შოუბიზნესი

როგორ შეხვდა სანდრო მენსონი მსოფლიო ლეგენდას - მერლინ მენსონს და რა გზა გამოიარა მან დიდი ნეგატივიდან პარიზულ აღიარებამდე

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00

სანდრო მენსონი
დაკოპირებულია

ქართული „x ფაქტორის“ ყველაზე სკანდალური, მისტიკური და ექსცენტრიკული გოთვარსკვლავი, სანდრო (ქილერ) მენსონი, საფრანგეთის დედაქალაქში საკუთარ უდიდეს ინსპირაციას – მსოფლიო როკ-ლეგენდა მერლინ მენსონს პირისპირ შეხვდა.

სანდრო მენსონი: შეხვედრა შედგა პარიზში, ხელოვნების კვირეულის ფარგლებში „არტ აიკონის“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე, სადაც პირადად ვიყავი მიწვეული. ამ მასშტაბურ გამოფენაზე მსოფლიოს თანამედროვე ფოტოგრაფები და არტისტები იყვნენ წარმოდგენილნი. გამოფენის მთავარ სენსაციას წარმოადგენდა მერლინ მენსონის მეუღლის, ლინდსი იუსიჩის შთამბეჭდავი ინსტალაცია – მენსონის პორტრეტებისგან აგებული მონუმენტური ჯვარი. სწორედ ამ გარემოში შედგა ჩემი შეხვედრა ჩემს კუმირთან – მერლინ მენსონთან, რომლის შემოქმედებამაც ჩემი, როგორც გოთი არტისტის, მუსიკოსისა და ფოტოგრაფის ხედვაზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენი ერთ სივრცეში ყოფნა და აზრების გაზიარება დაუვიწყარი გამოცდილება იყო.

– როგორი ემოციები გქონდა საკუთარი კუმირის ხილვისას, რომელმაც ფაქტობრივად, შენი ცხოვრება განსაზღვრა?

– ემოციები იმდენად მძაფრი იყო, რომ თავიდან საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ეს იყო მომენტი, როდესაც დრო თითქოს გაჩერდა და რეალობამ ფორმა იცვალა. რთულია გაცნობიერება და იმ ემოციის გადმოცემა, რომ შენ წინაშე დგას ადამიანი, რომლის მუსიკამ, ფილოსოფიამ და ვიზუალურმა ხელოვნებამ, ფაქტობრივად, განსაზღვრა შენი ცხოვრების შემოქმედებითი გზა, მსოფლმხედველობა და არტისტული იდენტობა. მერლინ მენსონი ჩემთვის უბრალოდ მუსიკოსი არ არის ის არის ეპოქალური ფენომენი, რომელმაც მასწავლა და შთამაგონა, თუ როგორ ვიყო თავისუფალი, შინაგანად ძლიერი და ავთენტური ჩემს შემოქმედებაში. ამ შეხვედრამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ყოველთვის უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და ბოლომდე იბრძოლო შენი მიზნებისთვის...

– როგორი იყო მერლინ მენსონის რეაქცია, როდესაც შენი ვიზუალი და მაკიაჟი დაინახა?

– სანამ უშუალოდ გასაცნობად მივიდოდი, ჩვენი პირველი კონტაქტი შორიდან, მზერითა და თვალებით მოხდა. მისი რეაქცია იყო საოცრად ინტერესიანი და იმავდროულად, ოდნავ გაკვირვებულიც. მე სწორედ ამ მომენტს, ამ ენერგეტიკისა და აურის კავშირს ველოდი ჩვენს შორის, რაც წარმოუდგენლად ბუნებრივად შედგა და ასე მივიქციე მისი ყურადღება. მისი რეაქცია იყო ცოცხალი, გულწრფელი და ყოველგვარი ვარსკვლავური პათოსისგან დაცლილი. ეს არ იყო უბრალოდ ფანის შეხვედრა ვარსკვლავთან, ეს იყო ორი ხელოვანის ენერგიების გადაკვეთა. გარდა ამისა, გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებამ და მათ შორის თავად მენსონის ერთგულმა ფანებმა, მყისიერდ შენიშნეს ჩვენი ვიზუალური მსგავსება. ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ იმით, თუ როგორ, ღრმად და ავთენტურად მქონდა გადმოცემული მერლინ მენსონის კლასიკური იმიჯი და გოთიკური ესთეტიკა.

– როგორია როკ-ლეგენდა რეალურ ცხოვრებაში?

– ეკრანებიდან და სცენიდან ჩვენ ვხედავთ მერლინ მენსონს სკანდალურ, პროვოკაციულ შოკ-როკერს და ექსცენტრიკულ პიროვნებას, მაგრამ როდესაც როკ-ლეგენდას სცენის მიღმა, ჩვეულებრივ გარემოში აკვირდები, ხვდები, რომ ნამდვილი სიდიადე უბრალოებაშია. ჩემ წინაშე სრულიად სხვა ფენომენი გადაიშალა. დავინახე საოცრად თბილი, მეგობრული, დახვეწილი, ინტელექტუალური და არისტოკრატიული მანერების მქონე ადამიანი, რომლისგანაც წარმოუდგენელი მშვიდი, მისტიკური ქარიზმა მოდიოდა. მას საერთოდ არ გააჩნია ვარსკვლავური ამპარტავნება. ის არ ცდილობდა, ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, პირიქით ის იქ იმყოფებოდა, როგორც მოსიყვარულე და თავმდაბალი მეუღლე, რომელიც მთელი გულით უჭერდა მხარს ლინდსის შემოქმედებას.

– რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა რომელიც მან გითხრა და საერთოდ, რა სუბარი შედგა თქვენ შორის?

– პირველ რიგში, ჩემი თავი წარვუდგინე. ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ, ფოტოგრაფი და მუსიკოსი, რომელიც მის შემოქმედებაზე გაიზარდა. ავუხსენი, რომ მისი სიმღერები ჩემთვის უდიდესი ინსპირაციის წყაროა და ჩემს კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. ვუთხარი, რომ ჩემთვის უდიდესი პატივი და იმავდროულად, ოცნების ასრულება იყო მისი ასე ახლოდან ხილვა და გაცნობა. მენსონი საოცარი ინტერესითა და ყურადღებით მისმენდა. სიმართლე გითხრათ, არანაირი დისტანცია ან ვარსკვლავური დაავადება არ მიგრძნია, პირიქით, მან უდიდესი პატივისცემა და მეგობრული სითბო გამოხატა. ჩვენი საუბარი შედგა ხელოვნების ფარგლებში, ვისაუბრეთ მუსიკაზე, ფოტოგრაფიასა და ჩვენს საერთო შემოქმედებით ინტერესებზე. ყველაზე მეტად მისი სიტყვები დამამახსოვრდა, როდესაც ჩემს მუსიკალურ და ფოტოგრაფიულ საქმიანობაზე ვუყვებოდი, მან გულწრფელად გამიღიმა და ჩემს შემოქმედებაში წარმატება მისურვა. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია. ეს მომენტი იმდენად ეპიკური და მნიშვნელოვანი იყო, რომ ირგვლივ მყოფმა უამრავმა ფოტოგრაფმა ჩვენი დიალოგის დაფიქსირება დაიწყო, კამერების ჩხაკუნი არ წყდებოდა. საუბრის ბოლოს ერთმანეთს მეგობრულად ჩამოვართვით ხელი და ძალიან თბილი საერთო ფოტოები გადავიღეთ, რაც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მოგონება.

– ამ შეხვედრის შემდეგ შენს „ინსტაგრამზე“ უცხოელი გამომწერების ნამდვილი ბუმი დაიწყო.

– დიახ, მართლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ მოვლენას, სოციალურ ქსელებში უამრავი ფოლოვერი დამემატა, რაც ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. მენსონის ფან-გვერდებმა, სხვადასხვა გალერეის პლატფორმამ და საერთაშორისო ფოტოგრაფებმა ჩვენი საერთო პოსტები და ფოტოები აქტიურად გაავრცელეს. უამრავი მონიშვნა, სთორი და შეტყობინება მომდიოდა აღფრთოვანებული უცხოელი გულშემატკივრებისგან, რომლებიც ჩვენს კადრებს განიხილავდნენ. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ თავად მერლინ მენსონმაც ნახა ჩემი სთორი. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი მოტივაციაა.

– შენი იმიჯის გამო წლების განმავლობაში უამრავ სტერეოტიპსა და აგრესიას უმკლავდებოდი. პარიზში კი შენმა ვიზუალმა საერთაშორისო ფანებისა და თავად მენსონის აღფრთოვნება გამოიწვია. რას გრძნობდი ამ მომენტში?

– ეს იყო ერთგვარი გამარჯვების შეგრძნება იმ სტერეოტიპებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში ვებრძოდი. აქ საზოგადოების ნაწილი ყველანაირად ცდილობდა, ჩემთვის ინდივიდუალიზმის წართმევას. საიდუმლო არ არის, რომ პარიზისგან განსხვავებით, საქართველოში ჯერ კიდევ უჭირთ განსხვავებული სტილის ადამიანების მიღება. ჩვენთან ხშირად ვერ ეგუებიან სიახლეებს და ჩარჩოებში აზროვნებენ. მართლაც, ჩემი ვიზუალის გამო წლების განმავლობაში უამრავი დაბრკოლება, წინააღმდეგობა და აგრესია გამოვიარე. ცდილობდნენ, მარწუხებში მოვექციეთ. უნდოდათ, მასის უფერულ ნაწილს დავმსგვასებოდი, რაც არ გამოუვიდათ! მე ამისთვის ბევრი ვიბრძოლე და არასდროს მიღალატია საკუთარი შინაგანი სამყაროსთვის. სამწუხაროდ, ბევრს არ ჰყოფნის ამის ძალა, მე კი ვამაყობ, რომ ეს შევძელი.

პარიზში სრულიად სხვა რეალობა დამხვდა. ჩემი ვიზუალისა და ჩაცმის სტილის მიმართ ინტერესი და კომპლიმენტები ხშირი იყო. იქ ვიგრძენი ის, რაც ასე მაკლდა თბილისში. იქ ყველა თანასწორია, საზოგადოება კი – ბევრად ტოლერანტული და მიმღები.

– როგორ ფიქრობ, რატომ უჭირს საზოგადოებას ალტერნატიული, გოთიკური სტილის მიღება?

– ჩემი აზრით, საქართველოში საზოგადოებას ალტერნატიული და გოთიკური სტილის მიღება რამდენიმე მიზეზის გამო უჭირს, არსებობს არასწორი ასოციაციები. გოთიკურ ვიზუალს (შავი სამოსი, მისტიკური სიმბოლიკა) ხშირად მცდარად აკავშირებენ ანტირელიგიურობასთან ან სექტანტობასთან. აგრეთვე, კონსერვატიული ღირებულებები – ქართულ საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ტრადიციული დოგმები, რომლებიც მკაცრად საზღვრავენ „ნორმალურ“ ქცევასა და გარეგნობას. ინფორმაციის და განათლების ნაკლებობა – კულტურული იზოლაცია. საზოგადოების ნაწილმა არ იცის, რომ გოთიკა ხელოვნება და ესთეტიკაა, რომელიც გამოიხატება მუსიკაში, მოდაში, არქიტექტურასა ლიტერატურაში და სხვა. ასევე მედიის მხრიდანაც ხდება სტიგმატიზაცია. სამწუხროდ, ქართულმა მედიამ წლების წინ შექმნა მცდარი ნარატივი, სადაც გოთიკური ვიზუალი პირდაპირ დაუკავშირა დესტრუქციულ სექტებს. ზედაპირული გაშუქება – საზოგადოებას არ მიეწოდება საკმარისი ინფორმაცია, რომ გოთიკა არის მსოფლიო კულტურის, ხელოვნების, უმდიდრესი ნაწილი.

– შექმნილა სიტუაცია, როდესაც ადამიანებს თქვენი ვიზუალის გამო წინასწარ შექმნილი ნეგატიური განწყობა ჰქონიათ და ამას გარკვეული უხერხულობები მოჰყოლია?

– ასეთი სიტუაციები ჩემს ყოველდღიურობაში, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენაა. საქართველოში ადამიანებს ხშირად აქვთ ჩვევა, რომ პირველივე წამს მხოლოდ ვიზუალით გაგასამართლონ და ნეგატიური განწყობა შეიქმნან. ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ ნებისმიერ დაწესებულებაში მუდმივად ვგრძნობ წინასწარ შექმნილ აგრესიასა და არასასიამოვნო გამოხედვებს. ყველაზე დიდი უხერხულობა მაშინ იქმნება, როდესაც ადამიანები იმიჯის გამო ავტომატურად მტრულად განეწყობიან ჩემ მიმართ და ელოდებიან, რომ მეც აგრესიით ვუპასუხებ. მაგრამ ყველაზე საინტერესო მომენტი მაინც ის არის, როდესაც ეს ადამიანები ჩემთან კომუნიკაციაში შემოდიან. როგორც კი ხედავენ ჩემს ზრდილობიან, მშვიდ საუბარს, როცა იგებენ, რომ ხელოვნებით, მუსიკით ვცხოვრობ და სახლში ქუჩიდან გადარჩენილ ცხოველებსა და უსინათლო კატას ვუვლი, მათი ნეგატიური განწყობა მყისიერად იმსხვრევა. უხერხულობის განცდა ჩემში კი არა, ბოლოს ყოველთვის მათში რჩება, რადგან ხვდებიან, თუ რამდენად ზედაპირულები და არასწორები იყვნენ. მივხვდი, რომ ადამიანების აგრესია ჩემი პრობლემა კი არა, მათივე კომპლექსები და შიშებია. როცა ამას აცნობიერებ, მათ მიმართ ბრაზის ნაცვლად მხოლოდ სიბრალული გრჩება.

არასდროს მიმიცია გარე სამყაროსთვის ჩემი გატეხვის უფლება. ჩურჩული და აგრესია სუსტი ადამიანების იარაღია, მე კი ჩემს სიმართლეში ყოველთვის დარწმუნებული ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი