შოუბიზნესი

როგორ აეწყო ფიქრია მეგრელაძის კარიერა სხვადასხვა ქვეყანაში და რამ ამოატრიალა მისი ცხოვრება

№42

ავტორი: ქეთი კაპანაძე 44 წუთის წინ

ფიქრია მეგრელიძე
დაკოპირებულია

სიყვარული, ტრაგედია, დაუმარცხებელი შინაგანი ძალა და სცენა, რომელსაც მთელი ცხოვრება ეკუთვნის – მომღერალი ფიქრია მეგრელაძე გულახდილად გვიყვება ემიგრაციის რთულ წლებზე, ოჯახურ დანაკარგებზე, ახალგაზრდა ბებიობასა და მუსიკაზე, რომელმაც ყველა განსაცდელი გადაატანინა.

ფიქრია მეგრელაძე: ძალიან პომპეზური იუბილე მქონდა. ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა. ყოველთვის მინდოდა ისეთ ბუმბერაზ მუსიკოსთან დუეტის ჩაწერა, როგორიც რომა რცხილაძეა. ეს ჩემთვის მოულოდნელი სიხარული იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ უარს არ მეტყოდა, მაგრამ ისე გემრიელად დამთანხმდა, ორმაგად გამახარა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან დიდი ადამიანია და მისი უბრალოება ამის კიდევ ერთი მაგალითია. ასევე, დუეტი ჩავწერე ჩვენს უნიჭიერეს გია ნიკოლაძესთან. თემურ თათარაშვილთან ცოტა უფრო ადრე ჩავწერე და კლიპიც გადავიღე. ასევე, დუეტები ჩავწერე გოგა მესხთან და მამუკა მესხთან. მამუკასთან ერთად ჩავწერე სიმღერა, რომელიც მე და კაკი ბოლქვაძემ 2008 წელს შევასრულეთ, როცა თავს, ომის სახით, საშინელება დაგვატყდა. ჩვენ ასე გამოვხატეთ სამძიმარი ამ ტრაგედიის მიმართ და თანადგომა გამოვუცხადეთ შვილმკვდარ დედებს. როცა მამუკა მესხმა ეს სიმღერა მოისმინა, ძალიან გაითავისა; მოგეხსენებათ, მისი ძმა გმირია, რომლის საფლავიც დღემდე დაკარგულია... ჩვენ ძალიან ემოციური და კარგი ნამუშევარი გამოგვივიდა. ასეთ საოცარ ადამიანებთან ერთად ჩავწერე დუეტები და უზომოდ კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან ნაყოფიერი პერიოდი გამომივიდა. ასე, რომ 55 წლის იუბილეს განსაკუთრებულად შევხვდი. ეს დღეს გამორჩეულად აღვნიშნე – გადავიხადე იუბილე, რომელსაც კონცერტის სახე ჰქონდა.

მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იუბილესთან დაკავშირებით – რომ არა ჩემი უსაყვარლესი და უნიჭიერესი მეგობარი კაკი ბოლქვაძე, მამუკა მესხი, გია მემანიშვილი, ეს ღონისძიება არ შედგებოდა. იუბილეზე ლაშა ჯოხაძის შექმნილი საოცარი კაბა მეცვა, მეორე განყოფილებაში კი სასწაული გოგოს – ეკა კვანტალიანის ნამუშევარი და ორივესი ძალიან მადლიერი ვარ, ისევე, როგორც თითოეული ადამიანის თანადგომისთვის და დიდი სიყვარულისთვის.

– რადგან იუბილეზე საუბრით დავიწყეთ, გავიხსენოთ, როგორი ოცნებებით შეაბიჯეთ ხელოვნების სფეროში და რა ასაკში?

– 5 წლიდან ვმღერი. მუსიკალურ სკოლაში 6 წლის შემიყვანეს. ვიყავი რესპუბლიკის ლაურეატი, მევიოლინე ვარ. მერე ისე მოხდა, რომ ოჯახი შევქმენი და ემიგრაციაში მომიწია წასვლა და დროებით გავაჩერე ჩემი მუსიკალური კარიერა, მაგრამ პერიოდულად მაინც ვახერხებდი ჩამოსვლას. მაშინ რამდენიმე არხზე ჩემი პირველი კლიპი ტრიალებდა, სიმღერას „ვედრება“ ერქვა და ის 15 წლის ასაკში დავწერე. მაინც არ ვეშვებოდი იმ საქმეს, რაც შინაგანად ჩემი იყო. სიმღერის მოთხოვნილება ყოველთვის მქონდა.

– ემიგრაციაში რამდენიმე ქვეყანაში იყავით – რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, ამ ქვეყნებში საკმაოდ აქტიური და მაღალანაზღაურებადი მომღერალი იყავით...

– რომელ ქვეყანაშიც მივდიოდი, ძალიან დიდი წარმატება მქონდა. წარმატებაში ხალხის სიყვარულს ვგულისხმობ, ზუსტად ეს მაძლებინებდა ემიგრაციაში ყოფნისას. მოსკოვში, ყაზახეთში... 8 წელი ისრაელში ვმოღვაწეობდი და სადაც კი ვიყავი, ყველა ადგილიდან ძალიან დიდი სიყვარული და სითბო წამოვიღე.

– რთულია ხოლმე დაბრუნება, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

– მე არ მქონდა ემიგრაციაში შეზღუდული დრო. ბევრი რომ მიდის, ვეღარ ბრუნდება, რადგან შემდეგ იქ წასვლას ვეღარ შეძლებს. მე ყოველთვის მქონდა იმის საშუალება, თვეში ან ორ თვეში ერთხელ საქართველოში ჩამოვსულიყავი. ბოლოს საქართველოში დაბრუნება ისრაელში მომხდარი 7 ოქტომბრის საშინელი ტრაგედიის შემდეგ გადავწყვიტე. ამას ომსაც ვერ დავარქმევ, საშინელება ხდებოდა. საქართველოში მყოფი ჩემი შვილები და შვილიშვილები ძალიან დავზაფრე. ყველა მეუბნებოდა, ჩამოდიო. ზუსტად ამან გადამაწყვეტინა დაბრუნება.

– 34 წლის ასაკში გამხდარხართ ბებია. პატარა იქნებოდით, როდესაც ოჯახი შექმენით…

– დიახ, დიახ. გურული ვარ და იუმორის გარეშე არ შემიძლია. ვხუმრობ ხოლმე, ჩემს ახალგაზრდობაში ამ ასაკში თხოვდებოდნენ-მეთქი. მართლაც, 16-17 წლისები ვქმნიდით ოჯახებს. დიახ, ორი შვილი და ორი შვილიშვილი მყავს – ბედნიერად ვცხოვრობ.

– როგორ გახსენდებათ ის შეგრძნებები, როცა 34 წლის ასაკში ბებია გახდით?

– დღემდე ვერ ვარქმევ სახელს იმ ემოციებს. პატარა ხარ, ჯერ დედობას ვერ აცნობიერებ ნორმალურად. როცა პატარა ასაკში ხდები დედა, შვილებთან ერთად იზრდები. შვილების გაზრდა ვერ მოვასწარი, უცებ შვილიშვილი გაჩნდა და ბებია გავხდი (იცინის). საოცარი შეგრძნება იყო. ისეთი ბედნიერებაა, რომელსაც ენით ვერ აღწერ – თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადე, ვერ მიხვდები ბოლომდე. ნინუცა მე გამოვიყვანე სამშობიაროდან და 40 დღე გულზე მეწვა. გვერდზე გადავაწვენდი – ტიროდა, გულზე დავიწვენდი და მშვიდად იძინებდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს, მაგრამ უკვე 21 წლის შვილიშვილი მყავს – ნინო ჩოხელი.

– მოგვიყევით თქვენს შვილებსა და შვილიშვილებზე…

– ჩემი უფროსი ქალიშვილი 37 წლის არის, სამხატვრო აკადემია დაამთავრა, იოგის ინსტრუქტორია, ასევე, ტატუარტისტი. ისეთი გოგოა, ხელი რომ შეუწყო, მუდმივად ისწავლის, ასეთია მეკო. ჩემი ბიჭი, გიორგი, 31 წლის არის, რაც მთავარია, წესიერი კაცია, ღირსეული ადამიანი, თავისი პატარა-პატარა ბიზნესები აქვს. ჩემი შვილიშვილი, ნინიკო, სტუდენტია და პარალელურად, ბავშვებს ამზადებს ინგლისურსა და ფრანგულში. უმცროსი შვილიშვილი 14 წლის ანდრია მიხეილ მესხი გახლავთ, რომელიც დაიბადა კაცად, საოცარად ნიჭიერი ადამიანია. გენეტიკაც ხელს უწყობს და ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს. ძალიან კარგად სწავლობს და ახლა მუსიკით „მოიწამლა“, საკუთარი ბენდი შექმნა, დრამსა და გიტარაზე უკრავს.

– როგორც ვიცი, თქვენი ყოფილი სიძეა მიშა მესხი, როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– არაჩვეულებრივი, ვგიჟდები მიშაზე. მიშასნაირი ადამიანი და ნიჭიერი კაცი ძალიან ცოტა მეგულება. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. მიშა ისრაელში იყო ჩამოსული სამკურნალოდ. წინასწარ დამირეკა, შენ რომ ხარ, იმიტომ მოვდივარ მანდო. რა თქმა უნდა, ყოველდღე დავდიოდი მასთან. მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა. ყველა გაგვახარა, კარგ ფორმაშია. მიშა რისი მიშაა, რომ არ იხუმროს, ამბობს ხოლმე: ცოლი არ მყავს, მაგრამ სიდედრი მყავს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მთელი ცხოვრება ჩემი საყვარელი სიდედრი იქნებაო (იცინის).

– ახლაც კი, როცა მათ შორის ურთიერთობა დასრულებულია, თქვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა შეინარჩუნეთ?

– მე ვერ ვიტყოდი, რომ დასრულებულია. მეკო და მიშა არაჩვეულებრივი მეგობრები არიან. ძალიან დიდი პატივისცემა აქვთ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელსაც გვაერთიანებს ანდრია მიხეილ მესხი.

– თქვენ როგორ მოახერხეთ, რომ ოჯახისთვისაც არ მოგეკლოთ ყურადღება და არც კარიერაზე გეთქვათ უარი?

– მეუღლე 2012 წელს გარდამეცვალა. ამის შემდეგ უფრო სერიოზულად მოვეკიდე ჩემს პროფესიას. მანამდე უფრო დიდ დროს ოჯახს ვუთმობდი, თუმცა საქართველოში რომ ჩამოვდიოდი, მაშინვე ჩავწერდი სიმღერას და ვიდეორგოლსაც გადავიღებდი ხოლმე. ჩემს საქმეზე უარი არასდროს მითქვამს.

– როგორც ჩანს, მეუღლე ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.

— დიახ, 54 წლის გარდაიცვალა. ძალიან ღირსეული კაცი და დიდი ადამიანი იყო. მისმა გარდაცვალებამ ერთ წამში ამოატრიალა ჩემი ცხოვრება.

– როგორ ცხოვრობდით მანამდე და მერე როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება? ამხელა ტრაგედიის გამკლავება – მით უმეტეს, როცა დარდის უფლება და დრო არ გრჩება, რადგან ცხოვრება უნდა განაგრძო და ოჯახზე იზრუნო. ეს მარტივი არ იქნებოდა…

– ცოტა უხერხულია, ამ მხრივ, საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ რადგან ეს კითხვა დამისვით, გეტყვით: ჩემი მეუღლე ძალიან მანებივრებდა, ჩემთვის სიტყვა „არა“ არ არსებობდა. ამ ყველაფრის შემდეგ ამხელა ოჯახისა და პასუხისმგებლობებისთვის მარტო მომიწია გამკლავება. ჩემი უფროსი ქალიშვილი საფრანგეთში ცხოვრობდა. ჩემი ბიჭი და ძმა ტოლები არიან და სკოლის მოსწავლეები იყვნენ, მშობლები – უკვე ასაკში და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობები ავტომატურად მე ავიღე.

– ალბათ, ემიგრაციაც ამას უკავშირდება. როგორ გამოიარეთ ეს სირთულე?

– დღემდე არ ვიცი, მაგრამ მადლობა უფალს, ძალიან დიდი შინაგანი ძალა მაქვს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აბსოლუტურად ბედის ანაბარა აღმოვჩნდი. უფლის წყალობით, შეუძლებელი შევძელი. ოჯახში კაცის ფუნქცია ჩემს თავზე ავიღე და ქალიც მე ვიყავი და კაციც. დღემდე ამ შემართებით მოვდივარ.

მაშინ მე ისევ დავბრუნდი მოსკოვში, სადაც მეუღლესთან ერთად ჯერ კიდევ 1991 წელს გადავედი საცხოვრებლად და იქ 16 წელი გავატარეთ. ძალიან დამეხმარნენ მეუღლის მეგობრები. იმ პერიოდიდან დავიწყე კარიერული აღმასვლა. ასევე, ვცხოვრობდი ყაზახეთსა და ისრაელში, საიდანაც ისევ და ისევ საქართველოს დავუბრუნდი.

– მგონი, „სუსტი სქესი“ თქვენთან მიმართებით არასწორი შეფასებაა.

– ერთ მომენტს გავიხსენებ, როცა მოულოდნელად დედა გარდამეცვალა, ეს ჩემთვის მეხის გავარდნასავით იყო. ის ძალიან აქტიური და ენერგიული ადამიანი იყო. ყველას იმედი და პატრონი. როცა ეს მოხდა, ისრაელში დიდი ღონისძიება უნდა ჩამეტარებინა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული. მაშინ საქართველოში ჩამოვედი, ვფიქრობდი, რომ ორმოც დღეს მაინც დავრჩებოდი აქ, მაგრამ ორ კვირაში მომიწია ისრაელში დაბრუნება და ამ ღონისძიების ჩატარება ისე, ვითომც არაფერი მომხდარა. შენი ტკივილი და ტრაგედია სხვებს არ უნდა მოახვიო თავს.ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე ჩემს თავში, რომ თურმე, მართლაც ძალიან ძლიერი ვყოფილვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი