შოუბიზნესი

ლევან ყოჩიაშვილი: საბენდიეროდ, თავი დავაღწიე, გამოვიქეცი და გადავრჩი

№27

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 13.07

ლევან ყოჩიაშვილი
დაკოპირებულია

ლევან ყოჩიაშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ლევან ყოჩიაშვილი?

ლევან ყოჩიაშვილი: ადამიანი, ვისთანაც ძალიან ბევრი შეკითხვა და შენიშვნა მაქვს. საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ კრიტიკული და მომთხოვნი ვარ. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანი საკუთარ სიტყვას ასრულებდეს. რამეს თუ იტყვი, უნდა გააკეთო კიდეც.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ჩემთვის საყვარელი საქმის კარგად კეთება ასოცირდება საოცნებო ცხოვრებასთან. როცა შენს საქმეს აკეთებ, რომელიც გულით გიყვარს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

– ყოველთვის გქონდათ ამის ფუფუნება თუ ისეთი საქმის კეთებაც გიწევდათ, რომელიც საერთოდ არ გიყვარდათ?

– არა. ყოველთვის ჩემი პროფესიით ვიყავი დაკავებული. ჯერჯერობით ისე არ მომხდარა, რომ სხვა საქმე მეკეთებინა და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ვერ ვიტყვი, რომ ეს არასდროს მოხდება, წინასწარ რამის თქმა რთულია.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– კი, საკმაოდ ემოციური, მგრძნობიარე და გულჩვილი ვარ. გამძაფრებული მაქვს თანაგრძნობის უნარი. ზოდიაქოც მიწყობს ხელს. ყველაფერი ახლოს მიმაქვს გულთან, ხანდახან ზედმეტიც მომდის ხოლმე. სიმართლე გითხრათ, კარგა ხანი მეგონა, რომ ყველა ჩემნაირად ფიქრობდა და გრძნობდა. ახლა და ახლა მივხვდი, რომ ასე არ ყოფილა. ამიტომ უკვე ვცდილობ, გარკვეულ მომენტებში ცოტა შევიკავო თავი, ჩემი ემოციები ვმართო, თუმცა ადამიანი მთლიანად ვერ გადაკეთდები და მაინც ემოციურ ადამიანად ვრჩები.

– მარტივად ბრაზდებით?

– არა, ამ კუთხით არ ვარ ემოციური. შემიძლია, ჩემი ბრაზი ვაკონტროლო და თავი შევიკავო.

– როდის იტირეთ ბედნიერებისგან და ასევე, ტკივილით გამოწვეული ცრემლით? ბევრი მამაკაცი ერიდება საჯაროდ ემოციის გამოხატვას, თქვენ?

– ასე კონკრეტული ამბების გახსენება ძალიან მიჭირს. რაც შეეხება ემოციის საჯაროდ გამოხატვას, მე ამას ვერ ვაკონტროლებ. თუ მეტირება, უნდა ვიტირო, არ ვიცი, ეს როგორ უნდა დავფარო. ეს ხომ ბუნებრივი ემოციაა?!

– რაში დახარჯავდით თანხას, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– მივიხედ-მოვიხედებოდი ირგვლივ და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, მათ დავეხმარებოდი. ცოტა მაინც შევუმსუბუქებდი ადამიანებს ყოფა-ცხოვრებას. სამწუხაროდ, ბევრს უჭირს, შინაურსაც და გარეულსაც.

– რა გამოსცადეთ ცხოვრებაში პირველად ბოლო პერიოდში?

– სიახლეები მუდმივად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. პატარ-პატარა თუ მნიშვნელოვანი გამოცდილებები გვემატება. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე მარტოობა იყო ჩემთვის აქამდე უცხო და ამასთან შეჩვევა და დაახლოება იყო, რაც ბოლოს გამოვცადე. მარტოობასთან შეგუება არ იყო მარტივი, მაგრამ მერე შევეჩვიე და თურმე თავისი პლუსები ამასაც აქვს.

– წარსულიდან რას მიიჩნევთ საკუთარ მცდარ ნაბიჯად?

– უფრო მეტად უნდა მომენდომებინა, მეტი მესწავლა, მეტი მეშრომა, მეტი მომესმინა, დავკვირვებოდი და გამეთვალისწინებინა. ყველაფერი მეტია საჭირო. ენებს ვისწავლიდი, ბავშვობაში მეტად დავუჯერებდი მშობლებს და ასე შემდეგ. დრო ძალიან სწრაფად გადის და ის, რაც 20 წლის ასაკში უნდა გააკეთო, 30 წლის ვეღარ გააკეთებ. ამიტომ დრო არ უნდა გაგეპაროს. ჩემს შვილებს სულ ამას ვეუბნები. რაც დღეს არის გასაკეთებელი, დღეს უნდა გაკეთდეს. გული მწყდება, რომ მე ასე ბევრჯერ არ მოვიქეცი.

– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ?

– ბავშვობისდროინდელი ისტორიები მახსენდება, მოგვიპარავს სარდაფიდან „კამპოტის ბანკა“, მიტოვებული სახლიდან – ხილი, სოფელში – მეზობლის ხილი... იყო ასეთი თავგადასავლები (იცინის).

– რა იწვევს თქვენში გაბრაზებას?

– ძალიან მაბრაზებს უზრდელობა და ანგარიშმიუცემლობა. ასევე, ფამილარობა ნებისმიერ გამოვლინებაში.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– გამარჯვებაა, რომ მე მომიწია ისეთ პროექტში მოხვედრა, როგორიც „ჩემი ცოლის დაქალებია“ და რომელმაც ამდენი ხანი გასტანა. გამარჯვებაა, რომ მე მას სავარძლიდან არ ვუყურებდი და მისი შემადგენელი ნაწილი ვიყავი. ძალიან დამწყდებოდა გული, ეს რომ არ მომხდარიყო. ეს გამარჯვებაა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შეიქმნა და დიდხანს გაგრძელდა. დღემდე იწვევს ინტერესს და ეს ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს, ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, რომელშიც ეს ინდუსტრია ნაკლებად არის განვითარებული.

რაც შეეხება მარცხს, პრინციპში, უკვე ვთქვი, უფრო მეტად უნდა მომენდომებინა რაღაცები, მეტი მესწავლა და უფროსების რჩევებიდან მეტი გამეთვალისწინებინა.

– პროფესიის მიღმა ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვართ?

– ისევ და ისევ პროფესიასთან დაკავშირებულ თემებზე კითხვა, მოსმენა, ყურება. ეს საქმე ჩემთვის პროფესიაცაა და ჰობიც. ფაქტობრივად, ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს.

– საოჯახო საქმეებში რამდენად ხელმარჯვე ხართ?

– ეზოში ფუსფუსი, ცხოველებთან და ფრინველებთან ურთიერთობა მიყვარს. ცოტა მიწასთან ურთიერთობაც, გულსაც ვაყოლებ და თან, მსიამოვნებს. რაღაცები მეხერხება და ცოტ-ცოტას ვმუშაობ.

– რამის ფობია თუ გაქვთ?

– მექანიკური გადაბმების და სიმაღლის მეშინია. მაგალითად, ეშმაკის ბორბალი და მსგავსი კონსტრუქციები, რომელიც ძალიან მაღალია, ასევე, ხიდები. სიმაღლიდან გამომდინარე, მაღალი სართულების მეშინია, მაგრამ ფრენის – არა. კიდევ კრაზანის შიში მაქვს. ბავშვობაში დამკბინეს კრაზანებმა. ალერგია მომცა. ბუდესთან მოვხვდი და ლამის შემჭამეს, ბევრმა მიკბინა. საბედნიეროდ, თავი დავაღწიე, გამოვიქეცი და გადავრჩი კიდეც, თუმცა მას შემდეგ კრაზანის შიში მაქვს.

– ყველაზე დიდ ფიზიკურ ტკივილზე რა გახსენდებათ?

– ბავშვობაში საკმაოდ ხიფათიანი ვიყავი. ერთხელ ხელი მოვიტეხე, „გიფსი“ რომ მომხსნეს, იმავე დღესვე იმავე ადგილას მოვიტეხე ხელი. არ იყო მთლად სასიამოვნო (იცინის). გარეთ გავედი სათამაშოდ „გიფსის“ მოხსნის შემდეგ და ორ საათში ისევ მოტეხილობით დავბრუნდი სახლში, გაგიჟდნენ ჩემები (იცინის).

– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– ძალიან ვამაყობ ჩემი შვილებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ყოფილა და ახლა ვხვდები ჩემი მშობლების დარდებსა და ფიქრებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი