ნინო თოლორდავა: ძალიან იღბლიანი ქალი ვარ და სამყაროს ყოველთვის მადლობას ვუხდი ამისთვის
ავტორი: ნონა დათეშიძე 19:15
მართალია, ტელეწამყვან ნინო თოლორდავას პროფესიის თვალსაზრისით ბავშვობის ოცნებები არ აუხდა, მაგრამ სადაც იყო მისი ბედი, იქ მიიყვანა საკუთარმა ფეხმა და დღეს კამერების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
ნინო თოლორდავა: მეოცნებე ბავშვი ვიყავი. ბევრი ოცნება მქონდა, რომლებიც ჩემს მომავალს უკავშირდებოდა. თუმცა, ცვალებადი ხასიათის გამო დღეს თუ მინდოდა, მომავალში ექიმი-პედიატრი გამოვსულიყავი, მეორე დღეს ოპერის მომღერლობაზე ვოცნებობდი, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა სიმღერის ნიჭი (იცინის), ზეგ კი შეიძლება, მხატვრობა მომნდომებოდა.
– საბოლოო ჯამში, არც ექიმი-პედიატრი გამოხვედი, არც მომღერალი და არც მხატვარი. როგორც თავად თქვი, ცვალებადი ხასიათის ბავშვი იყავი, ეს თვისება დიდობაშიც გამოგყვა?
– როცა არჩევანს ეხება საქმე, მერყევი და ცვალებადი ხასიათი არ მაქვს, ვამჯობინებ სტაბილურობას და წყნარ ცხოვრებას. ასე რომ, როცა არჩევანს ეხება საქმე, მერყევი ხასიათით არ გამოვირჩევი.
– როცა სკოლა დაამთავრე და პროფესიის არჩევანზე დაფიქრდი, შენს გადაწყვეტილებაში ოჯახის წევრები ჩაერივნენ თუ თავად გადაწყვიტე რა პროფესიის გინდოდა გამოსულიყავი?
– მე მსახიობობა მინდოდა. ვოცნებობდი, თეატრალურში ჩამებარებინა. დედა არ იყო წინააღმდეგი, მაგრამ დანარჩენი ოჯახის წევრები ამის წინააღმდეგ წავიდნენ. ზოგადად, დედა ყველაფერში მიჭერდა მხარს და იზიარებდა ჩემს აზრს, მათ შორის პროფესიის არჩევის კუთხით, რასაც ვერ ვიტყვი მამაჩემზე. ბებიამ და ბაბუამ გამზარდა – მამის დედ-მამამ და ისინიც აქტიურად ერეოდნენ ჩემს არჩევანში. მათაც არ უნდოდათ ჩემი მსახიობობა და სამწუხაროდ, ეს ოცნება ოცნებად დამრჩა. ასევე, დავდიოდი ბალეტზე, ძალიან მომწონდა და მინდოდა, სერიოზულად გავყოლოდი ამ მიმართულებას. მაგრამ, მითხრეს, ძალიან მაღალი ხარ და შენგან ბალერინა ვერ გამოვაო. შემდეგ, ბედნიერება იყო როცა „სუხიშვილებში“ ჩავირიცხე, მაგრამ აქაც არ დამიჭირეს მხარი და ცეკვიდან გამომიყვანეს. საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე და დავამთავრე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდი, ოჯახთან ერთად, მოსკოვში გავატარე და ჩემი პირველი შვილი, ამიკო, იქ დაიბადა.
– შენი პროფესიით თუ გიმუშავია?
– ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, თუმცა, როცა უცხოელებთან მომიწია მუშაობა, ინგლისური ენის ცოდნა გამომადგა.
– პირველი შვილის დედა საკმაოდ პატარა ასაკში გახდი და დიდი პაუზის შემდეგ, მეორე შვილის დაბადებით, კვლავ გეწვია დედობის სიხარული. წლების შემდეგ არ გაგიჭირდა თავიდან იმ გზის გავლა, რაც 19 წლის ასაკში გაიარე?
– დედა 19 წლის ასაკში გავხდი და ის წარმოუდგენელი ემოცია დღემდე მახსოვს. სულ ვამბობ, ჩემს ცხოვრებაში ორი უბედნიერესი დღე იყო, ერთი 19 წლის ასაკში – როცა პირველად გავხდი დედა, როცა თავად ბავშვი ვიყავი და ამიკო შემეძინა და მეორე – 43 წლის, მოწიფულ ასაკში გავხდი თადა ერეკლეს დედა. ნამდვილად არ გამიჭირდა იმ გზის მეორედ გავლა, რაც 19 წლის ასაკში გავიარე, რადგან დედობა ენით აუწერელი ბედნიერებაა, მით უმეტეს, როცა 43 წლის ასაკში ნანატრი შვილი ჩნდება. ამიკო რომ 4 წლის გახდა, იმ დღიდან ვნატრობდი მეორე შვილს და ღმერთმა ეს ნატვრა წლების შემდეგ ამიხდინა. ამიკო ახლა 25 წლისაა, ჰყავს არაჩვეულებრივი შვილი – ნოა და მიხარია, რომ ახალგაზრდა ასაკში, 39 წლისა, ბებია გამხადა.
– როგორი დედა ხარ შვილებისთვის და ბებია – შვილიშვილისთვის, მკაცრი თუ უფრო მეგობრული?
– ძნელია, ჩემს თავზე ვისაუბრო, თუმცა როგორც ოჯახის წევრები და მეგობრები მეუბნებიან, საკმაოდ კარგი დედა ვარ. არც ამიკოს მიმართ ვყოფილვარ მკაცრი და არც თადა ერეკლეს მიმართ ვარ. მე და ამიკო, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ და სულ ამბობს: შენ ჩემი დედა კი არა, მეგობარი ხარო. დარწმუნებული ვარ, თადა ერეკლეც რომ გაიზრდება, იმავეს იტყვის. სიმკაცრე არ გამომდის შვილებთან და შვილიშვილთან (იცინის).
– ნინო, წლების მატება ხომ არ გაშინებს?
– იყო პერიოდი, როცა წლების მატება მაშინებდა და ყოველ მომატებულ წელსა თუ თვეზე ძალიან ვნერვიულობდი, ვღელავდი, წლები მიფრინავს, ასაკი მემატება-მეთქი. ახლა კი ვფიქრობ, ბედნიერებაა, როცა მყავს 25 წლის შვილი, 5 წლის შვილშვილი და 2 წლის შვილი, რომელიც მის ძმისშვილზე 3 წლით პატარაა. სიმართლე გითხრათ, ბოლო ორი წელია, რაც მეორე შვილი გამიჩნდა, იმ დღიდან აღარ მაშინებს წლების მატება და ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედე, მივხვდი, ძალიან დატვირთული და საინტერესო ცხოვრების გზა გავიარე. იმედი მაქვს, წინ კიდევ ბევრი საინტერესო წელი მელოდება. ვფიქრობ, ნამდვილად ძალიან იღბლიანი ქალი ვარ და სამყაროს ყოველთვის მადლობას ვეუბნები ამისთვის. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ვრეალიზდი, როგორც დედა, როგორც ბებია, როგორც ქალი... მაქვს მოსიყვარულე ოჯახი, გვერდით საყვარელი მამაკაცი და წარმოუდგენლად კარგი მეგობრები. ამ ყველაფერში რომ გამიმართლა, როგორ შეიძლება არ ვთქვა, იღბლიანი ვარ-მეთქი? და, პლუს ამას, ვმუშაობ და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს.
– ბედისწერის გჯერა?
– ბედისწერის მჯერა და მგონია, ის გზა, რომელიც გავიარე სწორედ ჩემი ბედისწერა იყო. მადლობა ამისთვის სამყაროს. ყოველღამე, ძილის წინ, ღმერთს ვეუბნები მადლობას ჩემი ცხოვრებისთვის, ჩემი მეუღლისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემ გვერდითაა. ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, არაფერს შევცვლიდი, ისე გამოვივლიდი დღევანდელობამდე, რადგან ეს ის გზა იყო, რაც მე უნდა გამევლო.
– ყოველთვის ფორმაში ხარ, თან გემოვნებით ჩაცმული. ზოგადად, რა სტილის ჩაცმას ანიჭებ უპირატესობას?
– ჩემს კარადაში კლასიკური სტილის სამოსი სჭარბობს, მომწონს კლასიკურად ჩაცმა. თუმცა, ბოლო პერიოდში ვცდილობ, კლასიკური სტილი სპორტულითაც შეიცვალოს. რაც შეხება თავის მოვლას, როგორც ყველა ქალი, მეც ისე ვუვლი თავს, სარკეში რომ ჩავიხედავ, საკუთარი ვიზუალი მომეწონოს. და არ დაგიმალავთ და, სარკეში რომ ვიყურები, ჩემი თავი მომწონს (იცინის). თუ არ მომწონს, სასწრაფოდ კოსმეტოლოგთან გავრბივარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





