შოუბიზნესი

თიკო ჩხეიძე: როცა ჩემი კარიერა პიკში იყო, ოჯახი ავირჩიე და გავთხოვდი

№21

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 27.05

თიკო ჩეიძე
დაკოპირებულია

რამდენად იღბლიანი და მშრომელი ადამიანია მოდელი თიკო ჩხეიძე, რას ნიშნავს მისთვის წარმატება და რა წარმართავს მის ცხოვრებას, ამას მისგან შევიტყობთ.

თიკო ჩხეიძე: არ ვიცი, რამდენად იღბლიანი ადამიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ არ წავიდა ისე, როგორც უნდა წასულიყო, არ მიმაჩნია, რომ უიღბლო ვარ და მიუხედავად იმისა, რაც თავს გადამხდა, მაინც ვფიქრობ, რომ საკმაოდ იღბლიანი ვარ.

– საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენილხართ?

– ძალიან ბევრჯერ აღმოვჩენილვარ საჭირო დროს საჭირო ადგილას, მაგრამ რატომღაც სულ მაქვს განცდა, რომ მოცემული შანსები არასდროს გამომიყენებია. ძალიან ხშირად ვარ სიტუაციაში, რომელიც ბევრი შანსის გამოყენების საშუალებას მაძლევს, მაგრამ ისე არ ვიყენებ მოცემულ მდგომარეობას, როგორც ალბათ, სხვა გამოიყენებდა.

საერთოდ, წარმატება და მიღწევა ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის. მე ჩვეულებრივად მივყვები ცხოვრებას. არ ვარ ზედმეტად ამბიციური. კონკრეტული მიზნისკენ არასდროს მივლია, ყოველთვის თავისით და ბუნებრივად მომდიოდა გარკვეული შანსები და იმასაც არ მივყვებოდი ბოლომდე. ისე ვიზრდებოდი, რომ რაც ოცნებებში მქონდა, ყველა ფეხის ნაბიჯზე ბუნებრივად მიხდებოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, საქმე კარიერას ეხებოდა თუ მეგობრებს. არც მიფიქრია, რომ რაღაც ოცნებები ბრძოლით უნდა ამეხდინა, დინამიკაში ყველაფერი თავისთავად ვითარდებოდა.

– თიკოსთვის რას ნიშნავს წარმატება?

– პირველ რიგში, კომფორტულად ყოფნა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ხარ, იქნება ეს საქმე, სამეგობრო თუ ოჯახი. როცა შენს გარემოში სრულფასოვანი ხარ, მაშინ ხარ წარმატებული. თუ თავს ჰარმონიულად და ბედნიერად გრძნობ იმ წუთით, რომელშიც ცხოვრობ, მაშინ ხარ ბედნიერი. ჩემთვის ეს არის წარმატება და არა დიდი მიზნების დასახვა და მისი მიღწევა. როცა კონკრეტულ მიზნამდე მიდიხარ, განსაკუთრებული აღტაცება გიპყრობს, ხოლო როცა სასურველ შედეგამდე მიხვალ, უნდა იგრძნო, რომ ბედნიერი ხარ – ეს არის წარმატება, თუმცა ისეც ხდება, რომ სასურველ მიზანს მიაღწევ, მაგრამ ეს განცდა არ გაქვს. ეს ნიშნავს, რომ ტყუილად დახარჯე ამდენი დრო და ენერგია და სხვა გზები უნდა მოძებნო. ამიტომ ჯობს, უბრალოდ იცხოვრო.

– ესე იგი, საკუთარ თავს კონკრეტულ მიზნებს არ უსახავთ.

– ადრე ვუსახავდი კიდეც, მაგრამ სანამ ჩემს მიზნამდე მივალ, გზაზე შეიძლება, სრულიად შემეცვალოს წარმოდგენები, სურვილები და რაც ადრე მეჩვენებოდა პრიორიტეტად, დრო რომ გავა, ასეთად აღარ ჩავთვალო. ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანი დროსთან ერთად ვითარდება. ასეა საქმეში, ურთიერთობებში და საერთოდ ყველაფერში. ცხოვრებაც ეს არის – პროცესი და თუ პროცესში ხარ, მაშინ მას ნორმალურად მიჰყვები. თუ ისევ ისე ფიქრობ და მოქმედებ, როგორც მაგალითად, ათი წლის წინ, ალბათ, დისბალანსში მოხვალ ცხოვრებასთან.

– დღეს სოციუმი უამრავ „წარმატების ფორმულას“ გვაწვდის. ამ დროს შენ თუ რაღაც მათსავით არ გამოგდის, ეს არ გთრგუნავს ადამიანს?

– ყველა ადამიანი თავის ცხოვრებით, რიტმითა და მოცემულობით ცხოვრობს. ამიტომ სხვისი დაშტამპული მაგალითები ვერანაირად ვერ განაპირობებს შენს ბედნიერებას. თუ სხვისი ცხოვრების წესიდან რაღაცები მოგწონს, შეიძლება, მოტივაციად აიღო, მაგრამ ის აუცილებლად შენს ცხოვრებას უნდა მოარგო, პირდაპირ სხვისი წესებით ვერ იცხოვრებ. დრომ მიმახვედრა, რომ ადამიანმა რესურსი ტყუილ მცდელობებზე არ უნდა დახარჯოს, ანუ სხვისი ყურებით და სხვისი მაგალითებით ცხოვრება არ არის ეფექტური. შენი საჭიროებები უნდა გაიაზრო და შენი რესურსების მიხედვით უნდა დაგეგმო ყოველდღიურობა. მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებიდან და ოჯახური პირობებიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ, ასე ბევრად უფრო ჰარმონიულები ვიქნებით და ბევრად მეტსაც შევძლებთ, ვიდრე ვიღაცას ვუყუროთ, კერპად გავიხადოთ მისი ცხოვრების წესი და თუ მას ვერ ვეწევით, ამის გამო დავითრგუნოთ.

– ოჯახი თუ კარიერა...

– წლების წინ ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ეს კითხვა დავსვი – ოჯახი ან კარიერა. ეს მაშინ მოხდა, როცა ჩემი კარიერა პიკში იყო. ოჯახი ავირჩიე და გავთხოვდი. მოცემულობა ასეთი გვქონდა, მეუღლე საზღვარგარეთ თამაშობდა. ორივეს ისეთი კარიერა გვქონდა, დიდ ჩართულობას და აქტიურობას მოითხოვდა და ამიტომ რომელიმეს უნდა დაგვეთმო. სიყვარული ისეთი გრძნობაა, სხვა ყველაფერს ბინდი ეფარება, ამიტომ მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამჭირვებია. თუმცა, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო, შეიძლებოდა, ერთიც ყოფილიყო და მეორეც. თუმცა, არასდროს ვნანობ წარსულის გადაწყვეტილებებს. ყოველთვის შეგიძლია იქიდან დაიწყო, სადაც გაჩერდი და შენს საქმეშიც ბედნიერი იყო.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ყველაფერს ვახერხებ, ოჯახშიც და კარიერაშიც. მთელი დღე გადარბენაზე ვარ, მაგრამ როდესაც ორივე ერთადაა, ალბათ, უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, მეტი მოტივაციაც გაქვს, ტვინიც აქტიურად მუშაობს და პროცესიც მიდის, რაც მუდმივ სიახლეებს გულისხმობს. ეს შეუქცევადი პროცესია, რომელსაც სიამოვნებით მიყვები.

– რამდენად შრომისმოყვარე ადამიანი ხართ?

– არც ძალიან ზარმაცი ვარ და არც მუხლჩაუხრელად მშრომელი. ჩემი მოცემულობიდან გამომდინარე, მაქსიმუმს ვცდილობ. ძალიან ხშირ შემთხვევაში, მეტი შემართებისთვის მოტივაცია მჭირდება ახლობლის თუ მეგობრის მხრიდან. თუ ვინმეს რამეში ვჭირდები, მაშინ ასი პროცენტით ვიხარჯები. გარკვეულ საკითხებში ინიციატორიც ვარ, მაგრამ საერთო ჯამში, უფრო მოტივაციის მოცემა მჭირდება.

– როდის აძლევთ თავს სიზარმაცის უფლებას?

– როცა გაციებული ან სხვა მიზეზით ვარ ავად (იცინის). სხვა შემთხვევაში არ ვისვენებ. საქმე რომც არ მქონდეს, რაღაცას გამოვძებნი და გავაკეთებ. ყოველთვის პროცესში ვარ.

– დიასახლისი თიკო როგორია?

– დედა ცხოვრობს ჩემთან და ძალიან მეხმარება. თუმცა, როცა სახლში ვარ, მეც ვაკეთებ საქმეს, გარეთ ვარ, გარეთ ვაკეთებ. რაც შემიძლია, მართლა ყველაფერს ვაკეთებ. დალაგებაა თუ სხვა პროცესები, ყველაფერში ჩართული ვარ, თუმცა, საშინლად არ მიყვარს კერძების მომზადება. რომ ვაკეთებ, ყველა მეუბნება, გემრიელია და გეხვეწები, კიდევ გააკეთეო, მაგრამ არ მიყვარს ეს პროცესი. მხოლოდ ზღვის პროდუქტების მომზადება მაქვს ჩემს თავზე აღებული. რაღაც პერიოდი მალტაზე ვცხოვრობდით და ამას იქ მივეჩვიე. ბავშვების საკვებს რაც შეეხება, ეს თავისთავად, განხილვის გარეშე ვამზადებ.

– რამდენად იღბლიანი ხართ ადამიანებში?

– შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩემი ცხოვრება, რაშიც ყველაზე მეტად მიმართლებს, ეს ჩემ გვერდით მყოფი ადამიანები არიან. ჩემი მეგობრები არიან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის ისინი ნათესავებზე უფრო ახლობელი ადამიანები არიან. შეიძლება, ეს სიტყვები ვინმესთვის ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედო, ჩემ გვერდით ჩემი მეგობრები უფრო დგანან, ვიდრე სხვები და ეს ყოველთვის ასე იყო.

– რამდენად მზრუნველი ხართ საკუთარი თავის მიმართ?

– მგონი, რომ არანაირად არ ვარ. არ მიყვარს დროის საკუთარი თავისთვის დათმობა. სადმე თუ მივდივარ, თავს მოვიწესრიგებ, დილით რომ ვდგები, რა თქმა უნდა, ვწესრიგდები, ანუ ელემენტარულზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ მასაჟზე წავიდე, სახის პროცედურები ჩავიტარო და ასე შემდეგ, რაც დღეს ძალიან აქტუალურია, ჩემგან შორსაა (იცინის). მგონია, რომ სალონში გატარებული დრო დაკარგულია. ეს არ არის კარგი, ცუდია და ვცდილობ, გამოვასწორო, მაგრამ მგონი, ყველაფერს ვასწორებ ამის გარდა (იცინის). დრო, რომელიც შეიძლება, საკუთარ თავს დავუთმო, მგონია, რომ ყველას მოაკლდება. სულ ვფიქრობ, რომ ჯერ ყველა სხვა საქმე უნდა მოვაგვარო და ამით მერე დავკავდე. ეს არ არის სწორი, რადგან დრო გარბის და მერე რაღაცებს ვერ გამოასწორებ. რეალურად, რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ საკუთარ თავს, მით მეტი დრო გამოგითავისუფლდება და სხვა საქმეებსაც გადასარევად მოაგვარებ. ყოფილა პერიოდები, რომ ასეც მოვქცეულვარ, მაგრამ ძალიან იშვიათად.

– კვებას და ვარჯიშს რაც შეეხება?

– ვარჯიშს ვიწყებ მთელი ცხოვრება. ადრე ვამბობდი, რომ ორშაბათიდან ვიწყებდი, მაგრამ ისე მალე მოდიოდა ორშაბათი, რომ შევცვალე ტაქტიკა და ვარჯიშის დაწყება აგარაკიდან თბილისში დაბრუნებისთვის, ანუ, სექტემბრისთვის გადავდე. ახლა უკვე ორი წელია, ამას ვამბობ (იცინის). მთელი ცხოვრება მართლა ასე ვარ. არადა, რაღაც პერიოდი გენეტიკა გიწყობს ხელს, მაგრამ მერე შენ თვითონაც თუ არ მიეხმარები ორგანიზმს, ეს აუცილებლად აისახება ჯანმრთელობაზე.

– მეუღლის ცხოვრებაში დიდი დოზითაა სპორტი და ამანაც ვერ მოახდინა გავლენა?

– მეუღლე ყოველდღე ვარჯიშობს და მეც სულ მეუბნება, ამ პროცესში ჩავერთო. მეც ვიწყებ, ვანებებ, ვიწყებ, ისევ ვანებებ. მგონი, ვარჯიში ჩემი ბავშვობის ტრავმაა. რაც სააგენტოში მავარჯიშეს, მას შემდეგ ვისვენებ (იცინის).

კვებას რაც შეეხება, მართლა ვცდილობ, ჯანსაღად ვჭამო. დედა აქცევს ამას განსაკუთრებულ ყურადღებას. ბაღი გვაქვს, სადაც ნატურალური პროდუქტები მოჰყავს, რომ რაღაც დოზით მაინც ჯანსაღი ბოსტნეული და ვიტამაინები მივიღოთ. „ფასთ ფუდი“ და ბურგერები ისედაც არ მიყვარს. იშვიათად, თუ ყველა მიირთმევს, მეც არ გამოვიდებ თავს, მაგრამ ეს რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება. ასე რომ, კვების მხრივ ასე თუ ისე, ბალანსს ვიცავ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი