შოუბიზნესი

მანუ მურღულია: დედის მადლიერი ვარ, ასე ჭკვიანურად რომ დამახარჯვინა ფული

№45

ავტორი: ნონა დათეშიძე 18 წუთის წინ

მანუ მურღულია
დაკოპირებულია

პოზიტიური, მომხიბვლელი და ნიჭერი მომღერლის, მანუ მურღულიას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ახლახან მან, ყოველგვარი ვალისა და სესხის გარეშე, საკუთარი შრომით მოპოვებული ფინანსებით ბინა იყიდა, რემონტიც დაიწყო და სულ მალე, ახალსახლობასაც იზეიმებს.

მანუ მურღულია: სულ მინდოდა, ჩემი ფული მქონოდა და დედისთვის და მამისთვის არ მეთხოვა. თუმცა, არასოდეს არაფერი მაკლდა, უბრალოდ, არ მიყვარდა თხოვნა. დღესაც არ მიყვარს. ასე რომ, შემთხვევა ბაბუსთვის, დედასთვის ან მამისთვის მეთქვა, წავიდეთ, რამე მიყიდეთო, არ ყოფილა. მირჩევნია, თავად ვუყიდო ჩემს თავს, ეს უფრო გემრიელია. თუმცა, შეყვარებული თუ მყიდულობს, ეს სხვა საქმეა და მიყვარს (იცინის). მინდოდა, სკოლის დამთავრების შემდეგ უცხოეთში გამეგრძელებინა სწავლა და ამისთვის თანხა თავად მომეგროვებინა. მოკლედ, სკოლა რომ დავამთავრე, იმ დღეს დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება – კომპანია „ჯიდი ალკოში“ ვმუშაობდი, სადაც პირველი ხელფასი ავიღე 1 200 ლარი და შოკში ვიყავი.

– თუ გახსოვს რაში დახარჯე ის ფული?

– პირველი ხელფასით განსაკუთრებული არაფერი შემიძენია, გოგოები დავპატიჟე, მეგობრები წავედით და გემრიელად მივირთვით.

– რა თვისებები გამოგიმუშავა ადრეულ ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებამ?

– ადრეულ ასაკში მუშაობის დაწყებამ და დამოუკიდებელმა ცხოვრებამ გამომიმუშავა ის, რომ გავხდი მეტად კომუნიკაბელური, მარტივად გადავლახე და მოვიხსენი კომპლექსები. ძალიან მორიდებული ვიყავი და თავად რომ მომიწია რაღაცების კეთება, უფრო მეტად კომუნიკაბელური გავხდი, ეს თვისება ნამდვილად შემძინა დამოუკიდებლად ცხოვრებამ.

– ოჯახი თუ ჩაერია შენს გადაწყვეტილებაში, როცა პროფესიის არჩევნის წინაშე დადექი?

– მე ის ტიპი არ ვარ, ვინც რამეს დამაძალებდა. არც ოჯახში მყავს მსგავსი ადამიანები, უხეშად ჩარეულიყვნენ ჩემი მომავალი პროფესიის არჩევის დროს. ფილოლოგიური კი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ასევე, ვაბარებდი „ბერკლიში“, მუსიკალურ სასწავლებელში, ბოსტონში ვერ წავედი. მერე კი, წავედი გერმანიაში და ჰამბურგში ჩავაბარე კონსერვატორიაში. სხვათა შორის, უცხოეთში დარჩენა და იქ კარიერის გაკეთება არც მიფიქრია. ბევრად რთულია, როცა არავის იცნობ და თავიდან გიწევს ცხოვრების დაწყება უცხო ქვეყანაში. მე თბილისს არაფერი მირჩევნია. ახლა რომ იმ განვლილ 29 წელს ვაკვირდები, ჩემს ცხოვრებაში უმეტესად მაინც დადებითი ბგერები და ვარდისფერი ფერები სჭარბობდა, რადგან ჩემი ოჯახი ყოველთვის მიწყობდა და მიწყობს ხელს, ვიყო ლაღად და კარგად. მარტო არასდროს მიგრძნია თავი და ამისთვის უდიდესი მადლობა ჩემს ოჯახს. რა თქმა უნდა, იყო არასასიამოვნო მომენტები, სირთულეები, მაგრამ უმეტესწილად, ღმერთის წყალობით, მაინც ყველაფერი კარგადაა.

– როგორ გგონია, რამდენად გიმართლებს, საჭირო დროს საჭირო ადგილას ხვდები თუ წარმატების მისაღწევად ბარიერებისა და წინაღობების გადალახვა გიწევს?

– რომ ვაკვირდები, ხან კარგი პერიოდები დგას და მიმართლებს, ხან კი მიწევს ბრძოლა და ნერვიულობა იმისთვის, რომ საწადელს მივაღწიო. თუმცა, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრას და გარისკვას. შემშინებია, მიფიქრია, მაინც გამიკეთებია და წარმატებაც მოსულა. დიდად არ მსიამოვნებს იმ კარში შესვლა, სადაც არ ვიცი, რა დამხვდება, მაგრამ ფაქტია, რისკიანი ადამიანი ვარ და კარს მაინც ვაღებ. პრინციპში, მიმართლებს კიდეც, რადგან ბევრი ფიქრი მიყვარს, მილიარდი რაკურსით ვუყურებ, ვწონი, ოჯახის წევრების აზრს ვისმენ და მერე გააზრებულად ვდგამ რისკიან ნაბიჯს.

– შენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – შეიძინე ბინა. ჟურნალი „თბილისელები“ გილოცავს და გისურვებს მშვიდ და იდილიურ ცხოვრებას შენს ახალ შენაძენში.

– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. გეტყვით რომ, 29 წლის ვარ, ვცხოვრობ დედისკოსთან, მამიკოსთან, დაიკოსთან და ჩემს ძაღლთან – მოკისთან ერთად. გადასარევად ვგრძნობ თავს და არავის ეგონოს იმიტომ ვიყიდე ბინა, რომ სადღაც მეჩქრება გადასვლა და მათგან შორს ყოფნა. უბრალოდ, ჩემი ნაშრომით, ბიუჯეტით, რაც ჩემი ნამღერიდან მოვაგროვე, ბინა ვიყიდე. არც სესხი ამიღია, არც ვალი. კი მინდოდა, რაღაცების ყიდვა, მაგრამ მოგროვილი ფულიდან არცერთი კაპიკი არ დავხარჯე და ჭკვიანურად ჩავდე უძრავ ქონებაში. სხვათა შორის, მანქანები, რაც გამოვიცვალე, სამივე ჩემი ფულით მაქვს შეძენილი. ზოგადად, ბინის ყიდვა არ ყოფილა ჩემი ოცნება, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, იმისთვის ღმერთის მადლიერი ვარ. მივყვები გზას და როგორც მე მინდა, ისე იქნება. ნელ-ნელა ჩემს თავს ყველა სურვილს ვუსრულებ და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ყველაფერი ჩემი შრომის შედეგია. ეს ამბავი რომ სოციალურ ქსელში გავაჟღერე, უამრავი მილოცვა მივიღე, ყველას დიდი მადლობა სიყვარულისთვის, თქვენი სიტყვები და სითბო ჩემთვის ძალიან ღირებულია. სხვათა შორის, დედაჩემს ვუთხარი, ფულს შევაგროვებ და ჭკვიანურად დავხარჯავ-მეთქი, ბინის შეძენა მისი იდეა იყო, ამიტომ დედის მადლიერი ვარ, ასე ჭკვიანურად რომ დამახარჯვინა ფული. შევიძინე ოროთახიანი ბინა, ულამაზესი ხედით იშლება. აქვს აივანი, რომელიც ანძას უყურებს.

– რემონტი უკვე დაიწყე? და, როდის და ვისთან ერთად აპირებ ახალ ბინაში საცხოვრებლად გადასვლას?

– მე ხომ ინფლუენსერიც ვარ, შესაბამისად, ინფლუენსინგს ეს აქვს კარგი მხარე – რადგან სოციალურ ქსელს ბევრი ადევნებს თვალს, მათ შორის კომპანიების წარმომადგენლები და გეხმაურებიან. მაგალითად, ჩემი ახალი სახლის ინტერიერის დიზაინს მიკეთებს კომპანია „არქ ტური“: ის დიზაინს გამიკეთებს, მე კი – კარგ რეკლამას. ძალიან კარგები არიან, მინახავს მათი ნამუშევრები, რადგან ბრმად არავის ვენდობი და მით უმეტეს, არც რეკლამას ვუკეთებ. მოკლედ, ეს ძალიან კარგი ბენეფიტია. ვიდეო დავდე თუ არა, უამრავი კომპანია დამიკავშირდა და მათ ამისთვის დიდი მადლობა. დავფიქრდები, ავარჩევ და შევეხმიანები. სხვათა შორის, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. უღმერსი მადლობა, ვინც ასეთ პატივს მცემს, არ მიცნობენ, მაგრამ ამხელა სითბოს გამოხატავენ. თან, რომ გეუბნებიან: უბრალოდ, გვიყვარხარ, საჩუქარს გიკეთებთ და შენგან არ გვინდა არც რეკლამა და არც არაფერიო. ბევრმა მკიითხა, ახალ წელს ახალ ბინაში ხომ არ შეხვდებიო. ასე ნაჩქარევად გადასვლას არ ვგეგმავ, არსად მეჩარება და ჩემებთანაც გადასარევად ვგრძნობ თავს. ნელა, მშვიდად დავიწყებ რემონტის კეთებას, თან ვიცი, რთული პროცესია. შიდა ინტერიერი ულამაზესი იქნება, საოცარი, მაგრამ ერთადერთი, რაც ვიცი, აივანი მექნება გადასარევად მოწყობილი, ლაუნჯი უნდა მოვაწყო პუფებით, ჩემი გოგონები რომ მოვლენ, იქ რომ გავუმასპინძლდე და დავტკბეთ მშვენიერი ხედებისა და ანძის ყურებით. სხვათა შორის, ბინას რომ ვეძებდი, ერთი სასაცილო ისტორიაც შემემთხვა. მოკლედ, მე და დედამ დავიწყეთ ბინების ძებნა. ამ ბინის ნახვა ერთ-ერთმა ნათესავმა გვირჩია, მოვედით, ვნახეთ და მოგვეწონა. ბიძაჩემი, ირაკლი მურღულია, თბილისში ერთ-ერთი ძალიან კარგი არქიტექტორია, აქვს ცნობილი კომპანია და მას ჩავუგდე საკადასტრო კოდი, ვთხოვე: შეხედე, ხომ კარგი აშენებული კორპუსია, რამე არ სჭირდეს-მეთქი. და, იქიდან ირაკლის პასუხი: შვილო, ეგ ჩემი პროექტიაო (იცინის). ზოგადად, ასეთი ადამიანი ვარ, არ მიყვარს აჩქარება, არც საქმეში და არც პირადში, ნელ-ნელა მივყვები დინებას. აი, ვისთან ერთად გადავალ, არ ვიცი. კი ვიფიქრე „მოკისთან“ ერთდ გადასვლა, მაგრამ დედიკოს ცუგაა და სავარაუდოდ, დედასთან და დაიკოსთან დარჩება.

– წლევანდელი წელი, „ნიკოს ბენდისთვის“, სადაც ნიკო ნანიტაშვილთან და ამიკო ჩოხარაძესთან ერთად მღერი, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. გარდა საქართველოში გამოსვლებისა, უცხოეთშიც საკმაოდ ხშირად გიწვევენ. რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში და ახალი წელს სად შეხვდებით სიმღერით?

– დიახ, ბენდისთვის კარგი წელი იყო – საქართველოშიც გვქონდა კონცერტები და ასევე, ხშრად ვიარეთ აზრებაიჯანსა და სომხეთში. სხვათა შორის, ახლახან კახეთში ვიყავით. ძალიან კარგი კონცერტი გვქონდა და ვიდეოები რომ დავდე, უმოკლეს დროში ნახვის რეკორდი მოხსნა. არ ვაჭარბებ. საოცარი კონცერტი იყო. 45-წუთიანი პროგრამა ისე ჩავატარეთ, კაცი არ დამჯდარა მაგიდასთან. „ტიკ-ტოკზე“ რომ ვდებ ვიდეოს, სადაც მე, ნიკო და ამიკო ვართ, ერთ საათში 11-12 ათასი ნახვა ჩვეულებრივი ამბავია. კახეთიდან რომ დავდე ვიდეო, ერთ საათში 60 ათასი ნახვა ჰქონდა. ხალხს აშკარად მოვწონვართ სამივე. კარგი გუნდი ვართ, ჩვენს პროდიუსერთან, ზვიოსთან ერთად და ეს კარგად აისახება რეიტინგებში, განსაკუთრებით კი, იმ სითბოში, რასაც ხალხი ჩვენ მიმართ გამოხატავს, მათ შორის არა მარტო ქართველები, უცხოელებიც. მოკლედ, ტრიო, რაც ზვიომ შექმნა, კარგი პროექტია. ასევე, მე და ნათია თოფჩიძეს გვაქვს ახალი პროექტი, ბათუმში მქონდა სოლო კოცერტი, კიდევ დაიგეგმა და მომავალშიც ვაპირებთ გაგრძელებას, რადგან უსაზღვრო სითბო მივიღე. ახალ წელს კი „ნიკოს ბენდი“ საქართველოში არ იქნება, სომხეთში ვართ მიპატიჟებული, იქ შევხვდებით დამდეგს და იქ გვექნება გამოსვლა. ასე რომ, ორი კონცერტია დაგეგმილი და ეს კიდევ ერთი ახალი წელი იქნება, რომელსაც სახლში არ შევხვდები. კარგად გავერთობით, ვიმხიარულებთ, ვიმღერებთ და მერე დავბრუნდებით საქართველოში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი