თათია კენჭიაშვილი: როცა დათოს ცოლი და შვილები ეყოლება, გული სხვანაირად მშვიდად მექნება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 08.08

მომღერლ დათო კენჭიაშვილის და – თათია კენჭიაშვილი – თავადაც არაჩვეულებრივი მომღერალი გახლავთ, რაც მათი ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის. დათოს და თათიას არაჩვეულებრივი დაძმობა აქვთ და რთულ თუ ბედნიერ მომენტებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან.
თათია კენჭიაშვილი: ჩვენს ოჯახში აბსოლუტურად ყველა მღეროდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები სხვადასხვა პროფესიის გახლდნენ, საღამოს, ერთად რომ ვიკრიბებოდით, სიმღერა ტრადიციად გვქონდა. ვახშამი ამის გარეშე არ დასრულდებოდა. ბაბუას საოპერო ჟანრი მოსწონდა, ბებიას – ქალაქური, ჩემს მშობლებს – ფოლკლორი და ეს ჰანგები ერთმანეთს ანაცვლებდა. ზუსტად ასეთ გარემოში გავიზარდეთ მე და დათო.
– მუსიკის სწავლა რომ დაიწყეთ, თავიდან აქცენტი თქვენზე ყოფილა.
– პირველი შვილი და შვილიშვილი ვიყავი, თან გოგო ძალიან უნდოდათ და დიდი ბებიის სახელი დამარქვეს, რომელიც არაჩვეულებრივი მომღერალი გახლდათ, „პლეხანოვის“ ქალთა გუნდში მღეროდა. საკმაოდ ცნობილი იყო იმდროინდელ თბილისში და ამიტომ გამორჩეულად მიდგებოდნენ. მატარებდნენ ყველა წრეზე და რა თქმა უნდა, მუსიკაზეც. დედას, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, ფორტეპიანოს მივუსხდებოდით და მასწავლიდა ყველაფერს, რაც იცოდა. რა თქმა უნდა, დათოსაც, მაგრამ ის ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო, თან, ძალიან ცელქი, ერთ ადგილას ვერ გააჩერებდით (იცინის).
ერთ დღეს, მორიგი მეცადინეობის დროს, დათომ მოულოდნელად შეასრულა სიმღერა, რომელიც დედამ მე მასწავლა. აღმოჩნდა, რომ თავიდან-ბოლომდე იცოდა. დედამ დაიჭირა ეს მომენტი და ბოლომდე ჩაეძია დათოს. ასე აღმოაჩინა, რომ მან აბსოლუტურად ყველა სიმღერა იცოდა, რასაც დედა მე მასწავლიდა. მანამდე არაფერს გამოხატავდა, მაგრამ როცა დედამ მისი ნიჭი აღმოაჩინა, დიდი ყურადღება დაუთმო და ბოლომდე ჩაჰყვა. სიმღერით მეც ვმღეროდი, მაგრამ ასე ქართველების დიდი ნაწილი მღერის, აი, დათომ უკვე განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინა – საკმაოდ პატარა უკვე ურთულეს ხალხურ სიმღერებს ასრულებდა.
– როგორია თქვენი დაძმობის ბავშვური თავგადასავლები?
– მიუხედავად იმისა, რომ დათო ძალიან ცელქი იყო, მეორე, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული მხარეც ჰქონდა. მე ცოტა ბობოქარი ვიყავი, ყველაფერში შემოქმედებითობას ვეძებდი. საკმაოდ ხშირად ვკამათობდით განსხვავებული ხასიათის გამო, მაგალითად, ჩემი მეგობრები რომ მოდიოდნენ, ოთახში არ ვუშვებდი და ამას დღემდე მახსენებს (იცინის). თუმცა ერთმანეთის გარეშე დღე არ გაგვიტარებია.
ჩვენ შორის, ასაკში, 12 თვეა სხვაობა და ტყუპებივით გავიზარდეთ. სამეგობროც, ძირითადად, საერთო გვყავს. ყველა ამბავს, მტკივნეულს თუ ბედნიერების მომტანს, ერთად გავდიოდით. ჩვენი ერთობა, აგერ უკვე 40 წელია უწყვეტ ხაზად მოდის, მადლობა ღმერთს ამისთვის.
– როგორ შეინარჩუნეთ ასეთი მჭიდრო ურთიერთობა, მით უმეტეს, როცა თქვენს ცხოვრებაში ოჯახი, შვილები გაჩნდა.
– ეს ორივეს დიდი სურვილის, სიყვარულისა და ზრუნვის დამსახურებაა. ჩვენ 90-იან წლებში დიდი გასაჭირი გამოვიარეთ, ფინანსური თუ მორალური თვალსაზრისით და იმ სირთულეებიდან ერთმანეთი გამოვიყვანეთ. მით უმეტეს, რადგან დათოს საკუთარი ოჯახი ჯერ არ შეუქმნია, ამას ძალიან სენტიმენტებით ვუდგები. როცა ცოლი და შვილი ეყოლება, გული სხვანაირად მშვიდად მექნება, ოჯახს კიდევ სხვა ძალა აქვს და ამიტომ. ამანაც განაპირობა ის, რომ უფრო ახლოს უნდა ვიყო მასთან. დედის დაკარგვის შემდეგ, მით უმეტეს, არ მინდოდა სიმარტოვის განცდა ჰქონოდა. ამ ურთიერთობას გაფრთხილდება უნდა და ვცდილობ, ასე მოვიქცე, თუმცა, არც გადავაჭარბო.
– დიდი ხანი არ გასულა დედის გარდაცვალებიდან. დათომ თვითონაც აღნიშნა, ჩემი და იყო ის ადამიანი, ვინც დამეხმარა, რომ იმ ბნელით მოცულ პერიოდს გავმკლავებოდიო. თქვენთვისაც ძალიან რთული იქნებოდა.
– ძალიან რთული იყო. ყველა ადამიანი ვგრძნობთ ჩვენ უკან უხილავ ძალას და ეს სწორედ დედა ყოფილა, ეს მის გარდაცვალებამდე არ ვიცოდი. დედა ყველასთვის გამორჩეულია, მაგრამ დედაჩვენი კიდევ მართლა განსაკუთრებული ადამიანი იყო. დიდი საყრდენი გახლდათ ჩვენთვის.
ერთ დღეს, ვიღვიძებ და დათო მეუბნება, დედა ძალიან ცუდადააო. ის დათოსთან ცხოვრობდა. გარკვეული დიაგნოზი ჰქონდა, მაგრამ არ გვეგონა, რომ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა. როცა დათომ მითხრა, ექიმთან მიმყავსო, ვერც აღვიქვი, რომ რამე ცუდი შეიძლებოდა, მომხდარიყო. ძალაინ მშვიდად მოვემზადე და წავედი. მეგონა, დედა წინასაოპერაციოდ ნერვიულობდა და მისი ცუდად ყოფნა ემოციების ბრალი იყო. საუბედუროდ, ასე არ აღმოჩნდა და სამწუხაროდ, პირველი დარტყმა დათომ მიიღო, როცა დედა ცუდად ნახა და საკუთარი ხელით მიიყვანა საავადმყოფოში. რამდენიმე საათში ყველაფერი დასრულდა, დედა გარდაიცვალა. ჩამოვიშალე, ზურგს უკან დიდი სიცარიელე ვიგრძენი, მაგრამ დათოს რომ შევხედე, მივხვდი, რომ იმ მომენტში ის ჩემზე ცარიელი იყო. მასში აღარანაირი ემოცია აღარ იკითხებოდა, იფიქრებდი, რომ წინ შუშის ადამიანი გედგა.
მე ოთხი შვილი მყავს და თუ შეიძლება, ამ ტკივილთან გამკლავებას მარტივი დავარქვათ, ამის ძალა ჩემი შვილებიდან მივიღე, მათ დანებების უფლება არ მომცეს. მომხდარის შემდეგ მე და ჩემს ძმას, ჩვენ ორივეს, გვჭირდებოდა დახმარება, მაგრამ დათოს ჩემ გარდა არავინ ჰყავდა, ვინც ამას გააკეთებდა. ამ დროს მე თვითონაც დასახმარებელი ვიყავი, მაგრამ ალბათ, ისევ დედა დაგვეხმარა უხილავი ძალით. მაშინ ვთქვი, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დათომ ამ მდგომარეობას დააღწიოს თავი-მეთქი. შეიმჩნეოდა, რომ შეიძლებოდა, საერთოდ მოწყვეტილიყო ამ სამყაროს. მისნაირი შემოქმედი ადამიანი კიდევ უფრო მწავედ აღიქვამს ასეთ ემოციებს. რამდენიმე დღეში დათოს ვუთხარი, რომ ამასთან მარტო გამკლავება არ შემეძლო და ძალიან ვთხოვე, რომ ქალაქი ერთად დაგვეტოვებინა. ჩვენ რამდენიმე თვეში დავბრუნდით. ამ პერიოდში კი მრავალი მცდელობა გვქონდა და ის იმ მდგომარეობიდან გამოვიდა. ჩვენ მანამდეც და ახლაც ყველაფერი საერთო გვაქვს, არ მესმის დედ-მამიშვილების, რომლებსაც ერთად ყოფნა არ შეუძლიათ ან რაღაცას ვერ იყოფენ.
– როგორი და ხართ, ძმის პირად ცხოვრებაში რომ არ ერევა, თუ ეუბნებით ხოლმე, დაქორწინების დროაო?
– კი ვეუბნები, მაგრამ უკვე იუმორში გადავიყვანე ეს კითხვა, მივხვდი, რომ ბოლოს ძალიან ბრაზდებოდა (იცინის). არ მინდა, გავაბრაზო, არის სივრცე, რომლის იქითაც აღარ უნდა გადახვიდე არც ძმასთან, არც შვილთან და არც სხვასთან. შეიძლება, ადამიანისთვის ბოლომდე დაიხარჯო, მაგრამ მას თავისი სივრცე უნდა დაუტოვო. ამიტომ, ახლა ჩვენთან სტუმრებიც რომ მოდიან, წინასწარ ვაფრთხილებ, რომ არ დასვან ეს კითხვა, რადგან ვიცი, რომ ძალიან აინტერესებთ, თორემ დათო ადგება და წავა. გააკეთა ასე რამდენჯერმე (იცინის). არ უყვარს, როცა მძაფრად იჭრებიან მის პირადულში. ვაღიარებ, უთქვამს რამდენჯერმე გოგონაზე, რომ ძალიან მოსწონდა და მეც გულახდილად მითქვამს, რომ ვერ ვხედავდი მათ წყვილად. ამის გამო დღემდე მეხუმრება, შენი ბრალიაო (იცინის). რა თქმა უნდა, მაინტერესებს, რა თქმა უნდა, მიზიარებს, რადგან იცის, რომ ჩემთან დარჩება და თუ შემიძლია, ვურჩიო, ვურჩევ კიდეც.
– თვითონ როგორი იყო, სანამ თქვენ შექმნიდით ოჯახს, ბიჭებს ცოტა უჭირთ დების მეორე ნახევრების მიღება...
– დათომ ძალიან კარგად იცოდა, რომ მე მის სახელს ყოველთვის ძალიან ვუფრთხილდებოდი. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი ძმის ხასიათი გამეთვალისწინებინა, თუმცა არც აზიატი ყოფილა და პრობლემებიც არასდროს შეგვქმნია. ძალიან დიდი ნდობა ჰქონდა, იცოდა, რომ იმის იქით, რაც ჩვენი ოჯახისთვის შესაფერისი იყო, ნაბიჯს არ გადავდგამდი, ჩვენს ოჯახს შეურაცხყოფას არ მივაყენებდი. არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ჩემს მეუღლესთან, მადლობა ღმერთს ამისთვის. ჩემი მომავალი მეუღლე ჩვენ ერთად გავიცანით ხევსურეთში.
– დათოს, როგორც შემოქმედს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. როგორია თქვენი როლი მის შემოქმედებით ცხოვრებაში?
– ნამდვილად ძალიან დიდი. მე 15 წლის განმავლობაში ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი, დათო მღეროდა, როცა მე ცეკვას დავანებე თავი, ცხადი იყო, რომ დათოს შესაძლებლობებს ზღვარი არ ჰქონდა, მე ამას ძალიან კარგად ვხედავდი და ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. ვცდილობდი, მისი განსაკუთრებული ნიჭი არ დაკარგულიყო. ეს შეფასება არ არის სუბიექტური, მე არ მახასიათებს ჩემი ოჯახის წევრების ქება, პირიქით, ყველაფერს საკმაოდ კრიტიკულად ვუდგები, მაგრამ ყოველთვის ჩანდა, რომ დათოს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მე ყოველთვის მჯეროდა მისი ხმის, მისი ბგერის უნიკალურობის. დათოს მოსმენები 500 მილიონს გასცდა და სრულიად კავკასიას მოიცავს. მას ღვთისგან აქვს მოძებული კეთილი ბგერა, რომელიც ადამიანის სულამდე აღწევს და მხოლოდ პოზიტივს იწვევს.
– ალბათ ბევრმა ნახა ფერეიდნელი ქართველების ვიდეო, მის სიმღერას რომ ზეპირად ასრულებენ.
– დიახ, ფერეიდანში უამრავი ადამიანი ერთად მღერის დათოს სიმღერას, რომელიც ზეპირად იციან. მათ ის შეიყვარეს, შეისისხლხორცეს, მათში სამშობლოს სიყვარული კიდევ უფრო გაღვივდა. ეს ხომ ჩვენ გათვლით არ გაგვიკეთებია. ამას მოფრთხილება სჭირდება. მე დათოში ამ ნიჭს ძალიან დიდი ხნის წინ ვგრძნობდი და ამ გზაზე მის გვერდით ვიყავი, რადგან მისი მწამდა. ყველაფერი გადავდე, თუნდაც ჩემი სურვილები. შემეძლო, მემღერა, არაფერი ხელს არ მიშლიდა, მაგრამ დათოს სჭირდებოდა გვერდში დგომა, პირველ რიგში, მორალური თვალსაზრისით, რომ მას საკუთარი ნიჭიერების ეწამა, დაეჯერებინა, რომ განსაკუთრებული იყო. ოცი წლის განმავლობაში იყო ვარდნა, დარდი – „არ მჯერა, არავის არ სჭირდება ჩემი მუსიკა“, მაგრამ სადარაჯოზე ხმლით ვიდექი და ვარწმუნებდი, რომ განსაკუთრებული იყო და ყველაფერს შეძლებდა. დღეს უდიდეს სიყვარულს გრძნობს ხალხისგან და ეს სიყვარული ნამდვილად საკმაირისია საიმისოდ, რომ დაიჯერო, შენ ნამდვილად სჭირდები და ემსახურები შენს ქვეყანასა და ხალხს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან