შოუბიზნესი

როგორ გახდა პატრიარქი შიო მესამე მედეა ადამიას შვილის ნათლია და რა სიურპრიზს უმზადებს ის შვილებს

№27

ავტორი: ნონა დათეშიძე 53 წუთის წინ

მედეა ადამია
დაკოპირებულია

მედეა ადამიასა და ავთანდილ სამსონიძის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა. წყვილი კიდევ ერთი პატარას მოლოდინშია.

მედეა ადამია: წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, მრავალშვილიანი დედა იქნებიო, ვერ დავიჯერებდი და გამეცინებოდა (იცინის). ჩემთვის დაუჯერებელი იქნებოდა მრავალშვილიანი დედობა, მაქსიმუმ ორ შვილზე მეფიქრა.

– პირველად დედა რა ასაკში გახდი?

– პირველი შვილი რომ გავაჩინე, 32 წლის ვიყავი. სრულიად გააზრებული მქონდა დედობა და თანაც იმდენად, რომ მუცელში ყოფნის პერიოდში სულ ვეტიტინებოდი და რომ დაიბადა, ლამის ლაპარაკობდა (იცინის). არც დედობრივი მოვალეობების გააზრება გამჭირვებია, მიუხედვად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრება მქონდა. ფეხმძიმობის დროსაც დავფრინავდი. ხუთ თვემდე ვიფრინე, ორსული თვითმფრინავიდან არ ჩამოვსულვარ. მერე კი ვარიდებდი თავს. ასე რომ, პირველი ვაჟი, ადამი, 32 წლისამ გავაჩინე და ნამდვილად არ გამჭირვებია არც მისი მოვლა და არც იმ მოვალეობების გააზრება, რაც დედობას ახლავს თან. მისმა დაბადებამ ყველაფერი შეცვალა, ყველაფერი გაუფასურდა, რაც მეგონა, ცხოვრების არსი და აზრი იყო, მაგალითად, მოგზაურობები, კარიერა, ფინანსები, კარიერული წინსვლა, ბრილიანტები... აბსოლუტურად ყველაფერმა ფასი დაკარგა. რაც მთელი ცხოვრება მსურდა, მქონოდა და ყოფილიყო, თურმე, იქამდე, სანამ დედა გავხდებოდი, არაფერი ყოფილა. ახლა ადამი 6 წლის არის, წმიდა ნიკოლოზის შობის დღესაა დაბადებული და ამიტომ, ორი სახელი აქვს, დაბადების მოწმობაში უწერია ადამ-ნიკოლასი. სხვათა შორის, უკვე პირველი კლასი დახურა. ადრეულ ასაკში აიჩემა და სკოლაში თავისი ნებით შევიდა (იცინის). მეორე შვილი 36 წლის ასაკში გავაჩინე. მისი მოვლინებაც საოცარი შეგრძნება იყო. დავითი უკვე ორი წლისა და ორი თვისაა. გოგონა – ანამარია კი, შვიდი თვისაა. მიყოლებით გავაჩინე მომდევნო შვილები და იზრდებიან ტყუპებივით.

– ახლა კი, სულ მალე, მეოთხე პატარა წევრიც შემოუერთდება ოჯახს. როგორია მისი მოლოდინი?

– ნამდვილად სრულიად დაუგეგმავი იყო მეოთხე შვილი, როგორც ჩემი მესამე შვილი, ანამარია. რომ გავიგე მეოთხე შვილზე ვიყავი ორსულად, იმდენად მოულოდნელი იყო... რა გითხრათ. თუმცა, როგორც ქრისტიან-მართლმადიდებელი ადამიანი, ვფიქრობ, როცა ადამიანი ფეხმძიმდები, დაუგეგმავია ეს ორსულობა თუ დაგეგმილი, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად უნდა გააჩინო, რადგან ეს უდიდესი ღვთის წყალობა და მადლია. ყველა ქალს ვეტყოდი, რაც არ უნდა სირთულეში იყოთ და რაც არ უნდა ფინანსური რთული პერიოდი იდგეს თქვენს ცხოვრებაში, არ თქვათ უარი ღვთის საჩუქარზე – შვილზე და აუცილებლად გააჩინეთ. თუ ღმერთი გაძლევთ და გასაჩუქრებთ, ესე იგი, მის გაჩენასაც შეძლებთ, გაზრდასაც, აღზრდასაც და გზაზე დაყენებასაც. კიდევ ვამბობ, მეოთხე შვილზე ფეხმძიმობა რომ გავიგე, სრულიად წარმოუდგენელი იყო. 39 წლის ვარ და ამ ასაკში ოთხი შვილის დედობა, ნამდვილი ბედნიერებაა.

– მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა, როცა მეოთხე შვილის მალე მოვლინების ამბავი გაიგო?

– მეუღლემ რომ გაიგო, ისევ ორსულად ვიყავი, კინაღამ გონება დაკარგა (იცინის). ჩემზე ინერვიულა: სამ შვილს მარტო ზრდი, მთელი დღე მოძრაობაში ხარ, მე საქმეების გამო ვერ გეხმარები და როგორ შეძლებ მეოთხე შვილის გაზრდასო. მე კი ვუპასუხე: სადაც სამი, იქაც მეოთხე, ორი თუ დახოხავს, მესამემაც რომ იხოხოს იატაკზე რა პრობლემაა, ერთიანად გაიზრდებიან-მეთქი (იცინის). ჩემი მეუღლე არის პიროვნება, რომელმაც მკვდრეთით აღმადგინა. ისეთ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა და ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდით ასეთი ადამიანი. ჩემს მეორე ნახევარს ღმერთმა სწორედ იმ საჭირო დროს შემახვედრა და დღეს ის ყველაზე დიდი საყრდენია ჩემთვის. უფლის გამოგზავნილი რომ არის, ამაში ეჭვი ერთი წამით არ მეპარება.

– ვიცი, დამოუკიდებლად ზრდი შვილებს, თუ მეუღლის დახმარებას არ ჩავთვლით, ძიძის გარეშე და ეს ბედნიერებასთან ერთად, ხომ საკმაოდ რთულია, თან ფეხმძიმობის პერიოდში?

– გარკვეული პერიოდი ჩემი და მეხმარებოდა და მისი მადლიერი ვარ, დიდი ამაგი აქვს ჩემი ორი ბავშვის გაზრდაში. ძიძა არასდროს მყოლია. ჩემი მეუღლე მეუბნება, ეჭვიანი ბუნების ხარ და იმიტომ არ გყავს დამხმარეო, მაგრამ ეს ასე არ არის. ეჭვიანობა არაფერ შუაშია, როგორ შეიძლება ადამიანზე ვიეჭვიანო, რომელსაც შენს სულსა და გულს, შენს შვილს ანდობ. მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ როგორც დედა, ბავშვს ისე სხვა ვერ მოეფერება, ისე ვერ გაუგებს. სულითა და გულით ვარ ჩართული, როცა მათთან ერთად ვთამაშობ, ვსეირნობ, საჭმელს ვუმზადებ, ვაჭმევ თუ ვკონტაქტობ.

ეს პროცესი იმდენად ფაქიზია ჩემთვის, ვფიქრობ, ჩემზე უკეთ ვერავინ გაუკეთებს მათ იმას, რასაც მე ვუკეთებ. ეჭვიანი არა, უბრალოდ, მე ბუნებით ვარ უზომოდ ფრთხილი ადამიანი. დღეს, სამივე ბავშვს, ორსული თავიდან ბოლომდე მარტო ვუმკლავდები, ერთს ეძინება, ერთს შია, მესამეს თამაში უნდა და პამპერსის გამოცვლა, სამივე შემოგციცინებს, შენ ხარ მათი საყრდენი და იმედი, მიუხედავად დატვირთვისა, ეს იმდენად სასიამოვნო პროცესია, ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ. მათი საოცარი თვალები და მზერა მეხამრება, ვიყო ენერგიული მთელი დღის განმავლობაში და შევძლო ყველაფრის მოსწრება. მეუღლე მთელი დღე სამსახურშია. მეც ჩავდივარ ხოლმე, საწარმოში, სამი ვე ბავშვით. მაღაზიებშიც, საყიდლებზე სამ შვილთან ერთად დავდივარ და ნამდვილად არ მიჭირს. ვხუმრობ ხოლმე, მანქანაში ნამდვილი ბოშათა ბანაკი მაქვს-მეთქი (იცინის). მანქანაში მოვუწყვე ბავშვებს საძინებელიც, სამზარეულოც და გასართობი ცენტრიც (იცინის). ხანდახან მანქანაში ჩემი ადგილი აღარ არის.

– სად აპირებ ამ ზაფხულს ბავშვების გაყვანას?

– მეუღლე წაღვერიდან არის და იქ წავალთ დასასვენებლად. მერე კი მინდა, ზღვაზეც წავიდეთ. დავითს და ანამარიას არ უნახავთ ზღვა და მინდა, სიურპრიზი მოვუწყო, წავიყვანო, ვანახვო და მათი რეაქციები ვნახო. სხვათა შორის, მესამე ბავშვი, პატრიარქმა, შიო მესამემ, მომინათლა მის პირველ საყოველთაო ნათლობაზე. ბედნიერი ვარ, რომ უფლის წყალობით, პატრიარქია ჩემი შვილის ნათლია და მეოთხე შვილსაც აუცილებლად მას მოვანათლინებ. სულ ვამბობ, იღბლიანი ვარ-მეთქი და აღმოჩნდა, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, რაშიც რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი