რატომ შეიცვალა ნინი ყულეჯიშვილის ცხოვრება ერთი ზარით და როგორ დახვდა მას მეუღლის ოჯახი ვარდის ფურცლებით
ავტორი: ქეთი კაპანაძე 12 წუთის წინ
მომღერალი ნინი ყულეჯიშვილი „ღამის შოუს ბენდის“ ახალი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სახეა. როგორ აისახა მის ცხოვრებაში მოულოდნელი სიახლე და რა ზღაპრული ისტორიები უძღოდა წინ მის საოცარ ქორწილს – ამის შესახებ ნინი ჩვენთან ინტერვიუში გულახდილად საუბრობს.
– ეს ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო ამბავია. ასეთ ბენდთან თანამშრომლობა ყველას, განსაკუთრებით კი, დამწყები მომღერლის ოცნებაა. ძალიან გამიმართლა. ყველაფერი ასე დაიწყო: მეგობრის ქორწილში ვმღეროდი, ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად. ჩვენი ვიდეო სოცქსელში დაიდო და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ დამიკავშირდა გელა გნოლიძე. დავიბენი, რადგან არ ვიცოდი, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ამის მიზეზი. ამ ბენდს და მათ სიმღერებს, რა თქმა უნდა, ვიცნობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გადაცემას ტელევიზორში ვუყურებდი – უფრო სოციალურ ქსელში მხვდებოდა მათი ვიდეოები და ამიტომ, არ ვიცოდი, თუ ბაბი ბოლო რამდენიმე გადაცემაში არ იყო. ვიფიქრე, რომ გელა გადაცემაში მისაწვევად მიკავშირდებოდა. რომ მითხრა, ღამის შოუს ბენდთან სიმღერით თუ ხარ დაინტერესებულიო, ისე დავიბენი, ნორმალურად ვერ დაველაპარაკე. გაეღიმა და ამიხსნა სიტუაცია: ბაბი წავიდა, ალბათ, სოლო კარიერისთვის ემზადება და მომღერალს ვეძებთო.
როგორც მოგეხსენებათ, მე გავთხოვდი. რადგან ქორწილი 7 ნოემბერს გვქონდა, სამზადისზე ვიყავი გადართული. ისე მოხდა, რომ ზუსტად ასეთ მომენტში მივიღე ეს წინადადება და ახლა უკვე თბილისი-ბათუმის გზაზე ვცხოვრობ. რადგან მარტო აღარ ვარ, ნებისმიერ საკითხს უკვე ჩემს მეუღლესთან ერთად ვწყვეტ. ვფიქრობ, რომ ეს ასე უნდა იყოს. ამიტომ გელასთვის პასუხი არ მითქვამს, სანამ ჩემი მეუღლის აზრს არ გავიგებდი. ჩემს მეუღლეს რომ ამ შემოთავაზების შესახებ ვუთხარი, ძალიან გაუხარდა. იცით, როგორი ადამიანია? რასაც მასში ყველაზე მეტად ვაფასებ, ისაა, რომ ჩემი წარმატება, მგონი, ჩემზე მეტად უხარია. უნდა, იმაზე მეტად წარმატებული ვიყო, ვიდრე მანამდე ვიყავი, სანამ თვითონ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მაშინვე მითხრა: წავედით თბილისშიო. ჩამოვედით თბილისში, გელას, პროდიუსერსა და თანამშრომლებს შევხვდით და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გელა ძალიან თბილად შემხვდა და შემდეგ ყველაზე მეტად თათასთან შეხვედრაზე ვნერვიულობდი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი ადამიანი იყო და როგორ შემხვდებოდა. თათა რომ გავიცანი, ყველანაირი სტრესი და დაძაბულობა მომეხსნა. მე იქ მოვხვდი, სადაც ყოფნაზე ოდესმე მიოცნებია – ოჯახურ გარემოში. ძალიან შეხმატბილებულები არიან და მე და ჩემს მეუღლეს დიდი სითბო და სიყვარული დაგვანახვეს. მადლობელი ვარ მთელი გუნდის.
– რადგან მაყურებელი ბაბის იყო მიჩვეული, ალბათ, მათი ემოციებისა და მოსალოდნელი შედარებების გამოც ნერვიულობდი.
– თავიდანვე შემზადებული ვიყავი. ყველა მაფრთხილებდა, რომ იქნებოდა ორი აზრი: „ბაბი ჩაანაცვლა“, „ბაბი უკეთესი იყო“, „ბაბის გარეშე აღარ ვუყურებ ამ გადაცემას“ და ასე შემდეგ. მსგავსი კომენტარები მოსალოდნელიც იყო, რადგან ამდენი წელია, ერთად მოდიან. მე ბაბის ძალიან დიდ პატივს ვცემ, ულამაზესი და ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა: მე ბაბი არ ჩამინაცვლებია. ვერც მე და ვერც ვერავინ მას ვერ ჩაანაცვლებს. ბაბი იყო თავის ადგილას, მე კი ჩემს ადგილას ვარ. მე ნინი ვარ, ის – ბაბი. მე სულ სხვანაირი ადამიანი ვარ, განსხვავებული ვიზუალითა და ხმის ტემბრით. ბაბი ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია. მაყურებელს სიახლეების მიღება, რა თქმა უნდა, გაუჭირდება, მაგრამ ყველაფერი წინ არის. მეც გამიცნობენ და იმედი მაქვს, ისე შემიყვარებენ, როგორც უყვართ „ღამის შოუს“ თითოეული წევრი.
– ამ დატვირთულ პერიოდში ქორწილის ორგანიზება როგორ მოახერხე?
– ყველა ძალიან მეხმარებოდა. ჩემს ქორწილში ძალიან ბევრი სიურპრიზი იყო. მხოლოდ ქორწილს ვერ დავარქმევდი – გალა კონცერტი გამოვიდა. როცა დედოფალი მომღერალია, სხვანაირად წარმოუდგენელია. რამდენიმე ცნობილი მომღერალი და ბენდიც იყო. გრანდიოზული ქორწილი იყო, 600 კაცით. სამი კაბა მეცვა და სამივე ჩემი დიზაინით შევიკერე. მეოთხეც გვინდოდა, მაგრამ დროში ვეღარ ვეტეოდი. სტაფი გვყავდა აყვანილი, ვინც ზრუნავდა თმაზე, მეიქაფზე, კონტენტკრეატორი, ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები.
– ვინ არის შენი მეუღლე და როგორია თქვენი ამბავი?
– ჩემი მეუღლე არის თორნიკე ინწკირველი. ჩვენი ისტორია ექვსი წლის წინ დაიწყო. მაშინ მე უნივერსიტეტში ვაბარებდი, ბავშვები ვიყავით. ჩემგან განსხვავებით, თოკო ბევრად მზრუნველი და პასუხისმგებლიანი, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია. არასდროს არაფერი ავიწყდება. ისიც კი, რომ ფრჩხილის ან წამწამის სპეციალისტთან მივდივარ, საქმე მაქვს, თუ ასე შემდეგ (იცინის). ახლა, მით უმეტეს, ქორწილის და ტელევიზიის ამბებზე ძალიან ვნერვიულობდი და თორნიკე მამშვიდებდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ის მიორგანიზებს. მისი ძალიან მადლიერი ვარ.
ჩვენი ისტორია, როგორც ვთქვი, 6 წლის წინ დაიწყო. იმ პერიოდიდან ოჯახებით ვიცნობდით ერთმანეთს და ერთმანეთის ოჯახებშიც მივსულვართ. ჩემს ბებოს თორნიკეს მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. სულ მეუბნებოდა: ბებო, ძალიან კარგი ბიჭია, არ აწყენინო და არ დაკარგოო. მერე მე თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ჩვენ დიდი პაუზა გვქონდა ურთიერთობაში, წლების განმავლობაში დაშორებულები ვიყავით და ბებო სულ ნერვიულობდა და მას მიხსენებდა. ახლა ნამდვილად ვერ შევადარებ ჩვენს სიყვარულს – ვერ ვიტყვი, რომ თორნიკეს მეტად ვუყვარვარ, ვიდრე მე, მიყვარს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ადრე თოკო უფრო მეტად იყო ჩემზე შეყვარებული. მჯეროდა, რომ რადგან ასე ვუყვარდი, ისევ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. წლების შემდეგ ასეც მოხდა ჩვენი საერთო მეგობრის მეშვებოთ, რომელმაც გაგვაცნო ერთმანეთი – მას ჩვენს ურთიერთობაში დიდი წვლილი მიუძღვის.
ერთ დღესაც კონცერტზე ულამაზესი ასი წითელი ვარდი გამომიგზავნა. მერე დაბადების დღე მქონდა და საჩუქართან ერთად, ისევ ულამაზესი ყვავილები გამომიგზავნა. ჩვენს საერთო მეგობარს ძალიან დიდი სამადლობელი ტექსტი მივწერე მისთვის გადასაცემად. 2 იანვარს, ბედობა დღეს და მისი დაბადების დღის წინა დღეს, თოკომ უკვე პირადად მომწერა. ეს დღე ჩვენთვის სასწაულთან ასოცირდება, ამ დღეს დავებედეთ ერთმანეთს. იქიდან განახლდა ჩვენი ისტორია და სიყვარული. ჩვენს ოჯახებსაც ძალიან გაუხარდათ ჩვენი ამბავი, ბებოს – განსაკუთრებით, ფრინავდა სიხარულისგან.
– როგორც ჩანს, მეუღლე თვითონაც ძალიან რომანტიკული ადამიანია და მისი ბებოც. ალბათ, განსაკუთრებული ისტორია გაქვს მასთან დაკავშირებით.
– 25 წლის ვარ და ეს ისტორია ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან თავი ზღაპარში მეგონა. სხვათა შორის, შესაბამისი ვიდეო „ტიკ-ტოკზე“ ძალიან აიტაცა ხალხმა. ალბათ, ყველას გული გაუთბო გურულმა სითბომ. მოკლედ: თოკოს ბებიებისა და ბაბუის გასაცნობად წავედით გურიაში. მთელი მისი ოჯახი იქ იყო. თოკოს დედის დედას ულამაზესი ბაღი აქვს და რადგან ვიცოდი, ყვავილები უყვარდა, მეც ულამაზესი ყვავილი წავუღე, რომელიც არ ჰქონდა. ჭიშკარს რომ მივადექით, ბებომ თოკოს დაუძახა: ბებო, ხელში აიყვანე და ისე შემოიყვანეო. მართლაც, ხელში ამიტაცა თოკომ, შევდივართ ეზოში და ჩემ წინ ზღაპრული გარემო იშლება — ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი ბილიკი, რომელიც სახლამდე უნდა გაგვევლო. კართან ბებიები და ბაბუა დაგვხვდნენ. ირა ბებოს ხელში ეზოს ყვავილების ულამაზესი გვირგვინი ეჭირა, რომელიც თავზე დამადგა. ცრემლები მომადგა ემოციებისგან, ძალიან გულისამაჩუყებელი მომენტი იყო. გურული კილოთი მითხრეს: არ იტირო, ბებია, არ შეიძლება ცრემლებით შემოსვლაო.
– ხელის თხოვნაც გავიხსენოთ, რომელიც ასევე, ძალიან ლამაზი იყო და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა სოციალურ ქსელებში…
– ძალიან გვინდოდა სამოგზაუროდ წასვლა, მაგრამ ვორჭოფობდი – მეშინოდა, რომ ჩემები არ გამიშვებდნენ. თოკო მაიმედებდა: გამოგიშვებენ, მე მოვაგვარებო. თურმე, ჩემს და მის მშობლებს უკვე ნასაუბრები ჰქონდათ, რომ თოკომ მოგზაურობისას უნდა მთხოვოს ხელი. წავედით შარმ-ელ-შეიხში. დედას 6 ივლისს აქვს დაბადების დღე და სწორედ ამ დღეს მთხოვა ხელი თოკომ. ულამაზეს გარემოში ვიყავით, თუმცა, ძალიან ცხელოდა. იმ დღეს თოკო ძალიან შეცვლილი მეჩვენებოდა – ნერვიულობდა, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, მაგრამ მსგავსი რამე არ მიფიქრია.
ყველა დღისთვის და მომენტისთვის გათვლილი მქონდა, რა უნდა ჩამეცვა და როგორი ფოტო-ვიდეო გადაგვეღო, არ გაგიკვირდებათ (იცინის). თეთრი კაბა, რომელიც ხელის თხოვნის დღეს მეცვა, სინამდვილეში იმ დღისთვის არ მქონდა გათვლილი, მაგრამ რატომღაც იმ დღეს გადავწყვიტე ამ კაბის ჩაცმა და ლამაზი კადრების გადაღება, სოციალურ ქსელში დასადებად. თოკომ იცოდა, რომ ეს კაბა ყველაზე გამორჩეული იყო, რის ჩაცმასაც იქ ყოფნის დროს ვაპირებდი. თურმე, 7-ში აპირებდა ხელის თხოვნას – ამ დღეს ჩვენი მშობლები ერთად იკრიბებოდნენ და უნდოდა, ყველასთან ერთად დაგვერეკა და ეს ამბავი გვეცნობებინა, მაგრამ რადგან მე წინა დღეს გადავწყვიტე ამ კაბის ჩაცმა და კონკრეტულ ლოკაციაზე ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, გეგმები შეეცვალა, თუმცა ყველაფერი იდეალურად გამოუვიდა (იცინის). ზღაპრულ გარემოში მივედით და საერთო ვიდეოს გადაღებისას ნიშნობის ბეჭედი გამომიწოდა. იმდენად მოულოდნელი იყო, შოკში ვიყავი. მასაც და მეც ემოციებისგან ხელები გვიკანკალებდა – საოცარი მომენტი იყო. შემდეგ იტალიაში წავედით და იქიდან დავდე ვიდეო, სადაც იტალიურ სიმღერას ვმღერი, რასაც მილიონობით ნახვა აქვს და ალბათ, ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ ხელის თხოვნის ცერემონია იტალიაში იყო. რეალურად, ეს შარმ-ელ-შეიხში მოხდა და ამ დღემ ჩვენს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





