შოუბიზნესი

თაკო კორინთელი: ყველაფერი ლანგრით მორთმეულს ჰგავს, ბედმა მომართვა

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00

თაკო კორინთელი
დაკოპირებულია

ტელეწამყვანი თაკო კორინთელი ზოდიაქოთი ტყუპებია. რამდენად ემთხვევა მისი თვისებები ამ ნიშნის მახასიათებლებს, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

თაკო კორინთელი: დაბადების დღე 22 მაისს მაქვს. ზოდიაქოთი ტყუპები ვარ, წელიწადით – მაიმუნი. ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგიის ძალიან მჯერა და პროგნოზების მიხედვით ვცხოვრობ, თუმცა თავის გასახალისებლად ჩემი ზოდიაქოს შესახებ ვკითხულობ ხოლმე.

გადაცემაში იმდენად ბევრს ვლაპარაკობ საკუთარ ზოდიაქოზე, იმაზე, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ნიშანი, რომ ტყუპები ყველაზე კარგია და ასე შემდეგ, ყველას ჰგონია, რომ საოცრად კომპეტენტური ვარ ამ საკითხში. სინამდვილეში ასე არ არის, თუმცა ზედაპირულად მესმის, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ასტროლოგს კარგად ვიცნობ, ვმეგობრობთ და მათგან რჩევებიც მიმიღია და გარკვეული ინფორმაციაც.

– ვნახოთ თვისებების მიხედვით, თუ ხარ ტყუპების ტიპური წარმომადგენელი. ეს ნიშანი პირდაპირობით გამოირჩევა, ის ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს.

– ხშირ შემთხვევაში, ასეა. თუ ითქმის, აუცილებლად ვამბობ, მაგრამ თუ ისეთი რამეა, რაც შეიძლება, ვინმეს ეწყინოს, სიჩუმეს ვამჯობინებ. ასეთ დროს მირჩევნია, საერთოდ არაფერი ვთქვა. თუ უსამართლობას წავაწყდები, პირდაპირ ვიტყვი, ეს მჩვევია. თუ ვამბობ, პირდაპირ ვამბობ ან საერთოდ არაფერს ვიტყვი.

– ეს ნიშანი ყოველთვის თავგადასავლების ძიებაშია. შეუძლია, გარშემო მყოფებიც აიყოლიოს ამაში...

– ეს ჩემი ძლიერი მხარეა (იცინის). მთელი ჩემი ცხოვრება თავგადასავლებია. ჩემი მეგობრებიც აღნიშნავენ ხოლმე, რომ ჩემთან ერთად ყოფნა მათთვის ყოველთვის სახალისო და თავგადასავლებით სავსეა. ეს მახარებს. სადაც არ უნდა წავიდეთ, სულ რომ არ იყოს ბედნიერი გარემო, შემიძლია, მეგობრების დახმარებით, დასამახსოვრებელი ისტორიები შევქმნა.

– ძალიან უყვარს საინტერესო საუბრები და უფრო მეტიც, მეგობრებმა იციან, რომ ტყუპები მათ ყოველთვის გაანებივრებს სახალისო ისტორიებით.

– ძირითად შემთხვევაში, ასეა. ვხუმრობ ხოლმე, ცანცარა და მასხარა ვარ-მეთქი (იცინის). უკვე ამხელა გოგო ვარ და მაინც ასეთად დავრჩი, თუმცა ეს კარგია, მეც მეხმარება. რაც შეეხება საუბრებს, ყველა ადამიანის ცხოვრებაშია უხასიათობის მომენტები, დაღლილობა და ასე შემდეგ, როცა ლაპარაკის ხასიათზეც არ ხარ, მაგრამ იშვიათად ვგრძნობ თავს ასე, ძირითადად, ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნას და მათთან ჭორაობას არაფერი მირჩევნია. უსასრულოდ შეგვიძლია საუბარი და თემიდან თემაზე ისე გადავდივართ, თვითონ გვეცინება ხოლმე, საიდან დავიწყებთ და სადამდე მივდივართ (იცინის). საბედნიეროდ, ყველას დატვირთული ცხოვრება გვაქვს, ბევრი გასახსენებელი და ასე შემდეგ.

– ტყუპები ადამიანი სიურპრიზია, შეუძლია, ყოველ ჯერზე გაგაოცოს. რას ამბობენ მეგობრები ამასთან დაკავშირებით?

– თავმდაბალი ვიქნები, ჩემი მხრიდან მსგავსი საუბარი ცოტა უხერხულია, თუმცა, მეგობრებიც და ჩემი მეუღლეც ამბობს ხოლმე (ჩემს ქმარს სოციალურ ქსელშიც ხშირად დაუწერია), ჩვენი დღესასწაული ხარო. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ახლობლები ამას აღნიშნავენ.

– ფულს ყოველთვის სიამოვნებით ხარჯავს ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად...

– ამას რა სჯობს?! (იცინის). ეს ერთგვარი თერაპიაა, თუმცა, ხარჯვასთან ერთად, გამომუშავებაც უნდა იცოდე, თორემ სხვისი ფულის ხარჯვა არ არის სწორი.

მე არ ვარ ადამიანი, ვისაც ფულის გადადება და შენახვა შეუძლია. არც ვანიავებ, მაგრამ ჩემი შრომით ნაშოვნის სიამოვნებისთვის დახარჯვა შემიძლია და ვფიქრობ, ეს ყველაზე გემრიელია. მაღაზიებში სიარული, სულ რომ არაფერი მჭირდებოდეს, ჩემთვის ძალიან დიდი თერაპიაა. შენ, უბრალოდ, გადი და ფულის დასახარჯი მიზეზი ყოველთვის გამოჩნდება (იცინის).

– ურთიერთობებს შევეხეთ, მაგრამ ცალკე გამოყოფას იმსახურებს ტყუპების კომუნიკაბელურობა. იშვიათად, რომ მან ადამიანთან საერთო ენა ვერ გამონახოს.

– ეს თვისება ბავშვობიდან მომყვება. ჩემს მეგობრებს ვინმეს ხასიათის სირთულეზე რამის თქმა რომ უნდათ, ამბობენ ხოლმე: წარმოიდგინეთ, როგორი ადამიანია, თაკო რომ ვერ გაუგებსო. ძალიან იშვიათად, რომ ადამიანს ვერ გავუგო. არ ვიცი, როგორი უნდა იყოს, რომ მე ეს ვერ შევძლო. ყველანაირ ადამიანთან შემიძლია საერთო ენის გამონახვა უკიდურესი შემთხვევების გარდა. უბრალოდ, რაც ცოტა დიდი გოგო გავხდი, ვცდილობ, ცოტა დისტანცია დავიცვა. როცა პატარა ხარ, უფრო გახსნილად ურთიერთობ ყველასთან. ახლაც, თუ ადამიანს ჩემთან კომუნიკაციის სურვილი გაუჩნდება, რა თქმა უნდა, შემიძლია, გულის კარი გავუღო, მაგრამ რაც უფრო გავიზარდე, ცოტა საზღვრები დავაწესე. ყველასთან აღარ შევდივარ კომუნიკაციაში, ალბათ, ისევ და ისევ, საზოგადოებიდან გამომდინარე. გამოცდილება ბევრს გვასწავლის და ესეც ამან განაპირობა.

– საკმაოდ ამბიციური ნიშანია, ერთ ადგილზე გაჩერება და უძრაობა არ ახასიათებს.

– იმდენად მიყვარს ქაოსური ცხოვრება, რომ სიმშვიდეში შეიძლება, გავგიჟდე. ძალიან რომ გადავიღლები, მაქსიმუმ, ორი-სამი დღე მშვიდ გარემოში თავს კარგად ვიგრძნობ, მაგრამ მეტხანს თუ გაგრძელდა, ეს უკვე დიდი დისკომფორტია ჩემთვის. ძილიც კი არ შემიძლია სრულ სიმშვიდესა და სიბნელეში. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, რომ ვიძინებ, შუქი სადმე აუცილებლად ანთებული უნდა დავტოვო. შეიძლება, სახეში არ მანათებდეს, მაგრამ ოდნავ მაინც უნდა ბჟუტავდეს სადმე. ფონად თუ მცირე ხმაურიც მოჰყვება, მუსიკა იქნება თუ ტელევიზორის ხმა, უკეთესად დავიძინებ.

რაც შეეხება ამბიციებს, ეს არ მაწუხებს. სახლშიც, სამეგობროშიც, სულ მეუბნებიან, რომ ცოტა მეტად ამბიციური უნდა ვიყო. რაც მაქვს და რასაც მივაღწიე, გამართლების და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრის შედეგია. ეს ყველაფერი ლანგრით მორთმეულსაც ჰგავს. ბედმა მომართვა, თორემ არავინ სხვამ, ანუ ჩემს სფეროში არასდროს მყოლია ხელის წამკვრელი, ვინც დამეხმარებოდა. არც ისეთი ამბიციური და აქტიური ვყოფილვარ, რომ ჩემით გამეკვალა გზა. ეს, ალბათ, იღბლის დამსახურებაა. საჭირო დროს საჭირო ადგილას ვხვდებოდი ხოლმე და მერე უკვე ფეხს ვიკიდებდი. მადლობა ღმერთს, მიმღებლობაც ჰქონდათ ჩემი, როგორც თანამშრომელი მარტივად შევდიოდი კომუნიკაციაში. არასდროს მქონია ამბიცია, რომ სადმე მივსულიყავი და მუშაობა დამეწყო, იმიტომ, რომ ასეთი და ისეთი ვარ, არა – ასე არასდროს მოვქცეულვარ. ეს შეიძლება, ძალიან ცუდია და ბევრ რამეში უკან დავუხევივარ, რაც ახლა არ ჩანს, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია, თავისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.

– ტყუპების ხასიათის ყველაზე რთული თვისება – ორბუნებოვანი ადამიანები არიან, გაორებულები. შეიძლება, ერთდროულად უნდოდეთ მთაც, ზღვაც, მზეც, თოვლიც, მარტოც, ხალხშიც და ასე შემდეგ...

– მე ვფიქრობ, რომ ხანდახან ამ თვისებამ შეიძლება, ყველა ადამიანში გაიღვიძოს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი მიმართულებაა, სადაც ზუსტად ვიცი, რა მინდა და როგორ. ხანდახან კი მთაშიც მინდა ზღვაზეც, ესეც მინდა, ისიც – მქონია ასეთი მომენტები, მაგრამ არა ბევრ საკითხთან მიმართებით. ძირითად შემთხვევებში, პირიქით, ძალიან პრინციპული და კონკრეტული ვარ, ზუსტად ვიცი, რა მინდა. საერთო ჯამში ეს ჩამოუყალიბებლობა ჩემში არ არის ისეთი დიდი დოზით, რომ შემაწუხებელი იყოს.

საერთოდ, თუ რთული პერიოდი მაქვს, ვცდილობ, გარშემო მყოფები არ შევაწუხო ჩემი დრამატული ხასიათით. იმდენად ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ ეს არ მოხდეს, ყოველთვის ვცდილობ, ფონად დადებითი განწყობა მომყვებოდეს. ეტყობა ბავშვობიდან მოყოლებული ამ ტიპის მცდელობა ჩვევაში გადამეზარდა და დღეს მარტოც რომ ვარ, შეიძლება, რაღაც ობიექტური მიზეზით მოვიწყინო, მაგრამ მაინც შემიძლია, ვიღიღინო. არ ვიცი, მონდომების შედეგად ვიქმნი ხასიათს თუ ეს უკვე ავტომატურად ხდება, მაგრამ ასეა. არ შემიძლია დეპრესიებს მივეცე და მუდმივად დასტრესილმა ვიარო. ისედაც არ არის ცხოვრება დალხენილი და კიდევ მეტი დრამატიზება არ მგონია საჭირო.

სხვათა შორის, ხანდახან ხალხს ეს არ ესმის. ვინც კარგად არ მიცნობს, უთქვამს, ნეტავ ამას რა ადარდებსო. ვაიმე, იმდენი რამ მადარდებს... ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ არაფერი მენაღვლება, რომ პრობლემა არ მაქვს. ამ დროს მე შეიძლება, საერთოდ არ ვიყო სიცილის ხასიათზე, მაგრამ ვიცინოდე. ეს ძალითაც არ ხდება, ეს ქცევა თითქოს ქვეცნობიერში მაქვს დალექილი. გულის სიღრმეში რომ ჩავიხედო, იმ კონკრეტულ მომენტში შეიძლება, საერთოდ არ მქონდეს სასაცილო. ზოგადად, ხომ ამბობენ, ყველაზე მხიარული ადამიანი შეიძლება, ყველაზე სევდიანი იყოსო.

– ვერ იტანს რუტინას და ერთფეროვნებას, ყველაფერი ძალიან მალე ბეზრდება.

– ასეც ვერ ვიტყვი. მაქვს რუტინები, რისი დარღვევის შემთხვევაშიც თავს ცუდად ვგრძნობ, შფოთვა მეწყება. მრავალფეროვნება მიყვარს, მაგრამ ჩვეული ჩვევების ძალიან ერთგულიც ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი