ნინო ძოწენიძე: საოცარი ინტუიცია მაქვს, გიგა მეტყვის ხოლმე, კუდი ხომ არ გაქვსო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 57 წუთის წინ
იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელს რა წვლილი მიუძღვის მომღერალ ნინო ძოწენიძის წარმატებაში - ამაზე, საკუთარ კარიერაზე, შრომისმოყვარეობასა და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე ნინო გულწრფელად გვესაუბრა.
ნინო ძოწენიძე: ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იღბლის დამსახურებაა. იღბლიანი ვარ იმ კუთხით, რომ გარშემო ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი მყავს: მყავს შვილი, მაქვს ოჯახი და ეს ჩემთვის ყველაფერია.
კარიერულად თუ შევაფასებთ, აქ მხოლოდ იღბალს არასდროს დავლოდებივარ, რადგან ვიცი, რომ საქმეში შრომის გარეშე არაფერი გამოვა. პირადი, მეგობრული ურთიერთობები სხვა არის და ამ მხრივ, იმდენად იღბლიანი ვარ, რომ მგონი, ყველა კარგი ადამიანი ჩემი ახლობელი და მეგობარია.
პროფესიულად იღბლიანი არ ვარ, ყველაფერი შრომის დამსახურებაა. ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ბევრს ვაკეთებ ჩემი საქმისთვის, ბევრს ვწვალობ და ჩემს ცხოვრებაში გარკვეული მიღწევები მარტივად არ მოსულა. ალბათ, იღბალთან ერთად, ხასიათიც უნდა გქონდეს ისეთი, რომ მარტივად შეგეძლოს რაღაცების მიღება. მწვერვალებზე ასვლა ადვილი არ არის. რომ ვუყურებ ძალიან წარმატებულ ადამიანებს, ვხვდები, რომ ძალიან დიდ რისკებზე მიდიან – ეს კარგიცაა და ცუდიც. ზოგი უძლებს, ზოგი – ვერ. მე სადღაც შუაში ვარ. ვერიდები ინტრიგებსა და მსგავს სიტუაციებს, ამას ჩემი კომფორტისთვის ვაკეთებ.
იღბლიანი ვარ, რომ ღმერთმა განსაკუთრებული ნიჭი მომცა. ეს ნიჭი ჩემმა მშობლებმა აღმოაჩინეს ჩემში და გზა გამიკვალეს – გამიმართლა მათში. ბევრ მშობელს უნდოდა ჩვენს თაობაში, რომ მისი შვილი ექიმი ან იურისტი გამოსულიყო, მიუხედავად იმისა, რომ შვილებს სულ სხვა სურვილები ჰქონდათ. ჩემებისგან კი ყოველთვის სრულ მხარდაჭერას ვგრძნობდი. იმ გაჭირვებულ პერიოდშიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არაფერი მომკლებოდა.
– შრომისმოყვარეობა რა დოზით არის თქვენში?
– ძალიან შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ ახლა ცოტას ვიტყუები – ზარმაციც ვარ (იცინის). ზოგჯერ ძალიან მომაწვება ენთუზიაზმი და ენერგია ჩემს მუსიკალურ საქმიანობასთან დაკავშირებით. მინდა, ბევრი რამ გავაკეთო, მაგრამ უფრო განწყობის ადამიანი ვარ და ცოტა ხანში, თუ ხასიათზე აღარ ვარ, შეიძლება, დამეზაროს. მაგალითად, ჩემი მეუღლე უფრო მშრომელი და რისკიანია. მე უფრო ჩემს ემოციურ ხასიათზე ვარ დამოკიდებული. თუმცა, მშრომელი ნამდვილად ვარ – შემიძლია 10-12 საათი დაუღალავად ვაკეთო ჩემი საქმე. ამის შემდეგ ენერგიების აღსადგენად დასვენება აუცილებლად მჭირდება. რას ვიზამთ, სიზარმაცეც ჩემი თვისებაა.
– მაინც როდის აძლევთ თავს სიზარმაცის უფლებას?
– ეს ხშირად უნდა გავაკეთო, აუცილებელია ჩემი გონებრივი თუ ფიზიკური მდგომარეობისთვის. მიყვარს ჩემს თავთან მარტო დარჩენა. შემიძლია, ტელევიზორთან დავჯდე და ზედიზედ 4-5 ფილმი ვნახო. ამის უფლებას ვაძლევ ჩემს თავს – ეს ჩემი კომფორტის ზონაა და მასში ვერავინ შემოიჭრება. ვერ ვიტყვი, რომ ეს ხშირად ხდება, მერე აუცილებლად აქტიურ ფაზაში გადავდივარ. ჩემი გონება და სხეული თავისთავად მკარნახობს, როდის უნდა დავისვენო და როდის ვიმუშავო. საბედნიეროდ, ჩემი სამუშაო ძალიან მიყვარს, ამიტომ შრომატევად და დამღლელ საქმედ არ აღვიქვამ. ეს ჩემთვის სასიამოვნო და კომფორტულია.
– რთულ პერიოდებში ემოციურად რა გეხმარებათ წინსვლაში?
– ემოციების მართვა ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელი. არის პერიოდები, როცა არაფერი გინდა. ალბათ, ასეთ დროს საკუთარ თავს დრო უნდა მივცეთ. ესე იგი, ცოტა ხნით სიმშვიდე და მოდუნება გვჭირდება – ეს აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, გონებისთვის, რომ ძალები აღვიდგინოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
ცხოვრებაში ბევრჯერ გვიწევს თავიდან დაწყება. ეს რთულია, მით უმეტეს, თუ ძლიერი ზურგი არ გაქვს და ყველაფერს საკუთარი შრომითა და წვალებით აღწევ. ბევრჯერ გიწევს დაცემა და წამოდგომა. ამას ემატება გარემოს ზემოქმედება, პოლიტიკური მდგომარეობის გავლენა და ასე შემდეგ – ყველაფერი ერთად ძალიან მოქმედებს. ამიტომ, როცა ცუდად ხარ, კარგია, ცოტა ხნით გაჩერდე. უნდა შეეცადო, რომ ტვინში ბევრი ნეგატივი არ შეუშვა, რადგან ის ძალიან მძიმედ მოქმედებს. ამის სანაცვლოდ, საკუთარი გონება სიკეთით უნდა გამოკვებო.
– ხართ ადამიანი, ვინც უფრთხილდება საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას?
– კი, როცა მძიმე და რთული პერიოდი მაქვს, ცოტა ხნით მარტო ვრჩები. შეიძლება, ამისთვის ერთი ან დღე-ნახევარი მეყოს. მერე უკვე ვცდილობ, სიტუაცია შევცვალო, სასიამოვნო გარემო შევქმნა, მეგობრებთან ერთად რამე მოვიფიქრო. თუ ფეხზე არ ავდექით და რამე არ მოვინდომეთ, ვერავინ ვერაფერს გაგვიკეთებს. უნდა მოინდომო, რომ ხვალ უკეთესად იყო. თუ მოვეშვით, სახლში ჩავჯექით და ვიფიქრეთ, წლები გავიდა და აზრი აღარ აქვსო, თუ ამ განწყობით გაიჟღინთა გონება, უკეთესობისკენ ნამდვილად არაფერი შეიცვლება. როგორც ამბობენ, თუ ფეხზე ვერ დადიხარ, უნდა იხოხო, რომ როგორღაც წინ წახვიდე.
სუფთა ჰაერი და ლამაზი ბუნება, რითაც ჩვენი ქვეყანა გვანებივრებს, ერთგვარი თერაპიაა. თერაპიაა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაც, ვინც გავსებს, ენერგიას არ გაცლის და ნეგატივით არ გტვირთავს. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც დალხენილი ცხოვრება არ აქვთ – პირიქით, ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობენ, ბევრს წვალობენ, მაგრამ ისეთი ხასიათი აქვთ, ვხვდები, რომ ეს არის მათი ძალა და სწორედ ეს ეხმარებათ. ყველაფერს ჩვენი ტვინი განსაზღვრავს. ბედნიერებაა, როცა თენდება და როცა ეს აღარ მოხდება, მერე ნამდვილად ვეღარაფერს შევცვლით. ასე რომ, სანამ შესაძლებლობა გვაქვს, აუცილებლად უნდა ვცადოთ.
– არის რამე, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევთ, რაც არა და არ გამოგივიდათ?
– რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი გამომდის. დედაჩემი იხსენებდა, რა წრეზეც არ მივიყვანე, ყველგან უნდოდათ, რომ დამეტოვებინა და იმ საქმეს გაჰყოლოდა. სადაც დავრჩი, ყველგან წარმატებული ვიყავი.
ახლა ვარჯიშის დაწყება მოვინდომე. მინდა, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდეს. აქამდე ჩემთვის ვარჯიში ცეკვა და ფეხით სიარული იყო, მაგრამ ეს უკვე აღარ არის საკმარისი. ჩემი განწყობისთვის, განახლებისთვის, ამის გაკეთება მჭირდება. მთავარია, არ დამეზაროს და კუროს სიზარმაცე არ ჩამერთოს (იცინის).
– კარგი ინტუიცია გაქვთ, არის ეს თქვენი იღბალი?
– საოცარი ინტუიცია მაქვს. გიგა მეტყვის ხოლმე, კუდი ხომ არ გაქვსო (იცინის). ბავშვობიდან ასეთი ინტუიცია მაქვს, ყველაფერს ზუსტად ვხვდები. ეს ბევრ რამეში დამხმარებია, მათ შორის, ადამიანების არჩევაში, საქმესთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთებასა თუ სიტუაციის კონტროლში. აქედან გამომდინარე, ჩემს თავს ვუჯერებ. გონება რასაც მკარნახობს, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება, საპირისპირო დამიხატოს, მაინც ჩემს შეგრძნებებს ვენდობი. მადლიერი ვარ, რომ ღმერთმა ეს ნიჭი მომცა. ეს ყოველთვის მეხმარებოდა. ახლა კი, როცა ინტუიციას ცხოვრებისეული გამოცდილებაც ემატება, ეს ჩემთვის უფრო დიდი ძალაა. ბევრ რამეს ასპროცენტიანად ვიცნობ, ჩემი ინტუიცია არასდროს შემცდარა.
– რამდენად გიყვართ გარეგნობაზე ზრუნვა?
– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს. ჯერ მხოლოდ გენეტიკის ხარჯზე ვცხოვრობ. ასაკის მატება მოქმედებს ჩემზე, ამასთან შეგუება ცოტა გამიჭირდება. არის მომენტები, როცა იმაზე მეტად ვიღლები, ვიდრე ადრე, თუმცა შეიძლება, დილამდე ვიცეკვო და არ დავიღალო – ალბათ, განწყობას გააჩნია. ენერგიაც მისი შესაბამისია. ჩემთვის მთავარია, კარგ ხასიათზე ვიყო და კარგი განწყობა მქონდეს, მერე უკვე მგონია, რომ ვიზუალურადაც კარგად გამოვიყურები და არც არაფერი მაწუხებს. დავუშვათ, რაღაც მტკივა. ჩემს თავს ვეუბნები: „ადექი, ნინო, და გარეთ გადი“. გავდივარ და უკეთ ვხვდები. სახლში რომ დავრჩე, ცუდად ყოფნა არსად წავა, ყველაფერი ჩემს ხელშია. თუმცა, ახლა აუცილებლად უნდა დავიწყო ვარჯიში, რომ უკეთ ვიზრუნო ჩემს თავზე.
მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ექიმების ხშირი სტუმარია. პირიქით, არ მიყვარს. ვფიქრობ, რომ საკუთარი გონებითაც ბევრი რამის დამარცხება შეგიძლია. მყავს საახლობლოში ხალხი, ნახევარ წელიწადში ერთხელ ყველაფერს რომ იკონტროლებენ – ვაკვირდები და ისინი უფრო ცუდად არიან. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ ასეა. არ მიყვარს მდგომარეობის გაბუქება; ვინმე თუ ცუდად არის, პანიკაში არ ვვარდები. მახსოვს, ჩემს ახლობელს საკმაოდ მაღალი წნევა ჰქონდა, გავუზომე და მოვატყუე – ვუთხარი, ძალიან კარგი წნევა გაქვს-მეთქი. ნახევარ საათში გავუზომე და მართლა კარგი წნევა ჰქონდა, თავს გადასარევად გრძნობდა. რომ მეთქვა, 180 გაქვს-მეთქი, 250-ზე აუვარდებოდა. არ ვანერვიულე. ადამიანი არ უნდა დააპანიკო, თორემ ნერვული შეტევა ბევრ პრობლემას იწვევს.
მეც გამივლია ეს. კოვიდის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა არ ვიცი, რა მჭირდა – ცხოვრებაში რომ არ შევუწუხებივარ, წნევები დამეწყო. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ წნევის აპარატი ძალიან დავიმეგობრე და უნდა მომეშორებინა. ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემთვისაც ვინმეს რომ მოეტყუებინა, წნევა არ გაქვსო, მშვენივრად ვიქნებოდი. მერე სხვასთანაც გამოვცადე და გაამართლა. იმ პერიოდში ყველაფერს ემოციურად ვუყურებდი, სასწრაფოსაც ვიძახებდი. რომ მოვიდოდნენ, ვმშვიდდებოდი. არაფერი განსაკუთრებული არ მჭირდა, მაგრამ, ალბათ, ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ჩვენს ტვინს დახმარება სჭირდება ემოციური ბალანსისთვის. ამიტომ შეგვიძლია, ტვინსაც და სხეულსაც დავეხმაროთ იმით, რომ ბუნებაში გავიდეთ და გვერდით პოზიტიური ადამიანები შემოვიკრიბოთ. უნდა გავუშვათ ადამიანები, ვინც სულ წუწუნებს, რადგან ეს შენც განგრევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





