შოუბიზნესი

ვახო ჩაჩანიძე: შოთა რუსთაველი რომ განასახიერო, მსახიობს ცოტა სითავხედეც უნდა გქონდეს. ჩემს თავში ამ თვისებას ვერ ვპოულობ, მაგრამ გავრისკე

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 52 წუთის წინ

ვახო ჩაჩანიძე
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის წარმატებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას მსახიობი ვახო ჩაჩანიძე გაგვიზიარებს. მასთან საუბარი განსაკუთრებული როლით დავიწყეთ.

ვახო ჩაჩანიძე: შოთა რუსთაველის როლი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და ალბათ, ნებისმიერი ქართველი მსახიობისთვის. იმდენად, რომ დღემდე არ ვარ დარწმუნებული ჩემს გადაწყვეტილებაში – სწორად მოვიქეცი, რომ ამ როლს დავთანხმდი? არ ვიცი. შოთა რუსთაველი რომ განასახიერო, ალბათ, ცოტა სითავხედეც უნდა გქონდეს მსახიობს. ჩემს თავში ამ თვისებას ვერ ვპოულობ, მაგრამ გავრისკე. ვფიქრობ, რომ მსახიობობა რისკია, იღბალთან ერთად.

ნიკუშა ხომასურიძისგან ეს შემოთავაზება ორი წლის წინ მივიღე. სიმართლე გითხრათ, მაშინ ბოლომდე ვერ გავაცნობიერე რამდენად საპასუხისმგებლო როლი იყო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველა როლს, მაგრამ ისე ლაღად შევხვდი ამ შემოთავაზებას, რომ სრულად ვერ მივხვდი, რამხელა რამ ვიტვირთე. რომ გადავიღეთ, მერე უფრო დავფიქრდი – სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება? ჩემი შესრულება, რა თქმა უნდა, დაიმსახურებს კრიტიკას. ჩვენ, ყველას, ჩვენი შოთა რუსთაველი გვყავს და შესაბამისად, ეს ბუნებრივი იქნება. ამ კუთხითაც სარისკო იყო ამ პერსონაჟის გაცოცხლება. შოთა რუსთაველი მიწიერ ადამიანად, ჩვეულებრივ მოკვდავად მექცია – ძალიან რთული დავალებაა.

გადაღების პროცესი ძალიან საინტერესო იყო. რთული ამ თვალსაზრისით, რომ დაფინანსება არ გვქონდა და ხალხის დახმარებით, სირთულეების ფონზე, ნელ–ნელა იღებდა ნიკუშა. კარგი ჯგუფი იყო შეკრებილი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მიხარია, რომ ეს ამბავი ბოლომდე მიიყვანა.

– ეს მსახიობისთვის, ალბათ, ერთგვარი იღბალიცაა. ზოგადად, რამდენად იღბლიან ადამიანად მიიჩნევთ საკუთარ თავს?

– ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სამი შვილი მყავს. 48 წლის, ჯანმრთელი ადამიანი ვარ. ბევრი რამ არის ცხოვრებაში, რაც მაბედნიერებს. ცხოვრებაში ყველას საკუთარი გზა გვაქვს და ამ გზაზე, ხან გვწყალობს ბედი, ხან პირიქით – ბედს განვიკითხავთ, რადგან ხდება ის, რაც ძალიან არ გვინდა. ეს ჩემთვისაც ასეა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბედნიერი ადამიანი ვარ.

– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?

– ძალიან ზარმაცი ვარ, მაგრამ სიზარმაცის დრო არ მაქვს. მთელი ცხოვრებაა, თავს ვაძალებ და ვაკეთებ, რაც საჭიროა. სულ ჭიდილში ვარ საკუთარ თავთან. მაგალითად, არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, მაგრამ ბოლო წლებია, ძალიან ადრე მიწევს და ვდგები. პასუხისმგებლობა დიდი მაქვს და ალბათ, ამან გამამარჯვებინა. ბოლო წლებში შევიცვალე, ადრე უფრო ზარმაცი ვიყავი. რაც ასაკი მომემატა, მივხვდი, რომ ჩემს თავში უნდა შევცვალო ის, რაც არ მომწონს. ვმუშაობ ამაზე, არ ვიცი, რამდენად გამომდის, მაგრამ ვცდილობ.

– სიზარმაცის გამო ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაგიკარგავთ?

– კი, მაგალითად, რადგან ინგლისური ენა კარგად ვერ შევისწავლე, იმდენად, რამდენადაც მჭირდება, ძალიან ბევრს ვკარგავ, მაზარალებს. ვერ შევდივარ ურთიერთობაში იმ დოზით, როგორაც საჭიროა და ეს ბევრ რამეს განაპირობებს. ეს ჩემი სიზარმაცის ბრალია. გასაგებია, რომ დაკავებული ვარ და საქმე ბევრია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება, გამოინახოს დრო იმისთვის, რაც ძალიან გვჭირდება. თამაშზე არ მაქვს პრობლემა, მითამაშია ინგლისურ ენაზე, პოლონურადაც კი, როცა ამ ენაზე წარმოდგენაც არ მაქვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თამაშის დროსაც შეზღუდული ხარ, ენის ბარიერის გამო იმპროვიზაციის საშუალება არ გაქვს და მეორე – კომუნიკაციაში ვერ შედიხარ ადამიანებთან.

– საჭირო დროს საჭირო ადგილას ხშირად მოხვედრილხართ?

– შემიძლია ვთქვა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას ბევრჯერ მოვხვედრილვარ. შეიძლება, მე უფრო მეტჯერ მინდოდა, მაგრამ ამის გამო ვერ დავიწუწუნებ. თუნდაც, ჩემი პირველი გამოჩენა ეკრანზე – 31 წლის ასაკში ვითამაშე სერიალში „კლინიკა“. ეს იყო 2009 წელს. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება კამერასთან მუშაობის კუთხით. მიუხედავად ჩემი პროფესიისა, მანამდე კინოსთან და ეკრანთან შეხება არ მქონია. სამაგიეროდ, ახლა მე გავხსენი კინოსკოლა და ბავშვებს კინომსახიობობას ვასწავლი. ამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა, თუმცა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდებთან გაქვთ შეხება. თუმცა არა მხოლოდ ახალგაზრდებთან, ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა, 17 წლის ზემოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, ჩვენთან მოვიდეს და კინომსახიობის პროფესია შეისწავლოს. ძალიან სასიამოვნოა, როცა შეგიძლია, ადამიანებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარო. ამისთვის დახარჯვას წვალებას ვერ დავარქმევ, ეს სიამოვნებაა. ამ იდეის გარშემო ამ პროფესიის სიყვარულით მოწამლული მეგობრები გავერთიანდით და ეს საქმე გავაკეთეთ. ბევრი სირთულე იყო, გაჩერებაც მოგვიხდა, რადგან არ იყო შესაბამისი დრო, მაგრამ შარშან გადავწყვიტე, ამ თემას მივბრუნებოდი.

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ დაგვითმო სივცე და მათთან კოლაბორაციით შევქმენით კინოსკოლა. გვერდით გვიდგანან და ჯანსაღი თანამშრომლობით, ვფიქრობ, განათლების კარგი კერა შევქმენით. კარგი და ჯანსაღი ურთიერთობები და ცოდნა არის ის, რაც ჩვენგან უნდა წაიღოს ადამიანმა. პროფესიონალების დახმარებით გაეცნონ კამერის უკან არსებულ სამყაროს და თავის ადგილი აღმოაჩინონ ამ სფეროში. წინ დიდი გეგმები გვაქვს.

– რთულ, წარუმატებელ პერიოდებში რა გეხმარებათ ან თვითონ როგორ ეხმარებით საკუთარ თავს, რომ წინ განაგრძოთ სვლა?

– ასეთ პერიოდში ძალიან რთულია, თავს შემოუძახო, მაგრამ მე ეგ მახასიათებს. ასევე, მყავს მეგობრები, ოჯახის წევრები, რომლებიც ჩემ გვერდით არიან. რთული პერიოდები ყველას გვაქვს გამოვლილი და შეიძლება, ახლაც გავდივართ, მაგრამ პირველ რიგში, თავად უნდა ვუშველოთ თავს, მერე რომ სხვამაც შეძლოს ჩვენი დახმარება. ვიცი, რომ ყველაფერი ჩემივე გონებიდან მოდის. ასე თუ ისე გამომდის საკუთარი თავის გაკონტროლება, თორემ სხვანაირად გადავირეოდი. ვაღიარებ, რომ ჩემს პრობლემებზე საუბარი ნაკლებად მიყვარს, ამიტომ სანამ ვინმეს რამეს გავანდობ, ჩემი თავის დამხმარე თვითონ ვარ.

– არის რამე, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევთ?

– კი, როგორ არა, ფულის შოვნაში ვარ ძალიან უიღბლო (იცინის). ვერაფრით ვისწავლე, არა და არ გამომდის. რაღაცას კი ვშოულობ, მაგრამ საკმარისი არასდროს არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი