ცისანა სეფიაშვილი: მენანება ძილში დროის დაკარგვა
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 13.07
შვებულების პერიოდია და უმეტესობამ უკვე დაგეგმა, სად გაატარებს ზაფხულის ცხელ სეზონში დასვენების დღეებს. ცისანა სეფიაშვილს კი არასოდეს უყვარს წინასწარ დაგეგმვა. სულ ცოტა დრო სჭირდება მოსამზადებლად და გასამგზავრებლად. ამბობს, რომ ზაფხულში არ დაბადებულა, თუმცა წელიწადის ეს დრო მისთვის ყველაზე საყვარელი სეზონია.
ცისანა სეფიაშვილი: არ ვარ ზაფხულში დაბადებული, ზოდიაქოთი „ღრიანკალი“ ვარ, თუმცა ზაფხული ძალიან მიყვარს და ჩემთვის ეს დრო წელიწადის გამორჩეულად საყვარელი სეზონია. მართალია, ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება, ყველა სეზონს – თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ, რომ ამბობენ: ვაიმე, როგორ ცხელა, გაუსაძლისიაო, რა ვქნა, მე ზამთარს, ზაფხულის სიცხე მირჩევნია. მე სულ მცივა და ამიტომ, „ზაფხულის გოგო“ ვარ. ვხუმრობ ხოლმე: ზამთარში დათვივით დავიძინებდი და გაზაფხულზე, როცა ბუნება იღვიძებს, მეც მაშინ გავიღვიძებდი-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ძალიან მიყვარდა გაზაფხული და შემოდგომა, რომელიც, პრაქტიკულად, აღარ გვაქვს. ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი ამ ორ სეზონზე თავს, დღე რომ სითბოა და საღამოს პიჯაკის მოცმა გიწევს. თუმცა, ახლა სამწუხაროდ, ბევრი წელია გაზაფხული და შემოდგომა გადაიდო და ზამთარს პირდაპირ ზაფხული მოსდევს ან, პირიქით. ფაქტობრივად, წელიწადის ორი დრო დაგვრჩა - ზამთარი და ზაფხული.
– ზაფხულისთვის, შენი საყვარელი სეზონისთვის, წინასწარ, განსაკუთრებულად თუ ემზადები?
– განსაკუთრებულად ვემზადები ზაფხულისთვის-მეთქი, ვერ ვიტყვი. დიეტა ცხოვრებაში არ დამჭირვებია და ამიტომ, დასვენების სეზონისთვის ფორმაში მოვიდე-მეთქი, ამაზე ფიქრი არ დამჭირვებია. რაც შეეხება გარდერობის განახლებას, ეს ყოველთვის მიყვარს, ყველა სეზონზე. რასაკვირველია, ახალ საცურაო კოსტიუმს ვიძენ და ზაფხულისთვის ახალ ლუქებს. არ მაქვს დაგეგმილი, სად და როდის წავალ, ამიტომ ყველაფერი უნდა მქონდეს, რომ უცებ ჩავალაგო ჩემოდანი, ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სამოგზაუროდ. მე არ ვარ ტიპი, რომელიც ხუთი-ექვსი თვით ადრე გეგმავს, ამ რიცხვიდან იმ რიცხვამდე სად გაფრინდება. შეიძლება, ორი კვირით ადრე დავგეგმო მოგზაურობა, ან ვიფიქრო, მინდა-მეთქი და უცებ გადავწყვიტო წასვლა. ზოგადად, არაპროგნოზირებადი ხასიათი მაქვს. უცბად ვიტყვი: მოდი, ახლა ზღვაზე წავიდეთ-მეთქი და ორ წუთში ვალაგებ ჩემოდანს და მზად ვარ წასასვლელად. მოკლედ, მომზადებისთვის მეტი დრო არ მჭირდება, ყოველთვის მზად ვარ – გინდა, ზღვაზე მივდიოდე და გინდა, მთაში. ეს პრობლემა არ მაქვს, მოულოდნელი მგზავრობისთვის ყოველთვის მომზადებული ვარ. სხვათა შორის, ერთი პერიოდი, მუდმივად მქონდა მანქანაში უცხოეთის პასპორტი, სულ თან ვატარებდი, არ ვიცოდი, უცებ რა მოხდებოდა ჩემს თავს და ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი (იცინის).
– ზოგადად, დასვენებისთვის რომელს უფრო ანიჭებ უპირატესობას – ზღვას თუ მთას?
– ორივე მიყვარს, მთაში დასვენებაც და ზღვაზეც. რუჯი რომ მიყვარს, ეს ყველამ იცის და იყო პერიოდი, ზამთარ-ზაფხულ სულ გარუჯული ვიყავი. ახლა კი, ცოტა შევამცირე და ვცდილობ, სოლარიუმშიც და მზეზეც ცოტა ხანს ვიყო. სხვათა შორის, ამ სეზონზე სულ მქონდა ბუნებრივი რუჯი. ახლა კი, როცა მე მცალია, მზე არ არის, როცა მზეა, მე არ მცალია და რაღაცნაირად, ვერ დავემთხვიეთ მე და ამინდი (იცინის). ზოგადად, მე ზღვასთან ჩემი ურთიერთობა მაქვს: როცა ჩავდივარ, სანამ ამოვბარგდები, გავდივარ სანაპიროზე, ჩამოვჯდები და ვესაუბრები. ვუყვები ამბებს, ვესიყვარულები და აუცილებლად, პირველი შეცურვა არის ზღვასთან მოფერება და საუბარი. ზღვის ხმა, სურნელი და ენერგეტიკა ძალიან მიყვარს. არ არსებობს, ისე წამოვიდე, რომ ისევ არ ჩამოვჯდე სანაპიროზე და არ დავემშვიდობო. მიუხედავად იმისა, რომ სიღრმის შიში მაქვს და შორს ვერ შევცურავ, მაინც ძალიან მიყვარს. არ მხიბლავს სიღრმეში ჩასვლა და თევზების ხილვით ტკბობა, ეს ჩემი არ არის. თუმცა, კიდევ ვამბობ, ზღვის სიახლოვეს, ნაპირზე ჯდომა, მზის ჩასვლის ყურება და ჰორიზონტის ხილვა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მოკლედ, მე ჩემი „ამბავი“ მაქვს ზღვასთან, მის ხმასთან და ტალღებთან. მზე როგორ ჩადის, იმის მიხედვით ვხვდები, როგორი ამინდი იქნება ხვალ. თუ სუფთად ჩავიდა და კამკამად დაიხრჩო მზემ თავი ზღვაში, ესე იგი, კარგი ამინდი იქნება. მაგრამ, თუ მზე ღრუბლების თანხლებით ჩადის ზღვაში, ესე იგი, მეორე დღეს წვიმა გარდაუვალია. რაც შეეხება მთას, იქ დასვენებაც ძალიან მიყვარს. ზოგადად, ძალიან მიყვარს ბუნებასთან ახლოს ყოფნა. მთაში სულ სხვა ენერგეტიკაა, სხვა სიჩუმის ხმითა და ჩიტების ჭიკჭიკით, ყვავილების სურნელითა და ხეების რხევით. ყველაფერს ვაკვირდები, ყველა ხმას ვისმენ და მენატრება ციცინათელები. ჩემი ოცნებაა, ისევ ვნახო ციცინათელები, რომლებიც წლებია, აღარ ჩანს. ჩემი მეუღლე რაჭველია და სულ ვეხვეწებოდი „რაჭა, ჩემო სიყვარულოში“ წამიყვანე-მეთქი (იცინის). ოთხი წლის წინ პირველად ჩავედი და ნამდვილ ზღაპარში ამოვყავი თავი. იმდენად სასწაულ ადგილას მოვხვდი, სუნთქვა მიჭირდა. საოცარი ბუნება და კლიმატია, არნახული შთაბეჭდილება დამიტოვა რაჭის ხილვამ. ვაფასებ სილამაზეს და ისეთი სხვადასხვა ფერების პალიტრა დამხვდა, ასე მეგონა, სხვადასხვა ნახატი პეიზაჟი იშლებოდა ჩემ თვალწინ და სულ სხვადასხვა ფერები ჩნდებოდა. ნამდვილი ზღაპარია. ჩემთვის იქ ჩასვლა იყო სასწაულის აღმოჩენა. დავდიოდი და ფილმ „რაჭა, ჩემო სიყვარულოს“ მელოდიები თან დამდევდა. რომანტიკული და ლამაზი ადგილია, დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი ისევ და ფეხით მოვივლიდი ყველა კუთხე-კუნჭულს. სხვათა შორის, სვანეთსა და თუშეთში არ ვარ ნამყოფი და ამ ორ ადგილსაც აუცილებლად ვესტუმრები.
– კი თქვი, არ მიყვარს წინასწარ დაგეგმვაო, მაგრამ მაინც თუ გიფიქრია სად აპირებ წელს დასვენებას?
– ჯერ გადაღებები მაქვს, ივლისის ბოლომდე ვმუშაობ. თუმცა, რაღაცები უკვე დაგეგმილია, მაგალითად, გასვლითი კონცერტები ბათუმში. მე და ჩემს მეუღლესაც გვაქვს დაგეგმილი სად გვინდა წასვლა, თუმცა ხვალ რა შეიცვლება, არავინ იცის. ისე კი, ჯერჯერობით ზღვაზე დასვენება გვინდა, ბათუმში. მიყვარს ამ ქოთქოთა ქალაქის ხმაურში დასვენებაც და შეკვეთილისა და კვარიათის მშვიდ ბუნებასა და ჟანგბადში ყოფნაც. ბოლო წლებია, მეუღლეთან ერთად მიყვარს დასვენება, რადგან მასთან ერთად დასვენება მოიცავს ყველაფერს ერთად. როცა მოგზაურობისას მასთან ერთად ვარ, არ მაქვს განცდა, რომ რაღაც მაკლია. მის გვერდით ყოფნა ყველაფერს მივსებს, ძალიან კომფორტულია. თუმცა, მასთან ერთად და ჩემს მეგობრებთან და შვილებთან ერთად დასვენებაც ძალიან მიყვარს. ზოგადად, იმდენად მიყვარს მოგზაურობა, ევროპა იქნება ეს, შავი ზღვა თუ მთა, ძილისთვის დროის დაკარგვა მენანება და სულ გამოუძინებელი ვარ (იცინის). ხშირად დავმჯდარვარ ღამით ზღვის ნაპირას და მისაუბრია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





