დიტო ქისიშვილი: თითქმის არაფრის შიში არ მაქვს - ბევრი რამის ატანა შემიძლია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
დიტო ქისიშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის დიტო ქისიშვილი?
დიტო ქისიშვილი: საკუთარ თავზე საუბარი ადვილი არ არის, მაგრამ მარტივად დავახასიათებ: მე ვარ უბრალო თბილისელი ბიჭი, რომელიც შეყვარებულია თავის ქალაქზე, ქვეყანაზე, პროფესიაზე, ხალხზე და მაქსიმალურად ცდილობს, საკუთარი შინაგანი ემოციები სიყვარულით გადასცეს საზოგადოებას – ეს არის დიტო ქისიშვილი.
– საზოგადოება თქვენი საყვარელი საქმით გიცნობთ. საჭიროების გამო გიკეთებიათ საქმე, რომელიც საერთოდ არ გიყვარდათ?
– თითქმის ყველა საქმე, რაც მიკეთებია, მიყვარდა. შეიძლება, არ ყოფილიყო ჩემს პროფესიასთან ახლოს, მაგრამ რამეს ხელს რომ მოვკიდებ, სპორტული ინტერესი მიჩნდება ხოლმე.
სამეგობროსთან ერთად მიმუშავია სარეკლამო კომპანიაში, სადაც მომარაგების სამსახურის უფროსი ვიყავი. თბილისს მანამდეც ზეპირად ვიცნობდი, მაგრამ ამ სამსახურმა ქალაქი სულ სხვანაირად გამაცნო. უამრავი ადამიანი გავიცანი და ყველასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა. ზოგს თუ 5 000-ლარიანი ლიმიტი ჰქონდა, ჩემ მიმართ იმხელა ნდობა არსებობდა, რომ უპრობლემოდ გამომატანდნენ 40 000 ლარის ღირებულების პროდუქციას. მათთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს.
არასასურველი საქმით არასდროს ვიყავი დაკავებული. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი საქმიანობა ბევრ სფეროს მოიცავს – ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ. სკოლის პერიოდში, ანსამბლით, აუცილებლად მივდიოდით ფესტივალზე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ იქაც მომწონდა, ევროპა თავისი სილამაზით იმდენად ვერ მაკვირვებდა – ჩემი გული მაინც მთისკენ მიიწევდა. დაბრუნდებოდი თუ არა საქართველოში, მეორე დღესვე ტიპურ მწყემსად გარდავიქმნებოდი: შესაბამისი სამოსიც მქონდა და განწყობაც. მივდიოდი მთაში, ჯერ სახლში აკლიმატიზაციას გავივლიდი და მერე უკვე ცხვარში მივდიოდი, სადაც ღია ცის ქვეშ, ნაბადში მეძინა. მე ამით ვისვენებდი. თბილისში რომ ვბრუნდებოდი და სკოლაში ზაფხულის არდადეგების შესახებ თავისუფალ თემას ვწერდი, ჩემ მიერ დაწერილი ნამუშევარი იმხელა ინტერესს იწვევდა, მთელი სკოლა კითხულობდა.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ემოციასთანაა დაკავშირებული, ისევე, როგორც ჩემი პროფესია. ბოლო ორი წელია, გულჩვილობაც დამჩემდა: კეთილ ფილმებზე თვალები მეცრემლება. ადამიანების სიკეთეს, კეთილ დასასრულს რომ ვხედავ, ცრემლებს ვერ ვიკავებ.
ძლივს ვასწავლე ჩემს თავს პრაგმატულობა და საქმის ცივი გონებით კეთება, მაგრამ რაც მეტად ვიზრდები, ემოცია მით უფრო წინა პლანზე გადმოდის. მსიამოვნებს, სხვათა შორის – სულ სხვანაირად ვგრძნობ მიწის სურნელსაც კი. საქართველოს თემატიკაზე თუ რამე საამაყო ხდება, მართლა შეიძლება, ვიბღავლო.
– როდის გიტირიათ სიხარულისა და ბედნიერების ცრემლებით, რაც განსაკუთრებულად გახსოვთ?
– ცოტა ხნის წინ ჩვენმა ბიჭებმა რომ ჭიდაობა მოიგეს, ჩვეულებრივად ვიბღავლე. სადაც ჩვენი ასპარეზობით ჩვენს ნიჭიერებას წარმოვაჩენთ, ემოცია განსაკუთრებით ძლიერია.
რაც შეეხება ტრაგიკულ ცრემლს – ცოტა ხნის წინ ბიძა, მამის ძმა, გარდამეცვალა, რომელიც ჩემი აღმზრდელი იყო. მთელი ცხოვრება „ჩემს ბიჭს“ მეძახდა. მისი დაკარგვა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ამის გადასახარშად დიდი დროა საჭირო.
– წარსულიდან რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?
– კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. გულში მხოლოდ ერთი დარდი დამრჩა: ყოველთვის მინდოდა, სპექტაკლები მეთამაშა, მაგრამ მუსიკალურმა გზამ იმდენი ენერგია და შრომა მოითხოვა, რომ ვეღარ შევძელი. გულზე ხინჯად მაქვს ეს ამბავი, რადგან რეჟისორები ყოველთვის მეუბნებოდნენ, შენგან კარგი მსახიობი დადგებოდაო.
ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე გამართლება და ღვთის წყალობაა. მინდობილი ვარ ღმერთს, ბოროტსა და შურს გულშიც კი არ გავივლებ, მადლიერებით ვარ სავსე.
შეცდომა მილიონი დამიშვია, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს – შეცდომა უნდა დაუშვა, რომ ცხოვრებაში რაღაცები ისწავლო. ისეთი შეცდომა არ დამიშვია, რომ ვინმე დამეზარალებინა, თუმცა მცირე „იაღლიშები“ მქონია.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი შვილებია. სულ ვამბობ, რომ ეს მთავარია. ერთი ძალიან კარგი ძმაკაცი მყავს, ჩემი თანატოლია. ძალიან ნიჭიერია, იმდენად შეჰყვა საქმიანობასა და ბიზნესს, რომ დღეს ერთ-ერთი ძალიან წარმატებული ბიზნესმენია, მაგრამ ცოლ-შვილი არ ჰყავს. დედამისი მეუბნება ხოლმე: გეხვეწები, უთხარი, ამაზე იფიქროს, შენი სჯერაო. ახლაც ვეტყვი, როგორც ყოველთვის: რამდენიც არ უნდა დააგროვო და დედამიწას უამრავჯერ რომ დაარტყა წრე, ვერანაირი შენაძენი ვერ გაგაბედნიერებს ისე, როგორც შვილები. მეუღლე და შვილები დიდი ბედნიერებაა, მე კი განსაკუთრებული შეგრძნებები მაქვს მათ მიმართ. რამდენიც არ უნდა ვიმღერო, როგორი ტაშიც არ უნდა დამიკრან, ქება და დიდება არ დამაკლონ, ეს, რა თქმა უნდა, გასახარი და დასაფასებელია, მაგრამ ოჯახის სიყვარულს ვერ შევადარებ. მადლიერი ვარ ყველაფრის გამო, მაგრამ ყველაზე დიდ მადლობას ჩემი შვილებისთვის ვუხდი ღმერთს.
რაც შეეხება მარცხს – ბავშვობიდანვე აქტიური ბიჭი ვიყავი. ბევრჯერ ჩხუბშიც აღმოვჩენილვარ – თუმცა, არა ჩემი მიზეზით. რამდენიც მიჩხუბია, არასდროს დავმარცხებულვარ. „ფინგალი“ არასდროს მქონია თვალზე (იცინის).
უფრო რომ განვაზოგადოთ, სერიოზული მარცხი არ განმიცდია. მიწაზე მყარად ვდგავარ. განსაცდელი ძალიან ბევრი ყოფილა – ტკივილიც, ნერვიულობაც, მაგრამ არა მარცხი. ისიც ძალიან რთულია, როცა, როგორც შემოქმედს გინდა, რაღაც ღირებული შექმნა, რუტინული ცხოვრება და უამრავი საფიქრალი კი ამის საშუალებას არ გაძლევს.
ხუთი წლის ასაკში 19-სტროფიან ლექსს 15 წუთში ვსწავლობდი. ეზოში, უბნის ბავშვებთან ერთად „წრეში ბურთს“ რომ ვთამაშობდი და კარის ჭრიალს გავიგონებდი, ვიცოდი, დედამ გაზეთში ლექსი ნახა – უნდა გავქცეულიყავი, მესწავლა და მერე გამეგრძელებინა თამაში. 15 წუთში ჩავაბარებდი ხოლმე. ახლა, 40 წლის ასაკში, ამხელა ლექსის სწავლა რომ მომინდეს, ორი დღე კარგად უნდა ჩავუჯდე (იცინის). ამ ასაკში საფიქრალი ძალიან ბევრია, გონება უამრავ საკითხზეა მომართული. ბავშვის ტვინი კი ღრუბელივით ისრუტავს, მით უმეტეს, თუ სათამაშოდ ეჩქარება (იცინის). ამიტომ, როცა ინსპირაცია არ მაქვს, ჩემთვის დარტყმაა – ახალს და ღირებულს ვერ ვქმნი. ეს შემოქმედებითი კრიზისია, რომელსაც განსაცდელს დავარქმევდი, მაგრამ არა მარცხს.
– ყველაზე დიდი ტკივილი როდის განიცადეთ?
– ახლა, ბიძაჩემის გარდაცვალებისას. ეს უდიდესი დარტყმა იყო. სამი წლის წინ დედაჩემის ძმა გარდაიცვალა. დედას ოთხი ძმა ჰყავდა – ყველა ჩემი სიცოცხლეა, მაგრამ ვისაც ყველაზე მეტად ვგავარ ვიზუალით, ცხენზე ჯდომით, ხმით, ჩემი ყველაზე განსაკუთრებულად საფერებელი ბიძა გარდაიცვალა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და ტკივილი იყო. ამ ცოტა ხნის წინ კი მამაჩემის ძმა გარდაიცვალა, წეღანაც აღვნიშნე. მათი გარდაცვალება ყველაზე ძნელად გადასატანი და მოუშუშებელი ტკივილია.
– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში და რამის ფობია თუ გაქვთ?
– მე ადრენალინისა და ექსტრემის მოყვარული ადამიანი ვარ. სულ პატარაობიდან ვზივარ ცხენზე, ოთხი წლის ასაკიდან. თითქმის არაფრის შიში არ მაქვს, საკუთარ თავზე ბევრი რამის ატანა შემიძლია. ყოფილა ასეთი გამოცდილებაც: ველოსიპეტიდან მიფრენია. რომ არ დავზიანებულიყავი, მე თვითონ გადავხტი და ალბათ, სამი მეტრის სიმაღლეზე ვიფრინე ჰაერში. ცხენზე ჯირითის წყალობით ბავშვობაში ისიც კი ვისწავლე, როგორ უნდა დავეცე, რომ არაფერი ვიტკინო და არ დავზიანდე. რადგან რთულ სიტუაციას გადავრჩი, წარმოიდგინეთ, ჰაერშიც კი მეცინებოდა. უცნაურია, მაგრამ მე ასეთი რამეები მჭირს.
ძმაკაცები მოტოებით რაიდს რომ ვაწყობთ ხოლმე, ხან სადღაც გადახტომა მოგიწევს, ხან წყალში ჩახტომა და ასე შემდეგ. ამ სიტუაციიდან ყველანი რომ უვნებლები გამოვალთ ხოლმე, მერე მეცინება. ჩემს თავთან დაკავშირებით არაფრის შიში არ მაქვს. უბრალოდ, ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები... არ მინდა, ვინმეზე ავი გავიგო. ჩემთვის ამაზე დიდი შიში არ არსებობს. მხოლოდ იმის მეშინია, რომ მათ არაფერი დაემართოთ. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეს გავუძლებ – ისეთებისთვის გამიძლია, რომ ამ მხრივ, ჩემი ცხოვრება მარტივია.
თავისთავად ცხადია, რომ ღვთის შიში მაქვს – ეს ნომერ პირველია.
ისე კი ამ ასაკშიც მშვენივრად დავფრინავ სარფის სანაპიროზე კლდეებიდან ჩემს შვილებთან ერთად. გოგონები კი არიან, მაგრამ მოსწონთ მამასთან ერთად ასეთი თავგადასავლები. ფარფატა და ნაზი გოგონები არიან, მაგრამ მამასთან ერთად საოცრებებს აკეთებენ. სიფრთხილე აქვთ, მაგრამ შიში – არა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





