შოუბიზნესი

გიორგი ნაზღაიძე: ყოველ წელს მეცვლება ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები და მეგობრების სიაც მცირდება

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 20.07

გიორგი ნაზღაიძე
დაკოპირებულია

გიორგი ნაზღაიძის ულამაზესი დაბადების დღის წვეულების ფოტოები, ალბათ, ბევრმა ნახეთ. გიორგი ყოველ წელს ცდილობს, ეს დღე დაუვიწყარ წვეულებად აქციოს და გამოსდის კიდეც. დეტალებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

გიორგი ნაზღაიძე: ვცდილობ, ყოველი ჩემი დაბადების დღე განსაკუთრებული იყოს. წელიწადში ერთი დღეა და რატომაც არა?! ზოგს არ უყვარს საკუთარი დაბადების ფაქტი, მე ძალიან მიყვარს და მინდა, რომ სხვებსაც უყვარდეთ (იცინის). ამიტომ, ამ დღეს ვცდილობ, მეგობრები გავაერთიანო და დაუვიწყარი დრო გავატაროთ. წელს „შუაგულის“ დამსახურებით, ჩანაფიქრზე ასჯერ უკეთესი წვეულება გამოვიდა. მე ძალიან მიყვარს იტალია და მომინდა, იტალიური გარემო შემექმნა, ვფიქრობ, ყველას ძალიან მოეწონა.

– ძალიან ფერადი და ლამაზი იყო. სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.

– ნამდვილად ასეა. ეს დღე ძალიან დიდხანს მემახსოვრება, რადგან ყველა სტუმარი აღფრთოვანებული და გაოცებული იყო წვეულებით. დეკორი, საკვები, სივრცე, მუსიკა, გართობა – ყველაფერი მოეწონათ. საკმაოდ განხილვადი გახდა და რამდენიმეწამიან ვიდეოს სამ დღეში „ინსტაგრამზე“ მილიონი ნახვა ჰქონდა.

– გამოწვევაც იყო, ამ დღეს ცუდი ამინდი დაემთხვა...

– კი, ნამდვილად გამოწვევის წინაშე ვიყავით. დაინგრა ქვეყანა. დიზაინერები მეუბნებოდნენ: გიო, საშიშიაო. ქარი იყო და მაფრთხილებდნენ, მაგრამ მე, ზოგადად, ასეთი ადამიანი ვარ – რასაც ჩავიფიქრებ, ის უნდა გაკეთდეს. ვეუბნებოდი, მოიცადეთ, ჩამოვალ, ყველაფერი კარგად იქნება და ამინდიც გამოვა-მეთქი. ბოლოს ეცინებოდათ, რა ხარ, მაინც ბოლომდე შენი გაიტანეო.

– გამოდის, რომ ამინდთანაც „ჩააწყვე“.

– ზუსტად ასეა (იცინის). ისე წამოვედით, რომ ერთი წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა, მხოლოდ ნიავი იყო და სასიამოვნოც აღმოჩნდა – სიგრილესა და ულამაზეს გარემოში ვისხედით.

– ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეები როგორ გახსენდება?

– ბავშვობაში ჩემი მშობლები მუდმივად ცდილობდნენ, ყოველთვის განსაკუთრებული დაბადების დღე მქონოდა. მაშინ ფინანსურად რთული მდგომარეობა იყო, მაგრამ ტორტი, საჩუქრები და საყვარელი ადამიანების გარემოცვა ჩემს დაბადების დღეებს ყოველთვის უკავშირდებოდა. მერე, დროთა განმავლობაში, როცა უფრო დამოუკიდებელი გავხდი, ვხვდებოდი, რომ რაღაც განსხვავებული მინდოდა. უბრალოდ, ღრეობა და ჭამა-სმა არ მიყვარს. ყოველთვის ვცდილობდი, ეს დღე ესთეტიკური, ლამაზი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. სიმართლე რომ ვთქვა, მინდა, ყოველთვის ისეთი დაბადების დღე მქონდეს, რომელზეც მერე ხალხი ისაუბრებს.

– სხვა დაბადების დღეებიდან რომელი გახსენდება განსაკუთრებულად?

– ყველა ძალიან ემოციურად მახსოვს, იმიტომ, რომ გვერდით ძვირფასი ადამიანები მყავდა. ყველა განსხვავებული სტილისაა, მუდმივად რაღაც თემატიკას ვირჩევ. ეს შეიძლება, იყოს თეთრი წვეულება, ზაფხულის წვეულება, იტალიური წვეულება თუ სხვა.

– ბევრისთვის ეს შეჯამების დღეა, შენს შემთხვევაში?

– არა, ასე არ ვუყურებ. არც ასაკის მატებაზე ვფიქრობ. ვერც ვგრძნობ, რომ ასაკი მომემატა. ეს არის ერთი დღე, რომელსაც ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად აღვნიშნავ, ჩემთვის დაბადების დღეს მეტი დატვირთვა არ აქვს. ჩემთვის ახალი წელია ასეთი დღესასწაული, როცა წლის შეჯამებას ვაკეთებ და შემდეგ წელს იმედიანად ვხვდები.

– ასაკის მატებას როგორ ხვდები?

– საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. ვაიმე, კიდევ ერთი წელი მომემატა-მეთქი – ეს არასდროს მიფიქრია. უბრალოდ, მიხარია დაბადების დღე, ეს არის და ეს. დანარჩენს არაფერს ვაქცევ ყურადღებას, რომ ამაზე ვიფიქრო და ვიდარდო.

– როცა სარკეში იყურები, რამდენად ემთხვევა შინაგანი ასაკი რეალურ ასაკს?

– ამწამს ჩავიხედე სარკეში და სარკე ამბობს, რომ ჩემი ასაკისთვის ძალიან კარგად გამოვიყურები (იცინის).

– როგორ ზრუნავ ამაზე?

– ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, გენეტიკაა. შემდეგ კი – განწყობა. რა განწყობითაც ხარ, შენი სხეულიც იმ განწყობით მოგყვება. მე ასე ვფიქრობ. თუ შინაგანად თავი დაიბერე, ეს ვიზუალზეც აისახება. როგორ უყურებ ცხოვრებას, როგორია შენი ყოველდღიური განწყობა – ეს დიდ როლს თამაშობს.

– რა არის თვისება ან კომპლექსი, რაც შენში ასაკთან ერთად გაქრა?

– ვიღაცები ამბობენ, რომ ძალიან პატარა ასაკიდან მაქვს ჭაღარა თმა. ბევრს უთქვამს, შეიღებეო, მაგრამ – არა, ეს კომპლექსიც არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ, რომ ჭაღარა მიხდება. არ მაქვს კომპლექსები და არც მქონია რამე განსაკუთრებული. რაც შეეხება თვისებებს, ასაკთან ერთად ყველა ადამიანი უნდა იცვლებოდეს. უნდა განვითარდე, მეტად ჩამოყალიბებული გახდე. როგორც ოცი წლის ასაკში ვიქცეოდი, 42 წლის ასაკშიც რომ ისე მოვიქცე, ცოტა არარეალურია. ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ვერ განვვითარდი. მაგალითად, 20 წლის ასაკში თუ შემეძლო ჩემს დაბადების დღეზე მთვრალს გამეხადა და მაგიდაზე მეცეკვა, დღეს ამას არ ვაკეთებ. იმიტომ კი არა, რომ არ შემიძლია და კომპლექსი მაქვს, იმიტომ, რომ დღეს ეს აღარ მომიხდება. 20 წლის რომ ხარ, ყველაფერი „მოსულა“ და გეპატიება. პატარა ხარ და რასაც გინდა, აკეთებ. 42 წლის ასაკში ასეთი ქცევა, ნიშნავს, რომ სადღაც ხარ ჩარჩენილი.

– მიღებულმა გამოცდილებებმა ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები თუ შეგიცვალა?

– როგორ არა, ყოველ წელს მეცვლება ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები და შესაბამისად, ჩემი მეგობრების სიაც იცვლება, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მცირდება. ჩემ გვერდით ის ადამიანები შემორჩნენ, რომლებმაც ჩემთან ერთად გამოიარეს ბევრი სირთულე. მაგალითად, როდესაც მე გვერდში დგომა მჭირდებოდა, გვერდში მედგნენ. როდესაც ფინანსური შესაძლებლობები სახარბიელო არ მქონდა, ჩემი ცხოვრებიდან არ გამქრალან, პირიქით, სულ გვერდით მყავდნენ. ჩემი მხრიდანაც საპასუხოა მათ გვერდში დგომა. ასევე, ადამიანები, რომლებიც ზურგს უკან ჩემზე არ ჭორაობენ, არ შურთ ჩემი და ასე შემდეგ. ერთი-ორი დამრჩა ასეთი და მათაც მოვიშორებ.

– ცოტა უცნაური დაბადების დღე თუ გქონია?

– ერთხელ სხვაგან შევხვდით დაბადების დღეს. იქიდან წამოვედით, მანქანა შევიცვალეთ და გადაჯდომისას მაგისტრალზე გასაღები დამივარდა. თბილისში რომ ჩამოვედი, ეს მერე აღმოვაჩინე. ასე რომ, მოგვიწია უკან დაბრუნება და მთელი ღამე „ავარიულებით“ მაგისტრალზე გასაღების ძებნაში გავატარეთ. საბედნიეროდ, ვიპოვე, მაგრამ ძალიან წვალებითა და ნერვიულობით.

– რამდენად გიყვარს საჩუქრები?

– საჩუქრები ძალიან მიყვარს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ვალდებულია, რამე მაჩუქოს. ყველას ფინანსური მდგომარეობა ვიცი და შესაბამისად, ვხვდები, რა შეუძლია და რა – არა. უბრალოდ, არ მიყვარს უაზრო საჩუქრები. ისეთი, რომელსაც არ გამოვიყენებ. თუ ასეთ საჩუქარს მჩუქნი, ამაზე ვბრაზდები. წლების მეგობარი რომ ხარ და ვერ გაგიგია, რა უნდა მაჩუქო, ისეთ საჩუქარს რომ არჩევ, რომელიც აგარაკზე მიმაქვს ან სხვას ვჩუქნი, ან შეიძლება, საერთოდ გადავაგდო, ეს მაბრაზებს. ადრე პირში ვეუბნებოდი ადამიანებს, ეს რატომ მაჩუქე, ჩემთან რა შუაშია-მეთქი, ახლა თავს ვიკავებ და პირდაპირ აგარაკზე მიმაქვს, ან სხვას ვჩუქნი. ჩემთვის განსაკუთრებული საჩუქარია ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, რადგან მხატვრობა ძალიან მიყვარს და ასეთები მიმიღია.

– საკუთარი თავის დასაჩუქრება გახასიათებს?

– საკუთარი თავის დასაჩუქრება ყოველდღიურობაში მახასიათებს. თუ საკუთარ თავს არ გაუკეთე საჩუქარი, თუ საკუთარი თავი არ გაახარე, ამაზე სხვა დიდად არ იზრუნებს. რაც მომინდება, ჩემს თავს უნდა ვუყიდო და ვაჩუქო, მოგზაურობა იქნება, სამოსი თუ რამე ნივთი. მნიშვნელობა არ აქვს, ფინანსური მდგომარეობა თუ მაძლევს მისი შეძენის საშუალებას – ხანდახან არც მაძლევს, მაგრამ ჩემს თავს მაინც ვუკეთებ საჩუქარს.

– ბევრისგან მომისმენია, რომ საკუთარ თავზე უფრო ზოგავენ ფინანსებს, ვიდრე სხვებზე.

– ადრე მეც ასეთი ვიყავი. წლების წინ ყველასთვის ყველაფერს ვაკეთებდი და საბოლოო ჯამში, ჩემთვის არაფერი გამოდიოდა. გავიდა რაღაც პერიოდი და მივხვდი, რომ მართალია გამონათქვამი – ჯერ თავო და თავოო... ამიტომ ჯერ მე ვარ, მერე სხვები.

– დღეს რას ეტყოდი პატარა გიორგის?

– რომ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით მიდის. ბევრი შრომა და წვალება დამჭირდა, მაგრამ გამომივიდა. ყველამ იცის, რომ ჩემთან შრომისა და წვალების გარეშე არაფერი მოსულა.

– სასურველი სიბერე როგორ წარმოგიდგენია?

– ჩემთან აგარაკზე, ფასანაურში, უდარდელი ცხოვრებით. როცა მინდა, სამოგზაუროდ წავალ და კარგად დავისვენებ, ზოგადად კი მიწასთან მექნება სიახლოვე, მოვუვლი და ვიზრუნებ მასზე – ეს არის ჩემთვის იდეალური სიბერე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი