როგორ დაუკავშირა დალი ჩიტალაძემ თავისი ცხოვრება ციხეს და რა სურვილს აუსრულებს ის გარდაცვლილ მამას
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00
დალი ჩიტალაძეს ახალი გამოწვევა აქვს, მან პენიტენციურ სამსახურში დაიწყო მუშაობა. კვირაში ორჯერ უწევს მისვლა და მსჯავრდებულ ქალებთან ერთად იმ პროექტზე მუშაობა, რომლის ჩვენებაც დეკემბრის თვეშია დაგეგმილი. მართალია, პროექტისა და ბევრი სხვა საქმეების გამო ამ ზაფხულს დასვენება ვერ მოასწრო, თუმცა გეგმავს, აგვისტოს ბოლო ორი კვირა, როგორც თავად უწოდებს, გრიგოლეთის სამოთხეში გაატაროს, მისივე მოწყობილ პატარა პოდიუმზე.
დალი ჩიტალაძე: მთელი ზაფხული მომიწია მუშაობა და როგორ გავიდა ზაფხულის ორი თვე, ფაქტობრივად, ვერ ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ „იმედში“ სეზონი დაიხურა, 15 აგვისტომდე მიწევს მუშაობა, მილიონი საქმე მაქვს, ახალი დიდი პროექტი დავიწყე და ძალიან ვღელავ, რადგან ჩემთვის უჩვეულო ამპლუაში ვაკეთებ იმას, რაც მე მიხარია და მომწონს. თუმცა, კიდევ ვამბობ, ჩემთვის უჩვეულო ამპლუაში. ეს არის პენიტენციური სამსახური, სადაც ქალთა ციხეში კეთდება კოლექცია ჩემი მენტორობით.
– საიდან გაგიჩნდა ეს იდეა?
– ეს იდეა გაჩნდა წელიწად-ნახევრის წინ, როცა თხოვნით მომმართა საქველმოქმედო „ლიდერ ქალთა ორგანიზაციამ“. მითხრეს, პენიტენციურ ქალთა მეხუთე კოლონიაში გაიხსნა სამკერვალო, ვაჩუქეთ ქსოვილები, ქალბატონებმა დაიწყეს კერვა და მთხოვეს, იქნებ კონსულტაცია ჩაუტაროთ, გვინდა, მოდების ჩვენება გავაკეთოთო. რომ მივედი, დამხვდა ერთი პატარა ოთახი, სადაც სამკერვალო იყო მოწყობილი, უთბილესი ქალბატონები და სასწაული გარემო. საოცარი განწყობა ჰქონდათ მსჯავრდებულ ქალბატონებს, დიდი სურვილი და ენთუზიაზმი, რომ რაღაც შეეკერათ და გამოსვლოდათ. მათ უკვე დაწყებული ჰქონდათ ეს საქმე და მე გვიან ჩავერთე. სულ ორჯერ შევედი და ამ ორ ვიზიტში, მცირე დროში, როგორც შემეძლო, მაქსიმალური კონსულტაცია გავუწიე. ზოგადად, ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ, რასაც ხელს მოვკიდებ, ან ძალიან ხარისხიანად უნდა გავაკეთო, ან საერთოდ არ გავაკეთებ. რადგან ეს ჩემი დაწყებული პროექტი არ იყო, მივიღე ისეთი, როგორიც იყო, ვეცადეთ, გავალამაზეთ და ჩვენებაც ჩატარდა. იმის მერე, სულ ვფიქრობდი, გამეკეთებინა პროექტი, თან, „იმედში“ ჩემი რუბრიკა მაქვს. მოკლედ, ძალიან მინდოდა, ისეთი პროექტი მქონოდა, მევლო პენიტენციურ დაწესებულებაში, ქალ მსჯავრდებულებთან სამკერვალოში, მესწავლებინა მათთვის, სერიოზულად მემუშავა კარგი ხარისხის ქსოვილებით და თან, ეს ყველაფერი გამეშუქებინა. გაშუქება კი, იცით რატომ მინდოდა?
– რატომ?
– იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოში, ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, თავისი დამოკიდებულებით, ნამდვილად არის პენიტენციურ სისტემაში. უფრო ახლოს რომ გავეცანი ამ სისტემას, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. მოკლედ, ამ პროექტის შესახებ გავანდე ჩემს მეგობარს, ნინო ნადირაძეს, რომელსაც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე აქვს შეხება და ვთხოვე მომხმარებოდა პროექტის რეალიზებაში. შევხვდი პენიტენციური სამსახურის უფროსს, გიორგი პატარიძეს და ამ პროექტში ციხის ადმინისტრაციაც ჩაერთო, რადგან ძალიან მოეწონათ იდეა. თან, წარმოიდგინეთ, დღეს ციხეში გახსნილია უდიდესი სამკერვალო, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ფაბრიკა. პირველი ლედიც ჩაერთო ამ პროექტში, ასევე, ჩემი მეგობარი, კომპანია „დალოოდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა შუკვანი, გაუკეთეს ორგანიზება და ძალიან კარგი ქსოვილები გვაჩუქეს. მოკლედ, ბევრი ადამიანია ჩართული და უკვე დავიწყეთ მუშაობა.
– როგორც გავიგე, მასშტაბურ ჩვენებას გეგმავთ, რომელსაც ის მსჯავრდებული ქალბატონებიც დაესწრებიან, ვინც უშუალოდ არიან ჩართული ამ პროცესში. სად აპირებთ ჩვენების მოწყობას და როდის?
– დეკემბრის თვეში გვექნება ძალიან დიდი შოუ. ჩვენება ჩატარდება ლამაზ გარემოში. მინდა, ზეიმი მოვუწყო ყველა იმ მსჯავრდებულ 15 ქალბატონს, რომლებიც კოლექციას კერავენ. სხვათა შორის, იმ სამკერვალოში ვინც მუშაობს, მთელი პენიტენციური სისტემისთვის კერავენ საბნებს, ბალიშებს, თეთრეულს და ამაში იღებენ ხელფასს. ძალიან მომწონს ასეთი მიდგომა მსჯავრდებულების მიმართ და ჩემი პროექტიც სწორედ ამას ემსახურება, რომ მოხდეს ყველა იმ ადამიანის რესოციალიზაცია, ვინც იქ, სამკერვალოში მუშაობს. თან, როცა შრომობ, შემოქმედებით პროცესში დრო სწრაფად გადის. მე რასაც ვხედავ, ძალიან კარგი პირობებია და ვისაც სურვილი აქვს, ბევრ პროფესიას სწავლობენ, ეს ნებაყოფლობითია. ჩემთან მომუშავე მსჯავრდებული ქალების 80 პროცენტს, გადაწყვეტილი აქვს, როცა ციხიდან გავა, პროფესიად მკერავობა დაიტოვოს. დამერწმუნეთ, ეს პროფესია ძალიან მოთხოვნადია. დღეს სამკერვალო სალონის გახსნა რომ მოგინდეს, დამიჯერეთ, ძალიან ჭირს მკერავიც და მკერავ-კონსტრუქტორიც. ძალიან დასაფასებელი პროფესიაა და ძალიან დეფიციტური.
– რა ჰქვია პროექტს?
– ჩვენ ბრენდის სახელი გვაქვს, პროექტს ჰქვია „ახალი ზონა“. ეს პროექტი მარტო ჩემი არ არის, მე მივეცი საშუალება, ვისაც სურვილი ჰქონდა, თვითონ შეექმნა და მოეტანა ჩემამდე თავისი ნაფიქრი ესკიზი. აღმოვაჩინე ორი მხატვარი გოგონა და სამი მსჯავრდებული მოდელი. რადგან მსჯავრდებულებს ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, მეხსიერების ბარათზე ვწერ მოდის სიახლეებს, ახალ ჩვენებებს და ვაყურებინებ.
– სულ რამდენი ლუქი დამზადდება და თუ იქნება შესაძლებელი მათი შეძენა?
– სულ იქნება 21 ლუქი, ყველა თითო და საუკეთესოდ, უნიკალურად შესრულებული, მათ შორის, ხელით ნაქარგებიც. ლუქები, რასაკვირველია, გაიყიდება და შემოსული თანხა დაერიცხება მსჯავრდებულ ქალბატონებს, ვინც ამ ლუქების შექმნაზე იმუშავა. მოკლედ, როგორც გითხარით, დეკემბერში ვგეგმავთ ჩვენებას და ძალიან ვღელავ. ისეთი შემოქმედებითი წვა მაქვს, ვერ გეტყვით. მე არ ვარ დიზაინერი, უბრალოდ, რასაც შევკერავთ, იქნება ტრენდული, მოთხოვნადი და ძალიან ლამაზი. ასევე, მათ ჰყავთ ნიჭიერი კონსტრუქტორი გოგონა, ლიკა კვარაცხელია, რომელიც ჩემსავით შედის მათთან და ასწავლის ჭრის ტექნიკას. მივუტანე ასევე საქარგავი დაფები, რომელზეც ხელით ხდება მძივების მოქარგვა, ეს ძალიან ტრენდშია და ტენდენციაში. ასე რომ, კუწიურ ნივთები იქნება და დარწმუნებული ვარ 21-ვე ლუქი იმ დღესვე გაიყიდება (იცინის).
პენიტენციურში ოფიციალურად ივნისის თვეში დავიწყე მენტორად მუშაობა. მივდივარ კვირაში ორჯერ, ქალბატონებს ვაძლევ დავალებებს და შემდეგ მისვლაზე ვიბარებ მათ.
– თქვით, ძალიან განვიცდი და ვღელავო. გამოდის, ამ პროექტის გამო ზაფხულში ვერ მოასწრებთ დასვენებას?
– ამ ზაფხულს საერთოდ არ დამისვენია, მაგრამ სულ არ ვდარდობ, რადგან ეს პროექტი ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. თან ვიცი, მადლიან საქმეს ვაკეთებ და ეს ძალიან ამაღელვებელი და უდიდესი გამოწვევაა. ველოდები 15 აგვისტოს, შვებულებას, ორი კვირა რომ არ გავინძრე (იცინის).
– სად აპირებთ შვებულების დღეების გატარებას და დასვენებას?
– როგორც ყოველ ზაფხულს, ჩემს გრიგოლეთში დავისვენებ. რამდენიმე დღე რაჭაშიც უნდა მოვასწრო ასვლა. ჩემს მამიკოს მარტო ვერ ვუშვებდი და სულ ვპირდებოდი, ახლა წაგიყვან, ახლა-მეთქი და წელს მინდა, გარდაცვალების მერე ავუხდინო ეს ოცნება და მისი სულისთვის მოვილოცო რაჭის ეკლესიები. სხვათა შორის, მამას რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ღარში აქვს აშენებული სამლოცველო, ავალ, სანთელს დავანთებ და მამის სულს გავახარებ. მანამდე კი, გრიგოლეთში, ჩემს მოწყობილ პატარა პოდიუმზე გავივლი და გამოვივლი (იცინის). სახლიდან ზღვამდე ჩემი პატარა პოდიუმი მაქვს მოწყობილი, ხუთნაბიჯიანი, რომელსაც გავდივარ ლამაზი შლაპით, პარეოთი და აი, იმის იქით, აღარ ვფიქრობ არაფერზე (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





