როგორ შეარჩიეს თათია წულაძე ფილმში, რომელშიც მონიკა ბელუჩი მონაწილეობს და რას იხსენებს ის კანის კინოფესტივალიდან
ავტორი: ანკა რობაქიძე 21:00
წელს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ქართველი მსახიობი თათია წულაძე, მონიკა ბელუჩისთან და ფრანგული კინოს ვარსკვლავთან – ბენუა მაჟიმელთან ერთად, რეჟისორ ლეა მისიუსის ფილმ „დაბადების დღის წვეულებაში“ (The Birthday Party/Histoires de la nuit) გადაიღეს, რომელიც წლევანდელი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად 79-ე ყოველწლიური კინოფორუმის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა. თათია წულაძე საქართველოში მხოლოდ სამ წლამდე იზრდებოდა, შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდა. როგორ შეძლო თათია წულაძემ ამდენად მალე წარმატებული კარიერა შეექმნა, ქართულის ენის ცოდნაც სრულყოფილად შეენარჩუნებინა და საქართველოსაც ხშირად სწვეოდა – ამ ყველაფრის შესახებ იგი საფრანგეთიდან გვესაუბრა.
– თათია, როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა დღევანდელი გადმოსახედიდან?
– ბავშვობიდან მოყოლებული, ხელოვნება ყოველთვის მიყვარდა. ჯერ დიზაინერობით ვიყავი გატაცებული. სულ გოგონებს ვხატავდი, ტანსაცმელს ჩემი გემოვნებით ვაცმევდი. ამით ძალიან ვერთობოდი. ამასთანავე, სულ მსდევდა თეატრის მიმართ ინტერესი. ერთი ვიდეო მაქვს, სადაც მხოლოდ ხუთი წლის ვარ და მთელი ვიდეოს განმავლობაში რაღაც სპექტაკლს ვატარებ. მახსოვს, ოჯახისთვის გავმართე სპექტაკლი. ასევე, ძალიან მიყვარდა ცეკვა, ბავშვობაში კლასიკურ ცეკვაზე დავდიოდი.
– როგორ გადაწყვიტეთ მსახიობობა?
– ეს მართლაც იღბალი იყო. 12 წლის რომ ვიყავი, სკოლაში თეატრის კურსები აღმოვაჩინე და სიარული დავიწყე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვობაში ძალიან მორცხვი ვიყავი, ახლა ისეთი მორცხვი აღარ ვარ, ძალიან შევიცვალე. ვფიქრობ, ამ თეატრის კურსებმა შემცვალა, რაღაცნაირად გამხსნა. ეს თეატრის კურსები ჩემი ადგილი იყო. სულ ველოდებოდი, როდის მექნებოდა თეატრის კურსის დღე. შეიძლება ითქვას, რომ იქ ყველაზე ნიჭიერი ვიყავი, ვიდრე სხვაგან. სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, პრობლემა არასოდეს მქონია, მაგრამ არაფერი ისე არ მაინტერესებდა, როგორც თეატრი. ძალიან მალე მივხვდი, რომ ამ მიმართულებით მსურდა წასვლა. 16 წლის ასაკში უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ თეატრალურ ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა.
– საქართველოდან ძალიან პატარა წახვედით და ქართული მაინც სრულყოფილად იცით...
– დიახ, სამი წლის ვიყავი, როცა ბელგიაში ჩამოვედით და ათი წლის განმავლობაში საქართველოში ვეღარ ჩამოვდიოდით, რადგან საბუთების მოგვარება გარკვეულ დროს მოითხოვდა. ქართული ენის ცოდნა მთლიანად მშობლების დამსახურებით მოვახერხე. დედა და მამა, ძმები სულ ქართულად მესაუბრებოდნენ. ბრიუსელში ხშირად დავდიოდით ქართულ ეკლესიაში, სადაც ქართულის კურსები იყო. იქ ქართულად წერა და კითხვა ვისწავლე. კურსებზე ბევრი ქართველი ემოგრანტი ბავშვი სწავლობდა, რომლებიც საქართველოდან იყვნენ, მაგრამ საქართველოში აღარ იზრდებოდნენ.
– პირველად როდის დაბრუნდით საქართველოში?
– 13 წლის რომ გავხდი, შემდეგ ყოველ ზაფხულს საქართველოში ორი თვით ჩამოვდიოდით. ეს ძალიან დამეხმარა, ქართული ენა კიდევ უფრო კარგად მესწავლა. მთელი წელი ბელგიაში რომ მხოლოდ ფრანგული ლაპარაკი მესმის, ქართულად საუბარს რომ ვიწყებ, ცოტა მიჭირს. მშობლებთან ერთად კი ვლაპარაკობ ქართულად, მაგრამ საქართველოში ყოველი ჩამოსვლა ყველაზე მეტად მეხმარება ამ მხრივ. ბელგიაში შეიძლება, საუბრის დროს ქართული სიტყვები დამავიწყდეს, მაგრამ საქართველოში ყოველდღე რომ ქართულად საუბარი მიწევს, აღარაფერი მავიწყდება...
– საქართველოში რუსთავში ჩამოდიხართ, ასევე სოფლად გურიაში. როგორ ატარებთ საქართველოში დასვენების დღეებს?
– დიახ, რუსთავში ძალიან წყნარ გარემოში მიწევს ყოფნა და თითქოს თავს სახლში ვგრძნობ. დეიდასთან ვიზიტი განსაკუთრებულად მიყვარს. უბრალო კარტოფილს უგემრიელესად ამზადებს. მასთან კარტოფილს, ტყემალს და ცივ ყავას სულ სხვა გემო აქვს. რუსთავიდან ხანდახან თბილისში ჩამოვდივარ, მეგობრებს ვნახულობ, გარეთ გავდივართ და ვერთობით. გურიაში, სოფლად დასვენება კიდევ უფრო მეტად გამომდის, რადგან იქ სხვა რა უნდა ვაკეთო?! მთელი დღე ვკითხულობ, ტელეფონზე ვსაუბრობ ან ბუნებაში ვსეირნობ. გურიაში ზღვაც ახლოს არის, ზღვაზეც მივდივარ, იქაც ვისვენებ, ვირუჯები.
– რას უმადლით, როგორ შეძელით, უკვე წარმატებული კარიერა გქონდეთ?
– რაც შეეხება წარმატებულ კარიერას, როგორც უკვე ვახსენე, ეს დიდი იღბალია. რამდენი ნაცნობი მყავს, რომლებიც ასევე მსახიობები არიან, ერთ თეატრალურ სკოლაში ჩავაბარეთ და დღეს სულ სხვადასხვა კარიერა გვაქვს. ძალიან ნიჭიერები არიან, უბრალოდ, ისე ხდება, რომ ამ სფეროში იღბალი გჭირდება, ხალხი გაიცნო, კასტინგზე მოხვდე, გადაგიღონ... თუმცა, მხოლოდ იღბალიც არ არის, ძალიან ბევრი ვიმუშავე, ძალიან ბევრიც ვეძებე. ჩემს საქმეში უზარმაზარ ენერგიას ვდებ, ჩემთვის ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტია. ყველაზე პირველი და მთავარი პრიორიტეტი კი ოჯახია.
– თქვენმა გამორჩეულმა გარეგნობამ თუ იქონია გავლენა კარიერაში?
– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ალბათ, მოსწონთ გარეგნობა, თორემ არ ამირჩევდნენ, მაგრამ მგონია, რომ გარეგნობაზე მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ვთამაშობ, რა ენერგიას გადმოვცემ.
– გვიამბეთ პირველ როლზე, პირველ წარმატებაზე...
– სულ პირველად სცენაზე 16 წლის ასაკში აღმოვჩნდი. სკოლის თეატრის კურსებზე რომ ვსწავლობდი, ბოლოს სპექტაკლი დავდგით და ბევრი დამსწრე, ხუთასი ადამიანი იყო. სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად, დაუვიწყარი იყო. შემდეგ ერთ-ერთი პირველი სპექტაკლი ლუქსემბურგში ვითამაშე. იქ ძალიან ბევრი, 14 მსახიობი, ვიყავით. ყველაფერი არაჩვეულებრივად მახსენდება. მსახიობებს ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, ჯერ სცენაზე ვერთობოდით, შემდეგ – სცენას რომ ვტოვებდით. ეს იყო პირველი სპექტაკლი სკოლის შემდეგ და ყველაფერი რომ ძალიან კარგად დასრულდა, ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ მსახიობებს ვერ შეეწყო ან სპექტაკლი არ მოგეწონოს და ცუდი გავლენა იქონიოს. იმის შემდეგაც ყოველთვის ყველაფერი კარგად მიდის და ეს ძალიან დიდი გამართლებაა. ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს მსახიობებთან, რეჟისორებთან, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.
– გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ფილმში, სადაც მონიკა ბელუჩი მონაწილეობს და წელს ფილმი კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი...
– წელიწად-ნახევრის წინ კასტინგი გამოცხადდა და მეილზე მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი ასაკის მსახიობს ეძებდნენ. რა თქმა უნდა, მეილს დიდი სიხარულით ვუპასუხე და მომწერეს, რომ ვიდეო გამეგზავნა, სადაც ჩემ შესახებ ვისაუბრებდი და მეტად გამიცნობდნენ. შემდეგ მომწერეს, რომ დირექტორს ჩემი პირადად ნახვა სურდა. ამისთვის პარიზში ჩავედი, კიდევ ერთ კასტინგზე გავედი. დაახლოებით, ხუთი დღის შემდეგ მომწერეს, რომ დირექტორს მოვეწონე, მაგრამ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, არჩევანს ჩემზე შეაჩერებდნენ თუ კიდევ ერთ მსახიობზე, რომელიც ასევე კასტინგზე ნახეს. ვინაიდან შერჩევა გაუჭირდათ, კიდევ ერთხელ მთხოვეს, რაღაც სცენები ერთად გაგვევლო. ბოლო კასტინგიდან სამი დღის შემდეგ დამირეკეს, დირექტორმა მე შემარჩია და ჩემთვის უკვე როლი მზად იყო. ძალიან გამიხარდა, რადგან ამ რეჟისორის ფილმები ნანახი მქონდა და ზუსტად ასეთ ფილმებში მსურდა მონაწილეობა.
– როგორ გახსენდებათ ფილმის გადაღებები?
– გადაღებები იმდენად სასიამოვნო იყო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში შაბათ-კვირას მივდიოდით და კვირაობით იყო გადაღებები. ჯადოსნური გარემო იყო, თავი მართლაც ზღაპრულ ფილმში მეგონა. რაც შეეხება კანის კინოფესტივალს, ეს ხომ ყველას ოცნებაა. ფილმის გადაღების დროს უკვე ვგრძნობდი, რომ ეს ფილმი ფესტივალზე მოხვდებოდა, რადგან ამ რეჟისორის მანამდე გადაღებული ორი ფილმი უკვე წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე. ოფიციალურად რომ დადასტურდა, უზომოდ გავიხარე, რადგან ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი ფილმია და მინდა, ყველამ ნახოს. როდესაც ფესტივალზე აჩვენეს, ხალხის განსაკუთრებული რეაქცია იყო, ტაშით, ოვაციებით დააჯილდოვეს.
კანის კინოფეტივალი კი მართლა ისეთია, როგორიც ოცნებებში გვაქვს წარმოდგენილი. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, ფესტივალზეც და წვეულებაზეც ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ყველა ამბობდა, ფილმი ძალიან კარგი გამოვიდა, ძალიან კარგი მსახიობები იყავითო და ამის მოსმენა ძალიან მსიამოვნებდა. წელს პირველად ვიყავი კანის კინოფესტივალზე და იმედი მაქვს, აწი ძალიან ხშირად მომიწევს იქ ყოფნა.
– განსაკუთრებულად რომელ მსახიობებთან შეხვედრა გახსენდებათ?
– ასეთი ბევრი იყო, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით ჩემთვის საყვარელ ფრანგ მსახიობთან, რომელსაც პირადად ვუთხარი, რომ მისი ნახვა ძალიან გამიხარდა. რაც შეეხება მონიკა ბელუჩის, გადაღებებზე არა, მაგრამ წითელ ხალიჩაზე ერთად მოგვიხდა ყოფნა, შემდეგ – ფილმის ჩვენებასა და წვეულებაზეც, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი იყო, ყველა მასთან მიდიოდა და ჩავთვალე, რომ მეც ზედმეტად აღარ უნდა შემეწუხებინა. თუმცა, რაც მისი ახლოს ნახვიდან შთაბეჭდილება დამრჩა, უსაყვარლესი ქალბატონია, უბრალო და ულამაზესი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





