სალომე კაპანაძე: ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება, რომ აწმყოში ყოფნას ვახერხებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 14.07
სალომე კაპანაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპია, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მან ტელეწამყვანის ამპლუა მოირგო და მაყურებლის გული კიდევ ერთხელ დაიპყრო.
სალომე კაპანაძე: როდესაც „რუსთავი 2-თან“ ჩემი წარსული მეგობრობის გამო ეს შემოთავაზება მივიღე, დავთანხმდი, რადგან მიყვარს გამოწვევები. ლაივ რეჟიმში წამყვანის ამპლუის მორგება ჩემთვის პირველია და ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა.
თავიდან ძალიან დაძაბული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ კამერასთან მუშაობა არ მიჭირს, პირდაპირი ეთერის გამო გამიჭირდა. რამდენიმე დღის შემდეგ უფრო თავისუფლად ვიგრძენი თავი, კამერასთან გავიხსენი. თავიდან იყო შფოთვა, მაგრამ გადავლახე.
რაც შეეხება დილის ეთერს, ჩემი მთავარი შიში სწორედ დილას უკავშირდებოდა. მე ღამის ადამიანი ვარ. წლებია, ასე ვცხოვრობ – ძალიან გვიან ვიძინებ და შესაბამისად, გვიან ვიღვიძებ. რომ მითხრეს, საქმე დილის ეთერს ეხებოდა, შემეშინდა. მონდომების ნაკლებობას არ ვუჩიოდი, მაგრამ ვშიშობდი, დილით არ ჩამძინებოდა, არ დამგვიანებოდა. როცა პასუხისმგებლობა ავიღე და ფაქტის წინაშე დავდექი, აღარ გამჭირვებია. ახლა პირიქით, ძალიან მიხარია დილით გაღვიძება, რადგან სასიამოვნო მისია მაქვს შესასრულებელი. ალბათ, ამიტომ აღარ მიჭირს. ამ ფაქტის გამო ჩემი ცხოვრების რიტმიც შეიცვალა, ახლა უარს ვამბობ იმაზე, რასაც ღამით ვაკეთებდი, შაბათ-კვირა ჩემთვის აღარ არსებობს, გართობა გვერდით გადავდე... ახალი პასუხისმგებლობა მაკისრია და მას სიამოვნებით ვასრულებ. მომწონს ეს ყველაფერი და ისიც მომწონს, რომ რეჟიმში ვარ, დისციპლინა მიყალიბდება.
– ტელევიზიას თავისი მოთხოვნებიც აქვს და როგორ გამოიყურები ეთერში, ალბათ, ეს ცალკე საფიქრალია.
– თავიდან ზუსტად ამ მიზეზითაც ვიყავი დაძაბული. რადგან ლაივი იყო, მეგონა, რომ ძალიან სერიოზული და ჩარჩოებში ჩასმული უნდა ვყოფილიყავი. კი, ტელევიზიას გარკვეული ჩარჩოები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაყურებელთან უშუალო და პოზიტიური არ უნდა იყო. მაყურებელმა შენი ენერგია უნდა დაინახოს. სხვათა შორის, არ მიჭირს ეკრანზე ჩემი თავის ყურება. ამას სიამოვნებით ვაკეთებ, რაც მიკვირს. აქამდე, გადაცემები იქნებოდა თუ რეალითი შოუ, საკუთარი თავის ყურებისას ყოველთვის დისკომფორტს ვგრძნობდი. ახლა მსიამოვნებს, თითქოს, ჩემი თავი ვიპოვე, კომფორტულად ვარ და ესეც მაფიქრებინებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
– ქართული სატელევიზიო სივრცისთვის, ამ ფორმატში, ეთერში სიახლეა ასეთი სექსუალური გარეგნობის გოგო. წერდნენ კიდეც კომენტარებში: რა სჯობს ასეთი გოგოს ყურებას, მაგრამ ამისთვის მზად ვართ ქართველი მაყურებელიო?
– ვერ ვიტყვი, რომ კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ნეგატიურად იმოქმედოს ჩემს ხასიათზე. მხოლოდ დადებითზე ვარ კონცენტრირებული. მიხარია, რომ სულ დადებითი კომენტარები მხვდება. მზად ვიყავი, რომ როგორც ყოველთვის გამოჩნდებოდა ვინმე, ვისაც რაღაც არ მოეწონებოდა. მით უმეტეს, ჩემი და სპორტის გადაკვეთა პირველად მოხდა და ვფიქრობდი, რომ კრიტიკულად მიიღებდნენ. როგორც ჩანს, მაყურებელმა ჩემი ენერგია იგრძნო. პირდაპირი ეთერია, რთულია, უშეცდომოდ იმუშაო, რომც მოხდეს ასეთი რამ. შეიძლება, არ გაგკიცხონ, მაგრამ არ იქნება სასიამოვნო და ვნახე, რომ ამასაც უსვამდნენ ხაზს, ამ მხრივაც შემაფასეს დადებითად და მიხარია, რომ ასეა.
– შენთვის რამდენად რთული იყო საკმაოდ თამამი იმიჯით ამ ფორმატში მაყურებლის წინაშე წარდგომა?
– ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი ტიპის მიმართულება მსოფლიო ჩემპიონატის დროს. მგონია, რომ ფეხბურთს ეს სტილი უხდება. ჩვენმა მაყურებელმა სხვადასხვა ქვეყნის ლაივები რომ ნახოს, ნამდვილად აღარ გაუკვირდება, გოგონები იქ უფრო მეტად თამამები არიან. მე თვითონ რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს, თუმცა ვიაზრებ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გარკვეულ ჩარჩოებში ვართ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თუ ეს არის ესთეტიკური, თემატური, უხდება სიტუაციას და მიხდება მე, რატომაც არა?! თუ ვხვდები, რომ ვულგარულია და არ მიხდება, არ გავაკეთებ. ჩემზე არ მოქმედებს სხვების აზრი: „არ გინდა, არ გააკეთო, არ მოგიხდება“ და ასე შემდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში რომ სხვებისთვის მომესმინა, მგონია, რომ აქამდე ვერ მოვიდოდი. მახსოვს, წლების წინ რომ ჩავწერეთ ინტერვიუ, მაშინაც გვქონდა ამ ტიპის კომენტარებზე საუბარი. მაშინაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება მქონდა და აზრი არასდროს შემცვლია. კი შეიძლება, ყველას მოვუსმინო და გავიაზრო, რასაც მეუბნება, მაგრამ შევასრულებ თუ არა მის ნათქვამს, ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია.
– შენი და სპორტის ურთიერთობა...
– ამ ჩემპიონატიდან იწყება ჩემი გაცნობიერება სპორტში. აქამდე ჩემი ცხოვრების სტილი სპორტისგან შედარებით შორს იყო და არ მიფიქრია, ღრმად ჩამეხედა მსგავს საკითხებში. არადა, ძალიან მომწონს, როცა გოგონები კარგად არიან გარკვეულები სპორტულ საკითხებში. ახლა ამ გზაზე ვარ და ვფიქრობ, რომ მარტივად ვითვისებ. ამ სიახლის გამო, ცხოვრების სტილთან ერთად, ინტერესებიც შემეცვალა. წინ გარკვეული დრო კიდევ არის და წარმომიდგენია, რა მოხდება.
რაც შეეხება ტექსტების დამახსოვრებას, ამასთან დაკავშირებული შიში თავიდანვე გადავლახე, რომ დავთანხმდი, იქ დავტოვე. მგონია, რომ მაპატიებენ კიდეც, რამე რომ შემეშალოს. ჩემი პასუხისმგებლობა, ძირითადად, ამინდია, მაყურებელს ვაცნობ, რომელ ქვეყანაში და სტადიონზე მიმდინარეობს თამაში, რომელ საათზე და რა ამინდი იქნება. მგონია, რომ ჩემს მისიას კარგად ვასრულებ. რაც შეეხება უშუალოდ სპორტს, ჯერჯერობით მისი განსაკუთრებულად ცოდნის ვალდებულება არ მაქვს, მაგრამ სამომავლოდ, შეიძლება, ესეც ისე კარგად ვიცოდე, რომ ბიჭებიც გავაოცო ფეხბურთზე საუბრით (იცინის). ამ ეტაპზე ჩემი ცოდნა შემოიფარგლება ფეხბურთელების ურთიერთობების, მათი ცოლების, დასვენების შესახებ ინფორმაციით, ხელის თხოვნითა და მსგავსი ყვითელი ამბებით. ამიტომ როცა ბიჭები მათი კარიერის შესახებ მელაპარაკებიან, მე ამ ინფორმაციით ვავსებ ხოლმე, რაც მათ ნაკლებად იციან (იცინის).
– ზოგადად, ძალიან აქტიური ადამიანი ხარ და გარდა ამ სიახლისა, მინდა, მოგვიყვეთ, რა პერიოდია ახლა შენს ცხოვრებაში?
– კი, ყოველთვის აქტიური ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიმართულებით ვცადე საკუთარი შესაძლებლობები და სულ ძიების პროცესში ვარ, ვფიქრობ, რომ ახლა კიდევ სხვანაირად აქტიური ვარ.
ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება, რომ აწმყოში ყოფნას ვახერხებ. სხვა დროს აწმყო ასე სრულყოფილად არ გამიაზრებია. ახლა პრაიმს ეძახიან ცხოვრების საუკეთესო პერიოდს და ვფიქრობ, რომ ჩემთვის ზუსტად ახლა არის ეს მომენტი. ვახერხებ, რომ ამ მომენტისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო ისე, რომ არც წარსულზე და არც მომავალზე არ ვიფიქრო. ეს ჩემი აქტიურობის ხარისხსაც ეტყობა.
ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. მქონდა შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები. ვიცოდი, რომ ემოციები სადღაც დამარტყამდა. მარტო არ ვარ, ვინც ეს პერიოდი გაიარა. იმდენად რთულად გავიარე ეს ყველაფერი, ახლა უფრო დავაფასე ცხოვრება, როცა ჯანმრთელი ვარ და მენტალურად ყველაფერი რიგზეა. აქამდე მეგონა, რომ დეპრესია, მოწყენა და ცუდ ხასიათზე ყოფნა ელემენტარული პრობლემებით იყო გამოწვეული. თურმე, ეს საერთოდ სხვა რამეა. ადამიანი, რომელიც მოწყენილი ზის, არ უნდა ამბობდეს, რომ დეპრესიაშია. ეს სერიოზული პრობლემაა, მართალია, დროებითი, მაგრამ ამას რომ გადაიტან, მერე საერთოდ სხვანაირი იქნები. შენი თავის ბევრად უკეთესი ვერსია გახდები. საუკეთესო არა, მაგრამ ჩემი თავის იმაზე ბევრად კარგი ვერსია ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ეს განვლილი გზის დამსახურებაა. უბრალოდ და მარტივად არაფერი მოდის. რაღაც რთული უნდა გაიარო, მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა იყოს შენს ცხოვრებაში, რომ მიხვდე იმის ფასს, რაც გაქვს. ახლა რომ თენდება, ისიც მიხარია.
– ეს მხოლოდ განწყობის დამსახურებაა, თუ არის სხვა ფაქტებიც, რაც ამას განაპირობებს?
– ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გრძნობს, რომ მთელი სამყარო შენკენ არის და ყველაფერი შენს სასიკეთოდ მიდის. რაღაც მომენტში შვებას გრძნობ, არ გეშინია ნაბიჯების გადადგმის. ახლა თავს ასე ვგრძნობ. ამ ყველაფერს ძალიან ბევრი კარგი ამბავი დაემთხვა – ბოლო პერიოდში, საინტერესო შემოთავაზებები მივიღე, ახალი საქმეები დავიმატე და ყველაფერი კარგად წავიდა. მივხვდი, რომ ეს პერიოდი ჩემია. პირველად ხდება, რომ აწმყოთი სიამოვნების მიღებას ვახერხებ.
– პირად ცხოვრებაშიც ხომ არ არის სიახლეები?
– არა, ჩემს პირად ცხოვრებაში ახლა არაფერი ხდება. ალბათ, იმ ენერგიას, რასაც პირადი ურთიერთობისგან იღებს ადამიანი, მე მთლიანად საქმისგან ვიღებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





