ნეკა დოროყაშვილი: როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა, ერთად ვბრუნდებით საქართველოში და ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება
ავტორი: ნონა დათეშიძე 49 წუთის წინ
მილანის მოდის კვირეული მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება და ინდუსტრიის წამყვან ტენდენციებს ადგენს. ახლახან მილანში გაიმართა 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის ქალის სამოსის კოლექციების ჩვენება, რომელიც 22 სექტემბერს დაიწყო და 29-ში დაიხურა. კვირეულის ფარგლებში 60-მდე ჩვენება გაიმართა, მათ შორის ისეთი წამყვანი ბრენდების, როგორებიცაა Prada, Gucci, Fendi, Bottega Veneta და ასე შემდეგ. ჩვენებაში მონაწილეობას იღებდა ნეკა დოროყაშვილი, რომელსაც ერგო მისია, შოუ ულამაზესი სამოსით გაეხსნა და ასევე, დაეხურა. მან, წლების პაუზის შემდეგ, პირველად გაიარა პოდიუმზე და მოდის კრიტიკოსების საკმაოდ მაღალი და დადებითი შეფასება მიიღო. გარდა ამისა, წამყვანი დიზაინერებისგან მიიღო მიწვევები და როგორც თავად ამბობს, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა მისი მილანში ვოიაჟი და მან იქ გარდა პოდიუმზე გამოსვლის წარმატებისა, საყვარელი მამაკაციც იპოვა, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა და საქართველოში ერთად ბრუნდებიან.
ნეკა დოროყაშვილი: პოდიუმზე ბავშვობიდან ვდგავარ, ზოგადად, მთელი ცხოვრება. შემდეგ, როცა გავთხოვდი, მქონდა კარიერული წყვეტა. მერე რეალურად, მივხვდი, არასოდეს არის გვიანი დაუბრუნდე იმას, რასაც არ უნდა აკეთებდე, რაც არის შენი ძირეული პროფესია. ეს არის ძალიან ფასეული და რაც შენია, ის ყოველთვის შენთან მოვა და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა – შემარჩიეს, რომ ერთ-ერთი იტალიელი ქალბატონი დიზაინერის სამოსი უნდა მცმოდა და მე გამეხსნა და დამეხურა შოუ. როცა შენ განდობენ შოუს გახსნას და დახურვას, ეს არის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე უბრალოდ პოდიუმზე სამოსის ჩვენება. მთელი შენი ხასიათი უნდა აჩვენო. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან კაბის სიმძიმიდან გამომდინარე, მეშინოდა. არ იყო გამორიცხული ფეხი წამომედო რამეზე, რადგან პოდიუმზე საკმაოდ რთული სატარებელი იყო. ვფიქრობდი: ვაიმე, ღმერთო, ოღონდ ახლა არ წავიქცე-მეთქი (იცინის). ძალიან რთული იყო ასეთი მძიმე კაბის ტარება, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან მიხარია, რომ პოდიუმს დავუბრუნდი.
– ამ ჩვენებისთვის როგორ ემზადებოდი და თუ მოგიწია წონაში გარკვეული კილოგრამების დაკლება?
– საკმაო ხანი ვემზადებოდი და მომიწია კიდეც წონაში დაკლება – თვე-ნახევარში ზუსტად 14 კილო დავიკელი. თან, ზაფხულში კლიპს ვიღებდი, თან შოუსთვის ვვარჯიშობდი. ემოციები კი ისეთი მქონდა, როგორიც მაშინ, როცა პირველად დავდექი პოდიუმზე. დამიჯერეთ, ემოცია არ იცვლება. ისევ ისეთი ემოცია გაქვს, ისევ ისე ნერვიულობ, ისევ ისეთი პასუხისმგებლობაა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის პოდიუმზე გამოდიხარ. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენებას ქართველებიც ესწრებოდნენ. შოუს დასრულების შემდეგ მადლობა გადამიხადეს, ჩამეხუტნენ. ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე და ყველაზე ამაღელვებელი ის იყო, რომ ქართველები ამაყობდნენ და უხაროდათ, მილანში რომ ჩვენება მათი ქვეყნიდან, საქართველოდან ჩამოსულმა გოგონამ გავხსენი. უცხოელი დამსწრე საზოგადოებისგანაც ვიგრძენი უდიდესი სითბო. კომენტარები მესმოდა და დიდ ენერგიას, მოტივაციას და სტიმულს მაძლევდა, როცა პოდიუმზე მიმავალს უცხო ენაზე მესმოდა: ძალიან ლამაზია, როგორ უხდება კაბაო. ძალიან თბილად მიმიღო უცხოელმა მაყურებელმა, დიდი აღტაცებით. გავიცანი ძალიან ბევრი უცხოელი დიზაინერი, ორგანიზატორები, მოდის სახლების დირექტორები და თებერვალში კიდევ მიწევს რამდენიმე დიზაინერის ჩვენებაზე ჩასვლა. ასევე, მომიწევს ქასთინგებზე ჩასვლა მილანში, სხვა დიზაინერებთან. მიხარია, რომ ეს ვოიაჟი და პოდიუმზე კვლავ დაბრუნება, წარმატებით შედგა და დიდი იმედი მაქვს, ასევე გაგრძელდება.
– ზოგადად, ახალი გამოწვევები არ გაშინებს?
– გამოწვევები და სიახლეები ძალიან მიყვარს და რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, ყოველთვის ვიღებ. რადგან ჩემთან მოვიდა, ესე იგი, ჩემია, ამიტომ უნდა გავხსნა კარი, შევიდე, დავათვალიერო, რა ხდება და წარმატებისკენ თამამი ნაბიჯები გადავდგა. ასე რომ, გამოწვევებს ვიღებ, სიახლის შიში არ მაქვს და ყოველთვის ვცდილობ, ეს გამოწვევა და სიახლე შემოვიტანო ჩემში, მასში ჩემი ენერგიები ჩავდო და მერე მაქსიმალურად გავიტანო ის პოდიუმზე, სიმღერაში, ასე გადავცე სხვებს ჩემი ენერგია. პოდიუმზე რომ გამოვდიოდი, სწორედ ეს მიხაროდა, რომ ხალხი ჩემს ენერგიას გრძნობდა.
– გარდა იმისა, რომ უცხოელი დიზაინერებისთვის აღმოჩენა იყო შენი გამოსვლა, ამბობენ ბევრი მათგანი დაინტერესდა შენით და მიწვევებიც გაქვს.
– ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, მათ შორის დიზაინერები და ორგანიზატორები, რომლებიც ჩემით დაინტერესდნენ. მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში მივდიოდით, როცა შეგვამჩნია და აღმოგვაჩინა, ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა დიზაინერმა, რომელსაც საკმაოდ წარმატებული ბრენდი აქვს, გაგვაჩერა და ფოტოგრაფებმა გადაგვიღეს ფოტო-ვიდეოები, რომელიც სოციალურ ქსელშიც დაიდო. სერიოზულად დაინტერესდა ჩემით და მიმიწვიეს პარიზსა და მილანში, რათა მათი ბრენდის სამოსი წარმოვაჩინო. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემი ათდღიანი ვიზიტი მილანში. მომავალში რომ ჩავალ, ისე დავგეგმავ, რომ დიდხანს მომიწიოს იქ ყოფნა და ქასთინგებში მივიღო მონაწილეობა. ეს პერიოდი საოცრად ნაყოფიერი დროა მილანში, რადგან იქ უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი და ცნობადი ფიგურა ჩადის და ხდება ახალი სახეების აღმოჩენა. როცა მილანში ხარ მოდელი, ფაქტობრივად, უნდა ჩათვალო პოდიუმზე ცხოვრობ, რადგან არ არის გამორიცხული, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა, სრულიად შემთხვევით ქუჩაში, რესტორანში ან კაფეში შეგამჩნიონ, აღმოგაჩინონ და მიგიწვიონ მაღალი დონის ჩვენებაზე.
არ არის აუცილებელი, ქასთინგზე გახვიდე, მოდელის შერჩევა ასე, შემთხვევითაც ხდება. გაკვირდებიან და კიდევ ვამბობ, ფეშენ-ვიქის პერიოდში, მილანი ხდება ერთი დიდი პოდიუმი, სადაც დიდი შანსი გაქვს, აღმოგაჩინონ და ეს გახდეს მომავალი წარმატების სავიზიტო ბარათი. სხვათა შორის, მილანში რომ ჩამოვედი, მქონდა შეგრძნება, თითქოს საკუთარ სახლში ჩამოვედი. პოდიუმზე გამოსვლისასაც ასეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ის კაბა ზუსტად ჩემთვის იყო შექმნილი და ეს როლი ბოლომდე უნდა შემეთვისებინა. ადვილი არ არის, როცა ჩვენებას ხსნი, შენ განდობენ ამ საქმეს და პლუს ამას ჩვენების დახურვასაც, შენ გაკისრია პასუხისმგებლობა, მთელი შოუ წაიყვანო და შენ უკან სხვა მოდელები არიან, რომლებიც შენ უნდა გამოგყვნენ. რეალურად, მე მქონდა დიდი მისია, ეს როლი მთლიანად შემეგრძნო. მქონდა განცდა, რომ ეს იყო ჩემი სასახლე, სადაც დილით გავიღვიძე, ჩავიცვი ლამაზი კაბა და წავედი... როცა პოდიუმი ასეთი შეგრძნებით გავიარე, ამას იქ დამსწრე მაყურებელიც გრძნობდა. საღამოს ავთერფართებზე, წვეულებებზე, პომპეზურ შეხვედრებზე დავდიოდით და გარდა იმისა, რომ საქმეზე ვიყავი ჩამოსული, ძალიან ბევრი პოზიტიური ენერგიითაც დავიმუხტე, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი.
– მართალია, რომ სწორედ მილანში გაიცანი ის ადამიანი, ვის მიმართაც სასიყვარულო გრძნობა გაჩნდა? როგორ გაიცანი ის?
– სხვათა შორის, საქართველოში, იმ ადამიანთან ერთად ვბრუნდები (იცინის). მოდის კვირეულის შემდეგ ავთერფართიზე წავედით არმანის რესტორანში. იქ მნახა და იმის მერე ერთად ვართ. მე არასოდეს შემხვედრია ბიჭი, რომელსაც ერთი ნახვით შევუყვარდებოდი. თან, მეგონა, რომ უბრალოდ, სხვა ეროვნების მამაკაცთან არ მექნებოდა ის ემოცია და სიახლოვე, რაც შეიძლება, ქართველთან მქონოდა. ამ ადამიანმა კი ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ჩვენი ამბავი, მაგრამ ახლა ამ ადამიანთან ერთად ვბრუნდები საქართველოში. ასე რომ, მილანის მოდის კვირეულმა ახალი სიყვარული მაპოვნინა. ზოგი ამბავი ისე იწყება, თითქოს ზღაპრის პირველი გვერდი თავისით გადაიშალა. მან როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა. ხომ არის ეს ზღაპრის დასაწყისი? აქამდე ნამდვილად არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ერთი ნახვით შევუყვარდებოდი. კიდევ ვამბობ, ჩვენ ერთად ვბრუნდებით საქართველოში და ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





