგორსაც სხვას ვერ ავაშენებინებდი – ნამჯისგან, ანუ ფაქტობრივად, თივის სახლია ლისის ტბის მიმდებარედ. ცოდნა არ მქონდა, მაგრამ წავიკითხე, ვნახე და გამოვიდა. ელექტრობაც თავად გავაკეთე, თუმცა ცოტა ხნის წინ დენმა ისე დამარტყა, გამიხარდა, ცოცხალი რომ გადავრჩი. ვჩქარობდი, მინდოდა მალე გადმოვსულიყავი და ინტერიერს მეტი ყურადღება დავუთმე, ვიდრე სახურავის საიმედოობას, ამიტომ ახლა მიწევს შეცდომების გამოსწორება. სასიამოვნო პროცესია, ბევრი რამ ვისწავლე – კარგი გამოწვევაა.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– 1992 წლის იანვარი იყო, როგორც ეროვნული ხელისუფლების მომხრე, აქციებში ვმონაწილეობდი სადგურის მოედანზე ხუნტის მიერ დამხობილი კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით. მაშინ პირველად გავიგე, რას ნიშნავს, როდესაც ავტომატიდან გესვრიან. ხელისუფლება ახალი დამხობილი იყო და სროლა არ გვიკვირდა, მაგრამ როცა ცარიელი ხელებით დგახარ და წინ ავტომატიანი კაცი გიდგას, ცოტა შეურაცხმყოფელია – თამაშსაც კი არ აქვს ასეთი წესები. მით უმეტეს, როცა სიმართლე შენს მხარესაა, შეურაცხყოფილი ხარ და კიდევ შენ გესვრიან... ეს იყო ჯერ ბრაზი და მერე სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა. კიდევ ერთი ისტორია მახსოვს, თუმცა სრულიად სხვა მოცემულობა იყო: თურქეთში გასტროლზე მყოფი ჭაობში ჩავვარდი და მეგონა, ვკვდებოდი. ფესტივალზე ვიყავით, ავტობუსმა გამასწრო და საბოლოო წერტილამდე ტბა მაშორებდა. ვიფიქრე, მოკლე გზით, ნაპირით გადავიდოდი, ჩავირბინე და ინერციით ჭაობში შევტოპე. უცებ ყველა საშინელება გამახსენდა – მაგალითად ის, რომ რაც უფრო მეტად ფართხალებ, მით უფრო გითრევს ჭაობი. იდაყვებამდე ჩავეფალი და ვფიქრობდი: სად და რისი გულისთვის ვკვდები, იმიტომ, რომ ავტობუსზე დამაგვიანდა?! არ ვიცი, როგორღაც ამოვძვერი და ახალი დილემის წინაშე დავდექი: ასეთი ტალახიანი სუფთა ხალხს როგორ უნდა შევერთებოდი (იცინის). მთავარი საშიშროება რომ გადავიდა, მერე ამაზეც მომიხდა წუხილი. გამიმართლა, აგვისტო იყო, ცხელოდა, გაზონებს რწყავდნენ – იქ ჩამოვირეცხე ტალახი და თან მალე გავშრი (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





