ციცინო შურღაია: რაც უფრო პატიოსნად იქცევა ადამიანი, მით უფრო საშიშია ის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 10 წუთის წინ
ციცინო შურღაიას "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ციცინო შურღაია?
ციცინო შურღაია: დაბადებიდან ყველა უჯრედით ქირურგი ვარ. თუ ქირურგი ხარ, ესე იგი, კეთილიც უნდა იყო – ეს აუცილებელია. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო მიკერძოებული. საზოგადოება ნაცებად და ქოცებად არის დაყოფილი – მე არცერთ მათგანს არ მივეკუთვნები, თან აუცილებელია, ქირურგმა ყველა ადამიანს ერთნაირად უმკურნალოს. ყველაზე მეტად მაღიზიანებს ადამიანების დაყოფა პოლიტიკის მიხედვით. რა შუაშია ექიმთან პოლიტიკა? თუ შენ კარგი ექიმი ხარ, ეს არ გაინტერესებს. როდესაც დასჭირდები, შენთან ნებისმიერი მოვა.
ასევე, მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს, იყოს მაღალი ხარისხის პროფესიონალი და ყველაფერი იცოდეს საკუთარ საქმესთან დაკავშირებით. ვარ დედა, ბებია. ვიცი, რომ ვარ კეთილი ადამიანი. არასდროს მოვატყუებ სხვას და არ ჩავიდენ ბოროტებას.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ჩემთვის საოცნებო ცხოვრება თავისუფლებაა. ცხოვრება, სადაც არანაირი პრობლემა არ არის. პირველ რიგში, ჯანმრთელი უნდა იყო – ეს არის საოცნებო. როდესაც ჯანმრთელი ხარ, მიზნების მიღწევაში ხელს აღარაფერი გიშლის. საოცნებოა, როდესაც ბევრ ენაზე შეგიძლია ლაპარაკი. მოკლედ, ცხოვრება, როცა თავისუფლად აკეთებ ყველაფერს, რაც გინდა. ჩემი დღევანდელი ცხოვრება ამისგან ძალიან შორს არის. ახლა გელაპარაკებით, საჭესთან ვზივარ, საცობია და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს საგიჟეთია და არა ქალაქი. ეს არის საოცნებო ცხოვრება და თავისუფლება?!
– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ და გულჩვილობაც თუ გახასიათებთ?
– ადვილად მტკივა გული. თითქმის მთელი ცხოვრება ასეა: ის ადამიანები, ვისაც სულ სიკეთეს ვუკეთებ, ვასწავლი და გვერდში ვუდგავარ, აუცილებლად მღალატობენ და მტკენენ გულს. მიუხედავად ამისა, იზოლირებული ვერ ვიქნები და ადამიანებს მაინც ვენდობი. ბევრჯერ მიფიქრია, რატომ ხდება ასე. ყოველთვის ბერდიაევის „თვითშემეცნება“ მახსენდება. იქ წერს: მამაჩემი კეთილი კაცი იყო, მაგრამ სიკეთე სიდებილეში გადასდიოდაო. ზედმეტად კეთილიც არ უნდა იყო – მგონი, ეს არის მიზეზი. ზედმეტი არაფერი ვარგა, ნორმა უნდა იცოდეს ადამიანმა. მე თუ მიყვარს ვინმე, მთელი სულითა და გულით მიყვარს და მინდა, ყველაფერი გავუკეთო, ყველაფერში დავეხმარო. ეს ცუდად მიბრუნდება. სიკეთე სიკეთით უკან არასდროს დამბრუნებია. რა თქმა უნდა, მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც ჩემთვის არასდროს უღალატიათ, მაგრამ ძირითადად, მაინც სულ ასე ხდება.
– როდის იტირეთ ბედნიერების ცრემლებით?
– როცა ჩემი შვილი დაიბადა. ჩემთვის ეს პროცესი ძალიან რთული იყო და ყველაფერი რომ მორჩა, ალბათ, ვტიროდი ტანჯვისა და ბედნიერებისგან – ერთად. ბედნიერი ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ვიტყოდი, რომ ცოტა ვაჟკაცი ადამიანი ვარ და ძალიან რთულად თუ ვიტირებ მაშინ, როდესაც რამე მაწუხებს, ანდა მაშინაც, როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ. ემოციური ვარ, მაგრამ ამის მოთოკვა შემიძლია. მიმაჩნია, რომ საკუთარი ემოციები შენთვის უნდა დაიტოვო და ყველასთვის დასანახი არ უნდა იყოს.
– როდის იყო მომენტი, როცა ემოციების მოთოკვა ვერ მოახერხეთ და ტკივილისგან იტირეთ?
– იყო ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში – ერთხელ, როცა მამის გარდაცვალების შემდეგ მოსკოვში ჩავედი. აგვისტოში დავასაფლავეთ მამა და მე სექტემბერში წავედი. ძალიან ცუდად ვიყავი. ეს ჩემთვის დიდი ტრავმა იყო. თან, მაშინ ბავშვიც დავტოვე აქ. ჩავედი, ბინა უნდა აგვეღო, ვერ ვიშოვეთ. მივედი კლინიკაში, სადაც უნდა მივსულიყავი – კაციშვილი არ დამხვდა. მოკლედ, დეპრესიაში ჩავვარდი. ყველა მხრიდან – სირთულეები. მეტროში ჩავედი და ისტერიკული ტირილი ამიტყდა. ვბღაოდი, კი არ ვტიროდი. კაციშვილი არ მაქცევდა ყურადღებას. ბოლოს დავჯექი ვაგონში, თვალებშიც ვეღარ ვიხედებოდი. ერთი ქალი მოვიდა, თავზე ხელი დამადო და მითხრა: „არ იტიროთ, ყოველთვის ასე ცუდად ხომ არ იქნებით“. თითქოს მომეშვა. მის მერე ასე აღარ მიტირია.
– ხომ ამბობენ, ძალიან ცუდია შიგნით დატოვებული ემოციაო...
– კი, მაგრამ აუცილებელია, მისი სუბლიმაცია მოახდინო. ადამიანს ბევრი ენერგია აქვს და რომ ვერ ხარჯავ, სხვა რამეში უნდა გადაიყვანო. მთავარია, სუბლიმაციის მართვა იცოდე – რას განიცდი შენ და რას ამჟღავნებ. ცხოვრება თამაშია და შენც უნდა ითამაშო. მე ამ თამაშის წესები კარგად ვისწავლე.
– ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ, რას გააკეთებდით?
– კლინიკას გავაკეთებდი იმისთვის, რომ საქართველოში ადამიანებს მედიცინა ჰქონდეთ. საქართველოში მედიცინის დონე ნულია. ძალიან დიდი დროა საჭირო, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჯანმრთელობის სისტემა საერთოდ ამოვარდნილია სტანდარტებიდან. რატომ არ უნდა არსებობდეს კლინიკა, სადაც ადამიანი მივა და გაარკვევს, რა სჭირს, მაგრამ არ არის.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილის მიმართ, ახერხებთ ისე ცხოვრებას, რომ ტყუილი არ თქვათ?
– საერთოდ, ტყუილს უჭირავს ეს მსოფლიო მშვიდობით. ტყუილს ამბობს ყველა ადამიანი დღეში უამრავი ოდენობით. ყველა ექიმი ამბობს ტყუილს, არავინ ეუბნება პაციენტს: შენ მოკვდებიო. ყველა ექიმმა უნდა შეუმსუბუქოს პაციენტს მდგომარეობა, ამიტომ გიხდება ტყუილის თქმა. ტყუილით ბევრი რამ ლამაზდება, მაგრამ, როგორც ყველაფერს, ტყუილსაც თავისი საზღვრები აქვს. ტყუილის თქმას ძალიან დიდი ნიჭი სჭირდება. ადამიანს ვუღალატო და ტყუილები ვუთხრა, ამას არ ვგულისხმობ. სხვადასხვანაირი ტყუილი არსებობს – სასიკეთო და საზიანო. საზიანო ტყუილი არ უნდა თქვა, სასარგებლო – კი ბატონო.
– მატყუარა ადამიანების ამოცნობა რამდენად გასწავლათ ცხოვრებამ? ვინც განზრახ, ბოროტი მიზნით იტყუება...
– ტყუილი, რომელიც იმიტომ ითქვა, რომ რაღაც გავნოს, გამოგძალოს, წაგართვას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, საშინელებაა. კი, ცოტა ვისწავლე ასეთი ადამიანების ამოცნობა, მაგრამ ბოლომდე, რა თქმა უნდა, ვერა. იცით, რას გეტყვით? რომ იცოდეთ, რაც უფრო პატიოსნად იქცევა ადამიანი, რაც უფრო იფარებს ნიღაბს, მით უფრო საშიშია ის... ყველა ადამიანში ცხოვრობს ცხოველი, მაგრამ განათლებითა და ინტელექტით საკუთარ თავში ცხოველურ საწყისებს ამარცხებს. რაც უფრო მაღალგანვითარებულია, მით უკეთ გამოსდის. ყველა ადამიანი უნდა მოერიოს თავის ცხოველურ ინსტინქტებს.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, ეს თვისება გააღვიძოს თქვენში?
– ყველაზე სასტიკი ვარ მაშინ, როცა ვიღაც ვიგინდარა – ჩემი მოსწავლე, ზიანს აყენებს ჩემს პაციენტს და კარიერას, რომელიც 40 წლის განმავლობაში დღემდე ვაშენე. ექთანი თუ მოსწავლე ჩემს პაციენტს რომ არ მიაქცევს ყურადღებას ან დანიშნულებას არ შეასრულებს, მაშინ შეიძლება გავგიჟდე, ან თუ შეცდომა დაუშვა მან, ვინც მე მეხმარება. იყო ასეთი შემთხვევები ცხოვრებაში. არასდროს არ შემხვდა ნორმალური მოსწავლე. მერე მივხვდი, რომ ძალიან რთულია ეს პროფესია. ადამიანი გაჭრა და, მით უმეტეს, სახეზე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამის უფლება უამრავ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს. ყველას, ვისაც მოესურვება, ლიცენზიის მიღება არ უნდა შეეძლოს. სხვა მხრივ, სისასტიკე არ მახასიათებს. საერთოდ, ადამიანები, რომლებიც მე ცუდს მიკეთებენ, მეცოდებიან. ვიცი და ვხვდები, რამდენად უჭირთ მათ თვითონ ცხოვრებაში, რომ მე უნდა წამართვან, მომატყუონ ან ჩემგან აიღონ ის, რაც თავად არ გააჩნიათ. მერე მეცინება ხოლმე: თუ სხვა გზა არ ჰქონდა რამის მისაღწევად, გარდა იმისა, რომ ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა, რა ვქნათ, შენ ის ამით გჯობს — ვეუბნები ჩემს თავს და ვწყნარდები. რაღაც მატერიალურს მეორედაც იშოვი, მაგრამ ადამიანს რომ დაკარგავ, დასრულებულია. თავისუფლად გეტყვით: მე რომ დამკარგავს ადამიანი, ჩემნაირს ვერასდროს იპოვის. ეს ზუსტად ვიცი! ასე რომ, ყველა თავის არჩევანს აკეთებს. სამაგიეროს გადახდა კი ძალიან მდაბიო საქციელია.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემი გამარჯვება ის არის, რომ მე, როგორც პიროვნება, შევდექი. მეც წავალ, როგორც ყველა ამ ცხოვრებიდან, მაგრამ უკვალოდ არა, გარკვეულ კვალს დავტოვებ. ბევრი წიგნი დავწერე, ბევრი ნაშრომის ავტორი ვარ, ბევრი მეთოდი დავაპატენტე. ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ისიც, რომ მყავს შვილი და მისი გაგრძელება – შესანიშნავი შვილიშვილები.
სერიოზული მარცხი არ მახსენდება. დამარცხებული არ ვარ. დამარცხებული არის მკვდარი ადამიანი. მე ჯერ ცოცხალი ვარ და სანამ ცოცხალი ვარ, დამარცხებულიც არ ვარ.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინათ და ფიქრობდით, რომ არ იმსახურებდით?
– ტყუილები და ჭორები — უამრავი. გული მატკინა და არ ვიმსახურებდი? — „ეს ქალი ექიმია?!“ „ამას რომ ექიმი იტყვის”... ამბობს ვიღაც ჩემს სიტყვებთან დაკავშირებით. იცით, რა არის? — ხმამაღლა ვიტყვი, მე ვარ ექიმი და კამერების წინაშე ნებისმიერი ექიმი დაჯდეს და შემეჯიბროს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებში. ვიღაც რომ წერს: ეს რა ექიმია, მსუქან ადამიანებზე ასეთი რამ როგორ თქვაო?! - იცით, რა არის? თუ ადამიანი ნარცისი ხარ და მოგწონს, რომ შენი სული ცხოვრობს ასეთ მსუქან კორპუსში, კი ბატონო. ზოგიერთი ისეთი ნარცისია, საკუთარი განავლის სუნით ტკბება. მე ასეთი ნამდვილად არ ვარ. ჩემთან რა გინდა? თუ ეს მოგწონს — შენი უფლებაა, მე არ მომწონს, მაგალითად. მე ვარ ესთეტი და მინდა, ჩემი სული ცხოვრობდეს ჩემთვის კომფორტულ სხეულში, ასევე, სხვისთვისაც ესთეტიკურად მისაღებში.
რაც შეეხება განსაკუთრებულ შეფასებას: დისერტაცია რომ დავიცავი, საქართველო ასახელაო, ასეთი შეფასება მივიღე — ეს მახსოვს და მეამაყება. მერე რუსეთის საუკეთესო ქირურგი გავხდი — ესეც. რამდენი ადამიანი ცხოვრობს რუსეთში, რამდენი კაცია და ყველას რომ აჯობა, ძალიან მაგარიაო, თქვეს — ესეც მახსოვს.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ჩემი შვილი და შვილიშვილები, ის, რომ ჩემი გაგრძელება არსებობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





