შოუბიზნესი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმდევარია, ხოლო ახალგაზრდობა მორწმუნეა, ეს მიკვირს და მსიამოვნებს

№37

ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 21.09, 2021 წელი

ვახტანგ ტატიშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ვახტანგ ტატიშვილთან 👇

სახელი: ვახტანგი.

გვარი: ტატიშვილი.

პროფესია: მომღერალი და მსახიობი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბავშვობა ბათუმის სანაპიროზე გავატარე და სიარულზე ადრე ცურვა ვისწავლე. 10-11 წლისა იმდენს ვცურავდით, ზღვაში დილით რომ გავდიოდით, საღამოს ვბრუნდებოდით. თუ დავიღლებოდით, წყალზევე ვწვებოდით. ახლა ამას, როგორ გავბედავ?! ეს დრო მახსენდება ძალიან კარგად.

– მშობლების როლი...

– მეცნიერები იყვნენ, ბოტანიკოსები და მეც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარ გაზრდილი. ამ ბაღს თავის დროზე სათანადოდ არ ვაფასებდით, პატარები ვიყავით და ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ლამაზია.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– მომღერალი გამოვალ-მეთქი, ამაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ სულ ვმღეროდი. ბაღიდან სხვადასხვა ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას. სხვა პროფესიული არჩევანის მიუხედავად, ბოლოს, მაინც სიმღერამ გადამძლია.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– მახინჯაურში დავდიოდი რუსულ სკოლაში და რუსული ენა რუსებზე უკეთ ვისწავლე. მათემატიკასა და ფიზიკას კარგად ვსწვალობდი და ამ მიმართულებით განვაგრძე უმაღლესში სწავლა. რაღაც პერიოდი სკოლაშიც ვასწავლიდი, მერე ჯარში წავედი და რომ დავბრუნდი, დავიწყე სიმღერა. ჯარში მომწერა ჯემალ ბაღაშვილმა, როცა ჩამოხვალ ფილარმონიაში წავიდეთო და ასე დაიწყო ეს გზა.

– ადამიანში ვაფასებ...

– დასაფასებელია ყველა ღირსეული თვისება, რაც ადამიანს აქვს. ათი მცნება რასაც გვეუბნება, ის უნდა დავიცვათ, თუმცა ანგელოზები არ ვართ და ვარღვევთ ხოლმე. მეც დამირღვევია. ხომ იცით, არტისტობა როგორი საქმეა – ქალების მიმართ ცოტა მეტი ყურადღება გამომიჩენია. ქალბატონებს ყოველთვის დიდ პატივს ვცემ. კაცს რომ ქალები უყვარს, არ მიმაჩნია ცუდ თვისებად, მაგრამ ღალატი სულ სხვა ამბავია.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ის, ვინც არ არის სხვის იმედად და სხვის ხარჯზე. თუ პატიოსნად იცხოვრებ, ყველაფერს მიაღწევ. ადამიანებს ვერ მოატყუებ, ყველამ იცის, როგორი ხარ, თან, თუ გცნობენ, ყველა ხვდება, სად თამაშობ და სად აჩვენებ ნამდვილ სახეს. როცა ხალხს უყვარხარ, მისთვის სამაგალითო უნდა იყო და ქუჩაშიც კი არ გაქვს უფლება უშნოდ მოიქცე.

– ვამაყობ...

– იმით, რომ მთელი მსოფლიო მოვიარე და ისეთი სტუმართმოყვარე და მოსიყვარულე ერი ვერსად ვნახე, როგორიც საქართველოშია. კი ვეჩხუბებთ ხოლმე ერთმანეთს, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, მაგრამ მაინც სხვანაირი ქვეყანაა. „ივერიაში“ ოპოზიციური გამოსვლები გვქონია – სიმღერებითა და ხუმრობით ჩვენებურად გვითქვამს სცენიდან, რაც მოგვწონდა და რაც არ მოგვწონდა. რაც დღეს ხდება არ მიმაჩნია ჯანსაღად. ოპოზიცია უნდა იყოს იმისთვის, რომ ხალხმა იცხოვროს კარგად და არა იმისთვის, ვიღაც ჩაანაცვლოს.

– მწამს...

– ღმერთის, როგორც ქრისტიანსა და მართლმადიდებელს. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტი ვიყავი და გვიან, 30 წლის ასაკში მოვინათლე, მწამს. ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმდევარია, ახალგაზრდობა კი – მორწმუნე, ეს მიკვირს და მსიამოვნებს. მომწონს ჩემი შვილები და შვილიშვილები რომ ეკლესიაში დადიან. სახლშიც აქვთ სალოცავი კუთხე, ლოცულობენ და იცავენ გარკვეულ წესებს.

– ვრისკავ...

– ახალგაზრდობაში ხშირად ვრისკავდი. ახლა ცოტა ვუფრთხილდები თავს, ალბათ, ეს ასაკიდან გამომდინარეა. ახალგაზრდობაში არ ვაფასებთ ჩვენს სიცოცხლეს და ბევრ რამეს ვრისკავთ გაუცნობიერებლად. ამბობენ ხოლმე, არაფრის მეშინიაო, როგორ არ გეშინია, ყველას გვეშინია, თუნდაც მიწისძვრის. ის, რაც შენზე არაა დამოკიდებული, გაშინებს. შემთხვევითობისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ეს რისკი რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ახლა რისკია, პირბადის გარეშე რომ დადიხარ. განა რთულია ეს? გაიკეთე, რა! ეს მინიმალური დაცვაა და უნდა დავუჯეროთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

– ვერიდები...

– მშიშარა არ ვარ, რომ რაღაცას მოვერიდო, მაგრამ რისკის გაწევას უკვე ვერიდები, ასევე, არ მიყვარს ჩხუბი და კონფლიქტი.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– კაცი რომ ბერდება, თავისი ახალგაზრდობა ახსენდება და ჰგონია, რომ ახალგაზრდები არ იქცევიან ისე, როგორც საჭიროა. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვბერდები და მალე 80 წლის გავხდები, ასე არ ვფიქრობ. კარგი ახალგაზრდები გვყავს. ჩვენ, უფროსებმა, მათ რაღაცები უნდა ვასწვალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდები არიან. პირიქით, ძალიან კარგები არიან.

– ბედისწერა...

– შენ როგორც ცხოვრობ, ეგ არის ბედისწერა. მეკითხებიან ხოლმე, შენი ცხოვრება რომ განმეორდეს, რას იზამდიო, არაფერს, ისე ვიცხოვრებდი, როგორც აქამდე. კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების. ახალგაზრდობა რომ მახსენდება, მგონია, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან მეცოდება ჩემი თავი: რას ვჭამდით, როგორ გვეცვა, სკოლა 5 კილომეტრით იყო დაშორებული და ფეხით დავდიოდით... მაგრამ, მაინც კარგად მახსენდება ის პერიოდი, იმიტომ რომ ბავშვი ვიყავი.

– სიცოცხლე არ ღირს...

– წინსვლისა და განვითარების გარეშე, თუ ერთ ადგილზე ვდაგვართ და არაფერს ვაკეთებთ, ეს ცუდია. შეცდომითაც რომ გააკეთო, მაინც უნდა გადადგა წინ ნაბიჯი.

– რთული პერიოდი...

– ბევრჯერ მქონია, როგორც ყველას. ზოგჯერ ისეთი რთულია ცხოვრება, სიცოცხლეც არ გინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავი უნდა მოიკლა, ამიტომაც არის თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვა.

– სიყვარული...

– სიყვარული არის მთავარი, რითაც უნდა იცხოვროს ადამიანმა. „სიყვარული, სიკეთე და სილამაზე...“ ბევრ რამეს ნიშნავს და მოიცავს ეს სიტყვა. მთავარი სიყვარული არის ის ადამიანი, რომელიც შენი მეგზურია. ქალისა და კაცის სიყვარულია მთავარი, საიდანაც მოდის ყველაფერი დანარჩენი, ეს არის ახალი სიცოცხლის დასაბამი. ყველაზე ლამაზი გრძნობაა, რაც ადამიანს გააჩნია...

– დრო და სიყვარული...

– ჩემი აზრით, დრო უფრო აღრმავებს სიყვარულს. იმატებს და იმატებს დროსთან ერთად, გიყვარდება უფრო ბევრი რამ. არასოდეს ქრება ეს გრძნობა, სულ შენშია. მოგონებებშიც კი გიყვარს ადამიანი. ახლახან წავიდა თემურ წიკლაური, ჩვენი დიდი მეგობარი. სიყვარულია, აბა, რა არის, როცა იხსენებ და ცრემლები მოგდის. ერთად უფრო ხშირად ვიყავით, ვიდრე ოჯახში. როგორც ძმები, ისე ვიყავით...

– ის, რაც უპატიებელია...

– ტყუილი, რომელიც გავნებს. ვინც გატყუებს, მან ეს კარგად იცის, მაგრამ მაინც გატყუებს, ეს უპატიებელია.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– რამდენჯერმე სიკვდილის პირას ვიყავი, ვიღუპებოდი – ზღვაში ვიხრჩობოდი. დიდ ტალღებში ვიყავი შესული და ძარღვი გამენასკვა. უკვე ჩაქნეული მქონდა ხელი, მაგრამ იმან დამინახა, ვისთან ერთადაც შევცურე და გადამარჩინა. ციმბირში ვიყავით, დიდი ქარიშხალი ამოვარდა, თოვლმა გადაფარა ყველაფერი და ჩვენ ავტობუსში ვიყინებოდით. ბოლოს სამხედროებმა გამოგვიყვანეს. ასეთი რამეები ცვლის რაღაც კუთხით ადამიანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი