შოთიკო ნოზაძე: ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, სამი წელი ვიცხოვრე ამ სტრესით
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00
მსახიობი შოთიკო ნოზაძე ფართო მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული თენგოს როლით შეიყვარა და დღემდე მის ფრაზებს სერიალიდან ბევრი იმეორებს.
– შოთიკო, თუ გახსოვს შენი პირველი ხელფასი როდის აიღე და რაში დახარჯე?
– რუსთავის თეატრში ვითამაშე სპექტაკლ „ხუთკუნჭულაში“ და პირველი დამოუკიდებლად ნაშოვნი ფულიც მაშინ ავიღე, მერვე კლასის მოსწავლემ. არ დამავიწყდება, 16 სპექტაკლი ვითამაშე და ხელფასი 8 ლარი და 50 თეთრი მომცეს. მაშინ ლარი ლარობდა და ძალიან მიხაროდა, ეს ჩემი პირველი ხელფასი ჯიბეში რომ ჩავიდე. რაში დავხარჯე, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ის ემოცია მახსოვს, პირველი ხელფასი როგორ გამიხარდა. ხელოვნების კოლეჯში ვსწავლობდი, თეატრალურ განყოფილებაზე, დაგვიძახეს ბიჭებს, ვინც სპექტაკლში ვთამაშობდით და საზეიმო ვითარებაში კონვერტით გადმოგვცეს ჩვენი პირველი ხელფასი – 8 ლარი და 50 თეთრი (იცინის). თან, არ ვიცოდით, რა იდო კონვერტში და რომ გავხსენით და დავინახეთ ქაღალდის 5 და 2-ლარიანი, რკინის 1 ლარიანი და სპილენძის 50 თეთრი, სიხარულით ცას ვეწიეთ (იცინის).
– მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან სცენაზე დგახარ და პროფესიითაც მსახიობი ხარ, გინდოდა, ფეხბურთელი ყოფილიყავი. ამ ოცნებაზე რის გამო თქვი უარი? ამბობენ, კარგად თამაშობდი და ქართულმა ფეხბურთმა შენი სახით წარმატებული თავდამსხმელი დაკარგაო...
– არ ვიცი, ვინ ამბობს, ფეხბურთმა, შოთიკოს სახით, წარმატებული თავდამსხმელი დაკარგაო, თუმცა, პირველი კლასიდან ვთამაშობდი ფეხბურთს და ძალიან მიყვარდა. სამწუხაროდ, ლავიწის ძვალი გავიტეხე და ვეღარ შევძელი ფეხბურთის თამაში. სხვათა შორის, ლავიწის ძვლის გატეხვის დამსახურებაა ჩემი სცენაზე გამოჩენა (იცინის). ფეხბურთს რომ ვეღარ ვთამაშობდი, იმიტომ აღმოვჩნდი ხელოვნების კოლეჯში, თეატრალურ განყოფილებაზე. ფეხბურთს, დაახლოებით, შვიდი წელი ვთამაშობდი და ძალიან დამწყდა გული, რომ ჩამოვშორდი. თუმცა, ამის გამო რომ თეატრში აღმოვჩნდი, ნამდვილად არ ვნანობ.
– მართალია, ფართო საზოგადოებას „ხუთკუნჭულადან“ არ ახსოვხარ და არც იმ როლებით, რომელიც შემდეგ დიდ თეატრალურ სცენაზე შექმენი, სამაგიეროდ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდი თუ არა სახასიათო თენგოს როლით, მაშინვე პოპულარული და ცნობადი გახდი.
– მართალია, ფართო საზოგადოებამ, „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გამიცნო, მაგრამ როგორც შოთიკო ნოზაძე კი არა, როგორც თენგოიე. ქუჩაში მაჩერებდნენ, მეკითხებოდნენ: შეიძლება, ფოტო გადავიღოთო. ძალიან მოსწონდათ ჩემი როლი და იმ ფრაზებს მიმეორებდნენ, რასაც სერიალში ვამბობდი. წარმოშობით ხაშურელი ვარ, თუმცა, რუსთავში გავიზარდე, ზაფხულობით, არდადეგებზე მიწევდა ხაშურში ჩასვლა ბებია-ბაბუასთან და ალბათ, ამიტომაც არ გამიჭირდა სერიალში ხაშურულად საუბარი (იცინის). შემდეგ, გამოვჩნდი „კომედი შოუს“ სკეტჩებში და ახლა „ტახი მახოს“ სერიალს უყურებს ბევრი, სადაც ვთამაშობ.
– წარმოშობას რომ ჩავუღრმავდეთ, ქართლური ხასიათიდან შენში რა დევს დიდი დოზით?
– ცოტა უჟმური ტიპი ვარ და ხისტი ხასიათი მაქვს. თუმცა, თბილი ადამიანიც ვარ. ზოგადად, ჩემს ხასიათში არ მომწონს, რომ ცოტა ზარმაცი ვარ და ამას დავძლევდი. რაც მომწონს, ის არის, რომ მიზანდასახული ვარ და შრომისმოყვარე, რასაც გულით მივუდგები, ყველაფერი გამომდის. ხომ ამბობენ, ზარმაცები ნიჭიერი ადამიანები არიანო და ცოტა მეტად რომ ვიშრომო, ზუსტად ვიცი, დიდ წარმატებას მივაღწევ. ასე რომ, სწორედ ის სიზარმაცეა ჩემს ხასიათში, რომ მაფერხებს.
– ერთი პერიოდი, საკმაოდ აკრიფე წონა და დიეტის დაცვა მოგიწია. როდის იყო ეს და როგორ დაიკელი?
– დაახლოებით, 2-3 წლის წინ პიკი მქონდა – 110 კილომდე ავედი. სხვათა შორის, მე ძალიან მალე ვკრეფ წონას და მერე ძალიან მალე ვიკლებ ზედმეტ კილოგრამებს, ამის პრობლემა არ მაქვს. თუ მოვინდომე, 3 თვეში 15 კილოს უპრობლემოდ დავიკლებ. მაშინ კი, როცა წონის პიკზე ვიყავი, 20 კილო დავიკელი 3 თვეში – ვარჯიშით და სწორი კვებით. გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელი კერძების დაგემოვნება და ცოტა გამიჭირდა კვების შეზღუდვა. თუმცა, ყველაფერი ფსიქიკიდან მოდის და თუ თავს შემოუძახებ, ყველაფერს შეძლებ. ასე რომ, მეც შემოვუძახე და არ გამიჭირდა.
– მახსოვს, ბიზნესში მოსინჯე ძალები, მაგრამ არ გამოგივიდა. თუ ვცდები?
– გაუგებრობა იყო რესტორნის ბიზნესში პარტნიორებს შორის და ამიტომ გამოვედი საქმიდან. ახლა რუსთავში დაბადების დღის ცენტრი მაქვს, ოღონდ დროის უქონლობის გამო დროებით გაქირავებული. ეს ორი ბიზნესია ჩემს ცხოვრებაში და კიდევ ვგეგმავ (იცინის).
– ზოგადად, ყველაზე ბევრი ფული რაში გეხარჯება?
– იქიდან დავიწყოთ, რომ ბევრი ფული არ მაქვს (იცინის). ზოგადად კი, მხარჯველი ვარ, არ ვარ მომჭირნე და „ჟმოტი“ ტიპი. თანხას, ძირითადად, მეგობრებში, სურსათში, შოპინგში და ოჯახში ვხარჯავ.
– შენს ცხოვრებაში თუ იდგა რთული პერიოდი, რომლის გადალახვაც გაგიჭირდა?
– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი კოვიდის დროს იდგა. ყველაფერი ჩაიკეტა, უმუშევარი დავრჩი და არა მარტო ფინანსური, ფსიქოლოგიური სტრესიც მივიღე. ახალი დაწყებული მქონდა ბავშვთა გასართობი ცენტრის ბიზნესი და დაკეტვა მომიწია. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, სამი წელი ვიცხოვრე ამ სტრესით.
– არაჩვეულებრივი გოგონას მამა ხარ. ამბობენ გოგო შვილები მამებისთვის განსაკუთრებულად თბილები არიანო და ასეა? და, რომანტიკული მეუღლე თუ ხარ?
– მეუღლისთვის საჩუქრების გაკეთება მიყვარს, მაგრამ რომანტიკასთან ცოტა შორს ვარ (იცინის). ჩემი ოცნებაა, ცოლს გავუკეთო სიურპრიზად ბინა და მანქანა, მაგრამ ამხელა ფინანსებს საიდან მოვიტან, არ ვიცი (იცინის). ახლა, სიდედრ-სიმამრთან ვცხოვრობ, ჩვენი ბინა კი გვაქვს, მაგრამ მშენებარეა და დასრულება ცოტა გაიწელა. რომ ამბობენ, სიდედრ-სიმამართან ცხოვრება რთულიაო, ჩემთვის საერთოდ არ არის ასე. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინიც კარგები არიან და მეც კარგი ვარ (იცინის). უშუალო, მეგობრული და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი გოგო კი აგვისტოში 9 წლის ხდება, საოცრად თბილი ბავშვია, ნამდვილი მამას გოგო. ფოზიკურად მე მამსგავსებენ, თუმცა მე დედას ვამსგავსებ. გამიმართლა მეუღლეში, შვილში, კარიერაში. ცოცხალი რომ ვარ და ყოველი დილა მითენდება, ესეც იღბალია. დამიჯერეთ, ყველაზე დიდი ბედნიერება და იმედი ჩემთვის ისაა, რომ ყოველი დილის გათენება მიხარია. ზოგადად, ოპტიმისტი ვარ და ეს ძალიან მშველის.
– ახლა რომ ნატვრის ახდენა შემეძლოს, რას ინატრებდი?
– ვინატრებდი, ყველა ბედნიერად ვცხოვრობდეთ, მეტი სიყვარული და პატივისცემა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. ესაა ჩემი სურვილი, პატარაა ეს წუთისოფელი და მეტად მოვეფეროთ და მოვესიყვარულოთ ერთმანეთს, კარგი ვუსურვოთ და კარგი გავუკეთოთ. ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დავკარგე ან დამკარგა. ამაშიც გამიმართლა. ჩემი აზრით, თითოეულ ადამიანს, წუთსა და წამს უნდა გავუფრთხილდეთ. დრო უნდა დააფასო და უაზროდ არ უნდა დახარჯო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





