ირმა სოხაძე: უარს ვამბობდი უცხოეთში ხანგრძლივ და ხშირ გასტროლებზე, ვინც არ ამბობდა, უმეტესობას ოჯახი დაენგრა
ავტორი: ნონა დათეშიძე 49 წუთის წინ
მომღერალ ირმა სოხაძეს ბევრჯერ ჰქონდა შემოთავაზება, კარიერა უცხოეთში გაეგრძლებინა, სადაც მას საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობდნენ. თუმცა, როგორც თავად ამბობს, იმდენად მიჯაჭვულია თავის ქვეყანაზე, იმდენად უყვარს თბილისი და ის გარემო, სადაც დაიბადა და გაიზარდა, უცხო მხარეში ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
ირმა სოხაძე: ადამიანმა საკუთარი ცხოვრება თუ შეიძლება, შეაფასოს, ნამდვილად ძალიან ფერადი და ლამაზი ცხოვრება მქონდა. სამყაროსა და ღმერთის მიმართ მადლობის მეტი არც მითქვამს და არც მაქვს სათქმელი. მეტი რა შეიძლება, ადამიანმა ინატრო, როცა ყველა ახალობელი კარგად ჰყავს, თავადაც, ასაკთან შედარებით, ჯანმრთელად და მხნედაა, კიდევ ბევრი რამის გაკეთება უნდა და შეუძლია. ეს, უდავოდ, ძალიან დიდი ღვთის წყალობაა და ამიტომ იმ ფერებისა და ბგერების, რაც ჩემი ცხოვრების გზაზე იყო, უსაზღვროდ მადლიერი ვარ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანი სამყაროსგან მოწყვეტილი ვერ არის, მე კარგად ვარ და დანარჩენი მეწყერს წაუღია, ვერ ვიტყვი. სხვადასხვა პერიოდში და არა მარტო ახლა, ჩვენს და საზოგადო ცხოვრებას სირთულეები ახლავს, ქვეყნის განვითარების, წინსვლის შეფერხებებს და უსამართლობებს აქვს ადგილი, ამას ზოგადად ვამბობ. ეს, რასაკვირელია, კვალს ტოვებს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე, ხასიათზე, ცხოვრების ხარისხზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება, უკეთესად ყოფილიყო. რაც თავი მახსოვს, ქვეყანას სულ რაღაც პრობლემა აქვს, ხან – ისეთი და ხან – ასეთი.
– არასოდეს გიფიქრიათ უცხოეთში კარიერის გაგრძელება ან შემოთავაზება თუ ყოფილა, რომ ამბობენ, შანსი, რომელიც ხელიდან გავუშვიო?
– როგორ არ ყოფილა იმის შანსი, უცხოეთში გამეგრძელებინა კარიერა. მაშინ უცხოეთი რუსეთი იყო და მილიონი შემოთავაზება მქონდა, ძალიან სერიოზული. სულ მეუბნებოდნენ: ჩამოდი და სასწაულ კონცერტებს გაგიკეთებთო. სოლო კონცერტებს მიგეგმავდნენ და სხვების „რასკრუტკას“ თუ სჭირდებოდა ნახევარი მილიონი, შენ საერთოდ არ დაგჭირდება არაფერიო. მაგრამ, არ შემეძლო აქედან წასვლა დიდი ხნით და საფუძვლიანად და კიდევ კარგი, არ წავედი. რომ დავთანხმებულიყავი და წავსულიყავი, ახალგაზრდობა რომ რუსეთში გამეტარებინა, ნამდვილად არ იქნებოდა სწორი. არ დავმალავ, ხანდახან კი ჩავდიოდი, დიდი კონცერტების მონაწილევ ვიყავი და სოლო კონცერტებიც მქონდა. თუმცა, მაშინ ჩვენ ერთი ქვეყანა ვიყავით, ბავშვობაში დისიდენტი ნამდვილად არ ვყოფილვარ, ვერ დავიბრალებ. ვცხოვრობდი ჩვეულებრივად, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვიყავი, მეგონა, ასე იყო საჭირო და ვცხოვრობდი, როგორც ყველა. მერე და მერე, რომ გავიგეთ, თურმე, ეს არ არის ერთადერთი გზა და ერთადერთი მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება, იყო ადამიანი, რა თქმა უნდა, სხვა პრიორიტეტები წამოვიდა. და, კიდევ ვამბობ, კიდევ კარგი, აქ დავრჩი და სხვაგან არ წავედი. ათი წლის ასაკში რომ ვიყავი პარიზში, დედაც იქ იყო და მამაც და რა თქმა უნდა, შეგვეძლო იქ დარჩენა, მაგრამ ეს იყო 1966 წელი და აზრადაც არ მოგვსვლია არ დაბრუნება. თუმცა, კიდევ ვამბობ, რასაკვირველია, შეიძლებოდა იქ კარიერის აწყობა. იმ წლებში კი დედას და მამას ეს აზრადაც არ მოუვიდოდათ – წამიყვანეს, ვიმღერე „ოლიმპიაში“ და წამომიყვანეს. რთული დრო იყო, პარიზში რომ გამიშვეს მშობლებთან ერთად, საკავშირო მინისტრის, ეკატერინა ფურცევას პირადი ბეჭდის დასმით და გადაწყვეტილების საფუძველზე, ესეც მიკვირს, როგორ გარისკეს და გააკეთეს რუსებმა. ამ ბოლო დროს, ჩემდა გასაკვირად, დაიწერა: როგორ მოხვდნენ ქართველი მომღერლები 1966 წელს „ოლიმპიაში“, როგორ გამოვიდნენ და იმღერესო. მე, რატომღაც, ვავიწყდები ყველას და მინდა მოკრძალებით შევახსენო: ძალიან დიდი აქცენტი იყო ჩემზე, რადგან 10 წლის ბავშვი ძალიან მომგებიანია რეკლამისთვის. „ოლიმპიის“ წინ ჩემი დიდი ბანერები იყო გამოკრული, ქალაქშიც და იყო რეკლამა აწყობილი იმაზე, როგორ მღერის 10 წლის ბავშვი „ოლიმპიის“ სცენაზე. მანამდე ასეთ პატარა ასაკში არავის ჰქონდა ნამღერი და სიმართლე გითხრათ, არც შემდეგ. ასე რომ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და სასიამოვნო გახსენებაა. მერეც ბევრჯერ მომიწია მამასთან ერთად უცხოეთში წასვლა, შემდეგ – მე და ჩემს მეუღლეს ბევრ ქვეყანაში ჩასვლა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია იქ დარჩენა რაიმე ფორმით და უცხო ქვეყანაში კარიერის გაგრძელება. ამას არც ვნანობ, რადგან არც საჭიროება ყოფილა დამიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მე ვცხოვრობ იქ, სადაც ჩემი ენერგეტიკული და საყვარელი ადგილია. ვგრძნობდი და ახლაც სულ ვგრძნობ, იმ სიყვარულს, რაც საზოგადოებიდან მოდის.
– ხშირი გასტროლები, კონცერტები, ჩაწერები... ყოველთვის ამ რეჟიმში გიწევდათ ცხოვრება. ბევრმა თქვენმა კოლეგამ კარიერის გამო ოჯახი დაანგრია. რა არის თქვენი და თქვენი მეუღლის, ბატონი რეზოს, ოჯახის იდილიისა და ამდენწლიან თანაცხოვრებაში, სიმშვიდის შენარჩუნების საიდუმლო?
– რაც გავთხოვდი, ათიდან ცხრა კონცერტსა და გასტროლზე, რომელიც შორ გზაზე იყო, უარს ვამბობდი. სულ სამი გასვლითი გასტროლი მახსენდება, როცა უარი არ მითქვამს. ვინც არ ამბობდა უარს უცხოეთში ხანგრძლივ და ხშირ გასტროლებზე, უმეტესობას დაენგრა ოჯახი და ვერ შეინარჩუნა, მე კი უარს ვამბობდი. არ გამოდის, სამი წელი ვიყო უცხოეთში, ჩემი მეუღლე – აქ, ოჯახი ერქვას და ურთიერთობა შენარჩუნდეს. მე ამის არც ნიჭი მაქვს და არც შემეძლო, ასე მოვქცეულიყავი. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა, ბავშვები და მეუღლე დამეტოვებინა და უცხოეთში წავსულიყავი, ამიტომ, მინიმალურად დავდიოდი სხვაგან და ჩემს ქვეყანაში ვიღებდი მონაწილეობას კონცერტებში. რა თქმა უნდა, იყო მომენეტები, როცა ხელს გიშლიან, ფეხს გიდებენ, ვიღაცას უნდა კონცერტიდან შენი ამოღება, მაგრამ გადავიტანე და არც არაფერი დამშავებია. დღეს, გარკვეულ კონცერტებზე თავად ვამბობ უარს და არ მინდა მღერა. როცა არ გემღერება და არ გეხალისება სიმღერა, იძულებული ხარ კატეგორიულად თქვა უარი. ასე რომ, იმის გამო, რომ ოჯახი შემენარჩუნებინა და საყვარელი ადამიანი მყოლოდა გვერდით, ხშირად მითქვამს უცხოეთში გასტროლზე უარი. შეიძლება, არც არის კარგი და მსახიობს და მომღერალს არ უნდა უხაროდეს, როცა არ უნდა ხშირი მოგზაურობა და უცხოეთში კონცერტზე უარს ამბობს, მაგრამ მე ასე ვიყავი, ვერ მოვიტყუები. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც ოჯახი შემანარჩუნებინა. ერთად ყოფნის გარეშე არ გამოდის ოჯახი – ეს ჩემი აზრია. ვფიქრობ, თუ ოჯახი ჰქვია, ერთად უნდა ზრდიდეთ ბავშვებს, ერთად უნდა გიხაროდეთ და ერთად გადალახოთ და გადაიტანოთ პრობლემა თუ ცხოვრებისეული ბარიერები. ამის გარეშე, ურთიერთობა ცივდება. ზოგადად, ოჯახურ ურთიერთობებს ათასი გრადაცია და მოდიფიკაცია ემუქრება და ზემოდან დამატებული კიდევ უფრო ამძაფრებს.
52 წელია, მე და რეზო ცოლ-ქმარი ვართ, ერთმანეთს კი 54 წელია, რაც ვიცნობთ. ბოლო წლებია, ვერიდებით თარიღების გრანდიოზულად აღნიშვნას. ისე გავხდი 70 წლის და რეზო 75-ის, დიდი დაბადების დღე არ გადავიხადეთ.
როცა რაღაცები არ არის საყოველთაო და საზეიმო, მოკრძალებულადაც შეიძლება, აღინიშნოს ის შენი 70 და 75 წლის იუბილე. გადავდეთ და კარგად რომ იქნება ყველაფერი, მერე ერთიანად ვიქეიფებთ (იცინის).
– ბატონი რეზო ახალგაზრდობაში საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო, თქვენ, ლამაზთან ერთად, საკმაოდ ცნობადი და საყვარელი მომღერალი, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ჰყავს. ეჭვიანობა თუ იყო?
– რეზო უსიმპათიურესი იყო და როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, ახალგაზრდობაში იყო ცოტა ეჭვიანი, ცოტა მესაკუთრე. ამიტომაც იყო, კი არ მიშლიდა ან მიკრძალავდა, თავად ვამბობდი უარს გასტროლებზე. მე ხომ ვიცოდი, რა სიამოვნებდა და რა სწყინდა, ამიტომ არ ვაკეთებდი იმას, რაც მის გაღიზიანებას გამოიწვევდა. თუმცა, გვისაყვედურია კიდეც ერთმანეთისთვის, გვიკამათია რაღაც საკითხებზე – ასეთებიც მომხდარა ახალგაზრდობაში. მე კი, შემიძლია დავიფიცო, არ ვიყავი ეჭვიანი. იმიტომ კი არა, ან მასში ვიყავი დარწმუნებული, ან ჩემში. დამიჯერეთ, ჩემს სიცოცხლეში არ შემიმოწმებია არც მისი პიჯაკისა და შარვლის ჯობე, არც ის, სად იყო ან ვისთან. არც მახსოვს, რაღაცაზე ავღელვებულიყავი, მიუხედავად იმისა, სულ სამეგობრო წრეში უწევდა ქეიფი და ამის გამო, შეუღლების პირველ წლებში სულ ეს იყო საკამათო: ვერ გავიგე, ჯერ მეგობრები და მერე ოჯახი, როგორ შეიძლება, როცა უკვე ოჯახი გყავს... მაგრამ, ასეთი იყო, ეს „მინუსი“ ჰქონდა (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





