ლიზი დარასელია: ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:13
რამდენად უყვარს ლიზი დარასელიას საკუთარი დაბადების დღე, როგორ აღნიშნავს ხოლმე ამ დღეს და რით იყო მისი წლევანდელი წვეულება გამორჩეული, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ლიზი დარასელია: ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს და ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავ. 20 ივლისს ვარ დაბადებული და ეს დღე წელსაც გამორჩეული იყო. როგორც იცით, შარშან, ამ დღეს ჩემმა მომავალმა მეუღლემ ხელი მთხოვა, წელს კი გადავწყვიტე, ეს დღე თბილისში, ოჯახისა და მეგობრების ძალიან ვიწრო წრეში აღმენიშნა. ძალიან კარგად გავატარეთ დრო – ბევრი ვიმხიარულეთ და ვიმღერეთ. მუსიკოსებიც ხომ არიან ჩემი მეგობრები და ერთად კარგად გავერთეთ. ბევრი დასამახსოვრებელი რამ მოხდა. მაგალითად, ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე და კიდევ ერთი ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა (იცინის). ძალიან გაკვირვებული ვიყავი, არ ველოდი ასეთ საჩუქარს. სხვათა შორის, სახალისო ვიდეო გადავიღეთ: ბეჭედი რომ დავინახე, მეორეჯერ გავთხოვდი-მეთქი, ვიხუმრე და ხალხს საოცარი რეაქცია ჰქონდა, დაიბნენ (იცინის). მერე განვმარტე, მეორეჯერ დამნიშნა ჩემმა მეუღლემ-მეთქი. ეს დღე განსაკუთრებულად დამამახსოვრდება.
სხვათა შორის, წლევანდელ დაბადების დღეზე მე თვითონაც გავუკეთე საჩუქარი ჩემს თავს – მანქანა ვიყიდე. ძალიან ბევრს ვშრომობ და მინდოდა, ჩემი თავი დამესაჩუქრებინა. ვამაყობ, რომ ეს შევძელი.
– ეს მართლა დიდი საჩუქარია...
– კონკრეტულად ეს მანქანა ძალიან მინდოდა და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. უამრავი კორპორატიული მაქვს, მართლა ძალიან ბევრს ვმუშაობ და საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს მოვითხოვ. ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის ნელ-ნელა რაღაც თანხა გადამედო ხოლმე, რომ საბოლოოდ ასეთი საჩუქრის გაკეთება შემძლებოდა. ჩემი მანქანა გავყიდე, შეგროვებული თანხა დავამატე და ახალი ვიყიდე. მომავალში ვგეგმავ, რომ ბინა ვიყიდო საკუთარი შრომით. ვნახოთ, ღმერთის დახმარებით რა გამომივა.
– ესე იგი, შეგიძლია, დიდი მიზნებისთვის ინვესტიცია გააკეთო.
– სხვათა შორის, ფულს უაზროდ არ ვფლანგავ. ყოველთვის ვიცი, სად უნდა გავჩერდე. ვაღიარებ, ძალიან მიყვარს შოპინგი და ეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია (იცინის). ბევრი რამის ყიდვა მიწევს: რადგან ჩემი კარიერა სცენასა და ეკრანს უკავშირდება, ესეც ერთგვარი პასუხისმგებლობაა – ახალი სამოსი ხშირად მჭირდება. ამიტომ, ამ საკითხში თავს დიდად არ ვიზღუდავ. აქ რომ შეზღუდვები დავაწესო, ბევრად მეტს დავზოგავ (იცინის). ალბათ, გოგონების დიდი ნაწილი ასეა.
– საერთოდ, რამდენად გიყვარს საკუთარი თავის დასაჩუქრება და განებივრება?
– საკუთარი თავის დასაჩუქრებაც მიყვარს, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს, როცა სხვას ვუკეთებ საჩუქარს. რატომღაც, წელს გადავწყვიტე: რატომაც არა, როცა ამდენს ვშრომობ, ვიმსახურებ, რომ საკუთარ თავსაც გავუკეთო საჩუქარი. გინდა თუ არა, როცა შენ თვითონ იკეთებ საჩუქარს, რომელიც შენი შრომით მოიპოვე, უფრო სასიამოვნოა. 2026 წლიდან ამ ტრადიციას ჩავუყარე საფუძველი და ვნახოთ აბა, რა იქნება შემდეგ წელს.
– მანქანა, ბრილიანტის ბეჭედი, სხვა საჩუქრები... მოკლედ, განსაკუთრებული დაბადების დღე გამოსულა.
– კი ბატონო. ჩემმა დედამთილმა და მამამთილმაც ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქეს. ასევე, მე და ჩემმა მეუღლემაც ბინა ვიყიდეთ – მადლობა უფალს, ძალიან კარგი წელი გამოვიდა. ორივე ძალიან ბევრს ვშრომობთ და ყველანაირად ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. ორივე ძალიან მიზანდასახული ვართ და ყოველთვის ვახარებთ ერთმანეთს. ჩემი აზრით, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ასე კარგად ავეწყვეთ და ფეხზე წამოვდექით.
– საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში უკვე ბევრს აკეთებთ...
– კი, ჯერ დიდი ასაკი არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალური გავაკეთოთ. ღმერთით, იმდენი გვქონდეს, რომ ყველას გავუზიაროთ. მე გაცემაც ძალიან მიყვარს. არ შემიძლია, გვერდით გაჭირვებულს ვხედავდე და მის დასახმარებლად ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში არაფერი გავაკეთო.
– რამდენად ემოციური ხარ საჩუქრების მიღებისას, შეგიძლია სიხარულის თავისუფლად გამოხატვა?
– ყველა ცდილობს, დაბადების დღეზე მოვიდეს და დაგაფასოს, ამიტომ ჩემთვის საჩუქარს და მის მატერიალურ ღირებულებას არ აქვს მნიშვნელობა. ყველა საკუთარი შესაძლებლობის მიხედვით გიკეთებს საჩუქარს, სულაც არ არის აუცილებელი, ის ძვირად ღირებული იყოს. მთავარია, რომ სიყვარულით მაჩუქონ და ყველა საჩუქარი მახარებს. სიხარულსაც გულწრფელად გამოვხატავ, მადლობების გადახდაც არასდროს მეზარება და ვფიქრობ, ყველა გრძნობს ჩემს ბედნიერებას ამ მომენტში.
– ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეები როგორ გახსენდება?
– ყოველთვის ძალიან მაგარი დაბადების დღეები მქონდა, რაც ჩემი მშობლების დამსახურებაა. 20 წლის რომ გავხდი, ანუ ოქროს დაბადების დღე რომ მქონდა, დედაჩემმა ავტომობილი მაჩუქა – ეს იყო ჩემი პირველი მანქანა.
ჩემმა ყველა ახლობელმა იცის, რომ ამ დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ. მეგობრები, ახლობლები – ყველა ერთად ვიკრიბებით, რაც ხშირი ფუფუნება არ არის, მაგრამ დაბადების დღისთვის თითქმის ყველა ახერხებს, რომ ჩამოვიდეს და ჩემ გვერდით იყოს, ამიტომაცაა, რომ განსაკუთრებულად მიხარია. ამ დღეს ჩემ გვერდით აუცილებლად უნდა იყოს ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლის ოჯახი, ჩემი მეუღლე (რა თქმა უნდა, მთავარი გმირია ამ დღის) და მეგობრები.
– გაქვს რიტუალი, რომელიც ამ დღესთან ასოცირდება?
– ტორტის ჩაქრობამდე ყოველთვის ერთსა და იმავე სურვილს ვიფიქრებ. ერთადერთი, რასაც ღმერთს ვთხოვ, ჩემი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა და ბედნიერად ყოფნაა. მე მეტი სურვილი არ მაქვს. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ვფიქრობ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. საერთოდ, თუ რამე სურვილი მაქვს, მას მიზნად ვაქცევ. ოცნებით ყველა ოცნებობს, მაგრამ თუ მის მისაღწევად მაქსიმალურად არ იაქტიურე, არაფერი გამოვა. მიზანს რომ დაისახავ, ის შენს ოცნებამდე მიგიყვანს.
– რამდენი წლის გახდი და რას ნიშნავს შენთვის ეს ასაკი?
– 24 წლის გავხდი. სხვათა შორის, მხოლოდ, გამოცდილების მატებას ვგრძნობ. ვცდილობ, მეტი ვისწავლო, განვვითარდე, ვიბრძვი იმისთვის, რომ წარმატებული ვიყო. ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინ მაქვს. მით უმეტეს, მუსიკალურ სფეროში ყოველთვის შეიძლება წარმატების მიღწევა. მე ცოტას ვჩქარობ, ყველაფერი სწრაფად მინდა, თუმცა ვიცი, რომ არ უნდა ვიჩქაროთ – თავის დროზე ყველაფერი იქნება.
– შენს თავს რა ცვლილებებს ატყობ? თინეიჯერობის შემდეგ ადამიანში, ალბათ, ბევრი რამ იცვლება...
– მართლა ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ჩემში. 20 წლის ასაკში თავს უკვე დიდად ვთვლიდი. ახლა ვხვდები, რომ მაშინ პატარა ვიყავი, შეიძლება, ცოტა თავს ვიქებ, მაგრამ მიზანი მქონდა და მისკენ მივდიოდი, თუმცა 20 წელი ობიექტურად პატარა ასაკია. 24 წლის ასაკში უფრო დიდად მივიჩნევ თავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ რომ ვისაუბროთ, ისევ ვიტყვი, რომ პატარა ვყოფილვარ. დროის სვლასთან ერთად, ადამიანში მუდმივად ხდება ცვლილებები, ცხოვრება ბევრს გასწავლის.
– რა თვისებები შეინარჩუნე და რას დაემშვიდობე?
– ძალიან მხიარული ადამიანი ვარ. წლების მატებასთან ერთად მხიარულებასა და ბავშვურობას არ ვკარგავ. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდული და ბავშვური ბუნება არ უნდა მოკლა შენში. ხანდახან ჩემს მეგობრებს ვაკვირვებ ხოლმე ჩემი ქცევით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სილაღის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო ლაღი ხარ, მით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურები. არ არის საჭირო, სულ დაძაბული იყო, სულ ტანჯვას განიცდიდე – ეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც მოქმედებს და გარეგნობაზეც. რაც უფრო მარტივად შეხედავ ყველაფერს, რაც უფრო მადლიერი იქნები სამყაროსი და უფლის, მით უფრო კარგად წაგივა ცხოვრება და მით მეტად ბედნიერი იქნები.
– დაბადების დღეზე აჯამებ ხოლმე გასულ წელს და შემდეგისთვის გეგმებს აწყობ?
– კი, რა თქმა უნდა. მანქანასთან დაკავშირებული სურვილი უკვე ავისრულე, ახლა ბინაზე ვფიქრობ, როგორც გითხარით და ვნახოთ, როგორ მოვასწრებ ერთ წელში. მჯერა, რომ ღმერთით, ყველაფერს შევძლებ.
– გსიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა თუ ცოტა გძაბავს?
– ზოგადად, ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან მიყვარს. ჩემი მეუღლე რადიკალურად განსხვავდება – საერთოდ არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ჩემ გამო უწევს ხოლმე (იცინის). ჩემთვისაც გააჩნია გარემოს: მომღერალი როცა ხარ, ყურადღების ცენტრში ექცევი, ამას მიჩვეული ვარ და როცა ასე არ ხდება, ცოტა ვიწყენ (იცინის). დაბადების დღეზე იმდენად ახლობლები არიან, იმდენად ოჯახური გარემოა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა თავისთავად გამოდის, რადგან იუბილარი ხარ, თუმცა ამ გარემოში ეს არ არის პრიორიტეტი.
საერთოდ, მე არ მესმის, ორჯერ ნანახ ადამიანებს რომ ეპატიჟებიან დაბადების დღეზე. ეს ისეთი დღეა, როცა მხოლოდ ძალიან ახლობლები უნდა გყავდეს გვერდით, მე ასე ვფიქრობ. ის ადამიანები არიან ჩემ გვერდით, ვისაც ვიცი, რომ ჩემი არ შურს, ვუყვარვარ და გულწრფელად უხარია ჩემი კარგი, ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ და მთავარი ესაა.
– ათი წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება?
– ესე იგი, 34 წლის ასაკში... დიდი ალბათობით, მეყოლება შვილები, ვიქნები ძალიან წარმატებული, მექნება ჩემი საქმე და ამით გამიცნობს ხალხი. სიმღერის სფეროში უკვე მიცნობენ, წარმატებულიც ვარ, ასევე მიცნობენ, როგორც ვიტალი დარასელიას შვილიშვილს, მაგრამ ამის გარდა მინდა, რომ თავი დავიმკვიდრო, როგორც ბიზნესვუმენმა. ვნახოთ, იმედია, გამომივა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





