ავთო აბესლამიძე: ბევრ რამეს ისე აღარ ვაკეთებ, როგორც თავისუფალი ავთო აკეთებდა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 50 წუთის წინ
მომღერალი ავთო აბესლამიძე პირად ცხოვრებაში არსებულ სიახლეებზე, საკუთარ რჩეულსა და იმ შინაგან ცვლილებებზე გვესაუბრა, რაც დიდმა სიყვარულმა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში მოიტანა.
ავთო აბესლამიძე: ასე ძალიან შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. ჩემს ცხოვრებაში ის ადამიანი გამოჩნდა, ვინც უნდა გამოჩენილიყო და ყველაზე სწორ დროს. უფრო სერიოზული გეგმებიც გვაქვს ურთიერთობაში - ეს წელს არ მოხდება, მაგრამ ამისთვის ვემზადებით. ვიპოვე ადამიანი, რომელიც, ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების მეგზურია, მაგრამ ურთიერთობის გასერიოზულებას თავისი დრო და სილამაზე აქვს. წელიწადი და 7 თვეა, რაც შეყვარებულები ვართ, თუმცა ჩვენი ამბავი მხოლოდ ბოლო პერიოდში გავასაჯაროვე.
– როგორ მოახერხე ამდენი ხანი ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა?
– მგონია, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და განსაკუთრებით ბათუმი, სადაც მე ვცხოვრობ, ძალიან პატარაა, შეიძლება, ეს ამბავი შენთვის შეინახო, თუ ასე გადაწყვეტ. რა თქმა უნდა, მეგობრებმა და ჩვენმა წრემ იცოდა, მაგრამ ფართო მასშტაბით ყველამ მაშინ გაიგო, როცა ჩვენი საერთო ფოტო ჩემს სოციალურ ქსელში განვათავსე. დრო იყო, ასე მოვქცეულიყავი. „ცოლი როდის მოგყავს?“, „რას შვრები, აბა?“ – ასეთი კითხვები იმდენად ხშირი იყო, რომ გადავწყვიტე, ეს ამბავი ყველასთვის გამემხილა.
– „სიყვარულსა მალვა უნდაო“ – მანამდე ეს პრინციპი გქონდა?
– კი, კი, ასეა, მაგრამ ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ეტაპი გავიარეთ ერთად, ბევრი დაბრკოლებაც გადავლახეთ. სიყვარულს მალვა, ალბათ, მაშინ უფრო სჭირდება, როცა გარკვეული საშიშროების წინაშე დგას. ჩვენ ყველაფერი გადავლახეთ და ორივე თავდაჯერებულები ვართ ერთმანეთის სიყვარულსა და გულწრფელობაში. ამიტომაც გავასაჯაროვე ეს ამბავი. მანამდე ჯერ ჩვენ უნდა გავრკვეულიყავით ყველაფერში და ასეც მოხდა, რაც, ვფიქრობ, სწორია.
– ვინ არის შენი ულამაზესი შეყვარებული? გავაცნოთ ჩვენს მკითხველს.
– ძალიან დიდი მადლობა. მარიამიც ბათუმში ცხოვრობს, სტუდენტია. უბრალოდ, ადამიანია, რომელსაც ღმერთი უყვარს.
– მასაც ხელოვნებასთან ხომ არ აქვს კავშირი?
– არანაირად, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია, რომ ჰქონდეს. შეიძლება, სუბიექტურ შეფასებად ჩამეთვალოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი ახლობლების მიმართ საკმაოდ ობიექტური ვარ სიმღერასთან დაკავშირებულ შეფასებებში და თამამად ვიტყვი, რომ მარიამს სასწაულად ლამაზი ტემბრი აქვს. ძალიან მინდა, სამომავლოდ მანაც იმღეროს. ვერაფერს დავაძალებ, ეს შინაგანად უნდა უნდოდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ გულგრილი არ არის ამ საკითხის მიმართ. და თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე გვერდში დავუდგები.
– როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?
– პირველად რომ დავინახე, სრულიად შემთხვევით, მაშინ ჩემს გულში რაღაცამ გაიელვა. ზოგადად, პირველ ეფექტს ვიზუალი ახდენს. შემდეგ, საუბარი რომ დავიწყეთ, საერთო სანაცნობო აღმოგვაჩნდა და ერთმანეთიც გავიცანით. დავინახე, რომ მას ყველა ის თვისება ჰქონდა, რასაც მე ადამიანში ვაფასებ. მასში ერთიანად აღმოვაჩინე ჩემთვის მნიშვნელოვანი თვისებები.
ხასიათებით ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს. პირველ რიგში, ჩემი ძალიან მაგარი მეგობარია და ნებისმიერ დროს შეგვიძლია, ერთმანეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ და რჩევებსაც ვაძლევთ.
– მისი თვისებები ნაწილობრივ ჩამოთვალე, მაგრამ კიდევ რა არის მასში ისეთი, რაც შენთვის ასე მნიშვნელოვანია?
– თავდაჯერებულია, კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანს შენი უსიტყვოდ ესმის და გამოხედვითაც გიგებს. ისიც, რომ ჩემგან მიღებულ რჩევას ცუდად არ იღებს, ისევე, როგორც მე – მისგან. ვგრძნობ, რომ ერთმანეთს ვავსებთ. ვხვდებით, რომ ყველაფერს ერთმანეთის სასიკეთოდ ვამბობთ და ვაკეთებთ. ვხედავ, რომ ეს ადამიანებს ურთიერთობებში აკლიათ.
– თქვი, პირველივე ნახვისას მიიქცია ყურადღებაო. თვითონ როდის გაუჩნდა განსაკუთრებული დამოკიდებულება?
– მარიამი მე მანამდეც მიცნობდა, როგორც მომღერალს, კონკურსებშიც მიყურებდა. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მგულშემატკივრობდა, მაგრამ ასე თუ ისე, მიცნობდა. სიმპათია ჰქონდა, როგორც მომღერლის მიმართ – ჩემი ხმის და შესრულების მანერის ძალიან დიდი გულშემატკივარია. ის ქიმია, რაც ურთიერთობისთვისაა საჭირო, მერე იგრძნო, როცა პირადად გამიცნო.
– ასეთი შეყვარებული არასდროს ვყოფილვარო – ასე დაიწყე საუბარი. როგორ შეგცვალა ამ გრძნობამ?
– ბევრ რამეს აღარ ვაკეთებ ისე, როგორც თავისუფალი ავთო აკეთებდა. შემეცვალა დამოკიდებულებები – საუბარი იქნება თუ სოციალურ ქსელში მოქცევა და აქტიურობა, როცა მარტო ხარ, ბევრ რამეს არ აქცევ ყურადღებას, ახლა კი პასუხისმგებლობა მომემატა – მარიამს აუცილებლად ვითვალისწინებ. ის პირველ ადგილზეა, მერე – საკუთარი თავი. ის კი არ მიკრძალავს, უბრალოდ, ვიცი, მას რა მოეწონება და ამას აუცილებლად ვითვალისწინებ. ჩემი სამეგობროც ამჩნევს ჩემში ცვლილებებს.
– ამბობენ, საუკეთესო სიმღერები ტკივილის დროს იქმნებაო. სიყვარული როგორ აისახება შენს შემოქმედებაზე?
– არ ვიცი, რადგან ვფიქრობ, ამ კუთხით არ შევცვლილვარ. მე თუ ვმღერი, ყოველთვის ისე ვმღერი, რომ ჩემი შინაგანი განწყობა გარეთ გამოვიტანო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მე მომეწონოს ჩემი ნამღერი, რადგან ვფიქრობ, შემდეგ მსმენელსაც მოეწონება. შეყვარებული თუ შეყვარებულობამდე ავთო, ვფიქრობ, ორივე ერთნაირად მღეროდა. სიმღერებს რომ ვწერდე, ალბათ, მერე უფრო ვიგრძნობდი სხვაობას. შესრულების მანერაში ეს ნაკლებად აისახება, რადგან ბოლომდე მსმენელსა და საკუთარ გრძნობებზე ვარ ორიენტირებული. როცა ვმღერი, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მანამდეც დიდი პასუხისმგებლობითა და განსაკუთრებული ემოციებით ვუდგებოდი ამ საკითხს და ახლაც ასე ვარ.
– მომღერალი ბიჭისგან, ალბათ, ყველას წარმოუდგენია სიმღერის მიძღვნა თუ სხვა რომანტიკული სიურპრიზები. ასეთი ხარ?
– კი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რომანტიკული ვარ. ამ მხრივ, საკუთარი თავის შეფასება ცოტა რთულია, მაგრამ ალბათ, 50/50-ზეა. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული სიურპრიზებით გამოვირჩევი, თუმცა, კი – მისთვის მიმიძღვნია სიმღერა, დანარჩენი კი უფრო დეტალებში გამოიხატება.
– ამ გრძნობამ შემოქმედებითად უფრო აქტიური გაგხადა თუ ფიქრობ, რომ ახლა ის ეტაპია, როცა მეტი დრო პირად ურთიერთობას უნდა დაუთმო?
– ადამიანს ჰაერს ან წყალს თუ შეუწყვეტ, ვერ გაიხარებს – ეს ხომ ვიცით. მე მუსიკამ მომცა ყველაფერი, რაც დღეს გამაჩნია. ამ ნიჭისთვის ღმერთის ძალიან მადლიერი ვარ. მარიამმაც ზუსტად იცის ჩემთვის ამ ყველაფრის მნიშვნელობა. ის არის ადამიანი, რომელიც გვერდში დამიდგება იმისთვის, რომ უფრო ბევრს მივაღწიო.
– კონკურსის პერიოდშიც ასე იყო?
– კი, კონკურსში მონაწილეობის დროსაც ძალიან მგულშემატკივრობდა. მას აზრს ვეკითხებოდი, ძალიან კარგი სმენა და გემოვნება აქვს. საკონკურსო სიმღერების შერჩევისას მასთანაც განვიხილავდი ბევრ საკითხს. მოგეხსენებათ, შარშან „აბრეშუმის გზის ქვეყნების კონკურსის“ (Silk Way Star) მონაწილე გახლდით, რომელსაც აზიურ „ევროვიზიას“ ეძახიან. ფინალისტი გავხდი, ათი ტური ვიბრძოლე და ათივე ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მისი მხარდაჭერა და რჩევები, რომლებსაც სიამოვნებით ვითვალისწინებდი.
– გულშემატკივარ გოგონებზე არ ეჭვიანობს?
– მარიამმა მე გამიცნო უკვე ისეთი ავთო, როგორიც ვარ – ასეთი ქცევით, ხასიათით, დამოკიდებულებებით, თუნდაც მსმენელის მიმართ. მან ეს ყველაფერი კარგად გაითავისა და ასეთი ავთო შეუყვარდა. შესაბამისად, იმდენად მენდობა, რომ ჩემი არცერთი ნაბიჯი საეჭვიანოდ არ მიაჩნია. ზუსტად იცის, რომ ჩემს გულში მისი ადგილია. იცის, რომ შეიძლება, ჩემს გულშემატკივარს ჩავეხუტო და მადლიერება გამოვთქვა. თუ სითბოს გამოვხატავ მსმენელის მიმართ, რომლის გარეშეც ჩემი შემოქმედებაც არაფერი იქნებოდა, მარიამი ამით, პირიქით, ბედნიერია და შეიძლება, ისიც ჩაეხუტოს.
– ხელოვანი ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან. შენ თუ ხარ ეჭვიანი?
– მე უფრო ეჭვიანი ვარ, ამაზე შევთანხმდით (იცინის). ეს ფიქრი თავისთავად მოდის, თორემ მარიამი არანაირ საბაბს არ მაძლევს და მას თავიდან ბოლომდე ვენდობი. უბრალოდ, მე საერთოდ ასეთი ადამიანი ვარ – არა მხოლოდ მის მიმართ, ზოგადად მესაკუთრე და ეგოისტი ვარ. ამისთვის საბაბი არ მჭირდება, თორემ ოდესმე თუ ვინმე საბაბს მომცემს, ვინც არ უნდა იყოს, იქ ყველაფერს ვასრულებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





