რა საოცარი სიახლეა ანი ყიფშიძის ცხოვრებაში და ვინ გადაარჩინა ის ყველაზე რთულ პერიოდში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:23
ინფლუენსერ და „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე ანი ყიფშიძის ცხოვრებაში განსაკუთრებული სიახლეა – 16 წლის შემდეგ ის მეორე შვილის დედა ხდება.
ანი ყიფშიძე: როდესაც გავიგე, ფეხმძიმედ ვიყავი, ქაღალდისფერი დამედო, ემოციებისგან სულ გავთეთრდი. ძალიან მოულოდნელი იყო და უზომოდ გამიხარდა. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა მომცა უფლება, კიდევ ერთხელ გავხდე დედა.
სანამ ეს მოხდებოდა, ვიდეოც ჩავწერე: შემთხვევით ტყუპი ალუჩა შემხვდა და სურვილი ჩავიფიქრე. მაშინ ჩემი სურვილი ხმამაღლა არ გამიჟღერებია, მაგრამ ვიდეოში ვთქვი: თუ ამისრულდება, მერე ყველას გავაგებინებ, რა ჩავიფიქრე-მეთქი. ახლა ვამბობ, რომ ჩემი სურვილი ზუსტად ეს იყო. როგორც ჩანს, ალუჩა სურვილებს ასრულებს (იცინის). ამის არასდროს მჯეროდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ჩავიფიქრებდი ხოლმე. ალბათ, ეს სურვილი მთელი გულით ჩავიფიქრე და ამიტომაც იქცა რეალობად – ძალიან მინდოდა, კიდევ ერთხელ გავმხდარიყავი დედა.
დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე არც მიფიქრია, შესაფერისი მომენტიც არ მქონია. ისეთები გამოვიარე ცხოვრებაში, რომ მთავარი იყო, ნატალი (პირველი შვილი) მყოლოდა ჯანმრთელად და გამეზარდა. ახლა კი ისეთი პერიოდი დამიდგა, რომ მართლა უზომოდ ბედნიერი ვარ და ამაზე ფიქრი დავიწყე. მთელი გულით ვიტყვი – თუ ვინმეს ჩემი სიხარული ისე გაუხარდება, როგორც ახლა მე მიხარია, ღმერთმა მასაც ჩემი წყალი გადაასხას.
– შვილებს შორის რამდენწლიანი შუალედი გამოდის?
– 16 წელი. წარმოიდგინეთ, ამდენი წელია, ეს გრძნობა არ განმიცდია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ისევ ხდება ჩემს ცხოვრებაში. თან ნატალი უკვე იმხელაა, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს – სულ მუცელზე მეფერება. ამბობს, ეს ბავშვი ჩემიაო. მეშინია, სამშობიაროდან რომ გამოვიყვან ბავშვს, არ გაიტაცოს (იცინის). ფაქტობრივად, ბავშვს ორი დედა ეყოლება (იცინის). ნატალი რომ მხედავს, თვალის გუგები უფართოვდება და მაშინვე საკოცნელად მოდის. სანამ მუცლიდან ძალით არ გავაწევინებ თავს, შეუძლია, განუწყვეტლად კოცნოს და ეხვიოს. ჯერ პატარაა და ვერ გრძნობს-მეთქი რომ ვეუბნები, როგორ არაო, მპასუხობს, წიგნსაც კი უკითხავს! ეს უნდა ნახოთ, აღწერა რთულია (იცინის).
არავინ კითხულობს, ბავშვი ბიჭია თუ გოგო, ეს არ გვაინტერესებს – მთავარია, ჯანმრთელი იყოს. უკვე იმას ვფიქრობ, სამშობიაროდან რომ გამოვიყვან, რა ვქნა, ისიც არ მახსოვს, ხელში როგორ უნდა დავიჭირო. მართალია, ბავშვებს შორის დიდი ინტერვალია, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ამპლუას ახლა უფრო მომზადებული და გათვითცნობიერებული ვხვდები. 16 წლის შემდეგ ყველაფერი ახლებურადაა. ახლა უფრო დიდი გოგო ვარ.
– პირველად რამდენი წლის იყავი დედა რომ გახდი?
– პირველად რომ დედა გავხდი, 14 წლის ვიყავი, ახლა კი 30 წლის ვარ. უკვე ზუსტად ვიცი, რა არის დედობა. გაზრდილი და ჩამოყალიბებული ვარ, გამოცდილებაც მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ დამავიწყდა, ყველაფერს ვიხსენებ (იცინის).
ამჯერად, ტესტმა რომ დადებითი მიჩვენა, ჩემებს ვუთხარი: სასწრაფოდ აფთიაქებში წადით და ყველა ტესტი მომიტანეთ-მეთქი (იცინის). რვა ტესტი გავიკეთე და ყველამ დადებითი პასუხი რომ აჩვენა, კიდევ ერთხელ დამედო თეთრი ფერი (იცინის). სანთელი დავანთე და ღმერთს მადლობა ვუთხარი – უბედნიერესი მომენტი იყო. სანამ გონს მოვედი, ხელები მიკანკალებდა. კიდევ კარგი, დედაჩემი და შვილი გვერდით მყავდა.
სულ შემთხვევით გავიგე, მართლა შემთხვევით. მაღაზიაში ვიყავით და დედაჩემს ვუთხარი: თითქოს ხასიათი შემეცვალა და მოდი, აბა, ტესტი ვიყიდოთ-მეთქი. ჩემი კივილი უნდა გაგეგოთ, დადებითი პასუხი რომ დავინახე! მამა, ბიძა, ბებია - ყველა უზომოდ გაბედნიერდა. ბებიამ სიხარულისგან იტირა. ასეთი რამ 20 წელია, არ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი შვილი 16 წლის არის, მაგრამ ისეთ პერიოდში დაიბადა, როცა ბიძა მომიკლეს და ჩვენს ოჯახში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.
– შენს მეორე ნახევარს როგორი ემოციები ჰქონდა, როცა ფეხმძიმობის შესახებ უთხარი?
– რა თქმა უნდა, ბავშვი უნდოდა. ალბათ, საყვარელი ადამიანისგან შვილი ყველას უნდა, ეს ნორმალურია. ჩვენ ვგეგმავდით ამას, გვინდოდა შვილი გვყოლოდა. როცა ორსულობის შესახებ გავიგე, ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად არ იყო – საქმეებზე გახლდათ ქალაქგარეთ. მივწერე: ორსულად ვარ-მეთქი. მაგარიაო, – მხოლოდ ეს მომწერა, ეგონა, „ვპრანკავდი“. არ დაიჯერა, რადგან მახასიათებს მსგავსი ხუმრობები, როცა უცებ რაღაც დამარტყამს თავში (იცინის). ისეთ შეხვედრაზე იყო, ვერც გადმომირეკავდა და მოკლედ, არასწორი დრო შევარჩიე. მერე რომ ჩამოვიდა და სერიოზულად ვუთხარი, სანამ ექიმთან არ წავედით და მან არ დაადასტურა, არ სჯეროდა (იცინის). რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა და ისიც უზომოდ ბედნიერია – მეფერება და მიფრთხილდება.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ღრუბელზე ვზივარ და აქეთ-იქით დამატარებენ – ოჯახშიც და სანათესაოშიც.
ღმერთმა გამიათმაგოს ეს ბედნიერება, საკუთარი ფეხით ამიყვანოს და ჩამომიყვანოს სამშობიარო მაგიდიდან. უკვე მეხუთე თვეში ვარ.
– ორსულობა დიდი ხანი შეინახე საიდუმლოდ. რატომ გადაწყვიტე ასე?
– მგონია, რომ ამით ვიცავ ბავშვს. ხალხი ჭრელია – ცუდი არაფერი დაგიშავებია ადამიანისთვის, მაგრამ მას მაინც შეუძლია, ცუდი გისურვოს. ცოტა ხნის წინ, ლაივში შევედი, ჯერ არ მითქვამს ფეხმძიმობის შესახებ, ოდნავ მუცელი მქონდა წამოზრდილი და ვიღაცამ დამიწერა: უი, არ იცის, ვისგან ჰყავსო. სირცხვილია ასეთი რამე, მაგრამ მე, როგორც გამოცდილი ინფლუენსერი, აღარ ვრეაგირებ მსგავს კომენტარებზე (იცინის). რა თქმა უნდა, არ ავყოლივარ. ამიტომაც შევიკავე თავი თავიდანვე საჯაროდ თქმისგან, სანამ არ გავარკვევდი, რომ ყველაფერი კარგად იყო, ანალიზის პასუხები მოვიდოდა და ასე შემდეგ. სოციალურ ქსელში არსებულ ჰეითს დიდად არ ვყვები. ან კი რას უნდა ავყვე? მეუღლე მყავს და შვილი გვინდოდა, ამაზე საჯაროდ მანამდეც მითქვამს. მოულოდნელი იმიტომ კი არ იყო, რომ არ გვინდოდა, უბრალოდ, ამხელა ინტერვალი არ არის ცოტა და ამ ფონზე იყო მოულოდნელი.
– როგორ მიდის ფეხმძიმობა? ხასიათის ცვლილებები ახსენე...
– ჩემს მეუღლეზე ვგიჟდები, მაგრამ პირველი ორი თვე მის სუნზე რა მემართებოდა, ვერ გეტყვით! აბაზანიდან რომ გამოდიოდა, ვეუბნებოდი: რაღაც უცნაური სუნი გაქვს-მეთქი. გული მერეოდა და კაცი გაოცებული მიყურებდა, ვერ გაეგო, რა დამემართა (იცინის). ონკანს მოვუშვებდი და წყლის სუნზეც იგივე მემართებოდა – სულ გული მერეოდა. ერთადერთი, ნატალის სუნზე ვგიჟდები და გვერდით რომ მეჯდა, ის მამშვიდებდა.
– კვების მხრივ რა შეიცვალა?
– ასე უნამუსოდ… შემიძლია, ხუთი კალმახი ვჭამო (იცინის)! ახალნაჭამზე დავჯდები და ოც ცალ ხინკალს შევჭამ. ხილსაც ბევრს ვჭამ. საბედნიეროდ, ტოქსიკოზი უკვე დამთავრდა. ახლა ჩემი მეუღლის გარეშე ერთი წუთითაც მიჭირს ყოფნა, სულ მინდა, გვერდით მეჯდეს. ამხელა კაცი 24 საათი გვერდით როგორ დაგიჯდება, როცა უამრავი საქმე აქვს, მაგრამ სახლიდან რომ გადის და ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა, არ მომწონს. ძილიანობაზე აღარაფერს ვიტყვი – ყველა ორსული გამიგებს, რომ სულ მძინავს. მოკლედ, კარგს ვსვამ, კარგს ვჭამ და მძინავს (იცინის).
პირველ-ორ თვეს, მწვავე ტოქსიკოზი რომ მქონდა, მუშაობისგან თავს ვიკავებდი და დარბაზშიც არ დავდიოდი. სანამ ორსულობის შესახებ გავიგებდი, აერობიკას ვატარებდი, მერე გარკვეული პაუზა ავიღე. როგორც მანამდე, ახლაც მყავს მოსწავლეები, მაგრამ ვერიდები სიმძიმეების აწევას. ძირითადად, ცეკვითა და აერობიკით ვარ დაკავებული.
– როგორ გახსენდება პერიოდი, როცა პირველად გახდი დედა?
– პირველად რომ ორსულად დავრჩი, რა თქმა უნდა, მაშინაც ყველას გაუხარდა და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი — საოცრება ხდებოდა ჩემს თავს. მაგრამ ბავშვი რომ დაიბადა, მერე რთული პერიოდი დამიდგა: მიღალატეს და მარტო დამტოვეს. მარტო დავრჩი, რადგან რატომღაც ფიქრობდნენ, რომ რაღაცები ჩემი ბრალი იყო. სამი თვის ბავშვთან ერთად მარტო ვიყავი. მხოლოდ დედა, დეიდა, ბებია და ბიძა მამხნევებდნენ, თუმცა ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს. მადლობა მათ იმისთვის, რაც კარგი გამიკეთეს, ღმერთმა ასმაგად დაუბრუნოთ.
ორსულობა ისედაც გარკვეულ ემოციურ სირთულეებთან ასოცირდება და როდესაც ამას ღალატი ემატება, ეს სტრესი გონებაში რჩება. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა: ძალიან კარგი მეუღლე მყავს, რომელმაც სტრესიც გააქრო, დარდიც და ის ფიქრებიც, რომ ცხოვრებაში შვილს აღარასდროს გავაჩენდი. რა სისულელეა! არ გავაჩენ კი არა, ღმერთი რამდენსაც მომცემს, იმდენს გავაჩენ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გიდგას გვერდით. ეს ადამიანი სამოთხეში მოხვდება ასი წლის შემდეგ, მარტო იმიტომ, რომ მე ძალიან დიდი ჭაობიდან ამომიყვანა – ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვგულისხმობ. ბევრს ვიცინოდი, ძალიან მხიარულიც ვიყავი, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, სად ვიყავი და როგორ ვგრძნობდი თავს. ახლა მისი დამსახურებით ვგრძნობ თავს ასე კარგად. მხოლოდ ისე კი არ ვუყურებ, როგორც შვილის მამას, ვუყურებ, როგორც ძალიან მაგარ ადამიანს, როგორებიც ბევრნი უნდა იყვნენ ამქვეყნად. ღმერთმა ყველგან ხელი მოუმართოს! იმ სიკეთის მადლით, რაც მე გამიკეთა, მთელი ცხოვრება ბედნიერი იყოს. დღეს რომ ცოცხალი ვარ, ესეც მისი დამსახურებაა.
– რადგან ბავშვის სქესს წინასწარ არ იგებთ, ორი სახელი გაქვთ შესარჩევი, არა?
– თუ ბიჭი იქნება, ერეკლე გვინდა დავარქვათ, ხოლო თუ გოგო – ქეთევანი. ქეთევანი რამაზის დედის სახელია, რომელიც, სამწუხაროდ, მის გვერდით აღარ არის, ხოლო ერეკლე – მეფე ერეკლეს პატივსაცემად.
– ამ ასაკში, ამგვარი გამოცდილებით, როგორ დედად წარმოგიდგენია შენი თავი?
– ახლა უფრო ადვილი იქნება, რადგან გარემო, ასაკი და დრო სხვანაირია. ძალიან მზრუნველი დედა ვიქნები – ნატალისთანაც ასეთი ვიყავი. ბავშვი ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული და სიმშვიდეში მყავდა. რა თქმა უნდა, შვილებს არ განვასხვავებ და როგორც ნატალი, ისიც მთელი გულით მეყვარება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





