დათო ფორჩხიძე: ჩვენს კონცერტამდე იმავე სცენაზე ლედი გაგა და მიკ ჯაგერი გამოდიოდნენ. მათი ბანერი ჩამოხსნეს და „სახის“ გააკრეს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
ცოტა ხნის წინ დათო ფორჩხიძესა და დათო ხუჯაძეს ამერიკაში კონცერტი ჰქონდათ. ამ კონცერტის, ემიგრანტებთან შეხვედრისა და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების შესახებ დათო ფორჩხიძე მოგვიყვება.
დათო ფორჩხიძე: ძალიან კარგი ღონისძიება გვქონდა ამერიკაში. კონცერტი ნიუ-იორკში – ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო და საუკეთესო მოგონებებს შორის დარჩება.
მინდა, მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს – „სპოტლაიფ ივენთს“ და მის ხელმძღვანელებს – სალომე ქათამაძესა და ტუტი მაცაბერიძეს. ამ ორმა ადამიანმა – ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა, მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა ყველაფრის ორგანიზება შეძლეს. ვიღაცები ცდილობდნენ, კონცერტი არ ჩატარებულიყო და ხელს გვიშლიდნენ, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა.
ჩვენი კონცერტი მანჰეტენზე, RACKET NYC-ში გაიმართა. ეს საკმაოდ მაღალი დონის დარბაზია და იქ კონცერტის ჩატარება, დარწმუნებული ვარ, ყველა მუსიკოსის ოცნებაა. არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენს კონცერტამდე, იმავე სცენაზე ლედი გაგა და მიკ ჯაგერი გამოდიოდნენ. ეს ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. რომ მივედით, მათი ბანერი ჩამოხსნეს და „სახის“ გააკრეს. ბევრი კი ვიცინე ამაზე, მაგრამ რეალურად ასე იყო. საკუთარ თავს „დავცინი“: რას მოესწარი, სად აღმოჩნდი-მეთქი (იცინის).
მაყურებლის უმრავლესობას ის ადამიანები წარმოადგენდნენ, ვინც დიდი ხნის წინ წავიდა საქართველოდან და უკვე 15-20 წელია იქ ცხოვრობენ. ვინც ახალი ჩასულია და ჯერ საბუთების პრობლემა აქვს, მათ ვიღაც-ვიღაცები ემუქრებოდნენ და ამიტომ დიდი მასა ვერ მოვიდა.
სიმართლე გითხრათ, მქონდა იმის შიში, რომ დიდი ხნის წინ წასულ ხალხს აღარ ემახსოვრებოდა ჩვენი სიმღერები. როცა საქართველოში გვაქვს კონცერტი, 7-9 სიმღერას ხალხი ჩვენთან ერთად მღერის. ნამდვილი კარაოკეა ხოლმე. საერთოდ, კარაოკე დღეს მთელ მსოფლიოში მოდაშია. თუ ადამიანებმა შენი სიმღერები ზეპირად იციან და შესრულებისას გყვებიან, ეს ყველაზე მაგარ კონცერტად ითვლება. ჩემდა ბედად, იმდენი ქართველი არტისტი მღერის ჩემს სიმღერებს და სხვათა შორის, უმრავლესობა ჩემგან დაუკითხავად, რომ ეტყობა, იქაც გავარჯიშებულები იყვნენ (იცინის). ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ სიმღერები ზეპირად ახსოვდათ. ნიუ-იორკში ჩვეულებრივი, თბილისური კონცერტი გვქონდა, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.
– ემიგრანტებისთვის ემოციური იქნებოდა იმ სიმღერების მოსმენა, რომელზეც გაიზარდნენ და განსაკუთებულად უყვართ...
– ეს უფრო მათ უნდა ვკითხოთ. ხშირად მომისმენია ჩვენს კონცერტებზე მსგავსი შეფასებები – ბავშვობაში დაგვაბრუნეთო. გავიხედავ და 18-19 წლის გოგონები არიან. ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ სადღა ბრუნდებიან-მეთქი (იცინის).
– რა განასხვავებს საქართველოსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მსმენელს?
– მე და დათო ხუჯაძემ ახალი სიმღერების ჩაწერა დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მათი გაჰიტება ისე, რომ ოდნავ მაინც დაეწიოს ჩვენს ლეგენდარულ ჰიტებს, თითქმის შეუძლებელია. ახალი სიმღერა რაც არ უნდა ტემპიანი და საცეკვაო იყოს, თბილისში მისი შესრულებისას, მსმენელი, პირდაპირი გაგებით, ჩერდება. შეიძლება, ტექსტი არ იცოდე და ვერ აჰყვე, მაგრამ ტემპმა ხომ უნდა აგიყოლოს?! ერთხელ შევჩერდი სიმღერის შესრულებისას და პირდაპირ ვკითხე პუბლიკას – წეღან „თოვლი მოსულაზე“, რომელიც არ არის საცეკვაო მუსიკა, ცეკვავდით, ახლა ამაზე, რომელიც მართლა საცეკვაოა, რატომ გაჩერდით-მეთქი?! არ ვიცით ეს სიმღერა და ვერ აგყევითო, – მიპასუხეს. რაც შეეხება ამერიკას, იქ არცერთ სიმღერაზე არ გაჩერებულან, ყველა ცეკვავდა და მხიარულობდა. მე ეს სხვაობა დავინახე. საქართველოში მცხოვრები მაყურებელი ამ ქმედებით პირდაპირ მიგანიშნებს, ეს არ ვარგაო. ქორწილები გავიხსენოთ, თუ სიმღერა არ მოეწონებათ, მაშინვე მაგიდებთან სხდებიან. მომღერალს სცენაზე მარტო დატოვებენ, სოლიდარობის განცდა არ აქვთ. რამდენჯერმე მე და ჩემი მეუღლე თანაგრძნობის გამო ავმდგარვართ და მოედანზე მარტო გვიცეკვია, რომ მომღერალს თავი ცუდად არ ეგრძნო.
– კულისებს მიღმა პირადად თუ შეხვდით ემიგრანტებს?
– ჩავედი სცენიდან და ყველასთან გადავიღე ფოტოები, ერთი კაცი არ გამომიტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო. როგორც ჩანს, საჯარო სივრცეში ვპოზიციონირებ, როგორც ძალიან უშუალო ადამიანი და რეალურადაც ასეთი ვარ. სცენიდან ვესაუბრები მსმენელს, ვხუმრობ, მათიანი ვარ, არ მინდა, ეს ფამილარობაში გადავიდეს, მაგრამ თითქოს ნაცნობები ვართ. ვცდილობ, ქუჩაშიც ყველას მივესალმო. ხშირად გაოცებულები მიყურებენ, რატომ გვესალმებაო, რადგან ჩვენთან ეს წესი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სალამი ღვთისაა და ეს ყველამ ვიცით. ამერიკაშიც მითხრეს, ძალიან უშუალო გვეგონე და გვიხარია, რომ მართლა ასეთი ყოფილხარო. ამაში განსაკუთრებული არაფერია, ვფიქრობ, ყველა ცნობილი ადამიანი და ხელოვანი ასე უნდა იქცეოდეს.
– რამდენი ხნით იყავით, მოასწარით ქალაქის დათვალიერება? როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?
– სამუშაო ვიზით ვიყავით წასულები ორი კვირით და მე კვირაზე ცოტა მეტი გავჩერდი. მე ჩემი ძვირფასი მშობლების წყალობით ხშირად ვუსმენდი ჯო დასენს, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ჩემი ფავორიტი. იგივე ტოტო კუტუნიო, ადრიანო ჩელენტანო და ასე შემდეგ. ევროპაში რომ ჩავდიოდი, მახსენდებოდა პიერ რიშარი, ალენ დელონი – მომწონდა მათი კულტურაც და სანახაობებიც, მაგრამ ეს არ იყო ჩემი სამყარო. ჩემი სამყარო ყოველთვის იყო თუფაქი, სტივ ვანდერი, ჯეი-ზი, ალისია ქეი და ნიუ-იორკი, როგორც რკინა ბეტონის და შუშების ქალაქი. ნოტრ-დამი, მონმარტრი, მთლიანად პარიზი გამაოგნებელი იყო ჩემთვის, მათი ხილვით კოსმიური შთაბეჭდილებები მივიღე, მაგრამ ჩემთან ახლოს მხოლოდ ნიუ-იორკის ცათამბჯენებია, ამიტომ იქ თავი ძალიან კარგად ვიგრძენი.
– ქართული სტუმართმოყვარეობა ამერიკულად...
– ნიუ-იორკში თუკი ვინმე ქართველი შეგვხვდა ყველამ გამაჩერა, მეფერებოდნენ, უამრავი ფოტო გადავიღეთ, უამრავს ჩავეხუტე, მოვეფერე... გადმოჯდომით მოვფრინავდი მიუნხენიდან და ქუჩაში რომ გავიარეთ, 20-30 ქართველი მაინც შემხვდა – იქაც დიდი სითბო და სიყვარული.
ამის შემდეგ ჩავჯექი თვითმფრინავში, რომელიც თბილისში მოფრინავდა, ქართველებით იყო სავსე და ერთიც არ მომესალმა. ხვდებით? მე რომ პატარა „თავში ავარდნილი“ ბიჭი ვიყო, არაფერს ვიტყოდი. 50 წელს გადაცილებული კაცი ვარ და ამდენი ხანია, ამ პუბლიკას ვეპრანჭები, სიყვარულს ვუხსნი, მინიმუმ, 30 წელია, ასე გავაგრძელებ ცხოვრების ბოლომდე, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება საწყენია. ადრე ასე არ იყო.
– როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
– არ ვიცი. შეიძლება, ვიღაცასთან მიმართებით გავამართლო. ჩემთან მიმართებაში – ვერა. იმიტომ რომ როგორც წეღან ვთქვი, მე არ ვპოზიციონირებ ადამიანად, რომელსაც რამით თავი მოაქვს, ტრაბახობს და ასე შემდეგ. ჩემთვის მთავარი ჯილდოა, გამიღიმო და მითხრა შენი დამოკიდებულება ჩემი სიმღერების მიმართ. ყოველთვის ასე არ არის, ბევრი ადამიანი იჩენს გულისხმიერებას, მაგრამ იქ ასე დაემთხვა.
ვიღაც მეტყვის, იმდენი პრობლემა და დარდი მაქვს, რა დროს ღიმილიაო. გაივლის ეს ცხოვრება ასე, უპრობლემოები ვერასდროს გავხდებით და რა შეგვრჩება?! მგონი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც უნდა მოვახერხოთ კეთილგანწყობის გამოხატვა, მინიმუმ მივესალმოთ მაინც ერთმანეთს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





