შოუბიზნესი

თათა გიორგობიანი: რადგან კონსტანტინემ საჭიროდ ჩათვალა, რომ თამამად განეცხადებინა, ეს გოგო ჩემიაო, ესე იგი, ასე იყო საჭირო

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 14.11, 2023 წელი

თათა გიორგობიანი
დაკოპირებულია

მომღერალი თათა გიორგობიანი დაინიშნა. მისი რჩეული კონსტანტინე მოსიძეა. კონსტანტინემ საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნა კამერების წინ გადაწყვიტა და საზოგადოებამაც სწორედ აქედან გაიგო წყვილის სიყვარულის შესახებ.

თათა გიორგობიანი: ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო. საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენ ერთად ვართ, მაგრამ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ეს არ გაგვესაჯაროებინა. პირად ცხოვრებაზე საუბარი არცერთს არ გვიყვარს. თუმცა, რატომღაც, ასეთი სიურპრიზი გამიკეთეს, ძალიან კარგი და სასიამოვნო სიურპრიზი. თურმე, მთელმა კოლექტივმა იცოდა, რომ კონსტანტინეს ჩემთვის ხელი უნდა ეთხოვა. ჩემთვის კი ნამდვილად მოულოდნელი იყო. ამიტომ, თავიდან ცოტა გაურკვეველი რეაქცია მქონდა. ვერ წარმოვიდგინე, რომ მაინც გადაწყვიტა, სახალხოდ ეთხოვა ხელი (იცინის). ყველაფერი ძალიან ლამაზი და საყვარელი გამოვიდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ რაც ნაკლები თვალი უყურებს ურთიერთობას, მით უფრო კარგია. როგორც შოთა რუსთაველმა დაგვიბარა, სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსაო და მინდა, ისევ ასე გავაგრძელოთ (იცინის). ორივეს აზრი ასეთია. გვირჩევნია, რომ პირადი პირადად დარჩეს. თუმცა, რადგან კონსტანტინემ საჭიროდ ჩათვალა, რომ თამამად განეცხადებინა, ეს გოგო ჩემიაო, ესე იგი, ასე იყო საჭირო (იცინის).

– ოდნავი ეჭვიც არ გქონდა, რომ შეიძლებოდა, ხელი ეთხოვა?

– არანაირი. თურმე ყველამ იცოდა, რას აპირებდა, მთელი დღე უცნაურად იქცეოდნენ და მე მეგონა, მე ვგრძნობდი თავს უცნაურად და მოვლენებსაც ასე აღვიქვამდი (იცინის). ამ ამბის გასაჯაროება მისი ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, არ შეგვითანხმებია, ამიტომ შოკში ვიყავი, თუმცა, რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ძალიან სწორად მოიქცა.

რომ დავინახე, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ცოტა არაადეკვატური რეაქციები მქონდა (იცინის). ზოგადად, სულ მიკვირდა, რა უკვირთ ამ გოგონებს ხელის თხოვნის მომენტში, ხომ უყვართ ერთმანეთი და ბუნებრივია, რომ ერთ დღეს ხელს თხოვენ-მეთქი, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოვცადე სიურპრიზის ეფექტი, მოულოდნელობა, ეიფორია, სირცხვილის, სიხარულის, სიყვარულის, ძალიან, ძალიან შერეული განცდები და მეც რომ წავიშინე თავში ხელები, მერე ყველა გოგოს განცდებიც ზუსტად გავიგე (იცინის). ცივი ოფლი მასხამდა, თან სიხარულის, თან უხერხულობის (იცინის).

– ამ სიახლეს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.

– ძალიან ბევრი თბილი სიტყვა და დალოცვა მივიღე. რა მეთქმის, თუ არა უღრმესი მადლობა ყველა კეთილის მსურველისთვის. ნამდვილად იშვიათობაა ცნობადი სახის მიმართ ამდენად დადებითი შეფასება. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი წარმატებაც და დაფასებაც. როდესაც ადამიანების მხრიდან შენდამი კეთილგანწყობას გრძნობ, ეს ძალიან ძვირფასია. ყველას ვუსურვებ თავიანთ პირად ცხოვრებაში უბედნიერესები იყვნენ. ჩემი პროფესიითაც, როგორც ფსიქოლოგი, სულ ვცდილობ, ადამიანებს დავეხმარო, ჰარმონიული ურთიერთობები ჰქონდეთ და ბუნებრივია, რომ ყველას ძალიან დიდ ბედნიერებას ვუსურვებ.

– დიდი ხანია, ერთად ხართ?

– კი, დიდი ხანია და ეს ადამიანი ყველა სიტუაციაში გვერდით მედგა. ხან ერთი ჭორი გავრცელდა ჩემ შესახებ, ხან – მეორე. ხომ იცით, ცნობადი სახის ირგვლივ ყოველთვის არის მსგავსი ხმები და მეც ხან ვინ გამირიგეს, ხან ვისთან დამაწყვილეს. ასეთ ამბებზე ერთად ვხალისობდით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენს შორის დიდი სიყვარული და ნდობა რომ არ იყოს, თვითონაც რომ ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანი არ იყოს, ბუნებრივია, პრობლემები გაჩნდებოდა. ძალიან მაბედნიერებს ის, რომ ჩემ გვერდით არის ძალიან ძლიერი, განათლებული ადამიანი, კარგი ოჯახის შვილი, ზრდილი, სამართლიანი პიროვნება, რომლის იმედიც ნებისმიერ სიტუაციაში მაქვს. ალბათ, ეს არის ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც ცნობადმა სახემ შეიძლება, ინატროს, გვერდით ჰყავდეთ. ყველა ინფორმაციას აბსოლუტურად ჯანსაღად ხვდება, სხვანაირად ერთმანეთის გვერდით ვერ ვიქნებოდით.

– გარდა ამისა, როგორი ადამიანია?

– ძალიან კომფორტული ადამიანია, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მამაკაცში. არის ძალიან თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი. მე თვითონაც ძალიან თბილი და მზრუნველი ვარ და ჩემ გვერდით რომ ასეთი ადამიანი არ ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა. ურთიერთობაში ემოციური დანაკლისი არ უნდა იყოს. ის იმავეს კი არ მიბრუნებს, გაცილებით მეტს. ძალიან აქტიური ადამიანია და თვითონაც ბედნიერია, როცა ჩემთვის რაღაცას აკეთებს და მე მახარებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში, ალბათ, ყველა მანდილოსანი დამეთანხმება. გულმა გული იცნო, მივხვდი, რომ ამ ადამიანის ნდობა შეიძლებოდა და მას შემდეგ თვალდახუჭული ვენდობი.

– შეყვარებული თათა როგორია?

– კონსტანტინე აღნიშნავს ხოლმე, რომ ძალიან მზრუნველი ვარ. ამბობს იმასაც, რომ არ ელოდა, თუ ასეთი კარგი კულინარი ვიქნებოდი. მგონი, ეგ ყველაზე მეტად უხარია (იცინის). თვითონაც ეხერხება კერძების მომზადება, თან გურმანია. სულ ვცდილობთ, რომ ერთმანეთისთვის ვიყოთ, ერთმანეთი გავაბედნიეროთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი ცხოვრების მეგზური სამართლიანი და ღირსეული ადამიანი იყოს, საინტერესო მოსაუბრე, განათლებული და კონსტანტინე ზუსტად ასეთია. ის ჩემი მეგობარია – გარდა იმისა, რომ რომანტიკული განცდები გვაქვს ერთმანეთის მიმართ, სულიერი თანაზიარებიც ვართ.

– როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?

– მე ძალიან მკაცრად მაქვს გამიჯნული საქმიანი ურთიერთობები, ყველა ჩემმა ნაცნობმა იცის, რომ პირადი ურთიერთობებისთვის არავის ვეცნობი. კონსტანტინემ შორიდან მომიარა, ვითომ ბიზნესთან დაკავშირებული საკითხის განხილვა უნდოდა ჩემთან, რომ მე რეკლამა გამეკეთებინა. ამ თემით დაიწყო ჩვენი საუბარი. შემდეგ მიმოვიხილეთ სოციალურ-ეკონომიკური თემები, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსად ვაზროვნებთ და ძალიან მოგვწონდა ერთმანეთის მიდგომები. მერე ცოტა ხანი შორიდან ვეპრანჭებოდით ერთმანეთს და ამის შემდეგ ჩვენი ბიზნესშეხვედრები პაემნებში გადაიზარდა. ამ ურთიერთობას ძალიან ბუნებრივი განვითარება ჰქონდა. მე ბიზნესთანამშრომლობა უამრავ ადამიანთან მქონია, ქალთანაც და კაცთანაც, მაგრამ არასდროს შემიხედავს პარტნიორებისთვის სხვა თვალით.ამ ადამიანთან ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ორივეს ნაპერწკლები აგვენთო თვალებში (იცინის). შემდეგ, როდესაც მისი საახლობლო წრეც გავიცანი, მათთან ურთიერთობაშიც შევატყვე, რამდენად კარგი ადამიანი იყო და რამდენად სწორი მიდგომები ჰქონდა.

– ესე იგი, უკვე ერთმანეთის გარემოცვასაც კარგად იცნობთ.

– კი, ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ერთად ვართ. მეკითხებიან, როგორ მოახერხეთ, რომ ამდენ ხანს მალავდითო და მართლა ძალიან ვუფრთხილდებოდით ამ ურთიერთობას. მგონია, რომ რაც ნაკლებმა იცის, მით უფრო მშვიდია ურთიერთობა. ამიტომ ჩვენც ჩვენი პატარა საიდუმლო გვქონდა (იცინის).

– სანამ თაყვანისმცემლებს თავისუფალი ეგონე, ალბათ, ბევრს ჰქონდა იმედი. ისინი როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

– მე მგონია, როცა ადამიანი მოგწონს, მისთვის კარგი უნდა გინდოდეს, მისთვის ბედნიერება უნდა გემეტებოდეს. იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, ჩემი გადაწყვეტილებით ისინიც კმაყოფილები უნდა იყვნენ. ალბათ, ასეთ დროს, ყოველთვის არის ვიღაცების გულისწყვეტა, მაგრამ მგონია, რომ ადრე თუ გვიან ისინიც იპოვიან თავიანთ გულის სწორს.

– საერთო ფოტო რომ დადე, უამრავი კომენტარი შემხვდა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ლამაზი წყვილი ხართ და არ შემიძლია, ამ აზრს არ დავეთანხმო.

– ყველას უღრმესი მადლობა. იმდენი საერთო ფოტო გვაქვს, რომელსაც ვმალავდით და მხოლოდ ჩვენთვის ვინახავდით (იცინის). მე მგონი, რომ ძალიან კარგად მიიღო საზოგადოებამ ჩვენი წყვილი. თუმცა, მაინც მინდა, რომ საზოგადოებრივი აზრი იმაზე მეტად არ შემოვიდეს ჩვენს პირადულში, ვიდრე ეს საჭიროა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა