შოუბიზნესი

თათია კობალაძე: განცდა მაქვს, რომ ჩემი დრო დადგა, წელს ნამდვილად ჩემი წელია

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 20.07

თათია კობალაძე
დაკოპირებულია

მომღერალ თათია კობალაძის შემოქმედებაში განსაკუთრებული სიახლეა. თათია უზარმაზარი მასშტაბის კონკურსში – „აბრეშუმის გზის ვარსკვლავში“ – იღებს მონაწილეობას და განსაკუთრებული მოლოდინი აქვს. ამ პროცესში ქართველი მსმენელის გულშემატკივრობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

თათია კობალაძე: მოგეხსენებათ, ჩინეთი უზარმაზარი ბაზარია და იქ მოხვედრა ყველა მომღერლის ოცნებაა. ეს ძალიან მაგარი ამბავი ახლა ჩემს თავს ხდება და უზომოდ მიხარია. ვსაუბრობ მუსიკალურ კონკურს – „აბრეშუმის გზის ვარსკვლავზე“, რომელიც ჩინეთში იმართება და რომელშიც ვმონაწილეობ. ათი საოცარი ტური გვექნება ამ კონკურსის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის ეთერში გადის და მსმენელს, რა თქმა უნდა, ქართულ სიმღერასაც შევთავაზებ, ვიმედოვნებ, რომ არაერთს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა.

– როგორ გახდით ამ კონკურსის მონაწილე?

– ძალიან მოულოდნელად. ჩემი სერბი მეგობარი დამიკავშირდა. მე მასთან ერთად ვიყავი ყაზახეთის „ვოისზე“ წარმოდგენილი, სადაც მე გავიმარჯვე. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. სხვათა შორის, ის „ევროვიზიაზე“ გამოდიოდა. სწორედ მან მითხრა ამ კონკურსის შესახებ – ქართველ მომღერალს არჩევენ, რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ და არ გინდა, მონაწილეობა მიიღოო?! რა თქმა უნდა, გამოვთქვი სურვილი, შესაბამისი ეტაპები გავიარე და დაიწყო ის, რაც დაიწყო... ჩემი კანდიდატურა დამტკიცდა და ჩინელ პროდიუსერებთან გადამამისამართეს.

კონკურსი 12 ივლისიდან 20 აგვისტომდე გაგრძელდება. წინ ათი საოცარი ტური გველოდება და იმედი მაქვს, როგორც მჩვევია, ისე წარვადგენ და ვასახელებ ჩვენს ქვეყანას.

– როგორ ხდება გამარჯვებულის გამოვლენა და ქართველ მაყურებელს რა როლი აქვს ამ პროცესში?

– ქართველი მაყურებლის როლი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ბევრი მოწონება, კომენტარები და გაზიარება ყველა ვიდეოზე. ეს იქნება ქართველების ყველაზე დიდი მხარდაჭერა ამ პროცესში.

– გამოწვევების არ გეშინია?

– პირიქით, ეს ჩემთვის ადრენალინია. ეს არის გზა იმ სურვილის მისაღწევად, რაც ყველა მუსიკოსს აქვს. როცა ოცნებებს მიზნად აქცევ, ის მიგიყვანს იმ წერტილამდე, რომლისთვისაც იბრძვი. ეს წერტილი კი მსოფლიოსთვის საკუთარი ხმის გაგონებაა, რისი შანსიც ზუსტად ახლა მომეცა. ძალიან მასშტაბური კონკურსია, მილიარდ-ნახევარი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებს. ალბათ, ნებისმიერი მომღერლის ოცნებაა ასეთი მასშტაბის კონკურსში მოხვედრა. წელს ნამდვილად ჩემი წელია (იცინის). განცდა მაქვს, რომ ჩემი დრო დადგა.

– ალბათ, წარსულში კონკურსებში მიღებული გამოცდილებაც დიდ როლს ითამაშებს.

– კი, ეს ძალიან დამეხმარება. კონკურსები ძალიან მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და თუ გამოცდილება არ გაქვს, ძალიან გაგიჭირდება, მით უმეტეს, სრულიად უცხო ქვეყანაში. მე ყაზახეთიდან უკვე დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ არა მგონია ძალიან გამიჭირდეს. უფრო მეტიც, წესით, საერთოდ არ უნდა გამიჭირდეს.

– რა მიზნით მიდიხარ?

– მინდა, ჩემი ქვეყანა და საკუთარი თავი ყველა ტურზე ღირსეულად წარმოვაჩინო, ამის შემდეგ რა მოხდება, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მთავარია, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც შეგვეფერება. დიდი იმედი მაქვს, დამახასიათებელი ქართული ხმის ტემბრით, რასაც ხშირად უსვამენ ხოლმე ხაზს ჩემთან მიმართებაში, მსმენელზე შთაბეჭდილებას მოვახდენ.

– „ფეისბუქზე“ წერდით ამ თემაზე, ერთ-ერთ ხელოვანთან პარალელს ავლენდით, არც ის აღიარეს თავის ქვეყანაში და ამ კონკურსის მეშვეობით მიაღწია მსოფლიო ვარსკვლავობასო. ფიქრობთ, რომ საქართველოში არ ხართ შესაფერისად აღიარებული?

– სამწუხაროდ, ასეა, ჩემი აზრით, საკუთარ ქვეყანაში არ ვარ იმ საფეხურზე, რომელზეც უნდა ვიყო. იმიტომ არა, რომ ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ნამდვილად ვიმსახურებ ადგილს იქ, სადაც ღირსეულები დგანან. რატომღაც ჩვენს ქვეყანაში არ არის ჩემი ადგილი. დიმაშს, მომღერალს, რომელთანაც ჩემს პოსტში პარალელი გავავლე, თავის ქვეყანაში ერთ-ერთ მასშტაბურ კონკურსზე უთხრეს, შენ სიმღერა არ იცი და სახლში წადიო. ისევე, როგორც ბევრი წლის წინ ჩემს შემთხვევაში მოხდა. მე ის შემთხვევა გულში კი არ მაქვს ჩადებული, უბრალოდ, ფაქტია. შესაძლებელი იყო, ეს ყველაფერი ისე ეთქვათ, რომ ხაზი არ გადაესვათ ჩემთვის, არ დავეკნინებინეთ. მით უმეტეს, საკმაოდ პატარა, 17 წლის, ვიყავი. ასაკის მიუხედავად, ორკესტრთან და კაპელასთან სიმღერის დიდი გამოცდილება მქონდა და არაერთი კონკურსი მოგებული.

პირველი ქართველი ვიყავი, ვინც საზღვრებს გარეთ გავიდა და კონკურსიდან გამარჯვებული დაბრუნდა. არ ვიყავი ადამიანი, რომელმაც გუშინ გადაწყვიტა სიმღერა და დღეს კონკურსზე გავიდა. ამიტომაც იყო მტკივნეული ჩემთვის ის შეფასება. დიმაშმაც იგივე შეფასება მიიღო, მაგრამ წლების შემდეგ ზუსტად ამ კონკურსში გამოჩნდა ჩინეთში, საიდანაც მსოფლიოს სცენები დაიპყრო. ის მსოფლიომ აღიარა. იმას არ ვამბობ, რომ მეც აუცილებლად მსოფლიომ უნდა მაღიაროს. ამხელა წარმოდგენა არ მაქვს საკუთარ თავზე, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. იმხელა მასშტაბის კონკურსია, გამორიცხული არაფერია. ჩემი ვარსკვლავის განათების დრო მოვიდა და ამ შანსს ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან. რა გამოცდილებაც წლების განმავლობაში დავაგროვე, ზუსტად ამ კონკურსში ჩავდებ. იმედი მაქვს, რომ მილიარდობით მაყურებელს შევაყვარებ თავს.

– სამშობლოს რაც შეეხება, ფიქრობთ, რომ დღემდე არ ხართ საკმარისად აღიარებული?

– კი, დღესაც ეს განცდა მაქვს. თუკი რამეს მივაღწიე, ძალიან დიდი შრომით. ზოგიერთ მომღერალს უთქვამს ჩემთვის, რომ ჩემსავით აქტიური არ არის, არ იღებს მონაწილეობას იმდენ კონცერტში, რამდენშიც მე, მაგრამ მე იმდენი შრომა მაქვს ჩადებული ამ საქმეში, რასაც საპასუხოდ ვიღებ, ეს მინიმალურია. რატომ არ უნდა მცნობდეს ჩემს ქვეყანაში მაყურებელი?! იშვიათად, რომ ვინმე მოვიდეს და მითხრას, შენ თათია არ ხარ? ეს გულდასაწყვეტია. მაგალითად, ყაზახეთში ხალხი ქუჩაში მცნობდა. მე საქართველოში მხოლოდ ამ ერთ კონკურსზე კი არ გავსულვარ, ყველა კონკურსის ქასთინგზე გავდიოდი. ბოლოს პირველ არხზე ვიყავი, „ვოისში“. პანდემიის პერიოდი იყო და მინდა გითხრათ, რომ არცერთი მწვრთნელი არ მომიბრუნდა. უკრაინული ვოისის მერეც ვიყავი ქართულ პროექტში, ყაზახეთის მერეც და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ ჯერზე შედეგად მხოლოდ გულისწყვეტა მივიღე. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ გული მწყდება იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. არ მინდა, მისი დატოვება, მაგრამ იძულებული ვარ, ყოველ ჯერზე სხვა ქვეყანაში ვიბრძოლო. უკითხავთ ჩემთვის, არ დაიღალეო? და არ ვიღლები. თუ ნამდვილად ამ საქმისთვის ხარ დაბადებული, სახლში ჯდომითა და წუწუნით ვერაფერს გააკეთებ. ჩემს ქვეყანაში არ ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს, სამაგიეროდ, სხვა ქვეყნებში ვანახვებ ჩემს ნიჭიერებას ადამიანებს, რაც დადებითად აისახება ჩემს მომავალზე.

– თათია, ჯანმრთელობის შესახებაც მინდა გკითხო. ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე იდექი, სერიოზულ პრობლემას გაუმკლავდი. ახლა რა ეტაპია?

– ახლა ყველაფერი რიგზეა. კონტროლის ქვეშ ვარ. გამოკვლევას საქართველოშიც ვიკეთებ და სტამბოლშიც, როცა ამის საშუალება არის, რადგან საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ბოლო კვლევის გაკეთება იქ ვერ შევძელი, აქ გავიკეთე და გავაგზავნე ჩემს ონკოლოგთან. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მაქვს. ამ მხრივ, მშვიდად ვარ. ვიბრძოლე, დავამარცხე მძიმე დაავადება, ფეხზე დავდექი და ახლა ასეთი ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ სიზმარში თუ ვნახავდი, რომ ჩინეთში მილიარდობით მაყურებლის წინაშე წარვდგებოდი. ოცნებად მქონდა „ევროვიზიის“ სცენა, რომელიც ამასთან შედარებით არაფერია.

– ყელსაც ეხებოდა საქმე და იყო მომენტი, როცა ფიქრობდით, სიმღერას ვერ შეძლებდით?

– მე არ მქონდა ეგ შიში, უბრალოდ, როცა მითხრეს, რომ ყელზე მქონდა ეს პრობლემა და სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა, მივხვდი, რომ თუ ეს მოხდებოდა, შეიძლებოდა ვეღარასდროს მემღერა. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. სტამბოლში რომ კვლევები გავაგზავნე, საახალწლო კონცერტი მქონდა დაგეგმილი და მაშინ ვთქვი, რომ ამ კონცერტზე აუცილებლად გავიდოდი. სცენაზე რომ ავდიოდი, ვფიქრობდი, ნეტავ ეს ჩემი ბოლო სცენაზე გასვლა ხომ არ არის-მეთქი. ძალიან მძაფრი შეგრძნებები მქონდა, მაგრამ მოვერიე საკუთარ თავს. საკმაოდ ძლიერი ფსიქიკა მაქვს, არასდროს ვნებდები. ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, მიზნამდე აუცილებლად მივალ, ისე, რომ არავინ დავაზარალო. მადლობა ღმერთს, ამ ბრძოლამ კარგი შედეგი გამოიღო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი