შოუბიზნესი

თათა გიორგობიანი: საკუთარი თავის გარდა, არავის ვეყრდნობი, თუმცა ამის ფუფუნება მაქვს

№25

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00

თათა გიორგობიანი
დაკოპირებულია

მომღერალ თათა გიორგობიანს ბავშვობაში დიდ სცენაზე დადგომაზე არ უოცნებია. მას მეცნიერობა, არქეოლოგობა და კოსმოსში გაფრენა იტაცებდა. ერთი სიტყვით, უნდოდა, ამოეხსნა კაცობრიობის საიდუმლოებები. მართალია, არქეოლოგი და მეცნიერი არ გამოვიდა და არც კოსმოსში გაფრენილა, თუმცა, ფსიქოლოგიის სწავლას ჩაუღრმავდა და ამბობს, რომ ამ კუთხით, საკმაოდ ბევრი რამის შემეცნება და ამოხსნა შეძლო.

თათა გიორგობიანი: როგორც ყველა ბავშვი, მეც ვოცნებობდი და ხან მასწავლებლობა მინდოდა, ხან კოსმოსში გაფრენა და ძალიან მაინტერესებდა არქეოლოგია. უცნაურია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბალერინობაზე და „გოგოშკურ“ რაღაცებზე არასდროს მიოცნებია. მოკლედ, ჩემი ოცნებები ზოგადსაკაცობრიო უფრო იყო, მეცნიერებას და ისტორიას უკავშირდებოდა. არ დამავიწყდება, პაპამ მომიტანა ენციკლოპედია და იქ იყო ფოტოები დინოზავრის ნამარხებზე, ინფორმაცია პირამიდებზე, ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა, გადავირიე, ნამდვილი შოკი მივიღე და გადავწყვიტე, მე არქეოლოგობა მინდა-მეთქი. უფრო სწორად, მინდოდა, მეცნიერი გამოვსულიყავი, რომელიც ამოხსნიდა კაცობრიობის საიდუმლოებებს. პრინციპში, ამიტომაც ავირჩიე ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელსაც დღესაც ვსწავლობ. სხვათა შორის, სკოლა რომ დავამთავრე, ფსიქოლოგიურზე მინდოდა ჩაბარება, ოჯახის გადაწყვეტილებებსაც ყოველთვის ვისმენდი და ვითვალისწინებდი და საბოლოო ჯამში, აღმოვაჩინე ჩემი მოწოდება – უკვე ფსიქოლოგიის მაგისტრი ვარ და ფსიქოთერაპიაზე ვაგრძელებ სწავლას.

– რამდენი წლის ასაკში დაიწყე მუშაობა და თუ გახსოვს, პირველი დამოუკიდებელი შემოსავლით რა შეიძინე?

– 15 წლის ასაკში დავიწყე დამოუკიდებლად მუშაობა, ფლაერებს ვარიგებდი ქუჩაში. პირველი ანაზღაურება 20 ლარი ავიღე. მერე, ინგლისურს ვასწავლიდი დაწყებით კლასელებს და 50 ლარი მქონდა ხელფასი. მაშინ ჩემთვის ეს ფული ძალიან დიდი თანხა იყო. არ დამავიწყდება, მოვაგროვე ფული და პირველი ხელფასით შევიძინე მაისური, რომელსაც ახლაც ვინახავ კარადაში. ეს მაისური ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, მას რომ ვუყურებ, ჩემს განვლილ გზას მახსენებს და სიამაყოთ ვივსები. ერთი ზუსტად ვიცი, მთავარია, ჯანმრთელობა მქონდეს და ნებისმიერ სფეროში ვიმუშავებ, ნებისმიერ საქმეს გავაკეთებ, რაც, რა თქმა უნდა, ადამიანურ მორალს არ ეწინააღმდეგება. არანაირი შრომა არ არის ჩემთვის სათაკილო. ვიცი, ყოველთვის საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს და როცა ჩემი პირველი ხელფასით ნაყიდ მაისურს ვუყურებ, სწორედ ამ განცდას მიტოვებს.

– ადრეულ ასაკში მუშაობის დაწყებამ, რა თვისებები განავითარა შენში, როგორც პიროვნებაში?

– ადრეულ ასაკში მუშაობის დაწყებამ ჩემში ბევრი რამ განავითარა. როგორც ყველა ადამიანი, ბევრ შეცდომას ვუშვებდი და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომ მომცა საშუალება, შეცდომები დამეშვა და ამ შეცდომებზე მე თვითონ მესწავლა. ამან მომცა ის, რომ მე ვიცი თავისუფლების ფასი, წესების დაცვის ფასი, ფულის ყადრი და შესაბამისად, მეტი სიფრთხილით ვეკიდები ცხოვრებას. ვიცი, ნებისმიერ ჩემს ქმედებას მოჰყვება შედეგი, რომელზეც პასუხისმგებელი, ისევ და ისევ, მე ვარ.

– ზოგადად, ცვლილებები და გამოწვევები თუ გაშინებს და რამდენად ძლიერი ხარ ამ კუთხით?

– გვინდა თუ არ გვინდა, ცხოვრებაში ყველა ადამიანს გვიწევს ცვლილებები და თუ ფეხს არ ავუწყობთ, თუნდაც, იმ ცვლილებებს, რაც დღეს ჩვენს სოციუმში მიდის, რაც ზოგადად, ქვეყანაში და მსოფლიოშია, სხვანაირად არ გამოვა. თავად რეალობა გვაიძულებს, გამოწვევებს და ცვლილებებს ავყვეთ. ვცდილობ, ამას თამაშ-თამაშ დამოკიდებულებით მივუდგე და არა შიშით. არავინაა შეუცდომელი, მარცხს ყველა განიცდის, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი საშუალება, დაინახო რა ნაწილში გაქვს დასახვეწი კომპეტენციები და უნარები და ის გამოასწორო და განვითარდე. ამიტომ, სჯობს, გარისკო, ოღონდ გონივრულად და ნაბიჯი წინ გადადგა, რადგან კომფორტის ზონის დატოვება, ადრე თუ გვიან, მაინც გვიწევს. თუმცა, რომ გითხრათ, უშიშარი ვარ და არაფრის მეშინია-მეთქი, მოგატუებთ. რა თქმა უნდა, მაქვს ღელვა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, სჯობს გარისკო, მაგრამ კიდევ ვამბობ – გონივრულად. ზოგადად, არის რაღაც საკითხები, რაშიც ძალიან გამიმართლა და რაშიც არ გამიმართლა. მაინც მადლიერი ვარ იმისთვის, რაც კარგად წავიდა ჩემს ცხოვრებაში და აეწყო, რადგან არიან ადამიანები, ვინც შრომობს, მაგრამ არ უფასდებათ. ჩემს შემთხვევაში კი, ვფიქრობ, ჩემი შრომა, იმ მომენტში თუ არა, მერე მაინც აუცილებლად ფასდება. ამიტომ, თავს იღბლიანად მივიჩნევ და როგორი რთული პერიოდიც არ უნდა იყოს, მახსოვს, რომ გაივლის და არ არის სამუდამო. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს ინტერესითა თამაშ-თამაშის დამოკიდებულებით ვუდგები და პროცესი მარტივად მიდის.

– ვიცი, კარგად ხატავ. ხომ არ აპირებ გამოფენის მოწყობას და შენი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის ჩვენებას?

– სხვათა შორის, ხატვის ნიჭიც გენეტიკურად დამყვა, ისე, როგორც სიმღერის. ბებო ხატავდა და დედაც. ჩემთვის ხატვა თერაპიაა, გამოფენის მოწყობის ამბიცია კი ნამდვილად არ მაქვს. არ ვფიქრობ, რომ ასე კარგად ვხატავ (იცინის). თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხატვა, რადგან ამით განტვირთვას ვაკეთებ, ჩემი ჰობია და არა იმდენად შედეგით, არამედ პროცესით ვიღებ სიამოვნებას. სახლში კი ჩემი, პირადი, გალერეა მაქვს, სადაც სიმშვიდე და იდილიური აურა ტრიალებს.

თქვი, იღბლიანი ცხოვრება მაქვსო. ამაში პირადი და მეგობრულიც იგულისხმებოდა?

– ამ ეტაპზე ნამდვილად იღბლიანი ვარ ამ კუთხითაც, რადგან ადრე ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, ვინც არ აღმოჩნდნენ ისინი, ვინც მე მეგონენ. ალბათ, მათთვისაც არ აღმოვჩნდი ის, ვინც მათ ვეგონე. ეს დიდ ტკივილს უკავშირდებოდა, მაგრამ არა უშავს, ეს ყველაფერიც გაკვეთილია. ასე რომ, ამ ეტაპზე ნამდვილად ბედნიერი ვარ. ჩემ გვერდით არის ოჯახი, საიმედო მეგობრები და მეუღლე, რომელიც ჩემი მეგობარიცაა. ზოგადად, საკუთარი თავის გარდა, მე არავის ვეყრდნობი არასდროს, თუმცა ამის ფუფუნება მაქვს, რადგან შემიძლია, მეორე ნახევარს დავეყრდნო. ამას რომ ვიმეორებ ხოლმე, ამბობენ, დაშორებაზე დაიწყო საუბარიო, თუმცა ეს მეცნიერული ჭეშმარიტებაა, რომ ხვალ და ზეგ რა მოხდება, არავინ იცის და პირად ურთიერთობებში არ არსებობს გარანტიები.

აქედან გამომდინარე, ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იდენტობა, მაშინაც კი, თუ მისთვის ყველაზე ახლო ურთიერთობები შეირყევა ან დასრულდება ან ახალი დაიწყება. ამიტომ, ყველაზე მთავარი საყრდენი ჩემი თავისთვის ჯერ მე ვარ და შემდეგ მაქვს ის ფუფუნება, ვეყრდნობოდე მეუღლესაც. დიდი საგანძური და ყველაზე დიდი სიმდიდრეა, როცა ადამიანს შეგიძლია, თვალდახუჭული ენდო. ამაში გამიმართლა. 33 წლის ვარ და ამ გადასახედიდან, ნამდვილად ბედნიერი ვარ, რადგან ვაკეთებ საყვარელ საქმეს, ძალიან გამიმართლა პირად ცხოვრებაშიც და მეგობრებშიც. თუმცა, ეს გამართლებაც არ არის, რადგან მე სწორად გადავარჩიე ადამიანები. ამაში კი ჩემი მეორე პროფესია, ფსიქოლოგია დამეხმარა.

– წარმოშობით რაჭველი ხარ და ამ კუთხის დამახასიათებელი რა არის დიდი დოზით შენს სახასიათო თვისებებში?

– რთულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ როგორც მეგობრები აღნიშნავენ, კომფორტული და სასიამოვნო საურთიერთო ხარ, პოზიტივი მოდის შენგანო. რაჭული თვისებებიდან კი დროის მენეჯმენტს გამოვყოფ, რადგან ამ მხრივ, სერიოზული გარღვევები მქონდა, ყველგან ვაგვიანებდი და ამაზე დღემდე ვმუშაობ (იცინის). არ მიყვარს სიჩქარე და ფათაფუთით რამის კეთება. რაჭული სიდინჯე გამომყვა დიდი დოზით. მიყვარს ოჯახში წესრიგი და ყველა ნივთს რომ თავისი ადგილი აქვს. კარგი კულინარიც ვარ და მეუღლე აღნიშნავს კიდეც, ძალიან გემრიელი ხელი გაქვსო (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი