მადონა კოიძე: ისეთი კარმა მაქვს, თითის განძრევაც არ მჭირდება, ყველას ყველაფერი უბრუნდება და ეს მაშინებს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 53 წუთის წინ
მადონა კოიძე საკუთარ ხასიათზე, ზოდიაქოს ნიშანსა და ცხოვრებისეულ პრინციპებზე გულახდილად გვესაუბრა. მისი თქმით, მორიელის თვისებები და ციფრებისადმი სიყვარული მას მიზნების მიღწევასა და ადამიანების ამოცნობაში ეხმარება, თუმცა აღიარებს იმ ნაკლოვანებებსაც, რომლებიც ზოგჯერ პრობლემებს უქმნის.
მადონა კოიძე: 17 ნოემბერს დავიბადე, ზოდიაქოთი მორიელი ვარ და ძალიან ბევრ დამთხვევას ვხედავ ჩემს ნიშანთან. ძალიან მიყვარს მათემატიკა, გათვლები, ნუმეროლოგია – საერთოდ, ციფრების მოყვარული ვარ. ნაწილობრივ ასტროლოგიაც მაინტერესებს. ვერ გეტყვით, რომ ამის ბრმად მჯერა. მე მჯერა მხოლოდ საკუთარი თავის – ზოგჯერ საკუთარი თავისაც კი არა, მაგრამ პროცენტულად თუ შევაფასებთ, 80-90 პროცენტით მჯერა ზოდიაქოსი. ზოგჯერ ვითვალისწინებ პროგნოზებს, ზოგჯერ – არა.
– მორიელები არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდანვე საკმაოდ ბევრს აკეთებენ დასახული მიზნების მისაღწევად...
– ბავშვობიდანვე მიზანდასახული და მებრძოლი ვარ. ნებისმიერი წამოწყება მაინტერესებს და მიზიდავს, სანამ სირთულეებით არის სავსე, მაგრამ როგორც კი ყველა სირთულეს დავძლევ და ფინიშისკენ მივდივარ, აზარტი მეკარგება. მე აზარტული ადამიანი ვარ და სანამ საბრძოლველი მაქვს, ვიბრძვი, მაგრამ თუ ვხედავ, რომ გზა უკვე რბილად და წინააღმდეგობების გარეშე გრძელდება, შესაძლოა, ინტერესი გამიქრეს. სამწუხაროდ, ეს ცუდი თვისებაც მაქვს – შეიძლება, ბოლომდე არ მივიყვანო საქმე, რომელიც ბრძოლას აღარ მოითხოვს.
– თქვენს ძლიერ მხარედ მიიჩნევა კარგი სტრატეგიის უნარი… დაგეგმვა კარგად გამოგდით?
– უფრო – გათვლა. როცა მიზანი მაქვს, შემიძლია, ძალიან ბევრი ნაბიჯი წინასწარ გავთვალო. აზარტულიცაა, როცა მეტოქის ნაბიჯებს წინასწარ საზღვრავ და ხვდები, შემდეგში რას მოიმოქმედებს – ამისთვის მომზადებული ვარ. ეს ძალიან საინტერესოა.
– მორიელს სიმტკიცე ახასიათებს და ეს თვისება, პროფესიონალიზმთან ერთად, ძალიან ეხმარება წარმატების მიღწევაში.
– ჩემი სიუჟეტებიდან გამომდინარე, საზოგადოებამ უკვე კარგად იცის ჩემი ხასიათი. საკმაოდ მტკიცე და შეუპოვარი ვარ, მაგრამ ვიბნევი, როდესაც ადამიანი ლმობიერად მხვდება. როცა მას რაღაცას ვუხსნი, ყველაფერში მომყვება, მეთანხმება და ვხედავ, რომ მას გარკვეული ქმედება ჩადენილი არ აქვს განზრახ, შეგნებულად და გაუზრებლად უშვებს შეცდომას, რადგან შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, ამ დროს ვიბნევი და სულ სხვა რეჟიმში გადავდივარ: ვცდილობ, მას დავეხმარო. ასეთ დროს ჩემში იღვიძებს მეორე თვისება, რაც ბავშვობიდანვე მახასიათებს – ხალხის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და დახმარების სურვილი. თუკი შემიძლია, ვინმეს რამით დავეხმარო, უკან არ დავიხევ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. როცა ვხედავ, რომ ადამიანს ჩემი დახმარება სჭირდება, მე მის გვერდით ვიქნები.
– შეიძლება, ეს თვისება ხასიათის სისუსტედ იქცეს, ანუ ამით ისარგებლონ?
– სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. ადამიანების მიმართ ჩემს კეთილ დამოკიდებულებას ცუდად იყენებენ და მერე გული მტკივა ხოლმე ამის გამო, მაგრამ ბავშვობიდან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ არცერთი ნაბიჯის სანაცვლოდ არ უნდა ველოდო რამეს. როდესაც არაფრის მოლოდინი არ გაქვს, ტკივილიც ნაკლებია. ზოგადად, ყველაზე დიდ ცოდვად და ყველაზე საშინელ თვისებად ადამიანში ღალატი და უმადურობა მიმაჩნია – ჩემთვის ეს ორი ერთ დონეზე დგას.
– მორიელი ძალიან ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევა. შეუძლია, წუწუნისა და სხვისთვის თავის შეცოდების გარეშე გაუძლოს ნებისმიერ ცხოვრებისეულ დარტყმას. რა არის თქვენთვის თავშესაფარი?
– თავშესაფარს ნამდვილად ვეძებ, როდესაც მიჭირს, როდესაც რაღაც არ გამომდის, ემოციურად ძალიან გადატვირთული ვარ და ვგრძნობ, რომ დეპრესიის ზღვარზე ვდგავარ, როცა ყველაფერი თავზე მენგრევა. ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ მოვახვევ ჩემს გაჭირვებასა და პრობლემებს არც მეგობრებს, არც ოჯახის წევრებს და არც სხვა ვინმეს. ბავშვობიდან მოყოლებული ერთი რამ მახასიათებს: გარკვეული პერიოდით ვქრები, ვიმალები, ვიკეტები ჩემს ოთახში, ჩემს სივრცეში, ჩემს თავში და ფენიქსივით ვცდილობ, ძალები აღვიდგინო, ყველაფერი გავთვალო და გავაანალიზო. მერე უკვე ძალამოკრეფილი გამოვდივარ გარეთ და ახალი ენერგიით ისევ ვუბრუნდები დანგრეულ, წაშლილ, მიწასთან გასწორებულ საქმეს. მერწმუნეთ, ამ დროს სულ სხვა ენერგეტიკა მოდის ჩემში და აუცილებლად ვიმარჯვებ.
– მორიელი საიმედო მეგობარი და სასტიკი მტერია. თავისიანებისთვის სიცოცხლეს არ დაიშურებს, მაგრამ სასტიკად გაუსწორდება მას, ვინც აწყენინა…
– ისეთი კარმა მაქვს, რომ თითის განძრევაც არ მჭირდება – ყველას ყველაფერი უბრუნდება და, სიმართლე რომ გითხრათ, მე ეს მაშინებს. შურისძიება არ მახასიათებს, ამისთვის თავსაც არ შევიწუხებ. შურისძიება ძალიან მდაბალი ადამიანის ქმედებად მიმაჩნია. რატომ უნდა მოვიწამლო საკუთარი აურა და ხასიათი ვიღაცის გამო? ამას არავითარ შემთხვევაში არ ვიზამ, ყველას თავისი მიეზღვება – მე ამის ძალიან მჯერა.
რაც შეეხება მეგობრობას, ჩემი ახლობლებისა და მეგობრებისთვის ნამდვილად არაფერი მენანება. ყველა უზომოდ მიყვარს.
– მორიელს ბასრი სამართებელივით მჭრელი ენა აქვს. თქვენც არ გიცნობთ საზოგადოება ტკბილი ენით…
– ჩემი გონება კომპიუტერივითაა. ზოგჯერ სულაც არ მინდა, ვინმესთვის ასეთი პასუხის გაცემა, მაგრამ უცებ ვისვრი პასუხს ნებისმიერ ქმედებაზე. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ყველას თავის ენაზე უნდა ესაუბრო, მათთვის რომ გასაგები აღმოჩნდეს. ვცდილობ, ამ პრინციპით ვიხელმძღვანელო. სიმართლე გითხრათ, ეს პრობლემას არ მიქმნის: რასაც დასთესენ, იმას მოიმკიან. საერთოდ, ჩემს ცხოვრებას ასე წარვმართავ – ჩემ მიმართ რასაც გასცემენ, უკან ათმაგად ვუბრუნებ.
– ძალაუფლების სიყვარული თუ გახასიათებთ?
– ალბათ, მაქვს ეს თვისება. მტკიცე ხასიათიდან გამომდინარე, ასე ჩანს. სისუსტე ჩემთვის წარმოუდგენელია. ძალაუფლება, როგორც ასეთი, არასდროს მქონია – დიდი თანამდებობა არ დამიკავებია. არაერთხელ მქონია შესაბამისი წინადადება, მაგრამ უარი მითქვამს, რადგან თავისუფლება ძალიან მიყვარს, მაგრამ ძლიერი და მტკიცე ხასიათი, ის, რომ ჩემს თავსა და ჩემს სიტყვას პატივი ვცე, თავისთავად ქმნის საზოგადოებაში ჩემ მიმართ ისეთ განწყობას, რომ საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ და ყველა ძლიერ ადამიანს გარკვეული მიზიდულობა აქვს ძალაუფლების მიმართ. ალბათ, მეც, მაგრამ, როგორც ასეთი, თითიც კი არასდროს გამინძრევია იმისთვის, რომ მაღალი თანამდებობები დამეკავებინა და ვინმეზე მაღლა ვყოფილიყავი.
მორიელი ვერავის რომ ვერ კბენს, საკუთარ თავს გესლავს – ეს მეც მახასიათებს. ძალიან ხშირად ვთრგუნავ საკუთარ თავს და თუ წინა პლანზე ამბიცია წამოვიდა, მაშინ მაქსიმალურად ვთრგუნავ. ჩემს თავს ვახსენებ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომ აბსოლუტურად არავის წინ არ ვდგავარ და არავისზე მეტს არ წარმოვადგენ. ეს ძალიან მეხმარება, რომ ჩემი ადამიანობა და დადებითი თვისებები შევინარჩუნო და წინა პლანზე წამოვწიო. მე ცოტა გამათამამა ბოლო პერიოდში ხალხის სიყვარულმა და ნდობამ. ამას იმდენად ვუფრთხილდები, ეს ჩემთვის იმდენად ძვირფასია, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, არავითარ შემთხვევაში თავში არ ამივარდეს და უბრალოება და ადამიანობა, რაც ჩემში დადებითია, შევინარჩუნო.
– მორიელებს ძალიან კარგი ინტუიცია აქვთ.
– ფანტასტიკური ინტუიცია მაქვს. უკვე ვთქვი, შემიძლია, წინასწარ გავთვალო ადამიანების ნაბიჯები და მივხვდე, როდის რას მოიმოქმედებს – ეს ჩემთვის რთული ნამდვილად არ არის.
– ეჭვიანობა მორიელის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა...
– საშინლად ეჭვიანი ვარ. არა როგორც ეჭვიანი ქალი, არამედ ეჭვიანი ცხოვრების მიმართ. როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, ვცდილობ, ჩავეძიო ყველაფერს და გავერკვიო, რამე ხომ არ არის დამარხული ამ კარგი ამბის უკან, რომ არაფერი გამომრჩეს და ცუდად არ შემომიბრუნდეს. ძალიან ფრთხილი ვარ, ვცდილობ, ყველაფერი გავთვალო. სულ მზადყოფნაში ვარ, სულ მოჭიმული და ყურადღებით, რომ არცერთი დეტალი არ გამომრჩეს.
– რა თვისებები მოგწონთ საკუთარ თავში და რის გამოსწორებას ისურვებდით?
– ეჭვიანობას შევცვლიდი, უფრო მეტად მშვიდი ვიქნებოდი. ფეთქებადობასაც მოვიშორებდი თავიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჩემი ხასიათია და ვერაფერს ვუხერხებ. დადებითს რაც შეეხება, მიყვარს ადამიანები და თუკი მათთვის ხელის გაწოდება შემიძლია, უკან არ დავიხევ. შემიძლია, ბოლო ლუკმა ნებისმიერ გაჭირვებულს გავუყო – ეს ჩემთვის შაბლონური სიტყვები არ არის.
თუმცა ერთი რამ არ მომწონს: ძალიან ბევრ წერილს ვიღებ დახმარების თხოვნით. ერთმა ქალბატონმა მომწერა, ძალიან გთხოვთ, რომ ოცნება ამისრულოთ და 1 500 დოლარი ჩამირიცხოთ კარგი კბილების გასაკეთებლადო. ჯერ ერთი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა და, მეორეც, რომც მქონდეს ამდენის საშუალება, ადამიანს, რომელსაც ფუფუნებისთვის სჭირდება ფული, ნამდვილად ვერ დავეხმარები, როცა ამდენი გაჭირვებულია, რომლებსაც რეალური პრობლემები აქვთ. ვიღაცის ასეთ სულელურ თხოვნებს, რომც შემეძლოს, არ დავაკმაყოფილებ. ძალიან ვღიზიანდები და მსგავსი თხოვნები დიდ თავხედობად მიმაჩნია. თუმცა ისეთებიცაა, რომლებსაც მართლა სჭირდებათ გვერდში დგომა და მათთვის, რაც შემეძლო, გამიკეთებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





