როგორ ინარჩუნებს ინდივიდუალიზმსა და სცენურ ხიბლს თათა ოქრუაშვილი და რა სამომავლო გეგმები აქვს მას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 45 წუთის წინ
მომღერალ თათა ოქრუაშვილისთვის მუსიკა თვითგამოხატვისა და მუდმივი განვითარების გზაა. 26 სექტემბერს ჯაზ-კლუბ „თათუზაში“ გამართულ სოლო კონცერტზე მან მსმენელს საკუთარი მუსიკალური სამყაროს კიდევ ერთი მხარე გაუზიარა. როგორ არჩევს რეპერტუარს და რა გამოცდილება დაუგროვდა ცნობილ არტისტებთან თანამშრომლობით – ამ ყველაფერზე თათა თავად გვიამბობს.
– თათა, 26 სექტემბერს ჯაზ-კლუბ „თათუზაში“ შენი სოლო კონცერტი გაიმართა. მოგვიყევი ამ საღამოს შესახებ – რა იყო შენთვის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი?
– ძალიან სასიამოვნო და ემოციური საღამო გამოვიდა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ენერგია, რომელიც სცენასა და მსმენელს შორის იქმნება. ამ კონცერტზე სწორედ ეს ურთიერთობა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი. ვფიქრობ, ასეთი საღამოები კიდევ ერთხელ გახსენებს, რატომ გიყვარს შენი საქმე.
– ამ საღამოს სცენაზე არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან ერთად იდექი. გაგვაცანი ისინი და მოგვიყევი, როგორ შეიკრიბა ეს მუსიკალური შემადგენლობა.
– სცენაზე ჩემთან ერთად იყვნენ არაჩვეულებრივი მუსიკოსები: ლუკა თოფურია, ხატია ქორიძე, საბა ქასრაშვილი და დემნა ამაშუკელი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად ვქმნი მუსიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მუსიკოსებს შორის ურთიერთგაგებას, საერთო გემოვნებასა და ენერგიას. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სცენაზე ისეთ ადამიანებთან ერთად დგახარ, რომლებთანაც მუსიკალურად თავისუფლად გრძნობ თავს. ვფიქრობ, საბოლოოდ სწორედ ეს ურთიერთობა აისახება იმ მუსიკაში, რომელსაც მსმენელს ვთავაზობთ.
– შენი რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია. რა პრინციპით შეარჩიე ამ კონცერტისთვის კომპოზიციები და რამდენად ასახავდა ეს პროგრამა შენს მუსიკალურ გემოვნებას?
– რეპერტუარს ყოველთვის საკუთარი გემოვნებით ვარჩევ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სიმღერა რაღაცით ახლოს იყოს ჩემთან. არ მიყვარს ერთი ჟანრით შემოფარგვლა, ამიტომ ვცდილობ, პროგრამა მრავალფეროვანი იყოს. განსაკუთრებით მომწონს ცნობილი კომპოზიციების განსხვავებული ინტერპრეტაციით შესრულება.
– რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას სცენაზე ყოფნისას? არის მომენტები, როდესაც მუსიკა სრულიად მოულოდნელი მიმართულებით მიდის და წინასწარ დაგეგმილი შესრულება იმპროვიზაციად იქცევა?
– სწორედ ეს არის ცოცხალი მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე. ძალიან მიყვარს იმპროვიზაცია და ის თავისუფლება, რომელსაც სცენა გაძლევს. შეიძლება, რეპეტიციაზე ყველაფერი ერთნაირად ჟღერდეს, მაგრამ კონცერტზე სრულიად განსხვავებული რამ მოხდეს. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუსიკოსებს შორის კომუნიკაცია. ზოგჯერ ერთი მუსიკალური ფრაზაც საკმარისია, რომ სრულიად ახალი იდეა გაჩნდეს. ჩემთვის ასეთი სპონტანური მომენტები ძალიან ღირებულია.
– შენს მუსიკალურ გზაზე არაერთ საინტერესო პროექტსა და განსხვავებულ არტისტთან თანამშრომლობას ვხედავთ. როგორ ფიქრობ, ამ გამოცდილებამ ყველაზე მეტად რა შეცვალა შენში, როგორც მუსიკოსში?
– თითოეულმა გამოცდილებამ თავისი კვალი დატოვა. წლების განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა ძალიან საინტერესო და პროფესიონალ მუსიკოსებთან. პირადად ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლელა წურწუმიასთან და ნინო ქათამაძესთან თანამშრომლობა. ასეთ გარემოში მუდმივად სწავლობ და ვითარდები. ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა ჩემი პროფესიული გემოვნების ჩამოყალიბებაში.
– ყველა მუსიკოსის ცხოვრებაში არსებობენ არტისტები, რომლებიც მის გემოვნებასა და მუსიკალურ ხედვაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ. ვინ არიან შენი საყვარელი შემსრულებლები და ვის გავლენას გრძნობ ყველაზე მეტად საკუთარ შემოქმედებაში?
– ბავშვობიდან ჩემი საყვარელი არტისტი ბიონსეა. მისი მუსიკით გავიზარდე და ვფიქრობ, მისი გავლენა ცოტათი ჩემს შესრულებაშიც იგრძნობა. ჩემთვის ბიონსე ძალიან საინტერესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება არტისტმა გააერთიანოს ძლიერი ვოკალი, ინდივიდუალობა და გამორჩეული სცენური ხასიათი. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ბევრი სხვა მუსიკოსიც შემიყვარდა, მაგრამ ბიონსეს ჩემს მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
– საინტერესოა, რამდენად შეიცვალა შენი მუსიკალური გემოვნება წლების განმავლობაში. დღესაც იმავე მუსიკას უსმენ, რომელმაც თავის დროზე სიმღერა შეგაყვარა თუ სრულიად ახალი მიმართულებები აღმოაჩინე?
– რა თქმა უნდა, შეიცვალა და ვფიქრობ, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. ბავშვობაში უფრო კონკრეტული არტისტებით ვიყავი გატაცებული, შემდეგ კი, გამოცდილებასთან ერთად, ბევრი ახალი ჟანრი და მუსიკოსი აღმოვაჩინე. დღეს გაცილებით მრავალფეროვან მუსიკას ვუსმენ და ვცდილობ, მუდმივად აღმოვაჩინო რაღაც ახალი. თუმცა ის მუსიკა, რომელმაც ბავშვობაში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, დღემდე ჩემთან რჩება.
– თუ შესაძლებლობა გექნებოდა, მსოფლიოს ნებისმიერ მუსიკოსთან ერთად ჩაგეწერა სიმღერა ან გაგემართა კონცერტი, ვის აირჩევდი და რატომ?
– ამ კითხვაზე ბევრი ფიქრიც კი არ მჭირდება, რა თქმა უნდა, ბიონსეს. მასთან ერთად სცენაზე დგომა წარმოუდგენლად საინტერესო გამოცდილება იქნებოდა. ვფიქრობ, რომ მასთან ყველაზე მეტი საერთო მუსიკალური ხედვა მაქვს, თუმცა მსოფლიოში იმდენი არაჩვეულებრივი მუსიკოსია, რომლებთან თანამშრომლობაც საინტერესო იქნებოდა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის არჩევა ნამდვილად რთულია.
– და ბოლოს, რა არის შემდეგი? რა გეგმები გაქვს და რას უნდა ელოდოს მსმენელი თათა ოქრუაშვილისგან უახლოეს მომავალში?
– ამ ეტაპზე ბევრი საინტერესო იდეა მაქვს, რომელთა განხორციელებაზეც მინდა, ვიმუშაო. განსაკუთრებით მაინტერესებს ახალი თანამშრომლობები და მეტი გამოცდილების მიღება საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში. მინდა, ჩემს შემოქმედებაში კიდევ უფრო მეტი ადგილი დაეთმოს იმ მუსიკას, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჩემთან. ვფიქრობ, წინ ბევრი საინტერესო სიახლეა, თუმცა მირჩევნია, კონკრეტულ გეგმებზე მაშინ ვისაუბრო, როდესაც ისინი რეალურ სახეს მიიღებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





