შოუბიზნესი

მაია ტურიაშვილი: ჩემს თავს მეზღაპრეს ვეძახი, ეს მეხმარება ურთიერთობებსა და შემოქმედებით მუშაობაში

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00

მაია ტურიაშვილი
დაკოპირებულია

მაია ტურიაშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის მაია ტურიაშვილი?

მაია ტურიაშვილი: ვფიქრობ, რომ ცუდი ადამიანი არ ვარ. საკმაოდ მეოცნებე ვარ. ჩემთვის მთავარი ღირებულება მადლიერებაა, მადლიერება სამყაროს მიმართ. მადლიერება ღმერთის, ჩემი ბედის მწერლების, წინაპრების, შთამომავლების თუ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც სიკეთე გაუკეთებია. მადლიერი ვარ იმ გამოცდილებების გამოც, რომელსაც კონკრეტულ მომენტში შეიძლება, შევუშინებივარ კიდეც, მაგრამ დრო გასულა და მივხვდარვარ, რომ ასე იყო საჭირო.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ჩემი ოცნებები ჩემს გონებასა და გულშია. ვოცნებობდი და ვოცნებობ, რომ ჩემი სულიერი მდგომარეობა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყოს. რაც შეეხება მიზნებს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ყოფილა – ინტერესების შესაბამისად. ოცნება ზოგჯერ გადამრჩენელია ადამიანისთვის. ჩემს თავს მეზღაპრეს ვეძახი. ეს მეხმარება ურთიერთობებში, შემოქმედებით მუშაობაში. მე მიყვარს ფერები და მრავალფეროვნება ამ სამყაროში, ჩემს ფიქრებში, შემოქმედებაში და საერთოდ, ყველგან და ყველაფერში. რაც უფრო ბევრი ფერია ცხოვრებაში, მით უფრო კარგადაა ადამიანი.

– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ?

– ზეემოციური ვარ. ხანდახან მგონია, რომ ჩემს ემოციებს საზღვარი არ აქვს. ეს ძალიან მეხმარება პროფესიაში, განათლების მიღების პროცესში თუ ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ემოციების შეკავება არ არის სწორი, მისი ტრანსფორმაცია რამეში უნდა მოვახდინოთ – იქნება ეს შემოქმედება თუ სხვა საქმე.

– როდის გიტირიათ ბედნიერების თუ მტკივნეული ცრემლით, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?

– სკოლაში ვსწავლობდი. პედაგოგმა სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფა მომაყენა. არასდროს დამავიწყდება, როგორი მტკივნეული იყო ჩემთვის, შოკი იყო და როცა სახლში მოვედი, ვიტირე. დიდი ხანია, მე თვითონ პედაგოგი ვარ და მაშინაც და დღესაც, მიმაჩნია, რომ ეს დიდი შეცდომა იყო. არ შეიძლება, ასე მოქცევა. ამის მიუხედავად, დღეს მე ვფიქრობ, რომ არავისზე არ უნდა გაბრაზდე. წლებთან ერთად, კიდევ არაერთი ამბავი იყო. მაგალითად, რომ ვაბარებდი, პირველ წელს ვერ მოვეწყვე და ძალიან განვიცადე, ვიტირე კიდეც...

26 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და ერთი კვირის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, მამა გარდამეცვალა. ეს ძალიან დიდი ტკივილი იყო. მამის გარდაცვალებიდან ზუსტად 9 თვეში ვაჟი შემეძინა. დაახლოებით, წლინახევრის იყო ჩემი შვილი, რომ დედაც გარდამეცვალა, ჩემს ხელში დალია სული. ორივე ამბავი ისეთი მტკივნეული იყო, სიტყვებით რომ ვერ აღწერ.

რაც შეეხება სიხარულის ცრემლებს, ყველაზე დიდი სიხარული მაშინ განვიცადე, როცა დედა გავხდი. როცა ჩემი შვილი გულში ჩავიკარი, მაშინ, რა თქმა უნდა, სიხარულის ცრემლებით ვტიროდი.

სხვადასხვა დროს იყო წარმატებებით გამოწვეული სიხარული და მადლობა უფალს, ჩემს ცხოვრებაში სიხარულის ცრემლი ბევრი იყო. საერთოდ ასეთი ვარ, რამე რომ მიხარია, მაშინვე თვალები მიწყლიანდება. ხანდახან ვცდილობ, შევაკავო ემოციები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ გამომდის.

საერთო ჯამში, ჩემს ცხოვრებაზე რომ ვფიქრობ, საკუთარ თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად აღვიქვამ.

– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი ადამიანი?

– არა. მე რომ დავიბადე, კომუნისტური წყობა იყო და სრულიად სხვანაირი ცხოვრება – მაშინ წარმოუდგენელი იყო საზღვარგარეთ წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ მერე დრო შეიცვალა და მეც არაერთხელ მქონდა შესაძლებლობა, სხვა ქვეყანაში წავსულიყავი, არ გადავდგი ეს ნაბიჯი, რადგან ყოველთვის ჩემს ქვეყანაში მინდოდა ყოფნა. მე მიყვარს ჩემი პროფესია და ამ საქმეს გულით ვაკეთებ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო მუშაობის პროცესია. კარგი შედეგი ძალიანაც მინდა, მაგრამ ჩემთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია. როცა პროცესი ბუნებრივად საინტერესოა, ეს ჩემთვის უკვე გამარჯვება და წარმატებაა, რაც სრულიად მაკმაყოფილებს და მსოფლიო მასშტაბები ნამდვილად არ მიზიდავს.

– პროფესიის გარდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში რისი კეთება გსიამოვნებთ განსაკუთრებით?

– ძალიან ბევრი ჰობი მაქვს. ბოლო დროს ძალიან დავინტერესდი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით, ვსწავლობ და იმედია, იმ დონეზე შევისწავლი, რა დონეზეც მაინტერესებს და ამას ძალიან დადებითად ვუყურებ.

გარდა ამისა, ვქსოვ. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთვის ვქსოვდი, ვკერავდი, მინანქრის ტექნოლოგიაც შევისწავლე, სამკაულებიც დავამზადე, ამისთვის ღუმელიც შევიძინე. კედლის დეკორებსაც ვამზადებ. ხელსაქმე განსაკუთრებით მიყვარს. ამასაც როგორც შემოქმედებას, ისე ვუყურებ და სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ კარგი ნამუშევრები გამომდის. პანდემიის დროს მთელი კოლექცია გავაკეთე – კაბები მოვქოსვე, ხალიჩები და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ადამიანმა ხელსაქმე აუცილებლად უნდა შეისწავლოს. შემოქმედებითიცაა და მოთხოვნადიც. თუ მოინდომებ, შეგიძლია, ბიზნესადაც აქციო.

– რამის ფობია თუ გაქვთ?

– ამ თემაზე ვმუშაობ. ახალგაზრდობაში მქონდა ფობია. ჩემი ფობიის გამო ძალიან კარგად შევისწავლე ფილოსოფია, ფსიქოლოგია. ახლა ნამდვილად არაფრის ფობია არ მაქვს. ფრთხილი ვარ, ძალიან ფრთხილი, მაგრამ ეს კიდევ სხვა არის. „აუ, მაია, რამდენი ფიქრი იციო“, უთქვამთ, მაგრამ მე ბევრს იმიტომ ვფიქრობ, რომ ზუსტად უნდა ვიცოდე, რას ვაკეთებ. იმიტომ კი არა, რომ მეშინია, არამედ მინდა, მაქსიმალური შედეგი მივიღო და შეცდომა არ დავუშვა. ის, რომ რამე კონკრეტულის მეშინოდეს, ღვთის წყალობით, არა. სტრესის ფონზე პატარ-პატარა რაღაცები იყო, მაგრამ როგორც გითხარით, გავუმკლავდი. რაც არ უნდა მცირე იყოს ფობია, თუ ის დისკომფორტს გვიქმნის, მასზე უნდა ვიმუშავოთ. ამისთვის არსებობს სპეციალური სავარჯიშოები და მონდომების შედეგად, გადალახვადია.

ქართველებს ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს – „თავისუფალი“, ოღონდ გააჩნია, მას როგორ გაშიფრავ. როდესაც შენ ხდები შენი თავის უფალი, მაშინ არანაირი ფობია აღარ გაქვს, რადგან საკუთარი თავს იღებ ისეთს, როგორიც ის არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი