შოუბიზნესი

როგორ გადაურჩა ანანო მგალობლიშვილი ფაველებში საშიშ ხალხს და რატომ გაძარცვეს ის ვიეტნამელმა თაღლითებმა

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00

ნანაო მგალობლიშვილი
დაკოპირებულია

მოგზაურობა ზოგისთვის დასვენების საუკეთესო საშუალებაა, მსახიობ ანანო მგალობლიშვილისთვის კი ის ახალი ემოციების, ეგზოტიკური აღმოჩენებისა და ადრენალინის მუდმივი წყაროა.

ანანო მგალობლიშვილი: მოგზაურობა ყველაფერზე მეტად მიყვარს და ვცდილობ, წელიწადში, მინიმუმ, 2-3-ჯერ მაინც მოვახერხო. განსაკუთრებით აზიური ქვეყნები მიზიდავს. ჩემი აზრით, ევროპის ქვეყნები თითქმის ერთნაირია და იქ სიახლის განცდა არ მაქვს – ევროპაში კარგად ვისვენებ, აზია კი ჩემში მუდმივად ახალ ემოციებს იწვევს. იქ აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი, ცხოვრების სტილი, სამზარეულო და ბუნებაა, ამიტომ ყოველი მოგზაურობიდან ახალი შეგრძნებებითა და თავგადასავლებით ვბრუნდები. სულ მინდა, რომ იქ კიდევ ერთხელ წავიდე. გარემო ძალიან მიმზიდველია და თავად აზიურ ქვეყნებსაც თითქოს რაღაც განსაკუთრებული ჯადოქრობა აქვთ, რაც ადგილობრივ მოსახლეობაშიც იგრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, საკმაოდ გაჭირვებულად ცხოვრობდნენ.

– რომელიმე ქვეყანას გამოარჩევთ?

– ფილიპინებზე უზომოდ აღფრთოვანებული დავრჩი – ასეთი კარგი ხალხი არსად მინახავს. ძალიან მარტივი ცხოვრება აქვთ და არაფრითაც კი ბედნიერები არიან. უაღრესად დიდი გაჭირვების მიუხედავად, საოცარ კეთილგანწყობას იჩენენ – ყველა გიღიმის, გეხმარება, თვალებში შემოგცინის და მათი ეს პოზიტიური განწყობა შენც გადმოგედება. იქ ყოფნისას ზედმეტად არაფერზე ფიქრობ, მაგალითად, იმაზე, თუ რა ჩაიცვა ან რომელი რესტორანი დაჯავშნო. საცურაო კოსტიუმზე შორტს ჩაიცვამ, რეზინის ჩუსტებში ფეხს გაყოფ და სულ ეს არის – ბედნიერებისთვის ზედმეტი არაფერი გჭირდება. იქ მოგზაურობისას გონებაც ისვენებს, სულიც, სხეულიც და თვალიც.

– ადგილობრივ სამზარეულოსაც თუ ეცნობით ხოლმე?

– ვგიჟდები აზიურ სამზარეულოზე და ალბათ, ამიტომაც მიყვარს ეს მხარე ასე ძალიან. თუმცა, უსაფრთხოების გამო ნებისმიერ ადგილას ვერ ვჭამ, რადგან არ ვიცი, რამდენად იცავენ ჰიგიენის წესებს, თორემ მათი კერძები ძალიან გემრიელი და იაფია. ასევე, აზიაში ზღვის პროდუქტების საოცარი მრავალფეროვნებაა, რაც ჩემთვის ნამდვილი სამოთხეა.

– პიკანტური კერძები თუ დაგიგემოვნებიათ?

– ვიეტნამში „მწერების კაფეში“ ვიყავი, სადაც მენიუში შეგეძლოთ გენახათ მატლის ვრაპი, ობობა, ტარაკანა ან მორიელი შამფურზე და ასე შემდეგ (იცინის). შეიძლება; ვინმემ მითხრას, მანდ რა გინდოდაო, მაგრამ ასეთ რამეს სხვაგან სად ნახავ?! ვფიქრობ, ეს შანსი არ უნდა გამომეტოვებინა. მატლების სალათა გავსინჯე, თუმცა თავად მატლები არ ჩანდა, ჭამით არ მიჭამია. კალია და ტარაკანა ვერ შევჭამე, აი, ობობას ფეხი კი დავაგემოვნე და ჩიფსს ჰგავდა. ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული ვჭამეთ, ძირითადად, ბევრი ვიცინეთ, ფოტოები გადავიღეთ და გავერთეთ. ასევე გამოვყოფდი სასმელს, რომელშიც 20 წლის დაძველების გველი და ქათმის თავი იყო მოთავსებული. რა თქმა უნდა, ვერ დავლიე, მაგრამ მამაჩემს სუვენირად წამოვუღე. ჩემი აზრით, ასეთ ეგზოტიკურ რამეებს თუ არ გასინჯავ, ერთხელ მაინც უნდა შეავლო თვალი.

– რომელიმე ქვეყანაში გაუგებარ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?

– ვიეტნამში რომ ჩავედით, აეროპორტიდან გამოსულებმა ტაქსი გავაჩერეთ. ხუთნი ვიყავით. თანხა მე მეჭირა ხელში და როდესაც მძღოლს მივაწოდე, რაღაცის ახსნა და ჩხუბი დამიწყო. ვერ გავიგე, რა უნდოდა, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ამით ჩემს დაბნევასა და ყურადღების გაფანტვას ცდილობდა. ბოლოს კუპიურები პირდაპირ მას მივაწოდე, რომ იმდენი აეღო, რამდენიც მგზავრობა ღირდა, რადგან მანამდე რაც მივეცი, ყველაფერზე ჩიოდა. მძღოლმა თანხა გადათვალა და ნაწილი ისევ ჩხუბით დამიბრუნა. გამოვართვი, თუმცა დაბნეულობისგან არც კი დამიხედავს, რამდენი იყო, პირდაპირ ჩანთაში ჩავიდე. ამასობაში ვითარება ცოტა განიმუხტა, მძღოლიც შეიცვალა და როდესაც თანხას დავხედე, ძალიან მეცოტავა. ჩემებს ვუთხარი, წინა მძროლმა ფული მომპარა-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერეს – ხელებში ვუყურებდით, გამორიცხულიაო. მე კი ნელ-ნელა აზრზე მოვდიოდი და ვხვდებოდი, რომ იმ ადამიანმა პანიკით ისარგებლა, სპეციალურად შექმნა ქაოსური სიტუაცია და ფული მომპარა.

საქმე, დაახლოებით, 700 დოლარს, შესაძლოა, უფრო მეტსაც ეხებოდა. ჩემები მამშვიდებდნენ – არ ინერვიულო, არა უშავს, ჩვენ გვაქვს ფული და თუ მეტი დაგჭირდება, გამოვაგზავნით კიდეცო. მხარი არავინ დამიჭირა, მაგრამ მე ვერ ვისვენებდი და პოლიციის გამოძახება მოვითხოვე. მძღოლს ვუთხარი, სასწრაფოდ გააჩერე, პოლიციას უნდა მივმართო, ვინც შენს ნაცვლად იყო, იმან ფული მომპარა და შენ ვერსად წახვალ-მეთქი, თან ხელით ვიჭერდი. მან მითხრა, მოიცა, გადავრეკავ, მე არაფერი ვიციო. საკმაო ბრძოლის შემდეგ, მოვიდა ვიღაც ტიპი და ზუსტად ჩემი, ბანკომატიდან ახალი მოხსნილი, გატკეცილი დოლარები გადმომითვალა. ისე უპრობლემოდ დამიბრუნა 700 დოლარი, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი ჰქონდათ მოპარული. მოგვიანებით, როცა დავმშვიდდი და ყველაფერი გადავთვალე, მივხვდი, რომ 400-500 დოლარი მაინც შერჩათ, თუმცა მიხარია, რომ შიშისა და დაბნეულობის გამო უკან არ დავიხიე.

– სახიფათო სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?

– ბრაზილიაში იარაღით დაგვდევდნენ. ჩემი ოცნება ფაველების მონახულება იყო. საკმაოდ სახიფათო ტერიტორიაა, თუმცა ზონებად არის დაყოფილი და გარკვეული ნაწილი ტურისტულად ითვლება, სადაც შესვლა უსაფრთხოდ შეიძლება. იქ მე და ჩემმა მეუღლემ ერთი წყვილი გავიცანით. იმ გოგომ მითხრა, რომ ზემოთ იყო ფაველა, სადაც მაიკლ ჯექსონის კლიპია გადაღებული და შემოგვთავაზა, ერთად მოგვენახულებინა.

ფაველებში, ფაქტობრივად, ადგილობრივების სახლებს შორის დადიხარ. წინ ჩვენ, გოგოები მივდიოდით, უკან კი მეუღლეები მოგვყვებოდნენ. ერთ მონაკვეთში, გარეთ, ქვაზე შავკანიანი კაცი იჯდა და ძალიან ცუდად იყურებოდა, თუმცა ყურადღება არ მიგვიქცევია და ჩავუარეთ. ზემოთ რომ ავედით, საოცარი ხედი გადაგავეშალა – ფაველები, ქრისტეს ქანდაკება და ოკეანე მოჩანდა. ფოტოს გადასაღებად ტელეფონი ამოვიღე და უცებ ვიღაცამ იღრიალა საშინელი ხმით „ნო ფოტო!“

მაშინვე ჩავიდე ტელეფონი ჯიბეში, ხელები ავწიე და ბოდიში მოვიხადე – აღარ გადავიღებ-მეთქი. წამიერად ძალიან შემეშინდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და გზა განვაგრძეთ. შევამჩნიე, რომ ჩემი ქმარი სახეზე სრულიად გათეთრებულიყო და ხმას საერთოდ არ იღებდა. შემდეგ ვიღაცის აივანზე აღმოვჩნდით და უამრავი ფოტო გადავიღეთ. უკან გამოსაბრუნებლად დახმარება გვჭირდებოდა და ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც შვილთან ერთად იყო, გზის ჩვენება შემოგვთავაზა. იმ მომენტში ჩემმა ქმარმა ხელი მომკიდა და მითხრა: „სწრაფად თავი დახარე და წამოდი, ფოტოებიც დაივიწყე“.

ვიფიქრე, დაიღალა-მეთქი და მართლაც, ტელეფონს აღარ მივკარებივარ. გზაზე კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ადგილი შეგვხვდა, ფერადი სახლებით, და იქ ძალიან მომინდა ფოტოს გადაღება. ამოვიღე ტელეფონი და უცებ მოდის ვიღაც ქალი – აქ გადაღება არ შეიძლებაო. ჩემი ქმარი მომიახლოვდა და მეუბნება: ბედნიერად რომ მიდიხარ და ვერაფერს ხედავ, იმ ქვაზე რომ შავკანიანი კაცი იჯდა, ავტომატი ედო გვერდით; ზემოთ რომ ავედით, ოთხი ტიპი იდგა ავტომატებით და ერთ-ერთმა რომ დაგიძახა, ფოტო არ გადაიღოო, იცი, რომ ხელში ავტომატები ეჭირათ?!

მოგვიანებით წავიკითხე, რომ ამ ფერად სახლებთან, მოედანზე, ტურისტი მოკლეს ზუსტად ფოტოს გადაღების გამო. ეს ყველაფერი მერე და მერე გავაცნობიერე, თორემ იმ მომენტში რომ მივმხვდარიყავი, ალბათ შიშისგან მოვკვდებოდი. არადა, იქ სრულიად ბედნიერი ვიყავი. ახლა გახსენებაზეც კი მეშინია, ჩემს ქმარს რა დაემართებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ. ვიცოდი, რომ სახიფათო ადგილებში დავდიდით, მაგრამ თითქოს, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, რა ხდებოდა რეალურად. ფაქტია, განსაკუთრებული სიფრთხილე ნამდვილად არ გამომიჩენია.

– გამორჩეულად რომელი ქვეყანა მოგეწონათ?

– ფილიპინების გარდა, ამერიკა. ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში, ერთი წელი ვიცხოვრე და ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. იქ მომავალშიც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. ასევე ძალიან მიყვარს ბრაზილია თავისი მრავალფეროვნებით. გავგიჟდით ბალიზეც და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ ჩავალთ.

– ამერიკაში ცხოვრება რას უკავშირდებოდა?

– თეატრალურ სფეროს – ნიუ-იორკში ერთწლიანი პროგრამა გავიარე. მომწონდა ის, რომ ყოველდღე სიახლე იყო. იქაურობას თითქოს ვერც ეჩვევი, ანუ სულ აღფრთოვანებული ხარ და ცხოვრება ერთფეროვანი არასდროს ხდება. ყოველი დღე განსხვავებულია და უამრავი რამის გაკეთება შეგიძლია. ტემპის შეგრძნება ძალიან სწრაფია, მაგრამ თუ სიმშვიდე გინდა, შეგიძლია, ერთი საათის სავალზე, პატარა, ევროპული სტილის ქალაქში მოხვდე, ზღვის სიახლოვით დატკბე და განიტვირთო. სულ „ვაუ“ მომენტი გაქვს, არასდროს იწყენ.

იქაურ რიტმში ყოფნა სულ სხვაა, დასასვენებლად ჩასვლა და მოგზაურობა კი – კიდევ სხვა. იქ რომ შენი საყვარელი კაფე გაქვს, სადაც მიმტანმა უკვე იცის შენი საყვარელი კერძი; დილით საყვარელ საცხობში რომ გაივლი და შენთვის გამორჩეულ ფუნთუშას დაგახვედრებენ; ან საყვარელ ჩინურ რესტორანში მიმტანმა წინასწარ იცის, რომელია შენი საყვარელი სუში – ეს ყველაფერი განსაკუთრებულ განწყობას გიქმნის. უბედნიერესი ვიყავი და თავს საოცრად ვგრძნობდი.

მაგალითად, თბილისში კაფეში მარტო წასვლა თითქოს წარმოუდგენელია – კი ვყოფილვარ, მაგრამ ეს არ არის ნორმა, ხომ?! იქ კი თავისუფლად მივდიოდი, კაფეში თუ პარკში მარტო ვჯდებოდი და ეს ნამდვილად არ მაწუხებდა. მეგობრებიც მყავდა, მაგრამ მარტოობითაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. არადა, ზოგადად; არ ვარ მარტოობის მოყვარული, უბრალოდ, იქაურობას უხდებოდა ეს ყველაფერი.

– ბავშვთან ერთად მოგზაურობამ როგორ შეცვალა თქვენი თავგადასავლები?

– ჩემი შვილი პირველად შარშან წავიყვანეთ სამოგზაუროდ, სამი წლის იყო. გავრისკე და პირველივე მოგზაურობა საკმაოდ „ჩემებური“ გამოვიდა: ჯერ ალბანეთში გვყავდა, მერე გემით გადავიყვანე კორფუზე და ძალიან აქტიურები ვიყავით. სხვათა შორის, კარგად ამყვა.

წელს უკვე იტალიაში, სარდინიაზე წავიყვანე. მოსწონს ბოდიალი, ესეც ჩემნაირია. ეს ჩემი ქმრის დამსახურებაცაა – კარგად ართობს ბავშვს და მოწყენის საშუალებას არ აძლევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი