შოუბიზნესი

ირინა ბაირამაშვილი: ჩემი ქმარი მეუბნება, კუბაში ჩავალთ და განცხრომაში ვიცხოვრებთ, ქვეყანა გაჭირვებულია, მაგრამ ჩვენ მილიონერები ვიქნებითო

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:10

ირინა ბაირამაშვილი
დაკოპირებულია

რამდენად უყვარს საკუთარი დაბადების დღე ირინა ბაირამაშვილს, რა არის ამ დღეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ ვერ გრძნობს ასაკის მატებას მომღერალი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ირინა ბაირამაშვილი: ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს. ორი-სამი თვით ადრე ვიწყებ ხოლმე დაგეგმვას. ბოლო წლებში ერთი ტრადიცია მაქვს, მხოლოდ გოგონების წვეულებას ვაწყობ. არ მიყვარს რესტორანში ან დახურულ სივრცეში აღნიშვნა და საბედნიეროდ, საგარეჯოში ჩვენს სახლში დიდი აივანი გვაქვს, რომელსაც ძალიან ლამაზად ვრთავთ და ღია სივრცეში ვიკრიბებით. სამზადისშიც მთელი ჩემი სამეგობროა ჩართული.

13 აპრილს მაქვს დაბადების დღე და ორი წლის წინ ამ დღეს ისეთი მაგარი ამინდი იყო, ყველას ძალიან თხლად ეცვა, მე კი – კორსეტი. ყოველთვის მაქვს მოლოდინი, რომ ასე იქნება, მაგრამ წელს, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ცუდი ამინდი იყო. არადა, 40 წლის გავხდი და ისე მომწონს ეს მრგვალი თარიღი, რა თქმა უნდა, ორი თვით ადრე დავიწყე მზადება. მეგობრებისთვის მოსაწვევები გავამზადე, დრესკოდი მოვიფიქრე და ისევ და ისევ ვერანდაზე ვგეგმავდი დღესასწაულის მოწყობას, მაგრამ სამწუხაროდ, იმ დღეს 4 გრადუსი იყო. არ წვიმდა, მაგრამ ისეთი ყინვა იყო, დაქალმა მითხრა, თუ ყინულის ფიგურებად უნდა ვიქცეთ, არ მინდაო (იცინის). სამწუხაროდ, ჩამეშალა გეგმები. თან წელს აღდგომა ხომ 12 აპრილს იყო და 13 -ში, ჩემს დაბადების დღეზე, მიცვალებულების დღე უწევდა. ასე დაემთხვა და თან, ყველამ, ვისაც მსგავსი ცრურწმენების სჯერა, მითხრეს, არ შეიძლება 40 წლის აღნიშვნაო. დედაჩემიც მეუბნებოდა, არ გინდა, არ გადაიხადო, თან მიცვალებულების დღე ემთხვევაო. მე კიდევ ვხუმრობდი, მიცვალებულებთან მე მოვაგვარებ, ჩემს ყველა წინაპარს ძალიან გაუხარდება, მე რომ ბედნიერი ვიქნები-მეთქი. მე კი ასე ვამბობდი, მაგრამ ბუნებამაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ გადამეხადა (იცინის). ჩემი ქმარი ისეთი რომანტიკულია და ისე მაგრად გამოსდის სიურპრიზების მოწყობა, რომ ამ სიტუაციაშიც იპოვა გამოსავალი, თან არაჩვეულებრივი და სასტუმრო დაჯავშნა. ხუმრობდა, ახლა მოგიტაცებ და მერე უკან დაგაბრუნებო (იცინის). ძალიან კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ საღამოს, ვახშმობის დრო რომ მოვიდა, უფროსი შვილი მირეკავს და მეუბნება: დედა, განისვენეო? (იცინის). სასწაული ენა აქვს, საიდან მოგივლის, ვერ წარმოიდგენ. დედა, შეიძლება, ჩვენც წამოვიდეთ, შენთან ერთად გვინდა ყოფნა, ძალიან მოგვენატრეო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ მე ხომ მანიაკი დედა ვარ და სადღაც გულის სიღრმეში მაინც მაწუხებდა შვილების გარეშე ყოფნა. ჩემი მეუღლე მუბნებოდა, რატომ უკეთებ შენს თავს ამას, ერთი დღე როგორ ვერ დაგიტოვებია ბავშვები. თან უცხოსთან ხომ არ ტოვებო. დედამთილთან და დედასთან მყავდნენ დატოვებული, ამის პრობლემა საერთოდ არ გვაქვს, მაგრამ ჩემშია ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო, ჩემი შვილები მაკლდა. ვცდილობდი, არ შემემჩნია, მაგრამ ჩემი ქმარი გადასარევად მიცნობს და მითხრა, ვიცი, გირჩევნია, იწვალო, ძალიან მაგრად დაიღალო, მაგრამ შვილებთან ერთად იყო. გიყურებ და ვხედავ, რომ სულით და გულით ეს გინდაო. ჩემმა დამ ჩაისვა ჩემი შვილები მანქანაში, ჩემი დისშვილი, აიღეს ტორტი, ყვავილები და სასტუმროში დაგვადგნენ. ასე აღვნიშნე ეს დღე ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად. ვერანდაზე არ გამომივიდა, მაგრამ რაც გამოვიდა, ძალიან კარგი იყო.

ისე, ამინდის გამო შემეძლო ხოლმე ჩემი დაბადების დღე „მცირედით“ გადამეწია ან გადმომეწია და ჩემი დაქალები მეხუმრებოდნენ, მოდი, ირი და ბარემ ახალ წელს გადაიხადეო (იცინის). წელსაც შემომთავაზა დედამთილმა შვილის დაბადების დღეზე გადამეხადა, მაგრამ უკვე აღარ მინდა მოძრავი დაბადების დღეები, პატარა კი აღარ ვარ, ორმოცები დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.

ისე, შვიდთვიანი ვარ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მართალი ყოფილა ეს ამბავი, ძალიან სულსწრაფი ვარ, ყველაფერი მეჩქარება. თიკა ჯამბურია მეუბნება, შენ ავად ხარო. საქმეს რომ სჭირდება, დროს არ აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, თიკა სადმე დასასვენებლად არის წასული, მაგრამ საქმე თუ მოითხოვს, შემიძლია, დილის 8 საათიდან დავიწყო მასთან რეკვა. მემუქრება, ფსიქიატრთან წაგიყვანო (იცინის).

– როგორ შეხვდი ორმოც წელს ემოციურად თუ ფიზიკურად?

– გეტყვით რისი ჩაცმის ხასიათზე ვიყავი დაბადების დღეზე და მიხვდებით ჩემს შინაგან მდგომარეობას. თინეიჯერი როკსთარი ვიყავი (იცინის). თმა შუაზე გავიყავი და ჩემი შვილის ფერადი წკაპებით დავიმაგრე. არ ვიცი, ეს რა იყო – შინაგანი პროტესტი? ასაკის არ შემჩნევა?.. არ ვიცი, მაგრამ მე მილენიალებს მივეკუთვნები და მე და ჩემი ორი ბავშვობის მეგობარი ისე გამოვიყურებით, თუ ჩვენი დაბადების წელი არ იცის ადამიანმა, შანსი არ არის, მიხვდეს ჩვენს ნამდვილ ასაკს. რომ ვაკვირდები ჩემს თანაკლასელებს, ზოგს ძალიან ეტყობა წლები. მე კიდევ რომ ვამბობ ასაკს და მით უმეტეს, იმასაც რომ იგებენ, სამი შვილის დედა ვარ, შოკში ვარდებიან ხოლმე. დაბადების დღეზე ასე რომ გამოვეწყვე და სარკეში ჩავიხედე, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.

40 წლის ასაკში შეიძლება, ისეთი შესაძლებლობები აღმოაჩინო საკუთარ თავში, რომელთა შესახებაც მანამდე არ იცოდე. მე ზუსტად ეს განწყობა მაქვს.

ერთი დღით ხომ ვიყავი წასული დაბადების დღის აღსანიშნად და მთელი ჩემოდანი წავიღე, ექვსი ლუქი მქონდა არჩეული, ყველანაირი სტილის, რომ ხასიათის მიხედვით ჩამეცვა. არჩევანის წინაშე რომ დავდექი, მივხვდი, რომ თინეიჯერივით მინდოდა, მცმოდა. ჩემი აზრით, ასაკს უფრო მაშინ გრძნობ, როცა შვილი ქორწინდება, ბებია ხდები და ასე შემდეგ. პირადად მე ჩემს ასაკზე მაშინ დავფიქრებულვარ, როცა ჩემს აღზრდილ მოსწავლეს შევხვედრივარ. მე რომ ვოკალში ვამეცადინებდი, მაშინ ძალიან პატარები იყვნენ და ახლა ზოგი თხოვდება, ზოგს უკვე შვილები ჰყავს და ამის დაფიქსირებისას ჩემს თავს გვერდიდან შევხედავ ხოლმე, ძალიან ხომ არ დავბერდი-მეთქი (იცინის). ზოგჯერ შემიმჩნევია, რომ ჩემს ნამოწაფარზე უფრო ახალგაზრდულად მე გამოვიყურები და ალბათ, მთელი ამბავი ამაშია.

– ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად თუ შეგიყვარდა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა?

– თუ ბევრი გადაღება მაქვს ან კონცერტისთვის ვემზადები, მაშინ უფრო ყურადღებიანი ვარ მაგ მხრივ. არის რაღაცები, რის მიმართაც ასაკის მატებასთან ერთად, უფრო ყურადღებიანი გავხდი. ოღონდ უნდა მითხრა. მაგალითად, კარგი იქნება ინიექცია დავიწყოთ... დროა (იცინის). ხუთი წლის წინ ვფიქრობდი, რომ საერთოდ არაფერს გავიკეთებდი, ძალიან მომწონდა ბუნებრიობა. ჩემი მეუღლე არის ჩემთვის მთავარი სტიმული. ძალიან ბევრ კომპლიმენტს მეუბნება, ერთმანეთის მიმართ უდიდესი სიყვარული გვაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ნომერ პირველია ქალისთვის. სულ მიმეორებს, რომ არ მოსწონს ხელოვნურობა, რომ ბუნებრივი ძალიან მოვწონვარ. იმასაც პირდაპირ მეუბნება, რომ ძალიან არ მოსწონს ხელოვნური ტუჩი და მე არ ვიკეთებ ტუჩს. შუბლი მაქვს გაკეთებული, მაგრამ სულ ორჯერ ერთწლიანი შუალედით. მეტი აბსოლუტურად არაფერი და ის სულ მიმეორებს, რომ ძალიან მოვწონვარ ასეთი, როგორიც ვარ. ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს სავარჯიშოდ და თვითონაც დიდ ყურადღებას უთმობს ჯანსაღ ცხოვრებას, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ვარჯიშისთვის დრო არ მაქვს. როცა მექნება დრო, ამას აუცილებლად გავაკეთებ.

– ალბათ, წლებმა ბევრი კარგი და ცუდი გაჩვენა, როგორ შეიცვალე ამ ყველაფრის დამსახურებით?

– ძალიან ბევრი ვისწავლე უამრავი სირთულის გამოვლის შედეგად. მე ჩემს სირთულეებზე ხმამაღლა ლაპარაკს არასდროს დავიწყებ. არც არასდროს ვიწუწუნებ. ბევრი სირთულე იყო, მაგრამ მე ამან გამზარდა. იყო ბევრი დადებითიც და ორივემ ერთად მასწავლა, რომ ადამიანს შეიძლება, უამრავი დაქალი ჰყავდეს, მაგრამ დროსთან ერთად, შენ გარშემო ადამიანების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება და მხოლოდ ნამდვილები რჩებიან. დავკარგე ბავშვობის დაქალიც, დავკარგე საუკეთესო მეგობარიც. გავიგე, რომ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე, რომ ყველაფერს მზად უნდა დახვდე და არ უნდა დაეცე. დეპრესიაში არაფრის გამო არ უნდა ჩავარდე. ისედაც არ ვარ ასეთი ნატურა, მაგრამ არც ვაძლევ თავს ამის უფლებას. ძალიან ბევრჯერ ყოფილა მომენტი, როცა შეიძლებოდა, ფარ-ხმალი დამეყარა და ყველაფერზე ხელი ჩამექნია, მაგრამ ჩემგან ასეთი რამ გამორიცხულია. მე დროც არ მაქვს ცუდად ყოფნისთვის. მეგობრებთან განვიხილავდი ამ თემას, ერთმა მითხრა, ამას ვსვამო, მეორემ – მე ამასო, მესამემ მე ამ ფსიქოლოგთან დავდივარო. მგონი, მე ყველაზე უარეს დღეში ვარ, არაფერს ვსვამ და არავისთან დავდივარ-მეთქი. მერე თვითონ მითხრეს, ოჯახითა და კარიერით იმდენად დაკავებული ხარ, ცუდზე ფიქრისთვის დროც არ გრჩებაო და მართლა ასეა. არ მაქვს დრო, რომ დავჯდე და ვინერვიულო. მე მჯერა, რომ ზემოდან ყოველთვის ის მოდის, რაც მოსასვლელია. წავა ის, ვინც წასასვლელია. ზემოდან ყველაფერი სწორად იმართება. ცუდიც იმიტომ ხდება, რომ კარგი დაინახო და კარგისკენ სწორი გზით წახვიდე.

– როგორ სიბერეს ისურვებდი?

– ჩემი ქმარი მეუბნება, წლების შემდეგ, მე და შენ ძალიან ბევრს ვიმოგზაურებთ და ბოლოს კუბაში ჩავალთ და განცხრომაში ვიცხოვრებთო. ქვეყანა გაჭირვებულია, მაგრამ ჩვენ მილიონერები ვიქნებითო. მე ბალი, ჰავაი და სხვა კუნძულები მირჩევნია (იცინის). მოკლედ, ამ საკითხში შეთანხმების მიღწევა გვჭირდება. მე მერე შვილიშვილები მეყოლება გასაზრდელი და სად წავალ, მაგრამ ჩემი ქმარი ამ აზრზე მტკიცედ დგას და ვნახოთ, აბა, 40 წლის მერე საიდან მოგცემ ინტერვიუს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი