შოუბიზნესი

ცისანა სეფიაშვილი: ბევრი ადამიანი ამ წელში დარჩება და მომავალ წელს აღარ იქნებიან ჩემს გულში და ჩემ გვერდით

№51

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 31.12, 2025 წელი

ცისანა სეფიაშვილი
დაკოპირებულია

თითოეულმა მომატებულმა წელმა, ცისანა სეფიაშვილს გამოცდილება და პირადული ზრდა მოუტანა. მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, არ გაბოროტდა, სიმშვიდე შეინარჩუნა და მიაჩნია, რომ მიუხედავად ყველაფერისა, დღეს ბედნიერი ქალია. როგორც ყოველ ახალ წელს, ახლაც, მის ეზოსა და სახლში ზღაპრული გარემოა შექმნილი. მისი ოცნების ახდენა, მარხილით ჩააკითხიოს თოვლის ბაბუას ლაპლანდიაში, მომავალ წელს აქვს დაგეგმილი.

ცისანა სეფიაშვილი: ძალიან მიყვარს ახალი წელი და ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ყველა კუთხე-კუნჭული მორთული, განათებული და გაბრჭყვიალებულია. ნაძვისხის დადგმა ადრე მოყვარს, რომ სახლში საახალწლო განწყობა იგრძნობოდეს. ეს ტრადიცია, არც წელს დავარღვიე და ოჯახმა ორი დღე მოვანდომეთ სახლისა და ეზოს განათებასა და მორთვას. ჩემი და ბავშვების მეგობრები რომ შემოდიან, გაოცებას ვერ მალავენ, ამბობენ, ზღაპარში გვგონია თავიო. მეც ასე ვარ, სახლში შემოსულს, ნამდვილ ზღაპარში მგონია თავი. ნაძვისხე წელს ბევრ ფერში მოვრთე, ძირითადად, მშვიდ ფერებში, დიდი ყვავილებით, განათებითა და ვერცხლისფერი წვიმებით. მიყვარს, როცა ნაძვისხე ანათებს. ასე რომ, საკუთარ სახლსა და ეზოში ზღაპრული გარემო მოვაწყვე და ასეა ყოველ ახალ წელს. ტრადიცია მაქვს, ყოველ ახალ წელს სხვადახვანაირად იყოს მორთული სახლი - ახალი სათამაშოები, განათებები და მოსართავები შევიძინო და ვამატო. წლების განმავლობაში ქუჩაში, კონცერტზე მიწევდა ახალი წლის შეხვედრა. მაგრამ, თუ კონცერტი დაგეგმლი არ არის, მიყვარს 31 დეკემბერს ოჯახის წევრებთან ერთად ძველი წლის მადლიერად გაცილება და ახლის იმედიანად დახვედრა.

– ამ წელმა რა სიახლეები და გამოწვევები მოგიტანა, რამდენად მადლიერი ხარ მისი?

– ზოგადად, ამ წლის მადლობელი ვარ, ყველა სიხარულისთვის, სიახლისთვის თუ განსაცდელისთვის. ჩემთვის ძალიან კარგი წელი იყო. სხვათა შორის, ამ წელს ბევრმა ადამიანმა საცერში გაიარა. მტკივნებულია, როცა ადამიანთან წლების ურთიერთობა გაკავშირებს და ის ამ საცერში ხვდება, სამეგობრო წრე ვიწროვდება, მაგრამ ამისიც მადლიერი ვარ, რადგან სჯობს, ათი მეგობარი გყავდეს გვერდით და ნამდვილი, ვიდრე ორმოცდაათი და არანამდვილი და არასანდო. ასე რომ, ბევრი ადამიანი ამ წელში დარჩება და მომავალ წელს ისინი ჩემს გულში და ჩემს გვერდით აღარ იქნებიან. მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობთ ხოლმე: ამ საცერში ადამიანების გაცრა როდის დასრულდებაო (იცინის). მაგრამ, კიდევ ვამბობ, იმწუთას კი მტკივნეულია, მაგრამ მერე ხვდები, რომ კარგია, ასე რომ მოხდა. გარდა ამისა, ამ წელმა ძალიან ბევრი კარგი რამ მომიტანა, ბევრი საინტერესო გამოცდილება, ბევრი მოგზაურობა, გადაცემა და მე ბედნიერი ვარ. მე ვერ ვჩერდები, თუ სიახლე არ შემაქვს ჩემს საქმიანობაში და თავად ვზრუნავ პიროვნულ განვითარებაზე. ამიტომ, სულ მოძრაობაში ვარ. სიახლეები და გამოწვევბი არ მაშინებს, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ზრდისკენ. ძალიან ბევრჯერ დამიწყია ცხოვრება თავიდან, ბევრჯერ გადამილახავს განსაცდელები და სირთულეები. მაქვს პერიოდები, როცა ორი სამი დღე რაღაცები „შემაზანზარებს“, მაგრამ მერე ვეუბები ჩემს თავს: მადლობა ამისთვის და იყოს უფალო, ნება შენი. უფალმა ყველაზე კარგად იცის, რა არის ადამიანისთვის კარგი და ცუდი და ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენ ხდება.

– გაიხსენე ისეთი გამორჩეული ახალი წელი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება?

– არ დამავიწყდება, ახალ წელს კონცერტი მქონდა, ვიცოდი 12-ის ნახევარზე მიწევდა სცენაზე გასვლა. მანამდე დრო მქონდა და მეგობართან ვიყავი. უცებ, მირეკავენ და მეუბნებიან: ათ წუთში სცენაზე უნდა იყოო. თან, პირდაპირი ეთერი იყო. ვერ გეტყვით, როგორი სიჩქარით წავედი, დამხვდა საცობი, დავტოვე მანქანა შუა გზაში და გავრბივარ და უცებ მესმის, როგორ მაცხადებენ: ახლა კი, სცენაზე გამოვა ცისანა სეფიაშვილი და „ქუჩის ბიჭები“! ხალხმა ხელში ამიყვანა და ხელიდან ხელში გადაცემით მიმიყვანეს სცენასთან, ზურა ხაჩიძემ დაიწყო, მე კიბეზე მომაწოდეს მიკროფონი და იქიდან შევუერთდი სიმღერას (იცინის). კონცერტის მერე, ისევ მოვხვდი საცობში, საოცრად გათოვდა. საბურავები არ მქონდა გამოცვლილი და იმ ახალ წელს მანქანაში მარტო შევხვდი. 2000 წელს კი, ახალი საუკუნე რომ იწყებოდა, ახალ წელს ბუდაპეშტში შევხვდი. სასწაული ტრადიცია აქვთ – მუყაოსგან დამზადებულ დიდ საყვირებს ერთმანეთს თავში ურტყამენ და არიან ბედნიერები. მეც უბედნიერესი ვიყავი, ისევ მომინდა, ის ემოციები შევიგრძნო და მეგობართან, რომელიც უფრო ტყუპისცალია, ვიდრე მეგობარი, გადავწყვიტეთ, 25 წლის შემდეგ, იანვარში, ერთი კვირით ბუდაპეშტში წავიდეთ და იგივე ემოციები დავიბრუნო. ახალ წელს იქ ვერ შევხვდებით, რადგან 2 იანვარს კონცერტი მაქვს, მაგრამ იმ ზღაპარში ისევ მოვხვდები და წლების მერე იმ ემოციასაც აღვიდგენ.

– რამდენი წლის ასაკამდე გჯეროდა თოვლის ბაბუის და თუ ჩამოჰქონდა მას შენთვის ლაპლანდიიდან საჩუქრები?

– ძალიან დიდხანს მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის და ახლაც მჯერა (იცინის). ჩემი ოცნებაა, ლაპლანდიაში წავიდე, ჩავაკითხო თოვლის ბაბუას. ამ ოცნებას აუცილებლად ავისრულებ, ოჯახთან ერთად წავალ ლაპლანდიაში. მინდა, იმ ზღაპარში ვიმოგზაურო, მარხილში ჩავჯდე და თოვლის ბაბუას ვესტუმრო. ჰოდა ვხუმრობ: იქ ვერ წავედი, მაგრამ პატარა ლაპლანდია მოვაწყვე ჩემს ეზოში-მეთქი (იცინის).

– მეკვლის ფეხის თუ გჯერა და თუ გყავს ისეთი ადამიანი, რომლიც ყოველი ახალი წლის ღამეს მარჯვენა ფეხით შემოდის შენს სახლში?

– დაგეგმილად, როგორც ფილმ „კუჩხი ბედინერშია“, რომ ეს უნდა იყოს მეკვლე-მეთქი, არ მომწონს. ვინც მოვა, ის იქნება ჩემი მეკვლე. თავად კი, ვცდილობ, სხვასთან, ოჯახში მეკვლედ არ შევიდე, ვნერვიულობ და პასუხისმგებლობას გავურბივარ (იცინის). მე კი ვიცი, რა გულითა და სიყვარულით შევალ მეკვლედ, მაგრამ მაინც ვერიდები.

– საახალწლო-სადღესასწაულო სუფრისთვის, თავად აკეთებ კერძებს და ტკბილეულს თუ ვინმე გეხმარება?

– თავადაც კარგი კულინარი ვარ, მიყვარს მზადება და როგორც ამბობენ, გემრიელი ხელიც მაქვს, მაგრამ ღმერთმა დიდხანს და კარგად მიმყოფოს დედაჩემი – გოზინაყიან, გემრიელ კერძებიანად, მთელს სადღესასწაულო სუფრას დედაჩემი მიმზადებს. ანუ, ამზადებს ორი ოჯახისთვის – ჩემთვის და თავისთვის. ასე ვარ შეჩვეული და ტრადიციაა უკვე, რომ დედაჩემმა უნდა გაამზადოს მთელი საახალწლო კერძები და ტკბილეული. ყოველ წელს რომ მიგზავნის, ვეუბნები: დე, კიდევ მრავალი წელი შენ გამოგეგზავნოს-მეთქი.

– ბედობა დღის თუ გჯერა?

– ადრე, თინეიჯერობის პერიოდში უფრო მჯეროდა. უფრო ბარბარობა დღის მჯერა და ამ დღეს, როგორ წესი, ლობიანით ვხვდები და ტაძარში მივდივარ. ბედობა დღესთან დაკავშირებით, გამახსენდა, ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა,, რომელიც უნდა მოგიყვეთ (იცინის). არ დამავიწყდება, 17 წლის ასაკში, მე და ჩემს მეგობარ ეკას, დედამისმა გაგვიკეთა კვერები, რომელიც გზაჯვარედინზე უნდა გვეჭამა. ყინავდა, სასწაული ქარი იყო, მამაჩემმა არ გაგვიშვა მარტო და წამოგვყვა. ეკამ რომ ჩაკბიჩა კვერი, იმდენად მარილიანი იყო, ხტუნვა დაიწყო და წინ და უკან სიარული. ჯემალმა უყურა, უყურა და მეუბნება: ამან, მგონი, რაღაც იცის და შენც იარე და ირბინე, იქნება ბედი გაგეხსნასო (იცინის). დღემდე სიცილით ვიხსენებთ იმ დღეს. ჭიქაშიც ჩამიხედვას ძაფზე ჩამოკიდებული ბეჭდით, თეფშიც დამიტრიალებია, ბედობა დღეს ათასგვარი სისულელე მიკეთებია. არც ის მახსოვს, თუ დამსიზმრებია ვინმე ან თუ დამინახავს (იცინის). ჩვენი თინეიჯერობა სულ სხვანაირი იყო და ახლანდელ თინეიჯერებს რომ მოვუყვე, ისე გაეცინებათ ამაზე, როგორც მე მეცინება. ჩემს 22 წლის შვილს რომ ვუთხრა, გზაჯვარედინზე მარილიანი კვერი ჭამე, საბედო დაგესიზმრება-მეთქი, შეიძლება, ფსიქიატრიულში გამაქანოს (იცინის). თუმცა, მე ის წლები უბედნეირესად მახსენდება და მადლობა ყველა წლისთვის, დღისთვის და ყველაფრისთვის უფალს. მე ბედნიერი ქალი ვარ და ცხოვრებაში ამაზე კარგი არაფერი გამიკეთებია, ოთხი შვილი რომ გავაჩინე. ეს ყველაზე დიდი განძი და მონაპოვარია. რა ცისანა სეფიაშვილი, რა ტელევიზიაში გადაცემის წამყვანი, რა ცნობადი სახე, თეატრალური, ასპირანტურა თუ „ჯიპა“, ეს არაფერია, ყველაზე ძვირფასი ჩემთვის დედობის სტატუსია. ზოგადად, უკან რომ დამაბრუნოთ, ცხოვრებაში ბევრ რამეს შევცვლიდი. რაღაცებზე არ ვინერვიულებდი, ჩემს პირად სივრცეს უფრო დავიცავდი, ყველასთან ბოლომდე არ გავიხსენებოდი. არ მჯეროდა, რომ ბოროტება, ბოღმა და შური არსებობდა. მეგონა, როგორც მე ვერ მოვექცეოდი ადამიანებს, სხვებიც ასეთები იქნებოდნენ. ჩემი მშობლები ყველანაირ ცუდს მარიდებდნენ და უცებ, მოწმენდილ ცაზე ბევრჯერ შემაზანზარა ცხოვრებამ. მართალია, ამ ყველაფერმა გამოცდილება მომიტანა, მაგრამ იყო ტკივილიც. ახლა კი იმ ასაკში ვარ, როცა სიმშვიდეს განვიცდი, ბალანსი წამოვიდა, ჩემი პირადი სივრცე დაცულია. როცა არ ველოდები და რაიმე ხდება, ეს ჩემი ხასიათის ბრალია, ზედმეტად მიმნდობი ვარ. რისი გამკეთებელიც და ჩამდენიც არ ვარ მე, მჯერა, სხვა არ გამიკეთებს და არ ჩაიდენს და აქ ვცდები. ასე რომ, ახლანდელი გადმოსახედიდან, ძალიან ბევრ რამეს შევცდლიდი ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, ცუდად რომ გვექცევიან, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ ვაძლევთ უფლებას ადამიანებს, ასე მოგვექცნენ. წლების გამოცდილებამ და ყოველმა მომატებულმა წელმა მომიტანა ბალანსი, სიმშვიდე, თავდაჯერებულობა, ბედნიერება, შინაგანი ზრდა. წლები არ მაშინებს, ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ამ ცხოვრებაში ჩემი ადგილი უკვე ვნახე. რაც გადასატანი იყო, გადავიტანე, ცხოვრებისეული გამოცდებიც ჩავაბარე და ახლა ოჯახური იდილიითა და საკუთარი ცხოვრებიდან მიღებული გამოცდილებით მშვიდად და წყნარად ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი