შოუბიზნესი

სალომე ლემონჯავა: ერთი დიდი ამბავი დასრულდა და ახალი ეტაპი იწყება

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 20.07

სალომე ლემონჯავა
დაკოპირებულია

სალომე ლემონჯავასა და გიორგი ცხადაძის, როგორც მშობლების, ცხოვრებაში, განსაკუთრებული ეტაპია. მათმა პატარამ ბაღი დაამთავრა და უკვე ახალი სასკოლო ეტაპისთვის ემზადება. გარდა ამისა, მათ ოჯახს 10 წელი შეუსრულდა.

სალომე ლემონჯავა: ნენეს ბაღის გამოსაშვებ საღამოზე, მგონი, ბავშვებზე მეტად მე ვნერვიულობდი. ყველანაირი ემოცია ერთად მქონდა, სენტიმენტები მომაწვა. თან, ღონისძიება იმ სივრცეში იყო, სადაც ნენე პირველ დღეს მივიყვანეთ და ემოციებისგან მეტირებოდა. თან მიხაროდა, იმავდროულად, გული მწყდებოდა. ერთი დიდი ამბავი დასრულდა და ახალი ეტაპი იწყება.

– შენ და გიორგი იყავით ნენეს ბაღის ღონისძიების წამყვანები და ალბათ, ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო თქვენთვის...

– ძალიან გვიხაროდა, ტექსტზე წინა დღეებში ვმუშაობდით და მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყავით. მინდოდა, ნენეს ჩვენით ეამაყა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გვითხრა, როგორ გაახარეთ ყველა ბავშვიო და მივხვდი, რომ მართლა ამაყობდა ჩვენით. მეც და გიორგიც ძალიან ბედნიერები ვიყავით. ეს ის ძვირფასი მომენტია, როცა მთელი ცხოვრება განსაკუთრებულად მემახსოვრება.

– სკოლის დრო მოდის, როგორია მოლოდინი – სიხარულს ალბათ, გარკვეული შიშიც ახლავს.

– კარგა ხანია ამ ეტაპისთვის ვემზადებით. ვცდილობთ, ნენემ მარტივად გადალახოს. ახალი ეტაპი ბავშვისთვის ღელვას უკავშირდება და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, შენ ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად შეუწყო ხელი, მოამზადო. არ ვგულისხმობ, რომ წინასწარ ვამეცადინებ, ეს მეორეხარისხოვანი მგონია, მთავარია, ფსიქოლოგიურად შეხვდეს მზად ამ ეტაპს, რომ ნაკლებად დაისტრესოს. ვცდილობ, აქედანვე დავეხმარო, რომ ადაპტაცია მარტივად გაიაროს. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ. თვითონ ძალიან უხარია, მოუთმენლად ელოდება. სასკოლო ნივთებს აგროვებს, მაგრამ ისეთ კითხვებს მისვამს, რომ ვგრძნობ, ცოტას ნერვიულობს. უხარია, რომ ფორმა ექნება, წიგნები და ასე შემდეგ, მაგრამ ფიქრობს, როგორ დაუმეგობრდება ახალ ადამიანებს. სხვათა შორის, ბაღი ძალიან უყვარს და მკითხა, ჩემს შემაჯამებელ ალბომში ჩემი მასწავლებლების ფოტოები ხომ არის, არ მინდა დამავიწყდნენო.

– ამასობაში თქვენი ოჯახი ათი წლის გახდა. საკმაოდ სოლიდური დროა. ბევრი ეტაპი გაიარეთ. რა შეიცვალა თქვენში, როგორც წყვილში და რა დარჩა უცვლელი?

– ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, ჩვენი გამოცდილება, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებები. ურთიერთობის დასაწყისში საკმაოდ პატარები და სრულიად გამოუცდელები, ბავშვურები ვიყავით, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ერთად გავიზარდეთ. საინტერესო პროცესი გამოვიდა. ამან განაპირობა ის, რომ ერთმანეთს დავემსგავსეთ. ღირებულებები და ფასეულობებიც კიდევ უფრო ერთიანი გახდა, რაზეც დგას ჩვენი ურთიერთობა.

შეიცვალა ის, რომ უფრო ადამიანურები გავხდით, არა მხოლოდ ერთმანეთის, ყველას და ყველაფრის მიმართ უფრო მეტი მიმღებლობა გვაქვს, მეტად შეგვიძლია გაგება და დათმობა. ახლა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო ძვირფასია. არ ვამბობ, რომ ათი წლის წინ არ იყო, მაგრამ ათი წლის ისტორიამ ყველაფერი კიდევ უფრო გააღრმავა და ისეთ ფაზაში გადაიყვანა, რომ განსაკუთრებით ძვირფასი გახდა.

– შეიცვალა კამათის თუ შერიგების კულტურა?

– რა თქმა უნდა. 20 წლის ასაკში ბევრად უფრო წინა პლანზე იყო წამოწეული საკუთარი ეგო. არ ვამბობ, რომ მერე ეგო სუსტდება, თუმცა შენ მეტად აკვირდები მას, სწავლობ და შეგიძლია, მისი კონტროლი. პატარა ასაკში უფრო ეგო გაკონტროლებს. როცა ეს ფაზა დგება, ურთიერთობაც ავტომატურად იცვლება, დათმობაც ბევრად უფრო მარტივი ხდება. ეს არ გულისხმობს საკუთარ პრინციპებზე გადაბიჯებას, ამას ასე რადიკალურად აღარ უყურებ. ვფიქრობ, საკუთარი ეგოს მართვა ურთიერთობას უფრო სტაბილურს ხდის. პარტნიორს მეტ პატივს სცემ, თუ საჭიროა, დამთმობიც ხარ, გამგებიც, მეტი მიმღებლობა გაქვს.

– გიორგი ხელოვანია, შენ მედიას წარმოადგენ და ამას ემატება კონტენტკრეატორობა. ამარტივებს თუ ართულებს ცხოვრებას ასეთი საჯაროობა?

– არ ამარტივებს. პასუხისმგებლობაც მეტია. შენი ნათქვამი სიტყვა შეიძლება, სულ სხვანაირად იყოს გაგებული. როცა საჯარო ადამიანი ხარ, მხოლოდ ოჯახთან კი არა, გარკვეულწილად სხვების წინაშეც ანგარიშვალდებული ხარ. თუ გინდა, ასეთი ცხოვრების წესი გქონდეს, ისიც უნდა გააცნობიერო, რომ ანგარიშვალდებული ხარ ყველა იმ ადამიანთან, ვინც გგულშემატკივრობს. ეს ადამიანები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან, რადგან ჩვენ მათ ჩვენი ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვან ამბებს ვუზიარებთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, გულშემატკივარს პირადად არ ვიცნობდე, მისდამი დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. შესაბამისად, ეს ხშირად სტრესულიცაა, მაგრამ ბევრი კარგი ბენეფიტიც აქვს. ძალიან ბევრი უცხო ადამიანისგან ისეთ სითბოსა და სიყვარულს იღებ, რომ საოცარი შეგრძნებები გეუფლება. შენიანს რომ უყვარხარ, ეს ძალიან კარგია და ბუნებრივი, მაგრამ უცხო ადამიანი რომ შორიდან გგულშემატკივრობს და პატივს გცემს, ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა.

– თუ გიგრძნია, რომ თქვენგან იდეალური წყვილის მოლოდინი აქვთ და რამდენად რთულია - თან გაუზიარო თქვენი ყოველდღიურობა, თან ზედმეტადაც არ შემოიჭრან თქვენს ცხოვრებაში?

– ჯანსაღად რომ შევხედოთ, „იდეალური წყვილი“ ძალიან პირობითი შეფასებაა. ვისთვის როგორია იდეალური წყვილი. ყველას მოსაწონი ვერ ვიქნები, ამის არც ამბიცია მაქვს და არც სურვილი. მე რომ ყველას მოსაწონი ვიყო, ჩემი ოჯახიც რომ ყველასთვის იდეალური იყოს, მაშინ მე ჩემს თავს აღარ უნდა ვეკუთვნოდე. თუ ყოველთვის ყველაფერს სხვებისთვის გავაკეთებ, გამოვა, რომ ჩემი პირადი სივრცე აღარ მექნება. ასე პირველ რიგში, ჩემს თავს დავკარგავ, რაც ჩემთვის წითელი დროშაა, საზღვარი, რომელსაც არასდროს გადავლახავ.

ჩვენ ვაზიარებთ ჩვენი პირადი ცხოვრებიდან დეტალებს, მაგრამ დაბალანსებულად. ჩვენი ცხოვრების 70 პროცენტს ჩვენთვის ვინახავთ. მნიშვნელოვან მომენტებს ვაჩვენებთ, მაგრამ არა ყველაფერს, ზუსტად იმიტომ, რომ პირადი სივრცე გვქონდეს და საკუთარი თავი არ დავკარგოთ.

– რთულ მომენტებში ვის რა როლი აქვს - როგორც წესი, ერთი უფრო აქტიური და საუბრის მომხრეა ხოლმე, მეორე კი დუმილს და მოსმენას ირჩევს. თქვენს შემთხვევაში?

– მე ვარ დიალოგის მომხრე, მიყვარს საუბრები, რომელსაც გიორგი ფილოსოფიურ საუბრებს ეძახის (იცინის). გიორგის ეს ნაკლებად უყვარს და ინიციატორი მე ვარ ხოლმე. ის, ამ შემთხვევაში, უფრო მსმენელის ამპლუაშია. ამით ვაბალანსებთ. ორივე რომ საუბრის ან დუმილის მოყვარულები ვიყოთ, გაგვიჭირდებოდა. ზოგჯერ ვბრაზდები ხოლმე, დაღლილი რომ მოდის და არ აქვს საუბრის თავი, მაგრამ რეალურად, ესეც გასაგებია.

– სამი რამ, რაც თქვენს ისტორიას ყველაზე კარგად დაახასიათებს...

– პირველი – უანგარო სიყვარული. ჩვენ ერთმანეთი ისეთ ასაკსა და მდგომარეობაში შეგვიყვარდა, რომ არანაირი ქვეტექსტები არ ყოფილა. ზრდასრულ ასაკში გეფიქრება, როგორია შენი პარტნიორი, რამდენად შეუძლია რეალიზებული იყოს და ასე შემდეგ, ბევრად უფრო პრაქტიკულად უყურებ მომავალს. ჩვენ ისეთ პერიოდში შეგვიყვარდა ერთმანეთი, როცა სკოლის მოსწავლეები ვიყავით, მერე სტუდენტები და ქუჩაში 20 ლარი რომ ვიპოვეთ, ამან გაგვაბედნიერა (იცინის).

მეორე – ჩვენი შექმნილი ოჯახი ჩვენს შვილთან ერთად, რომელმაც ძალიან შეკრა ჩვენი ისტორია.

მესამე – მეგობრობა. ჩემი პარტნიორი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ასევე, ნამდვილად ვიცი, რომ მისი საუკეთესო მეგობარი მე ვარ. ძალიან მაგარია, როცა გვერდით საუკეთესო მეგობარი გყავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი