შოუბიზნესი

რა ბრძანებებს აძლევს გვანცა ზადიშვილი საკუთარ თავს რთულ მომენტებში და როგორი შეთანხმება დადო მან თავის ემოციებთან

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00

გვანცა ზადიშვილი
დაკოპირებულია

თურქეთის ქალაქ მერსინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა პარამოფარიკავემ, გვანცა ზადიშვილმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

გვანცა ზადიშვილი: ძალიან კარგი ტურნირი იყო, რომელშიც პარაფარიკაობის თითქმის ყველა წამყვანი ქვეყანა მონაწილეობდა, განსაკუთრებით აღვნიშნავდი ჩვენს ნომერ პირველ მოწინააღდეგეს – ჩინეთს.

პირველ დღეს ინდივიდუალური რაპირა ვიფარიკავე და ფინალში დავმარცხდი ზუსტად ჩინელ მოწინააღმდეგესთან. ანგარიშით 15:11. რაპირა არ არის ჩვენი ძირითადი იარაღი, ჩხვლეტა მეტ-ნაკლებად სამივეს გვიჭირს, ჩვენი „აქილევსის ქუსლია“.

რაც შეეხება ხმალს, ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვიასპარეზე, მობილიზებული ვიყავი. ამ ტურნირზე ჩავედი, რომ მსოფლიო რეიტინგში ჩემი ადგილი გამემყარებინა. ნახევარფინალში იაპონელი მოწინააღმდეგე შემხვდა, ფინალში კი თურქეთის წარმომადგენელს შევხვდი. კარგი გოგოა, საკმაოდ მონდომებული და კარგად ფარიკაობს, მაგრამ ტექნიკა არ უვარგა. ეგეთ მოფარიკავეებს, რომლებსაც ხელის მოქნევის ან სხვა მოძრაობის შესრულებისას სწორი ტრაექტორია არ აქვთ, „ჭუჭყიან მოფარიკავეებს“ ვეძახით. ასეთ მოწინააღმდეგესთან ყოველთვის მიჭირს. ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება და კონცენტრაცია მქონდა. საკმაოდ დამაჯერებლადაც დავამარცხე.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივარს. როგორც შენს, ისე მოწინააღმდეგისას. ერთი-ორი დარტყმა რომ მომაყენა და მთელი დარბაზი ჰაერში აიწია ტაშით, ჩემს თავს ვუთხარი: გვანცა, ახლა კონცერტრირდი მოგებაზე, არ წააგო-მეთქი (იცინის).

საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დამთავრდა და მოვახერხე ის, რისთვისაც ჩავედი. რაოდენ ქედმაღლურადაც არ უნდა ჟღერდეს, მე ამ ტურნირზე მოსაგებად ჩავედი.

– ამ განწყობას შესაბამისი წინაპირობა ჰქონდა, ფავორიტი იყავი. რამდენად რთული პასუხისმგებლობაა ეს სტატუსი?

– ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, უპირველესად, იმის გამო, რომ შენს ქვეყანას წარმოადგენ. რადაც არ უნდა დაგიჯდეს, მისი ღირსება უნდა დაიცვა. ამას ემატება გუნდის პასუხისმგებლობა. გუნდის სახელი და პრესტიჟი. ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეულად კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ, ანგარიშგასაწევი ძალა, როგორც ინდივიდუალურში, ისე გუნდურში. ამ შემთხვევაში მარტო მომიწია წასვლა და ორმაგი პასუხისმგებლობა მქონდა – აუცილებლად უნდა დამედო შედეგი, რაც გამომივიდა. ამის გამო ძალიან გახარებული ვარ.

– საკუთარი რა თვისებები გაძლევს გამარჯვების ძალას?

– სიჯიუტე, ჩემს ნომერ პირველ თვისებად ამას დავასახელებდი. ზოგჯერ ხელს მიშლის, მაგრამ ძალიან ხშირად მეხმარება. მადლობელი ვარ, რომ ეს თვისება მაქვს. თუ მიზანი დავისახე, ქვეყნიერება რომ დაინგრეს, მაინც გავაკეთებ. მიყვარს ჩემი ჯიუტი ხასიათი. კიდევ არის დრო და გამოცდილება. 9 წელია, ვფარიკაობ და დროსთან ერთად, მოწინააღმდეგის შესწავლის უნარიც გივითარდება, რაც გეხმარება და კიდევ ბევრი რამ.

– რამდენად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება პარასპორტის მიმართ საქართველოში მას შემდეგ, რაც თქვენმა სამეულმა (გვანცა, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი) ასეთი სახელოვანი გამარჯვებები მოუტანა ჩვენს ქვეყანას?

– დაინტერესება ძალიან დიდია მედიის მხრიდან. გვიხარია, იმიტომ, რომ შუქდება არა მხოლოდ ჩვენი შედეგი, არამედ საზოგადოებას ვაცნობთ თავს, რომ ჩვენი პრობლემებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, მიუხედავად ყველაფრისა, ამხელა საქმეს ვაკეთებთ. ეს ნამდვილად არ არის პატარა საქმე. ჩვენი შედეგები გვიწყობს ხელს, რომ პარასპორტის ამ სახეობის – პარაფარიკაობის – გაზიარება და გაცნობა მოხდეს. მეტ-ნაკლებად გვცნობს კიდეც საზოგადოება, რაც ძალიან სასიამოვნოა.

– ხმალი თუ რაპირა – რომელს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?

– ხმალი პირველია. ხმალი ბევრად რთულია, ვიდრე რაპირა. ფაქტობრივად, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. რაპირაში მეტი დრო გაქვს, ხმალში წამის მეასედებში ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ მეტად რთულია, სხარტ აზროვნებას მოითხოვს და რადგან უფრო რთულია, მეტად მიზიდავს.

– შეჯიბრებაზე, როცა შენს სასარგებლოდ არ მიდის პროცესი, რას ეუბნები საკუთარ თავს, რა გიასმაგებს ბრძოლის ჟინს, რასაც გამარჯვებამდე მიჰყავხარ?

– გააჩნია სიტუაციას. ერთ მაგალითს გავიხსენებ. ტაილანდში ინდივიდუალურში ხმალს ვფარიკაობდი, 14:11-ს ვაგებდი. მას ერთი დარტყმა უნდოდა, მე ოთხი. დავივიწყე, რომ მოწინააღმდეგე უკვე 14-ს იყო, ჩავხურე ეგ მომენტი და საკუთარ თავს ვუთხარი: გვანცა, 4 დარტყმა გინდა. მივაყენე ერთი დარტყმა. გვანცა, 3 დარტყმა გინდა და ასე შემდეგ. კონკრეტული ბრძანება მივეცი ჩემს თავს და სასურველ შედეგამდეც მივედი. ასე, სიტუაციის შესაბამისად ვაძლევ საკუთარ თავს კონკერტულ ბრძანებებს. დამშვიდდი, არ ინერვიულო და კონცენტრირდი – ეს ზოგადი რჩევები არ მეხმარება. კონკრეტული ბრძანება მჭირდება, რასაც მივყვები.

– ვინ არის გვანცა ჩვეულებრივ ცხოვრებაში, სპორტს მიღმა – რა ინტერესები გაქვს და როგორია შენი ყოველდღიურობა?

– ახლა აღმოვაჩინე, რომ ხატვა მყვარებია და დავიწყე ზეთის საღებავებით ხატვა. კარგად გამომდის-მეთქი, მთლად ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, განტვირთვაში მეხმარება. აქამდე კითხვით ვიყავი გატაცებული. მომავალში, ალბათ, ძერწვასაც მოვსინჯავ.

– სპორტსმენებს აღიქვამენ, როგორც „რკინის ადამიანებს“, რომლებსაც არაფრის ეშინიათ. როგორი ხარ რეალურად, რა არის შენი ადამიანური შიშები?

– მაჩვენეთ სპორტსმენი, რომელსაც შეჯიბრების წინ ოდნავი ნერვიულობა მაინც არ ახასიათებს და ხელს ჩამოვართმევ, ვკითხავ, როგორ ახერხებს ამას. დარწმუნებული ვარ, რაოდენ მაღალპროფესიონალიც არ უნდა იყო შენს საქმეში, წინასაშეჯიბროდ ნერვიულობა აუცილებლად გექნება. მე ნერვიულობა ახალ საფეხურზე ავიყვანე, სუსტ მოწინააღმდეგესთანაც კი მაქვს განცდები – ვაი, რომ ვერ მოვიგოო, მსგავსი ფიქრები. საბოლოო ჯამში იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამ ნერვიულობას ვერაფერს მოვუხერხებ და მასთან ერთად უნდა ვიფარიკავო ისე, რომ ხელი არ შემიშალოს.

კი ბატონო, გვანცა ინერვიულე რამდენიც გინდა, მაგრამ ფარიკაობაში შედეგი უნდა დადო, მორჩა და გათავდა! – ეს მიდგომა ძალიან მეკომფორტულა.

– სპორტმა როგორ შეცვალა შენი მენტალური მდგომარეობა?

– ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემი მენტალური ჯანმრთელობის სიჯანსაღისთვის. ფარიკაობამ შემიცვალა მიდგომები საკუთარი თავისადმი, ბევრად უფრო თავდაჯერებული გამხადა. უკვე მხოლოდ ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი, ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი, პარასპორტსმენი მერქვა და ამან იმხელა მხნეობა მომცა, რომ საერთოდ დამავიწყდა ჩემი მდგომარეობა. ეს იყო გადამწყვეტი.

– მთავარი შიში ან კომპლექსი, რაც ფარიკაობამ საბოლოოდ დაგამარცხებინა?

– გარეთ გასვლის ან საზოგადოებაში გამოჩენის კომპლექსი, მას შემდეგ, რაც ეს დამემართა და დავკოჭლდი, არ მქონია. თითქოს დინების საპირისპიროდ მივცურავდი, ხასიათით ასეთი ვარ. არ შემშინებია, არ მომრიდებია, პირიქით, მდგომარეობიდან გამოსვლა დავიწყე. პარამოფარიკავე რომ გავხდი, ამან საერთოდ ჩემს წისქვილზე დაასხა წყალი.

– როგორ გახსენდება ფარიკაობის დასაწყისი, თავიდანვე იგრძენი, რომ სწორ ადგილას მოხვდი თუ იყო შიში, რომ შეიძლებოდა, არ გამოსულიყო?

– თავიდან, უბრალოდ, ინტერესი იყო. კარგი, ჯანდაბას, ერთი წელი ვიფარიკავებ და თუ არაფერი გამომივიდა, თავს დავანებებ-მეთქი, ასე ვფიქრობდი. მერე და მერე სპორტის ეს სახეობა რომ გავიცანი, შეჯიბრებებზე გავემგზავრე, იმდენად მომეწონა, რომ ასე ზედაპირულად ვეღარ ვუყურებდი. საკუთარ თავზე სერიოზული მუშაობა დავიწყე. როცა რამე არ გამომდიოდა, ვბრაზობდი. რას ჰქვია არ გამომდის, უნდა გამოვიყვანო-მეთქი, ვფიქრობდი (იცინის). მერე უკვე ღირსების საკითხი გახდა.

– დღეს, როგორც წარმატებული სპორტსმენი, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც ახლა გადის რთულ პერიოდს?

– სანამ ჩემს ცხოვრებაში პარაფარიკაობა გამოჩნდებოდა, ანალოგიურ სირთულეებს რომ გავდიოდი, ერთადერთი, რასაც ვფიქრობდი, ის იყო, რომ ჩემს რთულ პერიოდს რაღაც გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა. ვფიქრობდი, რომ არ შეიძლებოდა, ეს უბრალოდ რთული მომენტი ყოფილიყო, რაღაცის გამო ხდება ეს ყველაფერი-მეთქი, ამ აზრის ძალიან მწამდა. ძალიან მარტივია, ადამიანს უთხრა, სახლში არ ჩაიკეტო, გარეთ გამოდი, სცადე და ასე შემდეგ. ამის გაკეთება ძალიან რთულია მისთვის, მაგრამ ყველას ვეტყოდი, რომ არასდროს დაკარგონ მომავლის იმედი. ადრე თუ გვიან რთული პერიოდი ჩაივლის და რაც მთავარია, შესაძლებლობები არ გაუშვან ხელიდან. თავის დროზე რომ ხელიდან გამეშვა ეს შესაძლებლობა, არ მერქმეოდა მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი... ჩაეჭიდონ პირველივე შესაძლებლობას, ნუ დანებდებიან სირთულეებს და ბოლომდე შეინარჩუნონ ბრძოლისუნარიანობა. კაცობრიობას იმდენი უბედურება აქვს გამოვლილი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, რომ გამორიცხულია, თითოეულ ადამიანში სიძლიერის გენი არ იდოს, სხვანაირად ვერ გადავრჩებოდით. უბრალოდ, ვიღაცაში ღვიძავს ამ გენს, ვიღაცაში ღრმად სძინავს და ის უნდა გამოვაღვიძოთ.

– იმ პატარა გვანცას რას ეტყოდი?

- ახლა რომ წინ 15 წლის გვანცა დამიდგეს, ნამდვილად არ მომერიდება მისთვის თვალებში შეხედვა და იმის თქმა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც მე და მან დავგეგმეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი