შოუბიზნესი

რა კომპლიმენტებით შეამკო ნონიკო კახაძე პამელა ანდერსონმა და როგორ დააფიქრეს „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებმა ის სამსახიობო კარიერაზე

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:25 10.10

ნონიკო კახაძე
დაკოპირებულია

წარმატებული მოდელის, ნონიკო კახაძის კარიერაში განსაკუთრებული სიახლეებია. ნონიკო ახლახან დაბრუნდა ვენეციიდან, სადაც კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ გალა საღამოს „ჰოლივუდის“ ცნობილ სახეებთან ერთად დაესწრო და ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზებებიც მიიღო.

ნონიკო კახაძე: ვენეციიდან ახლახან ჩამოვედი. იქ ძალიან ამაღელვებელი და განსაკუთრებული გამოცდილება მივიღე. ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ Amfar-ის გალა საღამოს დავესწარი, როგორც წარმატებული ქართველი მოდელი – სწორედ ამ სტატუსით ვიყავი მიწვეული. ეს განსაკუთრებული მიწვევა მილანიდან ჩემი სააგენტოს მეშვეობით მივიღე. ეს ჩემთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ასეთ ღონისძიებებზე კინოსა და მოდის სფეროს გავლენიან პირებს იწვევენ. განსაკუთრებით საამაყო კი ის იყო, რომ იქ საქართველოს სახელით ვიყავი. ამასთანავე, საღამოზე შესაძლებლობა მქონდა, გამეცნო „ჰოლივუდის“ ვარსკვლავები. განსაკუთრებით ახლოს გავეცანი პამელა ანდერსონს, რომლისგანაც ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტები მივიღე. ასეთი შეფასება ადამიანისგან, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ეკრანიდან ვიცნობ, ორმაგად სასიამოვნო იყო. მართლა ზღაპრული დღეები გავატარე. გარემო იმდენად განსაკუთრებული იყო, რომ თავი მეც ვარსკვლავად ვიგრძენი.

როგორც იცით, საქართველოში კაბების შოუ-რუმი მაქვს, საიდანაც ამ ფესტივალზე განსაკუთრებულად ლამაზი სამოსი წავიღე, რათა ჩემი ქვეყანა და საკუთარი პერსონა საუკეთესოდ წარმომეჩინა. ჩემთვის ეს ღონისძიება ძალიან პერსპექტიული აღმოჩნდა, რადგან უამრავი წარმატებული მსახიობი გავიცანი და იმდენი შემოთავაზება მივიღე, რომ პროფესიის შეცვლაზე დავფიქრდი.. ბევრი მეუბნებოდა: „შენ ეს შეგიძლია, რატომ არ ცდი ბედს კინოში?“ იმავე სასტუმროში ვცხოვრობდი, სადაც „ჰოლივუდის“ ვარსკვლავები რჩებოდნენ და ეს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენდა ჩემს იქ ვიზიტს.

– შეიძლება, რომ მომავალში სამოდელო კარიერას სამსახიობოც დაემატოს?

– ამაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა ამ ხალხის ენერგიით იმდენად დავიმუხტე, რომ სერიოზულად დავფიქრდი. გალა საღამოზე „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებთან – პენელოპა კრუზთან, პამელა ანდერსონთან და ორლანდო ბლუმთან – ერთად მიწევდა სუფრასთან ჯდომა. მათთან საუბრისას იმდენად თბილი შეფასებები მივიღე, რომ სამსახიობო კარიერაზე ფიქრი ნამდვილად დავიწყე. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მათი ბუნებრიობა იყო – თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ძველ მეგობრებს ვესაუბრებოდი. დისტანციის დაჭერის ნაცვლად, ძალიან ღია და უშუალოები იყვნენ.

რაც შეეხება პამელა ანდერსონს, მასთან უფრო მჭიდრო კონტაქტი მქონდა, რადგან გვერდიგვერდ ვისხედით და ფოტოებიც გადავიღეთ. ძალიან მომეწონა მისი დამოკიდებულება: აღნიშნა, რომ მთელი ცხოვრება მის გარეგნობაზე აკეთებდნენ აქცენტს, ახლა კი უმაკიაჟოდ იყო მოსული, რადგან მიაჩნია, რომ შინაგანი სილამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მაკიაჟი არ ეკეთა, არც განსაკუთრებულად გამოპრანჭული იყო და ასაკიც ეტყობა, შინაგანად მაინც საოცრად ასხივებდა. ძალიან გულწრფელი და უშუალო საუბარი გამოგვივიდა. ორლანდო ბლუმიც ძალიან მეგობრულად მესაუბრებოდა საღამოს შესახებ. ზოგადად, ყოველთვის ვცდილობ, უშუალო ვიყო, თუმცა ახლა, როცა ვნახე, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავებსაც კი შეუძლიათ სრულიად უცხო ადამიანის მიმართ ასეთი სითბო გამოხატონ, ეს სურვილი გამიორმაგდა.

– როგორ ემზადებოდი ამ საღამოსთვის?

– ეს ღონისძიება საკმაოდ სპონტანურად დაიგეგმა და მოწვევის მიღების შემდეგ მოსამზადებლად ბევრი დრო არ მქონია. თუმცა, რადგან ეს სფერო ძალიან მიყვარს და კარგად ვიცნობ, ყოველთვის მზადყოფნაში ვარ. შესაბამისად, საკუთარი თავისა და ქვეყნის წარდგენა არ გამჭირვებია – პირიქით, საოცრად აღფრთოვანებული წავედი.

ყველას აინტერესებდა, საიდან ვიყავი. ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე, ხალხს ხშირად ბრაზილიელი ან ლათინოამერიკელი ვგონივარ ხოლმე, ამიტომ ყველას ვუხსნიდი, საიდან ვარ და რა საოცარი სილამაზის ქვეყანას წარმოვადგენ. ბევრს გაუჩნდა კიდეც საქართველოს ნახვის სურვილი. სხვათა შორის, მილანიდან ხშირად მყავს ხოლმე სტუმრები.

– სხვა მხრივ, როგორ ვითარდება შენი კარიერა იტალიაში?

– წლებია, მილანში ვმოღვაწეობ და ჩემი კარიერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიხარულით მინდა, გაგიზიაროთ სიახლე: წლებია, საქორწილო კაბების ჩვენებებში ვმონაწილეობ, ახლახან კი გავხდი უკრაინული ბრენდის Innocentiadresses-ის სახე, რომელიც იტალიაში მოღვაწეობს და ძალიან ცნობილია. ჩემი ფოტოები დაიბეჭდა მრავალ ჟურნალში, გამოჩნდა მათ მაღაზიებსა და ვიტრინებზე. გარდა ამისა, საშუალება მქონდა, ღონისძიება გამეხსნა რომში გამართულ ჩვენებაზე, როგორც ბრენდის სახეს — ყველგან ჩემი ფოტოები იყო გამოსახული.

დაახლოებით, ოთხი თვის წინ ბარსელონას საქორწილო კვირეულზეც ვიყავი, სადაც ისევ Innocentiadresses წარმოვადგინე. ესეც საოცრად ლამაზი ღონისძიება გახლდათ, ისევ ჩემი დიდი ფოტოებით. ამ ბრენდთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობ და ექსკლუზიურად მათ მოდელად ვმუშაობ, რაც ჩემი კარიერისთვის უდიდესი წარმატებაა. თავდაპირველად ჩვეულებრივ ჩვენებაზე გამოვდიოდი, თუმცა მათ იმდენად მოვეწონე, რომ ბრენდის სახედ ამირჩიეს.

ასევე, უკვე რამდენიმე წელია, ვთანამშრომლობ Philipp plein-თან. საერთაშორისო კარიერა ჩემთვის პრიორიტეტულია, თუმცა ძალიან მინდა, საქართველოშიც შევქმნა რაღაც ღირებული. როდესაც თბილისში ვარ, პარალელურად, ვავითარებ ჩემს კაბების სივრცეს – Divina dress Tbilisi. ეს ის სივრცეა, რომლის მეშვეობითაც ვცდილობ, ჩემი საერთაშორისო გამოცდილება საქართველოში ჩამოვიტანო და ქართველ გოგონებს შეძლებისდაგვარად დავეხმარო, რომ მათთვის უმშვენიერესი საღამოს კაბები ხელმისაწვდომი იყოს.

– რა ხდება ლამაზი და თავდაჯერებული ფოტოების მიღმა, როგორია მოდელის სამუშაო პროცესი?

– რა თქმა უნდა, ყველა სფეროს აქვს თავისი სირთულე, მაგრამ როცა საქმე ძალიან გიყვარს, დაბრკოლებები არ გაშინებს. ისეთი ადამიანი ვარ, ყველაფერში დადებითის დანახვას ვცდილობ. თუ რამე უსიამოვნო ხდება, თავს ვიმხნევებ, ვფიქრობ: „ესე იგი, ასე იყო საჭირო“.

სამოდელო სფერო საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა გოგონები ქასთინგებზე მიდიან და უარს იღებენ – ასეთ დროს შეიძლება, გული აუცრუვდეთ. ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობართან ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი, მან ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა. შეიძლება, უზომოდ ლამაზი იყო, მაგრამ იმდენი უარი მიიღო, საკუთარ თავზე წარმოდგენა შეგეცვალოს. ნელ-ნელა გავითავისე, რომ ყველას ვერ მოეწონები. მთავარია, რომ ვთანამშრომლობ ისეთ ბრენდებთან, რომლებთანაც თავს დაფასებულად ვგრძნობ. ყველას აზრს არც აქვს მნიშვნელობა და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და გამომდის.

– მოდელების თავდაჯერებული იმიჯი რამდენად შეესაბამება რეალობას და რამდენად ახერხებ ცხოვრებაში ამ იმიჯის შენარჩუნებას?

– თავდაჯერებულობა წლებთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის. დღეს საკმაოდ თავდაჯერებული ვარ. თუნდაც, იმ ღონისძიებაზე, სადაც ახლახან ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი ადგილი იყო. თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა – უფრო პატარა ასაკში შიშიც მქონდა და საკუთარ თავში ეჭვიც მეპარებოდა. დღეს კი მიმაჩნია, რომ საქართველოს ღირსეულად წარმოვადგენ. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვცდილობ, ვიყო თავდაჯერებული და კარგი სახელი დავტოვო.

– გაქვს თუ არა ისეთი აქტივობები, რაც მოდელისგან მოულოდნელია?

– ალბათ ის, რომ საქართველოში ჩამოსვლისას მთელ დროს ჩემს ორ შვილს ვუთმობ – ვასეირნებ და ჩვეულებრივი დედა ვარ. ჩემთვის ეს ყველაზე განსაკუთრებული ამპლუაა. შეიძლება, ერთი კვირის წინ ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე დავდიოდი, დღეს კი პარკში, სპორტულებში გამოწყობილი, ბავშვებს ვასეირნებდე. შესაძლოა, ეს ვიღაცისთვის გასაკვირი იყოს, თუმცა ასეთი ცხოვრება ძალიან მომწონს. ორივე საქმე – დედობაც და მოდელობაც – ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. შვილები ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივაციაა.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში, როგორ ახერხებ ამისთვის დროის დათმობას?

– ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პირადი ცხოვრებისთვის დროის გამოყოფას ვერ ვახერხებ, თუმცა იმედია, ამისთვისაც გამოვნახავ, რადგან ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მთლიანად დედობითა და კარიერული წინსვლით ვარ დაკავებული.

– როგორ ახერხებ ზღვრის დაწესებასა და პირადი საზღვრების დაცვას?

– როცა დედა ხარ, საკითხებს სხვანაირად უყურებ – ყველა ადამიანს ასე მარტივად აღარ უშვებ ახლოს. სრულიად თავისუფალი რომ ვიყო, ალბათ, უფრო მეტ რამეს გავბედავდი, მაგრამ დედობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ვინ იქნება ჩემ გვერდით. რადგან დედობასა და კარიერას დიდი დრო მიაქვს, ჩემს ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოვეშება საკმაოდ რთულია, ამიტომ ის იდეალური უნდა იყოს.

– ბავშვებს როგორ მოსწონთ დედის ბრჭყვიალა კარიერა?

– ძალიან აღფრთოვანებულები არიან და ბოლო დროს განსაკუთრებით ამაყობენ. უზომოდ ბედნიერები არიან, როცა დედიკოს ასეთ გამოპრანჭულს ხედავენ. თავიდან ცოტა პროტესტი ჰქონდათ, რადგან დიდხანს მიწევდა ხოლმე წასვლა, თუმცა ახლა უკვე ვაკონტროლებ, რომ ჩემი გამგზავრება ძალიან არ გაგრძელდეს. ასეთ ხანგრძლივ შემოთავაზებებს აღარც ვთანხმდები. მაქსიმუმ 2-3 კვირით მივდივარ და მერე იმავე პერიოდით საქართველოში ვრჩები, რომ ბავშვებს დედიკო გვერდით ჰყავდეთ.

– რა არის ყველაზე დიდი სირთულე ამ პროფესიაში?

– ჩემთვის ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ საქართველოში ეს სფერო ისე არ არის განვითარებული, რომ ისევე ვიყო დაკავებული, როგორც მილანში. ორ პატარა ბავშვთან ერთად მილანში ცხოვრება კი საკმაოდ რთულია, თუმცა, მომავალში ამას მაინც ვგეგმავ. ერთადერთი სირთულე ისაა, რომ საქართველოში იმდენად რეალიზებული არ ვარ, რამდენადაც საზღვარგარეთ. ვიმედოვნებ, ეს სფერო აქაც განვითარდება.

– რა არის შენი სურვილი თუ მიზანი სამომავლოდ?

– სამომავლოდ ვცდილობ, კიდევ უფრო განვვითარდე და უფრო მასშტაბურ ბრენდებთან ვითანამშრომლო. საინტერესო შემოთავაზებები მივიღე კინოინდუსტრიიდანაც და რადგან ამ სფეროში გამოცდილება არ მაქვს, მინდა, კარგად გავერკვიო და აუცილებლად ვცადო ბედი.

გარდა ამისა, მაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა სილამაზის კონკურსიდან. მას შემდეგ, რაც Elite Model Look Georgia-ში გავიმარჯვე და შანხაიში მსოფლიო ფინალზე ვიყავი, ბევრი წელი გავიდა და მსგავს პროექტებს აღარ ვთანხმდებოდი. ახლა კი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსიდან მაქვს მოწვევა და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვცადო ბედი საქართველოს სახელით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი