შოუბიზნესი

ტოვებს თუ არა გია ჯაჯანიძე „იმედს“ და რას მიეძღვნება მისი ახალი გადაცემა

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 05.04

გია ჯაჯანიძე
დაკოპირებულია

გია ჯაჯანიძე ახალ გადაცემას იწყებს, სახელწოდებით – „ადამიანი“, თუმცა, ამბობს, რომ არხს, რომელზეც ის ეთერში გავა, სიურპრიზად ტოვებს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სატელევიზიო სივრცისთვის უცხოა ერთი წამყვანი პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა არხთან თანამშრომლობდეს, მაყურებელში გაჩნდა კითხვა – ტოვებს თუ არა გია ჯაჯანიძე ტელეკომპანია „იმედს“?

გია ჯაჯანიძე: „სხვა რაკურსი“ უცვლელად გავა „იმედზე“, მას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ახალ გადაცემას, მას მალე დავიწყებთ. დაახლოებით, ოცი წლის წინ მქონდა გადაცემა, სახელწოდებით – „ადამიანი“ და მისი გაცოცხლება გადავწყვიტე, რადგან ძალიან საინტერესო იყო. ეს იქნება გადაცემა ყველაფერზე, რასაც ადამიანი აკეთებს, რაზეც ფიქრობს და რა ძალებსაც ფლობს. ზოგჯერ ადამიანის საქციელს აფასებენ, როგორც „არაადამიანურს“, მაგრამ რადგან მას ადამიანი სჩადის, ესე იგი, მასში ზის და ადამიანურიცაა. ამიტომ ვისაუბრებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ სწორად, ვაჩვენებთ ისეთი ადამიანის ცხოვრებასაც, რომელიც მოგვცემს იმის მაგალითს, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ. დღეს ადამიანურობის, სიყვარულისა და ურთიერთობების კრიზისი გვაქვს და ეს გადაცემა ამ კრიზისის საწინააღმდეგოდ იმუშავებს. რელიგიურ დღესასწაულებზე ტაძრები სავსეა მორწმუნეებით, მეორე დღეს ვინ სჩადის ბოროტებას?! ის ადამიანები მეტად საუბრობენ სიკეთეზე, ვინც ბევრ ცუდს აკეთებს. ბევრი ვერც ხვდება, რომ ბოროტებას სჩადის. ხშირად გვეყოლება გადაცემაში ფსიქოლოგი, ბევრს ვიმსჯელებთ ჩვენი ქცევების მიზეზებზე და ადამიანებს მოვემსახურებით.

– საკუთარი ცხოვრებიდან არასწორი ქცევის მაგალითების მოყვანა და იმის ხაზგასმა, რომ ასე არ უნდა მოიქცე, რესპონდენტებისთვის რთული არ იქნება?

– ძალიან ბევრი ადამიანი ვიპოვე, ვინც თავის შეცდომებზე მოყვება. მაყურებელი მიჩვეულია გადაცემებში გაჭირვებული ადამიანების ისტორიების მოსმენას. რამ მიიყვანა გაჭირვებამდე? – ძალიან ხშირად არასწორმა დამოკიდებულებებმა, არასწორმა ამბებმა. ადამიანები თვითონ უნდა მიხვდნენ, ვინ, სად და რა შეცდომა დაუშვა. მარტო ისტორიების მოყოლით კი არ დავკმაყოფილდებით, აქ იქნება ჩაძიება: რატომ მოხდა ასე, საიდან დაიწყო ყველაფერი? თუ სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრით გამართლების შესახებ აღვნიშნავთ, რატომ არ შეიძლება, არასწორ ადგილას, არასწორ დროს მოხვედრამ გამოიწვიოს ჩვენს ცხოვრებაში ესა თუ ის ცუდი ქმედება? უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყველა ოცნებასა და ჩანაფიქრს აქვს თავისი წესი. შეიძლება, ისე არასწორად ჩაიფიქრო, რომ საკუთარმა ოცნებამ დაგღუპოს. ამერიკაში ვინც კი ჯეკპოტი მოიგო, ყველამ ცუდად წარმართა ამ თანხის ბედი, რადგან ისინი მზად არ იყვნენ ამისთვის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენივე სურვილის შესასრულებლად. ძალიან ბევრი ახალგაზრდა აკეთებს პროექტებს, სხვადასხვა გადაცემებს, მაგრამ მალე მთავრდება, რადგან ისინი მზად არ არიან ამისთვის. მერვე წელია, ჩემი გადაცემა ეთერში გადის. 50 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი დაიწყო. სანამ არ ვიგრძენი, რომ მზად ვიყავი და ყველაფერში ბოლომდე არ გავერკვიე, მანამდე არ გადავდგი ეს ნაბიჯი.

– მინდა, ასაკზე გავამახვილოთ ყურადღება, მით უმეტეს, რომ „გია ჯაჯანიძის ასაკი“ ხშირად დაგუგლვადი თემაა თქვენთან მიმართებაში.

– მალე სამოცი წლის გავხდები. თუ დაბადების წელს არ მეკითხებიან, ჩემს ასაკს ვერ აღვიქვამ. რომ მეფიქრა: ვაიმე, ორმოცდაათი წლის ვარ და ჩემთვის უკვე დაგვიანებულია სატელევიზიო პროექტის დაწყება–მეთქი, რა გამოვიდოდა? იმ დროს არც მახსოვდა, რამდენი წლის ვიყავი. გააზრებული არც მაქვს ჩემი ასაკი. თუ პროდუქტიული ხარ და ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას ფლობ, ასაკი არაფერ შუაშია. რამდენი ახალგაზრდის გადაცემა დაიხურა? მთავარია, მაყურებელმა მიიღოს შენი პროდუქტი.

– სად იქნება ახალი გადაცემა, „იმედზე“ თუ სხვა არხზე?

– ეგ სიურპრიზად დავტოვოთ. კოლეგიალურობას ვინარჩუნებ, ჩემი ნება არ არის ამის გამჟღავნება, თორემ დასამალი რა არის?

– გია ჯაჯანიძის შიშები – ესეც აინტერესებს ხალხს და აღმოჩნდა, რომ ინტერნეტსივრცეში ხშირად ეძებენ ინფორმაციას ამის შესახებ.

– ძალიან უშიშარი ადამიანი ვარ. მაგალითად, თუ გეშინია ავადმყოფობის, მოიქეცი ისე, რომ ჯანმრთელი იყო. მე ჯანსაღად ვცხოვრობ, თავს ვუფრთხილდები, სწორად ვიკვებები, ავტომობილს სწრაფად არ ვატარებ და ასე შემდეგ. არ მეშინია სიბნელის, ასაკის, სიბერის და საერთოდ, არაფრის მეშინია. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. გამოცდაზე გასვლის წინაც არასდროს მქონია შიში. ჩავიჭრები და ჩავიჭრები, მერე რა – ხომ არ მოვკვდები?! ილუზიაში არ ვცხოვრობ. ძალიან ჯანმრთელი ფსიქიკა მაქვს. დაახლოებით, ათი წელია, ადამიანებს ვასწავლი, როგორ აკონტროლონ ემოციები. თუ ამას გააკეთებ, ყოველთვის გაიმარჯვებ და წარმატებული იქნები. ეს არ არის რთული, მთავარია, ლოდინი შეგეძლოს. მე არასდროს გადამიდგამს ნაჩქარევი ნაბიჯი. არასდროს მიბრძოლია წარმატებისთვის. ყველაფერი თავისით მოდის, იმიტომ, რომ ემოციებს ვმართავ და სწორი დამოკიდებულება მაქვს ადამიანების მიმართ. ჩემი ცნობიერებიდან ამოკვეთილია შურის ფენომენი, რადგან გააზრებული მაქვს, რომ თქვენი ნიჭი, დიდძალი ქონება, სილამაზე თუ ასე შემდეგ, ვერასდროს გახდება ჩემი. ასეა დაშვებული ზემოდან და კიდევ შურით დავინგრევ ჯანმრთელობას?! თუ ბოლომდე გააცნობიერებ, რომ ყველას ჩვენი მისია გვაქვს მონიჭებული, შური გაქრება.

– გია ჯაჯანიძის ცოლები – თქვენთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ამ ინფორმაციას გუგლავენ. როგორ მოხდა ისე, რომ რამდენჯერმე იქორწინეთ?

– როცა ყოფილ მეუღლეებზე ვსაუბრობ, არასდროს ვიწყებ თავის მართლებას. 17 წლის ვიყავი, პირველად რომ ცოლი მოვიყვანე და მაშინ ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდი. არ მქონდა პასუხისმგებლობა ოჯახზე, ვერ აღვიქვამდი ოჯახურ ტრადიციებს და ჩემი უცოდინრობა და დამოკიდებულება მათ ვერ მიიღეს. თუმცა იმდენად ბუნებრივად ხდებოდა – შემიყვარდა, მოვიყვანე, განელდა და დამთავრდა, რომ დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთად რომ გვნახოთ, ვერც მიხვდებით, რომ ჩემი ყოფილი ცოლი იყო. ამ გადმოსახედიდან უფრო წინ ადამიანობას ვაყენებ, ვიდრე იმ გრძნობას, რომელიც ოდესღაც ჩვენ შორის იყო. ვერ წარმომიდგენია, ადამიანთან თანაცხოვრების შემდეგ დავდგე და ვლანძღო. მერე რა, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. მტრობა და ცილისწამება ჩემთვის ძალიან უცხოა, ჩემს შემთხვევაში ყველაფერი მართლა იდეალურად იყო. თუ ადამიანი მართლა შენი მეორე ნახევარია, იქ არ ხდება დაცილება, თუ შენი არ არის, იქ პატარა განხეთქილება და... უკვე აღარ ხართ ერთად. ერთი 79 წლის რესპონდენტი მეუბნებოდა, ჩემი ქმარი რომ კიბეებზე ამოდის, ისეთი გულისცემა მეწყება, როგორიც მასთან პირველი შეხვედრისას მქონდაო. გამართლება, ბედისწერა, კარმა – ყველაფერი ერთად თამაშობს როლს.

– როგორ აისახება რამდენიმე ოჯახის დანგრევა ადამიანის ემოციებზე?

– მე დავიბადე მხიარული. მუდმივად კარგ ხასიათზე ვარ. არასდროს არცერთ დღესასწაულს არ აღვნიშნავ, არც ჩემს დაბადების დღეს და არც ახალ წელს. ყოველი დილა რომ თენდება, გულში ტაშ-ფანდური მეწყება და ბედნიერი ვარ. ის, რომ მოგიყვეთ, რა მოხდა ჩემში, მაშინ როცა მეუღლეს დავცილდი, არ იქნება გულწრფელი. 25 წლის ვიყავი, მესამე ცოლს რომ დავშორდი და მართლა აღარ მახსოვს მაშინდელი ემოციები. თუ ჩემი ცხოვრების წესით ვიმსჯელებით, ამას ჩემში მძიმე კვალი არ დაუტოვებია ან თუ ასე მოხდა, ძალიან მალე აღდგა ის პატარა ემოციური ჩავარდნები. შეიძლება, იმ დროს დიდი იყო, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ პატარაა. გულწრფელი ვარ, არ მინდა, მოგონება დავიწყო, თითქოს ჩემს გრძნობებს ისეთი დარტყმა მიადგა, რომ მერე ძნელად მიყვარდებოდა. ასე რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება შეყვარებული ხომ აღარ ვიქნებოდი!?

– გია ჯაჯანიძის სიზმრები – ესეც ინტერესის საგანია. როგორი დამოკიდებულება გაქვთ სიზმრების სამყაროსთან?

– არასოდეს ამხდენია სიზმარი. ჩემი და სიზმრების დამოკიდებულება არის საოცარი. ძალიან მიყვარს დაძინების პროცესი, იმიტომ, რომ დილამდე ხუთ-ექვს სიზმარს ვხედავ, რომელთა სიუჟეტები მოკლემეტრაჟიან ლამაზ ფილმს მაგონებს. თუმცა არის ერთი სიზმარი, რომელიც წელიწადში ათჯერ მაინც მესიზმრება და ეს ასეა მთელი ცხოვრება. ამ სიზმარში, გზაზე მოვდივარ და ვხედავ ბევრ ხალხს, დავკრავ ცალ ფეხს, ჰაერში ვიწევი და ფრენას ვიწყებ. თუ ხალხი არის, მინდება ფრენა, მაგრამ მათ გარეშე არ გამომდის. როგორც კი ხალხი გამოჩნდება, ფრენას ვიწყებ. იცით, როგორ ავხსენი ეს სიზმარი? მე როცა მარტო ვარ, თითქოს მოწყენილი ვარ და ხალხი, რომლის დანახვისასაც ფრენას ვიწყებ, თურმე, ჩემი მაყურებელი ყოფილა. როცა მაყურებელი ჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ ვიწყებდი ფრენას სიზმარში. მგონი, ეს ერთადერთი სიზმარია, რომელიც წლებია, მესიზმრება და ამიხდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

3-9 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის ჰოროსკოპი 3-9 მაისი