შოუბიზნესი

ლევან სუხიტაშვილი: მე დედამიწაზე უკვე გავიარე 6-თვიანი ჯოჯოხეთი

№20

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:01

ლევან სუხიტაშვილი
დაკოპირებულია

ბევრმა არ იცის და ვერც წარმოიდგენს, რომ მსახიობ ლევან სუხიტაშვილს კარგი სამედიცინო განათლება აქვს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც სწავლობდა და ამის შემდეგ ჩაირიცხა თეატრალურ უნივერსიტეტში.

ლევან სუხიტაშვილი: ჩემ გარშემო არიან ადამიანები, ვისაც მიზნის მისაღწევად დიდი შრომა და გარჯა არ სჭირდებათ. იღბალში უმართლებთ, რომ ამბობენ, ბედნიერ ვარსკვლავზე არიან დაბადებულები. ჩემს შემთხვევაში კი ასე ნამდვილად არ არის, ნამდვილად არ მიმართლებს ადვილად, ბევრი შრომა მჭირდება. თუმცა, არის მომენტები, როცა არც დამიგეგმავს, არც მიშრომია, არც მიფიქრია და მომხდარა ისე, მოულოდნელად მოსულა წარმატება და ამისთვის არ გავხარჯულვარ. ასეთ დროს, ვგრძნობ ღმერთის დახმარებას, მის ხელსა და ძალას. თუმცა, რაღაც რომ მინდა და ვგეგმავ, ბევრი შრომა მიწევს და ხშირად, ხელიც ჩამიქნევია, რომ არ გამომდის. იმედი გადამწურავს. თუმცა, კიდევ ვამბობ, ხანდახან ისეთი რაღაც გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში, რაზეც არც მიოცნებია და შეუძლებლადაც მიმაჩნდა.

– ბევრმა არ იცის, რომ სამედიცინო განათლება გაქვს. რატომ გადაწყვიტე ამ სფეროდან მსახიობის პროფესიაზე გეფიქრა?

– როცა არჩევნის წინაშე დავდექი, ოჯახი არ ჩარეულა, აზრი არ ჰქონდა, თავნება ვიყავი და მაინც ისე მოვიქცეოდი, როგორც მე მინდოდა. ცხრა კლასიდან გამოვედი იმიტომ, რომ სკოლაში არ მინდოდა სწავლა და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ კოლეჯში, სამკურნალო ფაკულტეტზე. ერთი სიტყვით, ექიმობა იმის გამო გადავწყვიტე, რომ სკოლაში არ მევლო (იცინის). ხუთი წელი ვისწავლე და მედძმის დიპლომიც მაქვს. კოლეჯი სამწლიანი იყო. შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ჯდებოდი, პირდაპირ მეორე კურსზე და აგრძელებდი სწავლას. თუმცა, ისევ ჩემი თავნებობის გამო, დავანებე თავი სწავლას. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ იმ პერიოდში სამედიცინოზე სწავლა 12 თუ 14-წლიანი გახდა, მანამდე სამკურნალო ფაკულტეტი 7-წლიანი იყო. ვიფიქრე, ამდენ ხანს რა მასწავლის-მეთქი და თავი დავანებე. დეკანატს ძალიან ვუყვარდი, მეხვეწნენ, დარჩიო, მაგრამ ავიჩემე, აღარ მინდა სამედიცინო, თეატრალურში მივდივარ-მეთქი (იცინის). დაუშვეს პრეცენდენტი და მომცეს სახელმწიფო უნივერსიტეტის მედძმის დიპლომი (იცინის).

– არ ნანობ გადაწყვეტილების შეცვლას და ახლა რომ ფიქრობ, როგორი ექიმი იქნებოდი?

– ვნანობ, სამედიცინო რომ არ დავამთავრე და სწავლას თავი დავანებე. თან, რომ წამოვედი, შეიცვალა წესები და შეგეძლო, დიპლომი აგეღო გარკვეულ პერიოდში და მერე, სურვილისამებრ გაგეგრძელებინა სწავლა რეზიდენტურაში და ასე შემდეგ. მე წამოვედი და მერე ისევ აღადგინეს ეს წესი. მთავარია, მედძმის დიპლომი მაქვს (იცინის). შემეძლო ამ დიპლომით სასწრაფო დახმარებაში მემუშავა, მაგრამ არ მოვინდომე. თუმცა, დასპეცებული ვარ და პირველადი დახმარება ბევრისთვის გამიწევია, მათ შორის ქუჩაში, კლუბებში, ბარებში, მთელს ჩემს საახლობლოსა და სამეგობროს ჩემი იმედი აქვს (იცინის). ნემსს შორიდან ვაკეთებ – გესვრით და გაგიკეთებთ (იცინის). მოკლედ, მოვკიდე ჩემს საბუთებს ხელი, ჯიბეში მედძმის დიპლომი ჩავიდე და თეატრალურში რომ მივედი, დავაგვიანე. ვერ გავთვალე, რომ იქ გამოცდები სხვა უნივერსიტეტებთან განსხვავებით ადრე იწყება და ის წელი გამიცდა. აღარც სამედიცინოზე დავბრუნდი და ის ერთი წელი უნარებისა და მეტყველების გასაუმჯობესებლად გამოვიყენე და საცირკო-საესტრადო ინსტიტუტში ვიარე. მეორე წელს ისევ მივედი თეატრალურში, მაგრამ ფასიანში მოვხვდი და „გეპეიში“, ჟურნალისტიკურზე ჩავაბარე. ერთი წელი იქ ვისწავლე და შემდეგ წელს, მესამე ცდაზე, მაინც მოვხვდი თეატრალურზე. იცით, რას ვნანობ? ნეტა სამედიცინო უნივერსიტეტი დამემთავრებინა და მერე ჩამებარებინდა თეატრალურზე, ახლა ხომ ვიქნებოდი ექიმი და მსახიობი – ორივე ერთად.

– ხომ ამბობენ, ბიჭმა ქუჩის ინსტიტუტი უნდა გაიაროსო. ამ მენტალიტეტზე რას მეტყვი და შენს რეალურ ცხოვრებაში თუ იყო ქუჩის ცხოვრება?

– დღეს შეიძლება არ არის აქტუალური „ქუჩის ინსტიტუტის“ თეორია, მაგრამ ჩემს დროს, რა პერიოდიც გამოვიარე, ეს აუცილებლად უნდა გაგევლო. ასე თუ ისე, ყველა ბიჭმა იცოდა ქუჩის წესები, მათ შორის დედიკოს ბიჭებმაც კი. მთლად ერთი ხელის მოსმით თქვა, ქუჩა ცუდიაო, ასე არაა. იმ ქუჩიდანაც ბევრ კარგ რამეს სწავლობ ადამიანი. მაგალითად, ჩვენს დროს, ჩვენზე პატარებს უფროსის პატივისცემას ვასწავლიდით, სამართლიანობას, უსამართლოდ მოქცევაზე მივუთითებდით, ვუხსნიდით, რაც არასწორი იყო. სხვათა შორის, ის ურთიერთობები არ გამქრალა, უბნებში, სადაც მიცხოვრია, დღემდე დგანან ბიჭები ქუჩაში.

– გარდა ამ ყველაფრისა, რაც ჩამოთვალე, პრობლემებიც ხომ იყო?

– რასაკვირველია, პრობლემებიც იყო, მაგრამ ქუჩას, თვისი უარყოფითის გარდა, ბევრი დადებითიც ჰქონდა, რაც გამოვყავი. ინტელექტი თუ გაქვს, ბევრ დადებითს აიღებ ქუჩის ცხოვრებიდან. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს ცუდი საქმეებისთვის გამოიყენა, სხვა გზა აირჩია. ჩემს დროს იყვნენ ტიპები, ვინც ჩვენ გვერდით იდგენენ, მაგრამ უყვარდათ ჩაგვრა. მათ სხვა გზა აირჩიეს და ქუჩა სხვანაირად გამოიყენეს. მაგრამ, ვისაც შეგნება და ინტელექტი ჰქონდა, ვიღაცის მიმართ პატივისცემა და რიდი, ეს ყველაფერი ჩაგვრაში კი არ გამოიყენა, არამედ, საკუთარი გამოცდილებისთვის. პირადად, მე ძალიან ბევრ რამეში გამომადგა ის, რაც გავიარე ქუჩაში, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და მათ შორის ციხეშიც, სადაც პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ვიჯექი.

– ციხის გარემომ, როგორ იმოქმედა შენს ფსიქიკაზე და რა გამოცდილება დაგიტოვა?

– მიმაჩნია, რომ უდანაშაულო ვიყავი, 4-დან 7 წლამდე მომისაჯეს და სამი ადვოკატის გამოცვლის შემდეგ, გირაო და ოთხწლიანი პირობითით გამომიშვეს. სულ ექვსი თვე მომიწია გლდანის ციხეში ჯდომა და იმ დღეებმა უდიდესი გამოცდილება დამიტოვა. მაშინ, ციხეში არ იყო საჭირო ექვსი წელი ჯდომა, ყველა ეტაპს და საშინელებას, მაქსიმუმ, ერთ კვირაში გადიოდი. სულ ვამბობ, მე უკვე გავიარე 6-თვიანი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ადრე ყველგან შარი იყო და მქონია გაუგებრობები და ჩხუბები.

ერთი ორი დღით იზოლატორშიც აღმოვჩენილვარ, მაგრამ ციხეში გატარებული თვეები ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. თუმცა, იმ ექვსთვიანმა ციხის კედლებმა დამიტოვა კარგი ადამიანებიც, იმფერიც და ამფერიც, ვისთანაც დღემდე ვმეგობრობ. რამდენიმეს ნათლიაც ვარ, რამდენიმე გარდაიცვალა. ნაღდ ადამიანურ ურთიერთობებს, ვერანაირი გარემო ვერ ცვლის. ყველას ჯვარი სწერია, მტერს არ ვუსურვებ იქ მოხვედრას, მაგრამ ციხე არის ადგილი, სადაც ადამიანი ბევრ რამეზე დაფიქრდები, რაზეც გარეთ დრო არ გაქვს. ციხეში გეგმებსაც სხვანაირად აწყობ, ადამიანებსაც სხვანაირად აფასებ, სხვანაირად გენატრება, ხედავ და, არჩევ ვინ არის შენი მეგობარი და თვალთმაქცი. პრინციპში, საკანში ცხოვრების მთლიანი გადაფასება ხდება და თუ კითხვა გიყვარს, ამის დროც გაქვს. ისე, ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება რთული და საინტერესო იყო. ჩემი ოჯახი კი, ჩემს ყველა ეტაპებზე გვერდში მედგა. რაც არ უნდა შორს იყო, უხილავადაც გრძნობ მათ მხარდაჭერას და თანადგომას. ისინი არიან, ვის გამოც ადამიანი ბევრ რამეს იტან და ვის გამოც უნდა იცოცხლო, გადალახო ყველანაირი სირთულე. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი იყო, ისეთი, ერთ მათგანს რომ ვერ გამოვყოფ. თუმცა, ძლიერი ავღმოვჩნდი. სხვათა შორის, ბევრჯერ მიფიქრია ჩემს თავთან – ერთი ერთზე და მივსულვარ იმ დასკვნამდე, რომ ძლიერი ვარ, ყოველ შემთხვევაში სუსტი არ ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი