როგორ შეცვალა თაია გამთენაძის ცხოვრება „გურიკას ამბავმა”და რა გზით გაუმკლავდა ის მარტოხელა დედობას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 54 წუთის წინ
ტელევიზიის დახურვიდან YouTube პლატფორმის შექმნამდე თაია გამთენაძემ პროფესიული რისკი რეალურ წარმატებად აქცია. გადაცემის – „შენი ამბავი თაიასთან“ – ავტორი, მარტოხელა დედა და მებრძოლი ჟურნალისტი თავის ემოციურ გზასა და მთავარ გამოწვევებზე გულწრფელად გვიყვება.
თაია გამთენაძე: ამ გადაცემის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც უმუშევარი დავრჩი. ვმუშაობდი ტელევიზიაში – „მთავარ არხზე“, რომელიც დაიხურა. ამ ასაკში ახალი პროფესიის მოძებნა და შესწავლა ძალიან რთულია, ამიტომ მინდოდა, ისევ ჩემი საქმით დავკავებულიყავი და მეკეთებინა ის, რაც ყველაზე კარგად ვიცოდი.
დიდი ხანია, ამ სფეროში ვარ, თუმცა ტელევიზიაში ყოველთვის ვცდილობდი, კადრს მიღმა მემუშავა – საჯაროობასა და ცნობადობას ვერიდებოდი, რადგან ასე უფრო მსიამოვნებდა. როდესაც გადავწყვიტე, ბედი YouTube-ზე მეცადა, თავდაპირველად სხვა წამყვანით დავიწყე. მე ავტორი და პროდიუსერი ვიყავი. რაღაცები ისე ვერ წავიდა, როგორც საჭირო იყო და ერთი წლის შემდეგ ის პროექტი დაიხურა, მაგრამ YouTube-ზე მუშაობის გამოცდილება შევიძინე.
ამის შემდეგ გადავწყვიტე, წამყვანი თავად ვყოფილიყავი. მრავალწლიანი გამოცდილების გამო ეკრანის შიში არ მქონია, თუმცა როგორც ვთქვი, საჯაროობა მაინც დისკომფორტს მიქმნიდა. მიუხედავად ამისა, სხვა გამოსავალი არ იყო. მინდოდა, გამეკეთებინა იმ ხაზის გადაცემა, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს – პორტრეტული ფორმატი და რესპონდენტებთან ჩემებური დიალოგი. ჩემი მიზანი იყო, მაყურებლისთვის წარმატებული ადამიანების ის არაორდინარული და რთული გზა გამეზიარებინა, რაც ყველასთვის სამოტივაციო გახდებოდა. სახელწოდება „შენი ამბავიც“ აქედან მოდის – ყველა ადამიანის ისტორია რაღაც დოზით ჰგავს სხვისას. ყველაზე მეტად მიხარია, როცა გადაცემის კომენტარებში ვკითხულობ: „მეც ასე ვარ“, „მეც იგივე გზა გავიარე“... ამ დროს ვხვდები, რომ სათქმელი მაყურებლამდე სწორად მივიტანე. ასე შეიქმნა ეს გადაცემა, რომელიც ოქტომბერში ერთი წლის ხდება.
– საზოგადოების მხრიდან შენ მიმართ დიდი ყურადღება წამოვიდა, როგორი აღმოჩნდა ეს შენთვის?
– პასუხისმგებლობა გაორმაგდა. როდესაც უცხო ადამიანები ქუჩაში გცნობენ და შენი იმედი აქვთ, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. საკუთარ თავს ვეუბნები, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს.
– ყველაზე რეზონანსული „გურიკას ამბავი“ გახდა...
— მოგეხსენებათ, YouTube არ არის პლატფორმა, სადაც ნახვების დაგროვება მარტივია. რადიოში 17 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა და იმდენად აქტიური ვიყავი, რომ 20 წელზე მეტის გასვლის მიუხედავად, მსმენელს დღემდე ვახსოვარ. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ყურადღების ცენტრში ყოფნის ერთგვარი კომპლექსი მაქვს. როგორც წესი, პირიქით ხდება – ადამიანები ცნობადობისკენ მიილტვიან, რაც მე მაკვირვებს, რადგან ამას დიდი დისკომფორტი და პასუხისმგებლობა ახლავს, მაგრამ ამ გადაცემის შემთხვევაში მოვლენები თავიდანვე ისე წარიმართა, რომ ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი.
პირველი სტუმარი ილია თოფურიას დედა, ქალბატონი ინგა თოფურია გახლდათ და ეს გადაცემა საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. ასევე, ძალიან ემოციური გამოვიდა ინტერვიუ ქალბატონ ეკა კუპატაძესთან.
რაც შეეხება გურიკას ამბავს, ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ ეს თემა ასეთი აქტუალური გახდა. ქალბატონი სოფო (გურიკას დედა) თავად დამიკავშირდა და თავისი ისტორია მომიყვა. ძალიან ცუდად გავხდი, მძიმედ იმოქმედა ჩემზე. სრულიად სხვა გადაცემა მქონდა დაგეგმილი, თუმცა გადავწყვიტე, სასწრაფოდ ქალბატონ სოფოსთან წავსულიყავი. ჩაწერისას პირველად ვისმენდი იმ დეტალებს, რაც მან 12 წლის განმავლობაში გამოიარა და ემოციების შეკავება ძალიან გამიჭირდა. მონტაჟისას მაქსიმალურად შევეცადე, ჩემი კადრი ნაკლებად გამომეყენებინა. ქალბატონმა სოფომ მაჯაზე ხელი მომკიდა და მითხრა: შენც თუ ვერ დამეხმარები, მე მეცამეტე სამაჯურს აღარ გავიკეთებო. ამაზე საუბარიც კი დღემდე ძალიან ემოციურია ჩემთვის.
იქიდან წამოსული, მთელი გზა ღმერთს ვთხოვდი, ეს გადაცემა ყველაზე რეიტინგული გამხდარიყო და რაც შეიძლება, მეტ ადამიანს ენახა, რადგან ამ საქმეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა რეზონანსი. დავიწყე კომუნიკაცია ადვოკატებთან – უმეტესობა არ მპასუხობდა ან უარს ამბობდა, თუმცა ორი კვირის განმავლობაში უამრავი მცდელობა მქონდა. გადაცემა დავჭერი Reels-ებად, რომ ნახვები გაზრდილიყო. საკმაოდ ბევრი ვიწვალე, სანამ ეს ვიდეო ელენემდე (ინფლუენსერი „ელენიკო ფოქსი“) მივიდოდა. როდესაც ელენე დამიკავშირდა, ძალიან მალე დავმეგობრდით და მისი აუდიტორია ძალიან დაგვეხმარა მასშტაბების გაზრდაში, მალევე ამ საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძეც ჩაერთო.
მას შემდეგ თითქმის ვეღარ ვკონცენტრირდები სხვა საქმეზე. თავიდან ბოლომდე ამით ვარ მოცული – თუკი რამის გაკეთება შემიძლია, რომ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიო, ყველაფერს ვაკეთებ. უკვე ორი თვეა, ამ რეჟიმში ვარ. საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამოცდილება აქამდე არ მქონია, ეს ყველაფერი თავისთავად მოვიდა, რადგან დედას პირობა მივეცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი და მხოლოდ გადაცემის ჩაწერით არ შემოვიფარგლებოდი.
– რა ხდება ამ გადაცემის მიღმა თაიას ცხოვრებაში, როგორია შენი ინტერესები და ყოველდღიურობა?
– თაია არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც გაგიჟებით უყვარს საკუთარი პროფესია და ადამიანებთან კომუნიკაცია. უკვე ძალიან ბევრი წელია, მარტოხელა დედა ვარ – მყავს ერთადერთი შვილი, თეკლა, რომელიც წელს სტუდენტი გახდა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ჩვენ უფრო მეგობრები ვართ. მარტომ გავზარდე, 24/7-ზე ერთად ვიყავით და ახლა ყველაზე რთული პერიოდი მაქვს: გადაცემით გამოწვეულ ემოციებს ისიც ემატება, რომ თეკლამ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარა და უკვე წავიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთმანეთს დავშორდით – აქამდე 5 დღეზე მეტხანს არსად დამიტოვებია. ამიტომ ეს განშორება ძალიან ემოციურია, თუმცა შევეცდები, მაქსიმალურად ხშირად ჩავიდე და მის გვერდით ვიყო.
– საკმაოდ პატარა იქნებოდი, მარტო რომ დარჩი და რა სირთულეები გადალახე, როგორც მარტოხელა დედამ?
– კომპლიმენტად მივიღებ, რეალურად არც ისე პატარა, 29 წლის ვიყავი, როცა მე და თეკლა მარტო დავრჩით. ის სამი წლის იყო, როცა ქმარს დავშორდი და ჩვენ ერთად გავიზარდეთ. უკვე 45 წლის ვარ და ასაკზე საუბრის პრობლემა არ მაქვს — არ ვიცი, რატომ მალავენ, მე პირიქით, მომწონს, როცა უკვირთ (იცინის).
კი, ძალიან რთული პერიოდები მქონდა, თუმცა საინტერესო ცხოვრება გამოვიარე. აბსოლუტურად ყველაფერი გამოვცადე – სირთულეებიც და ძალიან კარგად ყოფნის შეგრძნებაც. ვიცი, რომ თუ რამის მიღწევა მინდა, ბევრი უნდა ვიწვალო – ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოსულა.
ჩემთვის ყველაზე ემოციური თემა დედაშვილობაა, რის გამოც სოფოს ამბავი გულთან ასე ახლოს მივიტანე. შვილამდე როგორ ვცხოვრობდი, აღარც მახსოვს – მე და თეკლა, ეს არის ჩემი ცხოვრების ფორმულა. ბევრი შრომა დამჭირდა სირთულეების გადასალახად, მაგრამ ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი შვილი დედით ამაყი ყოფილიყო და მგონი, გამომივიდა.
– როგორ შეგცვალა ამ გამოცდილებამ?
– ყოველთვის ძალიან პირდაპირი ვიყავი. ამ თვისების გამო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბევრი ადამიანისთვის შემიქმნია დისკომფორტი. ჩემთვის მიუღებელია ტყუილი და ღალატი – წარმოუდგენელია, კომუნიკაცია მქონდეს ადამიანთან, რომელიც გულწრფელი არ არის.
დაბრკოლებების არასდროს მეშინოდა. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი – 90-იანების პერიოდის ბავშვი ვარ, როცა მარტივად არაფერი ხდებოდა: ან ნათესავი უნდა გყოლოდა, ან ბევრი ფული გქონოდა, თორემ ვერაფერს მიაღწევდი ჟურნალისტიკის სფეროში. ეს პატარა ასაკშივე გავაცნობიერე. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი არ მქონდა, ძალიან პატარამ დავიწყე მუშაობა – 16 წლისას „ტვ 4“-ზე მიმყავდა გადაცემა პირდაპირ ეთერში. ეს ტელევიზია მალევე დაიხურა, თუმცა 17 წლის ასაკში ქასთინგით მოვხვდი „რადიო 105-ში“, რომელიც იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო, ამიტომაც ახსოვთ მსმენელებს დღემდე ჩემი სახელი. მერე იყო „მეცხრე არხი“, „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“.
ტელევიზიაში წლები პროდიუსინგში ვიყავი, დაბალ პოზიციებზეც მიმუშავია, კოორდინატორიც ვყოფილვარ – ვცდილობდი, გამეკეთებინა ყველაფერი, რადგან ჩემს შვილს მხოლოდ მე ვყავდი. ძალიან მეხმარებოდა დედა, რომელიც წლები ემიგრანტი იყო, რომ თეკლასთვის კარგი განათლება მიგვეცა. ოჯახი ყოველთვის ზურგს მიმაგრებდა.
ყოველთვის მებრძოლი ვიყავი, ამიტომ არასდროს მეშინოდა რამის თავიდან დაწყების ან რისკის გაწევის. ბევრი წელი ვიმუშავე ტელევიზიაში ერთ გუნდთან ერთად, შემდეგ წამოვედი და სრულიად მარტომ დავიწყე ყველაფერი თავიდან – დავუბრუნდი ჩემს დიდი ხნის მივიწყებულ პროფესიას, ჟურნალისტიკას. დღეს ვარ იმ ადგილას, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.
– როგორ მოხდა, რომ ოჯახი აღარ შექმენი?
– აღარ მინდოდა და ვერც წარმომიდგენია. არის რაღაცები, რასაც ეჩვევი. ალბათ, დამოუკიდებლობას ვერ ველევი და მინდა, საკუთარი თავის პატრონი მე ვიყო. თან, არც ისე კარგი გამოცდილება მაქვს, რაც ზოგადად, ადამიანს გაკომპლექსებს და ფიქრობ, რომ ამ საკითხში ბედი არ გაქვს. ჩემი ქორწინება ხუთ წელიწადში დასრულდა. 15 წელია, მარტო ვარ, შესაბამისად, ასე უფრო დიდხანს ვიცხოვრე და სხვაგვარად ფიქრიც კი ვეღარ წარმომიდგენია.
მეუბნებიან, მარტო არ უნდა დარჩეო, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი მაინც მარტოა — ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, საკუთარ თავთან თუ ცხოვრებასთან მაინც ყველანი მარტოები ვართ და ჩემთვის ეს მდგომარეობა ძალიან დიდი ხანია, ჩვეული და კომფორტულია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





