რა აძლევს მეგი გაბუნიას 72 საათი შეუსვენებლად მუშაობის ძალას და როგორ გააძლიერა ის რთულმა პერიოდებმა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:19
იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის დიზაინერ მეგი გაბუნიას წარმატებაში, ვინ უჩვენა მას სიყვარულის მაგალითი და როგორ აქცია სირთულეებმა ძლიერ ადამიანად, ამაზე თავად მოგვიყვება.
მეგი გაბუნია: ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. მართალი გითხრათ, ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ერთი აზრი მომდის – ძალიან ბევრს დავფრინავ და ამდენი ფრენისას ერთხელაც რომ თვითმფრინავი არ ჩამოვარდა, ესე იგი, უკვე იღბლიანი ვარ (იცინის). ახლახან ამერიკიდან მოვფრინავდი, ჩამეძინა და სიზმარში ვნახე, თვითმფრინავი ვარდებოდა. რომ გავიღვიძე და აღმოვაჩინე, ეს სიმართლე არ იყო, ძალიან გამიხარდა და პირველად მაშინ გავიაზრე, როგორ გამიმართლა.
ზოგადადაც რომ შევხედოთ, იღბლიანი ვარ. ვინმემ რომ თქვას, იღბლიანი არ ვარო, ეს უკვე არასწორად მიმაჩნია. ცოცხალი რომ ხარ და ფიზიკური, გონებრივი ან ემოციური უნარები გაქვს, გარშემო საყვარელი ადამიანები გყავს და ასე შემდეგ, ამის გამო მადლიერებას როგორ არ უნდა გრძნობდე?!
– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად პროფესიული თუ ცხოვრებისეული კუთხით?
– ჩვენ არ ვირჩევთ დაბადების ადგილს და ოჯახის წევრებს. დანარჩენი ყველაფრის არჩევა შეგვიძლია. ნამდვილად იღბალია და გამართლებაა ჩემი დაბადების ადგილი, ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელოვან ადამიანებს ბევრი სირთულე გვხვდება, საქართველოს ისტორია და კულტურა იმხელა ინსპირაციის წყაროა, არ შეიძლება, ბედნიერი არ იყო აქ დაბადების გამო.
ასევე, დავიბადე ოჯახში, რომელზე უკეთაც სიყვარულს სხვაგან ვერ დავინახავდი, ასეთი რამ ვერ წამომიდგენია. ჩემი მშობლების დამსახურებით, მთელი ბავშვობა ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულში გავატარე. რაც უფრო ვიზრდები, ვიაზრებ, რამდენად რთული იქნებოდა ჩემი მშობლებისთვის იმ რთულ გარემოში ამის გაკეთება, მაგრამ მე იმ დროს არსებული სირთულეები მათი დამსახურებით ნაკლებად შემეხო. მათ ძალიან ბედნიერი გარემო მაჩუქეს და ეს იღბალია, რადგან ბავშვობაში გადატანილი სირთულეები და ტრავმები, მერე ზრდასრულ ასაკში გიშლის ხელს.
მამა სულ მეუბნებოდა, მთავარია, შენ იყო ბედნიერი, მე შენ გვერდით ვარო. მინდა, ყველა გოგოს მამამ იცოდეს, რომ მამების მხარდაჭერა გოგონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ისინი უფრო ძლიერები და თავდაჯერებულები იყვნენ.
პროფესიულ იღბალს რაც შეეხება, არ ვამბობ, რომ რამის გამო მადლიერებას არ ვგრძნობ, მაგრამ მე განუზომელ შრომას ვდებ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ. ვერც ავხსნი, რა მასშტაბით მაქვს დახარჯული ჩემი შესაძლებლობები. ხანდახან შეუძლებელს ვაკეთებ. ასე მარტო მე არ ვაფასებ საკუთარ თავს, ამას გარშემო მყოფებიც ხედავენ. უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენს ქვეყანაში რთული სიტუაციაა ხელოვანი ადამიანებისთვის, არც დიდი ბაზარია, არც დიდი შესაძლებლობები. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხშირად დავდივარ ამერიკაში, ჩვენებები, გამოფენები მაქვს და იქ იმხელა შესაძლებლობებია, იმდენი ადამიანი მთავაზობს შემდეგ ნაბიჯებს, რასაც კარგი განვითარება უნდა მოჰყვეს... სამწუხაროდ, ეს ჩვენთან არ ხდება. ჩვენს ქვეყანაში ათჯერ მეტი შრომა მიწევს, ვიდრე შედეგს ვიღებ, მაგრამ როცა საქმე გიყვარს და გულწრფელი სიყვარულით აკეთებ მას, აღარ ფიქრობ, რომ შენ მხოლოდ იხარჯები. მე ამ პროცესიდან ენერგიას ვიღებ, ამიტომ შემიძლია, 2-3 დღე გადაბმულად, დაძინების გარეშე ვიმუშაო. ასეთი შემთხვევა არაერთხელ მქონია, ჩვენებების წინ, ფაქტობრივად, არ მძინავს.
საკუთარ თავს ვეუბნები ხოლმე, რომ ამ რეჟიმში მე არ შემიძლია, სხვა საქმე გავაკეთო. ეს არარსებულია. ამას მხოლოდ საყვარელი საქმიდან მიღებული ენერგია შეგაძლებინებს. სხვანაირად 72 საათი შეუჩერებელი ვერ იქნები. მაგალითად, ბუღალტრულ სამუშაოებს რომ ჩავხედავ, ერთი საათის შემდეგ უკვე მოსმენაც კი აღარ შემიძლია და ძილი მინდება. ამიტომ მარტივია იმის მიხვედრა, რა საქმეა შენი და რა – არა. ყველა ადამიანს გულით ვუსურვებ, საკუთარი საქმე იპოვოს, რადგან მისი კეთებისას არ იღლები, პირიქით – ივსები.
– წარუმატებლობის დროსა და რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?
– პირველ რიგში, უნდა გავაანალიზო, ეს რატომ დამემართა. ველოდები, როდის დაბალანსდება ემოციური მდგომარეობა და შემდეგ ვიწყებ მოქმედებას და მოგვარებას. ვფიქრობ, რომ ყველა პრობლემა ჩვენი მოსაგვარებელია, მის წინაშე სირაქლემას პოზიციაში არ უნდა დავდგეთ. უნდა მივიღოთ განსაცდელი და მის მოგვარებაში დავხარჯოთ არსებული რესურსი. ადრე უფრო განვიცდიდი, ბოლო დროს კი ვხვდები, რომ თუ არა განვლილი სირთულეები, მე დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდოდი. ის გზა და ის დღეები ჩემი გასავლელი იყო. ასეთი მომენტები გაძლიერებს და გხდის უფრო თავდაჯერებულს. ალბათ, ადამიანს სირთულეები უნდა ჰქონდეს ცხოვრების გზაზე, რომ ყველანაირ სიტუაციას მენტალურად ძლიერი შეხვდეს. ასეთ შემთხვევაში უფრო უშიშარი იქნები. დღეს, როდესაც სირთულის წინაშე აღმოვჩნდები ხოლმე, უკვე ასე ვფიქრობ და მჯერა, რომ ეს სამომავლოდ ჩემს სასიკეთოდ გარდაიქმნება. იშვიათად, რომ სასოწარკვეთას მივეცე. არის პერიოდები, როცა ემოციურად ძალიან განვიცდი, მაგრამ ვცდილობ, მაშინვე შევახსენო თავს, რომ ეს ის არის, რისი მოგვარებაც შემიძლია და რაც გამაძლიერებს.
– რა შემთხვევაში შეიძლება, დაყაროთ ფარ-ხმალი?
– თუ დავკარგავ შემოქმედებით მიზანს, იმედს, რწმენას და სიყვარულს – ფარ-ხმლის დაყრას ამას დავარქმევ და ეს სიკვდილია! თუმცა ჯერჯერობით ფარ-ხმალი სულ თან მაქვს, როგორც ჯაჭვის პერანგი და მუზარადი (იცინის).
– რამდენად ზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე?
– ვფიქრობ, მოვლილი გარეგნობა პროფესიული ეთიკის ნაწილია. მე დიზაინერი ვარ, ამიტომ ჩემი ნამუშევრები, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა მომწონდეს, შემდეგ კი სხვებს შევთავაზო. ეს პატივისცემაა როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.
– რამდენად იღბლიანი ხართ ადამიანებში?
– როგორც ვთქვი, ძალიან გამიმართლა მშობლებში. მამაჩემს ვეუბნები ხოლმე, კიდევ კარგი ჩემი მამიკო ხარ-მეთქი. დედა, როგორც მზრუნველი, სიყვარულით სავსე, ოჯახზე და შვილებზე თანგადაყოლილი პერსონაჟი ჩვენ არ გვიკვირს, რადგან დედები, ძირითადად, ასეთ ამპლუაში გვყავს. რაც შეეხება მამებს, წინა თაობებში ასე არ იყო, ახალგაზრდა თაობაში უფრო კარგი მდგომარეობა გვაქვს. ძალიან გამორჩეულია მამაჩემი, რომ იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე ახერხებს მამის როლის საუკეთესოდ შესრულებას, თუ შეიძლება, ასე ვთქვათ. საუკეთესო მამასთან ერთად, საუკეთესო ბაბუაა და ეს გარშემო მყოფებისთვისაც თვალშისაცემია. მან სიყვარულის საოცარი მაგალითი გვაჩვენა. ვეუბნები ხოლმე, რომ ამის მსგავსიც არ გვინახავს და რასაც სხვებისგან ვხედავთ, ეს ჩვენთვის არ არის საკმარისი და კომფორტული.
ახლახან მამას დაბადების დღე იყო, დედამ წერილი მისწერა და საღამოს, აღნიშვნის დროს მამამ ის ხმამაღლა წაიკითხა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მომენტები საჯარო უნდა გახდეს, რომ სიყვარულის გამომჟღავნების მაგალითი თაობებმა იხილონ. არ არსებობს, ადამიანს ასეთი ემოცია არ შეეხოს.
დედამ ერთად ცხოვრების 50 წლისთავზე, ისეთი საოცარი წერილი მისწერა მამას, მამა თვალცრემლიანი კითხულობდა და ყველა, ვინც ისმენდა, ტიროდა.
დედა წერს – გაზაფხულის ყოველი დილა, როცა შენ ყვავილებს მომართმევ ხოლმე, მინდა, მრავალი წელი გაგრძელდესო. მართლაც ასეა, გაზაფხული როგორც კი დადგება, ერთი დილა არ არსებობს დაზამთრებამდე, რომ დილის ვარჯიშის რიტუალიდან, მამა დედასთან ყვავილებით ხელში არ მოვიდეს.
მათგან სითბოს, სიყვარულისა და მოფერების მაგალითებით გავიზარდე. ეს მართლა ძალიან დიდი გამართლებაა, რადგან ვიცით, მაშინ რა ხდებოდა ჩვენ გარშემო, რა პრობლემებს ებრძოდნენ ოჯახებში და ასე შემდეგ.
ძალიან გამიმართლა ჩემი შვილების შემთხვევაშიც. მარიამი და თათული ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ორივე არაჩვეულებრივი ადამიანია და რაც მთავარია, ჩემი შვილები ამ სიყვარულის გაგრძელებას წარმოადგენენ. მაგალითი, რომელიც მამამ მიჩვენა, ვეცადე ჩემი შვილებისთვისაც გადამეცა. მათშიც ისევე გამიმართლა, როგორც მშობლებში, მანებივრებენ, რომ ვიამაყო მათი დედობის სტატუსით. ვხედავ, რომ თავიანთ სფეროებში ორივე ძალიან ძლიერი იქნება და ამის გამო განსაკუთრებულ მადლიერებას ვგრძნობ.
– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და რამდენად შეეფერება მას დღევანდელი რეალობა?
– ბავშვობაში არც კი წარმომედგინა, რომ ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება მექნებოდა. ეს გზა ჩემი გასავლელი იყო და მადლიერი ვარ. ღმერთი არასდროს მტოვებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





