შოუბიზნესი

ციაკო ფიფია: ვანო ჯავახიშვილმა რომ მითხრა, გაკვირდებითო, ერთი კვირა ფეხები მიცახცახებდა

№3

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 26.01, 2021 წელი

ციაკო ფიფია
დაკოპირებულია

ახლახან „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სამი საოცარი გოგო გვყავს, მართლაც. წარმოუდგენლად მაგარი! ხოდა, რო ვხევთ ამ ყველაზე მაგარი გოგოებით გადაცემას ახალ სეზონზე, მერე გვიყურეთ!“. ის სამი გოგონა, რომელზეც ნიკა წერს, არიან თამუნა ლეკვეიშვილი, თათია სულუაშვილი და ციაკო ფიფია - „ახალი შაბათის შოუს“, ყველასთვის საყვარელი იუმორისტი მსახიობები. 

რასაკვირველია, საზოგადოებაში ინტერესი გამოიწვია იმან, თუ რა ფორმატის გადაცემაში ვიხილავთ მათ მომავალში და როდის. „თბილისელები“ „ახალი შაბათის შოუს“ მსახიობ ციაკო ფიფიას დაუკავშირდა და პირად ამბებთან ერთად, მომავალ გადაცემაზეც გაესაუბრეა.

ციაკო ფიფია: სანამ საზოგადოება გამიცნობდა, მიმიღებდა და ყურადღების ცენტრში აღვმოვჩნებოდი, როგორც ყველა სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გოგონა, ისე ვცხოვრობდი. მაგრამ ძალიან აქტიური ვიყავი და ცოცხალი ცხოვრება მიყვარდა. ახლა, ცოტა კორონამ დამიქვეითა აქტიურობა. სულ მინდოდა და ვოცნებობდი მსახიობობაზე, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, ბაბუაჩემმა, რომელიც იყო დეკანი, ისტორიკოსი, დოქტორი და ბუნებით არისტოკრატი კაცი, მთხოვა, თეარტალურში არ ჩააბაროო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ არ უნდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი. მის სიტყვას დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რის გამო არ უნდოდა ჩემი მსახიობობა. მისი თხოვნა გავითვალისწინე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე. ანუ, უდიპლომო მსახიობი და დიპლომიანი ეკოლოგი ვარ (იცინის).
– თეატრალურ და სატელევიზიო სფეროში როგორ მოხვდი?
– მეთერთმეტე კლასში რომ ვიყავი, იდგმებოდა სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. სკოლაში ქასთინგი გამოცხადდა. რადგან სამსახიობო ნიჭი მქონდა, მივედი, გავიარე ქასთინგი და მთავარ, ნინიკოს როლზე დამამტკიცეს. სრული შოკი მქონდა, არ ველოდი, გადავირიე. ეს როლი ხორავას სახელობის თეატრში ვითამაშე და მას შემდეგ ყველა მეუბნებოდა, შენ რომ თეატრალურზე არ ჩააბარო, არ ვიცით, რას გიზამთო (იცინის). მოკლედ, ბაბუას თხოვნით, ავცდი სამსახიობოს, მაგრამ ნიჭი ვერ დავმალე (იცინის). სოხუმის უნივერსიტეტში თვითმმართველობაში მოვხვდი, შემდეგ „მანსანკანის“ გუნდის არჩევა მოხდა და იქ ამიყვანეს. გუნდს „ელარჯი“ერქვა და იქ დაიწყო ჩემი „მანსანკანური“ ცხოვრება. იუმორისტულ გადაცემებშიც ვიღებდი მონაწილეობას. არ დამავიწყდება, ამ პერიოდში, გამოჩნდა სამსახური განათლების სამინისტროში, დედამ მთხოვა, გაიარე პატარა კურსი და დასაქმდიო. გეფიცებით, ვლოცულობდი, იქნებ არ მოვხვდე-მეთქი (იცინის). სულ ვამბობ: მე არ ვარ საბუთების გოგო, მიმიშვით მიკროფონთან! (იცინის) ზუსტად ვიცოდი, სადღაც, ვიღაც შემამჩნევდა და დააფასებდა ჩემს სამსახიობო მონაცემებს.
– და, ვინ იყო ის, ვინც შენი სამსახიობო ნიჭი დაინახა და დააფასა?
– „მანსანკანს“ რომ ვთამაშობდი, ჟიურის წევრები ვანო ჯავახიშვილი და ალეკო მალხაზიშვილი იყვნენ. ვანომ რომ მითხრა, გაკვირდებითო, ერთი კვირა ფეხები მიცახცახებდა (იცინის), იმდენად წარმოუდგენლად მიმაჩნდა ჩემი თავი „კომედი შოუში“, რასაც ბავშვობიდან ვუყურებდი და ველოდებოდი, თან, თამუნას და თათიას ფანი ვიყავი. ჩემთვის სულუაშვილი-ლეკვეიშვილი ვარსკვლავები იყვნენ და მათ გვერდით თუ დავდგებოდი და მერე ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდებოდნენ, ამას როგორ წარმოვიდგენდი? (იცინის) ისე თბილად მიმიღეს გოგონებმა, ისე გამიმართლა, მათ რომ შევხვდი... რომ არა ისინი, დღეს ასეთი გახსნილი ვერ ვიქნებოდი. ძალიან დამეხმარნენ და გვერდით დამიდგნენ. დღეს თამუნაც და თათიაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სხვათა შორის, ბაბუამ პირველად რომ დამინახა ეკრანზე, მერე გამომიტყდა, ახალგაზრდობაში „კავეენი“ მეც მაქვს ნათამაშები. ჩემი ნიჭი გამოგყვაო (იცინის). ფიზიკურად არ ვგავარ ბაბუას, მაგრამ ხელოვნების სიყვარული ნამდვილად მისგან დამყვა გენეტიკურად.
– ახლახან, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დააანონსა, რომ სულ მალე, ამ არხზე მაგარ გოგონებთან ერთად მაგარ გადაცემას „ხევს“. მაგარ გოგონებში თათია სულუაშვილი, თამუნა ლეკვეიშვილი და შენ, ციაკო ფიფია იგულისხმა. რა გადაცემაზეა საუბარი, როდის ჩაეშვება სატელევიზიო სივრცეში და რა ფორმატია?
– ამ გადაცემაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ჩვენც ნიკა გვარამიას პოსტიდან გავიგეთ. თავად გადაწყვიტა, რომ ახალი გადაცემა გააკეთოს, ჩვენი იმედი აქვს და იმედია, ამ იმედებს გავამართლებთ. სავარაუდოდ, იუმორისტული გადაცემა იქნება, რადგან სერიოზულ გადაცემაში ჩემი თავი არ წარმომიდგენია (იცინის). ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასე გენდობიან. იმედი მაქვს, ნიკასა და მაყურებლის იმედს გავამართლებთ მეც, თათიაც და თამუნაც. ფორმატი ჯერ დაზუსტებით არ ვიცი. როცა ნიკამ პოსტი დაწერა, გოგოებმა ჩატში დავიწყეთ მიმოწერა, რა ხდებაო? (იცინის) გავოგნდით, გაგვიხარდა, გავოცდით – ყველანაირი ემოცია ერთად წამოვიდა. ასე რომ, ამ გადაცემაზე ჯერ არ გვისაუბრია. სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის იგეგმება სატელევიზიო სივრცეში გამოჩენა. ძველით ახალი წლის შემდეგ გავდივართ სამსახურში. საახალწლო არდადეგების დამთავრებისა და ახალი სეზონის გახსნის შემდეგ ყველაფერი დაზუსტებით გვეცოდინება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი